Category: არქივი

  • გარდაბანის მერიას სოფელ მზიანეთში ტრენაჟორების დამონტაჟება 11 216 ლარი დაუჯდა

    გარდაბანში, სოფელ მზიანეთში გაშლილ და დაუსუფთავებელ მინდორზე მერიამ ტრენაჟორები გახსნა. მათი თქმით, პროექტი მოსახლეობის თხოვნით განხორციელდა.

    სპორტული სივრცის მოსაწყობად, სადაც 5 სკამი და ორი ტრენაჟორია დამონტაჟებული, თანხები სოფლის განვითარების პროგრამიდან გამოიყო და მომსახურება მერიამ ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვით შეიძინა.

    გარდაბნის მუნიციპალიტეტს ტრენაჟორების მოწყობა 11 216 ლარი დაუჯდა.

    მოედნის ფოტოები თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა.

  • ჩინეთიდან საქართველოში დაბრუნებულმა 22 წლის გოგონამ კლინიკას ვირუსის ნიშნებით მიმართა

    საქართველოში ჩინეთიდან ჩამოსულმა 22 წლის გოგონამ სამედიცინო დაწესებულებას ვირუსის ნიშნებით მიმართა. შემთხვევა კახეთში, სოფელ ბაკურციხეში დაფიქსირდა.

    ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, გაიარა თუ არა შემოწმება ახალგაზრდა ქალმა, საზღვრის კვეთისას და დაუდასტურდება თუ არა მას კორონა ვირუსი.

  • რუსთავში, ვითიბი ბანკის ფილიალში ხანძარი გაჩნდა

    რუსთავში, ვითიბი ბანკის ერთ-ერთ ფილიალში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი სავარაუდოდ ელექტრო გაყვანილობას მოეკიდა.

    ძლიერი დაკვამლიანების გამო ბანკიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.

    ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და საპატრულო სამსახური. ხანძრის შედეგად სავარაუდოდ დაშავებულა.

  • ყველამ ვიცით, რომ მის წინააღმდეგ საქმეები იყო აღძრული სავარაუდო კორუფციასთან დაკავშირებით-გოგიჩაიშვილი იზორიაზე

    შეიძლება გამოვიდეს დღეს ბერაია და თქვას, რომ უღირსეულესად წავიდა ლევან იზორია თანამდებობიდან, რა დიდებულად წავიდა ელჩად, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ მის წინააღმდეგ საქმეები იყო აღძრული სავარაუდო კორუფციასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა  ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

    „საგანგაშოს ვხედავ სისტემაში, რომელიც არის ჩვენთან ქვეყანაში შექმნილი. სისტემა რა არის? ეს არის სააკაშვილის მიერ შექმნილი მემკვიდრეობის გაგრძელება, ელიტური კორუფცია, სახელისუფლებო შტოების ტოტალური კონტროლი, ეს არის დაშვება ქვეყანაში კორუფციის, რომ ხელისუფალმა უფრო მარტივად მართოს თანამდებობის პირები, ადამიანების გასვრა, დაშანტაჟება, ზუსტად ის მეთოდები, რომლითაც მართავდა ქვეყანას სააკაშვილი. ბუნებრივია, ეს ხელისუფლება ნაკლებ ბრუტალურია, ნაკლებად ტანჯავს ფიზიკურად ადამიანებს, იქ სისტემა უცებ ანადგურებდა ადამიანებს, ეს სისტემა ნელ- ნელა ყველას პრობლემას შეუქმნის. რა სისტემაა ეს? ეს არის სისტემა, სადაც ანტიკორუფციულ სამსახურს შეიძლება ჰქონდეს ინფორმაცია მინისტრზე, რომ ის არის კორუმპირებული და მან აკეთა ფული და მერე ერთ დღეს მოხსნან და იმის ნაცვლად, რომ ბორკილები დაადონ, შეიძლება გაუშვან ელჩად. შეიძლება გამოვიდეს დღეს ბერაია და თქვას, რომ უღირსეულესად წავიდა ლევან იზორია თანამდებობიდან, რა დიდებულად წავიდა ელჩად, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ მის წინააღმდეგ საქმეები იყო აღძრული სავარაუდო კორუფციასთან დაკავშირებით.

    არაფერი გააკეთა სახელმწიფომ, იმიტომ, რომ ის ბოლომდე დარჩა სისტემის ერთგული. ის სისტემამ არ დასაჯა, გადაიყვანა ელჩად. ჩვენ გვეცოდინება, რომ ჩვენ გვყავს ახლა ელჩი, რომლის წინააღმდეგაც საქმეებია აღძრული სავარაუდო კორუფციასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მე პრობლემას ვხედავ იმ სისტემაში, რომელიც დღეს არის შექმნილი. ბევრი კონგრესმენი სწორად აპელირებს ამ სისტემის ნაკლოვანებაზე, ნუ წყინთ ეს უმრავლესობის წარმომადგნელების, რადგან თვითონ არიან ამ სისტემის ნაწილი, თვითონაც არიან კორუფციაში გახვეული, თვითონაც აკეთებენ ყველაფერს, რომ სახელმწიფოს ხარჯზე საკუთარი კეთილდღეობა გაზარდონ, შესაბამისად, ამ რეალობაზე საუბრობენ კონგრესმენები.

