Category: არქივი

  • “ზურაბიშვილმა თქვა, რომ რუსეთს ელოდება, ჩვენ მისგან და პარლამენტისგან ბოდიშს ველოდებით” – რუსი დეპუტატი

    “საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ ველოდებით რუსეთს. ჩვენ პრეზიდენტისგან და პარლამენტისგან ველოდებით ბოდიშს”- ასე გამოეხმაურა რუსი დეპუტატი პეტრე ტოლსტოი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ოკუპაციის
    კანონის გვერდის ავლასთან დაკავშირებით

    როგორც პეტრე ტოლსტოიმ განაცხადა ის ჯერ “ბოდიშს” ელოდება, ხოლო ამის შემდეგ შესაძლოაგანიხილოს რუსეთის დელეგაციის საქართველოში ვიზიტი.

    “საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ ველოდებით რუსეთს. ჩვენ პრეზიდენტისგან და პარლამენტისგან ველოდებით ბოდიშს იმ ინციდენტისთვის, რომელიც ჩვენს კოლეგა გავრილოვს შეემთხვა. ამის შემდეგ განვიხილავთ ამ საკითხს”, – განაცხადა პეტრე ტოლსტოიმ.

    სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველო ოკუპაციის შესახებ კანონის გვერდის ავლით აპირებს, რომ რუსეთის დელეგაციის ისეთ წევრებს უმასპინძლოს, რომელთაც შესაძლოა ეს კანონი დარღვეული ჰქონდეთ. ამის შესახებ ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რუსეთის დელეგაციის წევრის, ლეონიდ კალაშნიკოვს კითხვაზე პასუხად განუცხადა, რომელიც თბილისში დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტერიალს ეხებოდა.

    ცნობისთვის, საქართველომ, ევროსაბჭოს მინისტერიალს მაისში უნდა უმასპინძლოს. მინისტერიალში ფარგლებში შესაძლოა, რომ ქვეყანას რუსეთის დელეგაციის ისეთი წევრებიც ესტუმრონ, რომელთაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი აქვთ დარღვეული, მათ შორის შესაძლოა იყოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც.

  • პროკურორმა წარადგინა ჩხრეკის ოქმი, რომელსაც ხელს მალხაზ მაჩალიკაშვილი აწერს

    პროკურორმა ვანო ოქროპირიძემ გადაცემა „არენას“ პირდაპირ ეთერში  თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში ჩატარებული ჩხრეკის ოქმი წარადგინა, რომელზეც მალხაზ მაჩალიკაშვილის ხელმოწერაა. 

    „სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება ჩხრეკის ოქმი, რომელშიც ყველა გრაფაში, სადაც საჭიროა მონაწილე პირის ხელმოწერა, დაფიქსირებულია მალხაზ მაჩალიკაშვილის ხელმოწერა. მინდა თვალსაჩინოებისთვის წარმოგიდგინოთ აღნიშნული ჩხრეკის ოქმი და გაჩვენოთ ის გრაფები, სადაც ბატონ მაჩალიკაშვილს ხელი აქვს მოწერილი და დადასტურებული აქვს ხელმოწერით, რომ ნამდვილად თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახიდანაა ამოღებული აღნიშნული ხელყუმბარა. მოცემულ ჩხრეკის ოქმში ასევე მითითებულია მაჩალიკაშვილის შენიშვნა, სადაც აღნიშნავს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახიდან ამოღებული ფულადი თანხა არ ეკუთვნოდა თემირლან მაჩალიკაშვილს და იყო მისი ქალიშვილის საკუთრება, ხოლო ხელყუმბარაზე რამე სახის განცხადება ან შენიშვნა მას არ დაუფიქსირებია“, – განაცხადა პროკურორმა ვანო ოქროპირიძემ. 

    ცნობისთვის, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ მას ჩხრეკის ოქმზე ხელი არ მოუწერია.

    შეგახსენებთ,რომ 28 იანვარს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება შეწყდა.

  • ლავროვის არშემოშვებით ჩვენ შეიძლება გავაბრაზოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორები- გიორგი მარგველაშვილი

    საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოში ლავროვის არშემოშვებით შესაძლოა გავაბრაზოთ და გავაღიზიანოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორები.