    ჩვენთან დეპუტატებს შემოაქვთ კანონები, რომლის უკან დგას კონკრეტული ინტერესები. ახლაც კი, თამბაქოს სფეროში რეგულაციების შემოტანაზე კანონპროექტი კორუფციულია იმიტომ, რომ ამის უკან ვანო ჩხარტიშვილის ინტერესი დგას. ამიტომ ნუ უკვირთ, რომ ამაზე საუბრობენ,”- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

  • პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა

    გენერალურმა პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. განცხადება თბილისის პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.

    „თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს პროკურატურამ მიიღო შემაჯამებელი გადაწყვეტილება და მოცემულ საქმეზე 2020 წლის 25 იანვარს შეწყდა გამოძიება.ჩატარებული გამოძიებით დადგინდა შემდეგი:2017 წლის 21 ნოემბერს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ინფორმაციით თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მცხოვრებ პირებს თან ჰქონდათ დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა, რის გამოც 2017 წლის 21 ნოემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება აღნიშნულ პირთა დაკავების შესახებ. ადგილზე მისულ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებს ბინაში მყოფმა ტერორისტული დაჯგუფების წევრებმა – ახმედ ჩატაევმა, “აბუ ჰურეირას“ და ასლანბეგ სოლტახმადოვმა გაუწიეს შეიარაღებული წინააღმდეგობა, რის გამოც სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელთა მიერ განხორციელდა შენობის შტურმით აღების ოპერაცია, რა დროსაც ლიკვიდირებული იქნა ორი ტერორისტი, ხოლო ახმედ ჩატაევმა აიფეთქა თავი. აღნიშნულ საქმეზე მიმდინარე გამოძიებისას 2017 წლის 23 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გასცა თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავების განჩინება. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები საკმარისი იყო დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ ხუთ პირს, მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილს ჩადენილი ჰქონდა ზემოხსენებული ტერორისტული დაჯგუფების და ტერორისტული ორგანიზაციისთვის მომსახურების გაწევა, ტერორისტებისთვის თავშესაფრის მიცემა და რესურსებით უზრუნველყოფა. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 3311-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მოცემულ საქმეზე დაკავებული პირების მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი.ზემოაღნიშნული განჩინების ფარგლებში, 2017 წლის 26 დეკემბერს, ღამის საათებში, ახმეტის რაიონის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომელმა განხორციელებული გასროლის შედეგად, საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, თავის არეში დაჭრა თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც მოგვიანებით2018 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა.იმ ფაქტის გასარკვევად, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომელი და რამდენად წარმოადგენდა გადაუდებელ აუცილებლობას მის მიერ სროლის განხორციელება, თბილისის პროკურატურაში ჩატარდა სრულყოფილი და ამომწურავი გამოძიება. კერძოდ, მოწმის სახით გამოიკითხა 124 პირი, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა ათზე მეტი სხვადასხვა სახის ექსპერტიზა.მოწმის სახით გამოიკითხნენ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები და მისი მეზობლები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის 32-ივე თანამშრომელი, რომლებიც ზემოხსენებული 5 პირის დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდნენ. მოწმის სახით გამოიკითხნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როგორც გამომძიებლები, ასევე ყველა ხელმძღვანელი, ვისაც რაიმე სახის ინფორმაცია გააჩნდა 2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარებული ოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებასთან.ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელის მოთხოვნას ეჩვენებინა მისთვის ხელები, სცადა საბრძოლო მდგომარეობაში მოეყვანა ხელყუმბარა, რის გამოც მისი მიმართულებით სპეცრაზმელმა განახორციელა გასროლა.აღნიშნული ხელყუმბარა ამოღებული იქნა საცხოვრებელი ოთახის ჩხრეკის შედეგად, ჩხრეკას ესწრებოდა თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, რომელმაც დაადასტურა ჩხრეკის ოქმში დაფიქსირებული მონაცემების სისწორე. მას რაიმე შენიშვნა ხელყუმბარასთან დაკავშირებით არ განუცხადებია. მან შენიშვნა გააკეთა მხოლოდ ამოღებულ თანხასთან დაკავშირებით, როდესაც განმარტა, რომ თანხა ეკუთვნოდა მის ქალიშვილს. მას შენიშვნა ხელყუმბარასთან დაკავშირებით არ განუცხადებია, რაც ნიშნავს, რომ იგი დაეთანხმა იმ ფაქტს, რომ ხელყუმბარა რეალურად მისი შვილის ოთახიდან იქნა ამოღებული. აღნიშნულ ხელყუმბარაზე კი, 2018 წლის 30 იანვრის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის შერეული გენეტიკური პროფილების მაჟორული (ძირითადი) წილი თემირლან მაჩალიკაშვილის გენეტიკური პროფილის იდენტურია. აღნიშნული ხელყუმბარა დაილუქა მალხაზ მაჩალიკაშვილის თანდასწრებით, შემდგომ მისი გახსნა