    ,,უაღრესად რთული თემაა. ასეთ პოლიტიკურ თემას აქვს ხოლმე რამდენიმე შემადგენელი. ერთია ემოციური, რომლის გაშლასაც არ დავიწყებ. ამ შემთხვევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არის ჩვენი ევროპელი პარტნიორების სტუმარი, ის საქართველოს მხარის მოპატიჟებით კი არა, ჩვენი ევროპელი პარტნიორების მოპატიჟებით მოდის საქართველოში. ამ დროს დგები რეალობის წინაშე, რა უნდა იყოს განმსაზღვრელი შენთვის, შენი ემოცია, აღშფოთება თუ, რა. ასეთ მომენტში ჩემთვის ყოველთვის იყო ეროვნული ინტერესები”,- განაცხადა მარგველაშვილმა.

    მან ასევე აღნიშნა, რომ ლავროვის არშემოშვება შესაძლოა საქართველოსთვის საშიში იყოს და საქართველოს შესახებ ნეგატიური დამოკიდებულება გააჩინოს.  

    ,,ლავროვის არშემოშვება შეიძლება საქართველოსთვის საშიში იყოს? გეტყვით რომ კი , იმიტომ , რომ ლავროვის არშემოშვებით ჩვენ შეიძლება გავაბრაზოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ისინი, ვინც სწორედ ლავროვისგან გვიცავენ, ისინი, ვინც აძლიერებენ ჩვენს არაღიარების პოლიტიკას. შეიძლება საქართველოს შესახებ ნეგატიური პიარი წავიდეს ჩვენს პარტნიორებს შორის. ლავროვის არშემოშვებით ჩვენ მოვიგებთ ღირსების მომენტს, მაგრამ საფრთხის ქვეშ დავაყენებთ ჩვენს იმიჯს სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, შეიძლება ჩვენზე თქვან, რომ ჩვენ არ გვესმის დიპლომატიის საფუძვლები”,- ამბობს მარგველაშვილი.

    მეოთხე პრეზიდენტის განცხადებით, ლავროვის ჩამოსვლას ქართული საზოგადოება სავარაუდოდ მიუღებლობით შეხვდება, ეს მიუღებლობა კი დიპლომატიურად უნდა წარმოვაჩინოთ და ამავე დროს, ანგარიში გავუწიოთ ევროპელ პარტნიორებს.

    ,,აი, ქართველები როგორები ვართ, ლავროვი არ გვინდა, ევროპა გვინდა, ანგარიშს გიწევთ და გიჩვენებთ, რამდენად მიუღებელია ჩვენთვის ეს, ჩემი აზრით, ეს იქნებოდა ჩემი სცენარი, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში მსოფლიოს დავანახებდი, რამდენად მიუღებელია ოკუპაცია ქართველებისთვის, რამდენად ამის გაკეთება შეუძლიათ მათ ევროპული სტანდარტით და რამდენად ვუწევთ ანგარიშს იმ ადამიანებს, ვინც , საბოლოო ჯამში, უტაქტოდ დაპატიჟა ლავროვი საქართველოში”- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

    ცნობისთვის, მაისში საქართველო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მასპინძელი ქვეყანა იქნება. რუსეთიდან ასამბლეაში მონაწილეობას სავარაუდოდ სერგეი ლავროვი მიიღებს. ზურაბიშვილმა ევროსაბჭოში მოხსენებისას განაცხადა, რომ საქართველო შემოუშვებს რუს დელეგატებს, რომელებსაც დარღვეული აქვთ ოკუპაციის შესახებ კანონი, შემდეგ კი განმარტა, რომ ის არავის ეპატიჟება.

  • მე არავის ვპატიჟებ, მაგრამ ჩვენი პოზიცია ზუსტად ვიცი, რაც არის- სალომე ზურაბიშვილი

    საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თავის განცხადებაზე, რომ საქართველო ოკუპაციის შესახებ კანონის გვერდის ავლით აპირებს რუსეთის დელეგაციის წევრები მიიღოს, ამბობს, რომ არავინ ,,დაუპატიჟებია”, მან პასუხი გასცა რუსეთის წარმომადგენელს, რომელმაც საქართველოს ,,სტუმართმოყვარეობა კითხვის ქვეშ დააყენა.”

    ,,მე რუსეთის წარმომადგენლის კითხვას ვპასუხობდი, რომელმაც კითხვის ქვეშ დააყენა ჩვენი სტუმართმოყვარეობა და ა.შ. იმ დროს, როცა რუსეთი საერთაშორისო სამართლის მიმართ ყველანაირი ვალდებულებისგან ითავისუფლებს თავს. ეს პოზიცია არის ჩვენი პოზიცია საერთაშორისო სამართლის მიმართ. თქვენ ნუ ნათქმევინებთ იმას, რაც ჩემი როლი არაა. მე ამ შემთხვევაში არავის ვპატიჟებ, მაგრამ ჩვენი პოზიცია ვიცი რაც არის ზუსტად”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

    დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსი დეპუტატის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველო შემოუშვებს რუს დელეგატებს, რომელებსაც დარღვეული აქვთ კანონი ოკუპაციის შესახებ.

  • გორთან ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა

    გორთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა, 20 წელს გადაცილებულმა ახალგაზრდამ კი სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო.

    გავრცელებული ინფორმაციით, ავარია გორიდან სოფელ ტინისხიდის გასასვლელში მოხდა. ერთმანეთს ერთი მიმართულებით მოძრავი 2 ავტომანქანა შეეჯახა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

  • PACE-ში პრეზიდენტის მოხსენება ამომწურავი და კარგად აქცენტირებული იყო- კობახიძე

    ქართული ოცნების წევრის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ევროსაბჭოში პრეზიდენტის მოხსენება შესანიშნავი და კარგად აქცენტირებული იყო.

    კობახიძის თქმით, პრეზიდენტი შეეხო ყველა იმ საკითხს, რომელიც სახელმწიფოებრივ ინტერესებთან არის დაკავშირებული და “შესანიშნავი იყო კითხვა-პასუხში”.

    ,,შეეხო ყველა საკითხს, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებთან, ეროვნულ ინტერესებთან. ეს იყო ამომწურავი, კარგად აქცენტირებული მოხსენება და ასევე შესანიშნავი იყო პრეზიდენტი კითხვა-პასუხში, დაისვა საინტერესო შეკითხვები პრეზიდენტის მიმართ და ამ კითხვებს გაეცა საინტერესო პასუხები. ყველა პრიორიტეტული საკითხი გამოიკვეთა პრეზიდენტის მოხსენებაში, ის სპეკულაციები, რომელსაც მიჩვეული ვართ ოპოზიციის მხრიდან არის აბსოლუტურად უსაფუძვლო”,- განაცხადა კობახიძემ.

    დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით მიმართა. მან სიტყვის თავისუფლებაზე, საქართველოს დემოკრატიულ წინსვლაზე, გავრილოვის ღამეზე, რუსი დელეგატების საქართველოში შემოშვებაზე და სხვა მრავალ თემაზე ისაუბრა, რასაც ოპოზიციის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

  • სალომე ზურაბიშვილმა PACE-ში ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტად მოიხსენია

    ევროპის საბჭოს საპარლამენტოს ასამბლეაში კითხვებზე პასუხის გაცემისას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტად მოიხსენია.

    “რაც შეეხება, მათ შორის პირველ განცხადებას, რომელიც პრეზიდენტ ივანიშვილის განცხადებებს ეხებოდა, ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველანი საქართველოში, მათ შორის მეც, მუდამ ყალბი ამბებისა და დეზინფორმაციის წნეხის ქვეშ ვარ იმის გამო, თუ რა ვთქვი ან არ ვთქვი”-განაცხადა ზურაბიშვილმა.

    დღეს, 28 იანვარს სალომე ზურაბიშვილი PACE-ში სიტყვით გამოვიდა.

  • საქართველო შემოუშვებს იმ რუს დელეგატებს, რომელებსაც დარღვეული აქვთ კანონი ოკუპაციის შესახებ- სალომე ზურაბიშვილი

    სალომე ზურაბიშვილმა ევროსაბჭოში გამოსვლისას რუს დელეგატს უთხრა, რომ ქვეყანაში შემოვლენ რუსეთის დელეგაციის ის წევრები, რომლებსაც დარღვეული აქვთ კანონი ოკუპაციის შესახებ.

    ზურაბიშვილის თქმით, საზოგადოება ამას მარტივად არ მიიღებს, თუმცა საქართველო პრინციპების ერთგული დარჩება.

    ,,მაისში საქართველო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მასპინძელი ქვეყანა იქნება. საქართველო ამ შემთხვევაში გვერდს აუვლის საკუთარ კანონმდებლობას, რომელიც ხალხს, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებართვის და ჩვენი ტერიტორიის გავლის გარეშე შევიდა საქართველოში შემოსვლას უკრძალავს. ეს რუსეთის დელეგაციის წევრებს შემოსვლას აუკრძალავდა, თუმცა, რადგან ჩვენ რუსეთის პრეზიდენტის მიერ ბოლო დროს გაცხადებული პოლიტიკისაგან განსხვავებით, პატივს ვცემთ საერთაშორისო ვალდებულებებს, ყველა მათგანს, პატივს ვცემთ ამ საერთაშორისო ვალდებულებას და მივიღებთ საპარლამენტო ასამბლეას, როგორც ამას საპარლამენტო ასამბლეის რეგულაციები და ამ ორგანიზაციის პრინციპები გვკარნახობს. ეს მარტივი არაა. ამას მარტივად არ იღებს ჩვენი მოსახლეობა, მაგრამ ამას გავაკეთებთ და ჩვენი პრინციპების და ამ ორგანიზაციის წესების ერთგული დავრჩებით”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

  • რუსთავში სიძე სიდედრს ფიზიკურად გაუსწორდა

    რუსთავში სიძე სიდედრს ფიზიკურად გაუსწორდა. ინფორმაციას ამის შესახებ “ინფორუსთავი” ავრცელებს.

    სააგენტოს ცნობით, 57 წლის კაცსა და 73 წლის ქალს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც მამაკაცმა სიდედრს ცოლისა და შვილების თანდასწრებით სცემა.

    მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

  • “ჯობია დარჩე იქ, სადაც ხარ”- რას ყვება საქართველოს მოქალაქე, რომელიც კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრში იმყოფება

    საქართველოს მოქალაქე ნინი დავლიანიძე ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრში მდებარე ქალაქ უხანში იმყოფება. ტელეკომპანია რუსთავი2-თან საუბრისას, ქართველი გოგო ამბობს, რომ საელჩოს მიერ შემოთავაზებულ ევაკუაციას არ დათანხმდება, ვინაიდან ადგილზე თავს უფრო უსაფრთოდ გრძნობს. 

    ნინო დავლიანიძე მიიჩნევს, რომ უჰანში, სადაც ვირუსთან საბრძოლველად სრული მობილიზაციაა, გაცილებით დაცული იქნება, ვიდრე ევაკუირებისას, როდესაც უცხო ადამიანებთან ერთად მოუწევს მგზავრობა.

    “ამ დილით დამიკავშირდნენ საქართველოს ელჩი ჩინეთში და კონსული. შემატყობინეს, რომ საქართველოს მთავრობამ დაიწყო მუშაობა ქართველების ევაკუირების საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჩვენი ევაკუირება საქართველოში არ იგეგმება. მიუხედავად ყველაფრისა, მე არ ვეგეგმავ საქართველოში დაბრუნებას დროებით, რიგი მიზეზების გამო. ერთი რომ, ვინაიდან მოხდება ჩვენი ევაკუირება, აუცილებლად მოხდება ჩვენი კარანტინში ჩასმა, რაც გულისხმობს ჩვენს სრულ იზოლაციას. ამ შემთხვევაში, ჩემი სიტუაცია აბსოლუტურად არ იქნება განსხვავებული, მე ახლაც კარანტინში ვარ. ასევე, ევაკუირების შემთხვევაში მომიწევს მგზავრობა ძალიან ბევრ უცხო ადამიანთან ერთად და, დიდი ალბათობით, მათთან ერთად ცხოვრება, რაც ვფიქრობ, რომ არ იქნება ჩემთვის უსაფრთხო. მირჩევნია, ვიყო იზოლირებულად, ყველასგან განცალკევებით. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი და რა ინფორმაციაც ვრცელდება, ყოველდღიურად ახდენენ ქალაქის დეზინფექციას, ვირუსისგან გაწმენდას. პლუს ამას ვფიქრობ, რომ როდესაც ასეთი ვირუსის ეპიცენტრში ხარ მოხვედრილი, ჯობია დარჩე იქ, სადაც ხარ, რადგან არ მოხდეს ვირუსის გავრცელება. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ჩემი დაინფიცირება, ეპიცენტრში, სადაც ყველა მობილიზებულია ამ ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად, ბევრად მარტივი იქნება განკურნება, ვიდრე სხვა ქალაქსა თუ ქვეყანაში, სადაც ამისთვის ასეთი მზადყოფნა არ არის. სხვა ქართველებთან მაქვს კონტაქტი, თუმცა ყველა უბრალოდ ვმსჯელობთ ამ საკითხთან დაკავშირებით, მათი გეგმების შესახებ პასუხი არ მაქვს.

    ამ ეტაპზე, ხალხი მეტნაკლებად მოძრაობს ქუჩებში, მაგრამ ყველა აუცილებლად იცავს ამ უსაფრთხოების წესებს. სუპერმარკეტები, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უკვე გაიხსნა. აღარ არის დეფიციტი არანაირ საკვებზე, წყალზე და მედიკამენტებზე,”- განაცხადა ნინო დავლიანიძემ.