მოხდა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გამომძიებლის, ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლების და ორი გამნაღმველის მონაწილეობით. ყველა მათგანი აღნიშნავს, რომ ლუქის მთლიანობა დარღვეული არ იყო და მათივე მონაწილეობით დაილუქა და ჩაბარდა ექსპერტს. თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე წარმოებული გამოძიების საწყისი ეტაპიდან, როგორც ოჯახის წევრებს, ისე მის ადვოკატებს მიეცათ შესაძლებლობა სრულად გაცნობოდნენ საქმის მასალებს, მიეღოთ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, ადვოკატების მოთხოვნით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხნენ მოწმეები და კომპლექსურ ექსპერტიზაში მონაწილეობას ღებულობდნენ ოჯახის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტები.გამოძიების ეტაპზე შესწავლილი იქნა ადვოკატების მიერ დაყენებული ყველა საკითხი, კერძოდ, მათი განცხადებით, ოჯახის წევრების მიმართ განხორციელდა არაადამიანური მოპყრობა. აღნიშნულის საფუძვლად კი უთითებდნენ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების მიერ განმეორებითი გამოკითხვისას გაცხადებული გარემოებების შესახებ, თითქოსდა სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა მათ მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ე.მ.-ს არ მისცეს დროულად მედიკამენტები და ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალება.მოწმეთა მიერ გაცხადებული ფაქტები ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საქმეში დადგენილ გარემოებებს, კერძოდ, ღონისძიებაში მონაწილე პირები, ასევე ის პირები, ვისთანაც ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, ცალსახად უთითებენ, რომ სპეცდანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან მათ მიმართ რაიმე სახის შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. თავად ოჯახის წევრები 2017 წლის 26 დეკემებერს გამოკითხვისას უარყოფენ მათ მიმართ რაიმე სახის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს. აღნიშნულის შესახებ საუბრობენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადვოკატმა წარმოადგინა განცხადება და მოითხოვა მათი განმეორებითი გამოკითხვა. დამატებითი გამოკითხვა განხორციელდა 2018 წლის 30 მარტს და მხოლოდ ამ გამოკითხვისას განმარტეს ზემოხსენებული ფაქტების შესახებ და მიზეზად მიუთითეს თითქოსდა არ ახსოვდათ ამ ფაქტების შესახებ შემთხვევის დღეს. ალოგიკურია, რომ მოწმეებს ფაქტი არ ახსოვდათ რადენიმე საათში და გაახსენდათ სამი თვის შემდეგ. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მხოლოდ აღნიშნული ფაქტები არ არის წინააღმდეგობრივი. ა.მ. განმეორებითი გამოკითხვისას აღნიშნავს, რომ მას, სახლის ჭიშკართან სავარაუდოდ ესაუბრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ, რაც ასევე არ დადასტურდა საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, იოსებ გოგაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს საერთოდ არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და იგი მიმდინარე ღონისძიების შესახებ ინფორმაციას იღებდა ტელეფონის საშუალებით. ადვოკატები ასევე აპელირებდნენ ოპერაციის დაგეგმვისა და განხორციელების ნაწილში სუს-ის თანამშრომელთა შესაძლო გადაცდომის ფაქტებზე. აღნიშნული კუთხითაც ჩატარებულმა გამოძიებამ ცხადყო, რომ ოპერაციაში მონაწილე ყველა პირს ჩატარებული ჰქონდა შესაბამისი ინსტრუქტაჟი, თითოეულ მათგანს გააჩნდა მრავალწლიანი გამოცდილება და გავლილი ჰქონდათ საცეცხლე მომზადების არაერთი კურსი, როგორც საქართველოში, ისე პარტნიორ სახელმწიფოებში, თითოეულ მათგანს გაცნობილი ჰქონდა საკანონმდებლო ბაზა ლეტალური იარაღის გამოყენების უფლების შესახებ. ღონისძიებას უშუალოდ ადგილზე ხელმძღვანელობდნენ შესაბამისი თანამდებობის პირები, ოპერაციის დაწყებამდე შესწავლილი იქნა როგორც დასაკავებელი პირები, ისე გარემო, სადაც უნდა ჩატარებულიყო ღონისძიება; სიფრთხილის და ადგილობრივ მცხოვრებლებთან დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით შერჩეული იქნა ღამის საათები, რადგან არსებობდა ვარაუდი, რომ ამ დროს მათი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის ნაკლები რისკი იქნებოდა.ამდენად, სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ სპეციალური ოპერაციების სამმართველოს თანამშრომელი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, საფრთხე იყო რეალური, იმწუთიერი და მისი ქმედების მიზანს მხოლოდ ამ საფრთხიდან საკუთარი თავის და გარშემომყოფთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენდა, ასევე დადასტურდა, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის არც ერთ წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია, რის გამოც საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. თბილისის პროკურატურის ზემოაღნიშნულმა გამოძიების შეწყვეტის გადაწყვეტილებამ თავის მხრივ შესაძლებელი გახადა თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ შემაჯამებელი მსჯელობა მომხდარიყო სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზეც, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად მიმდინარეობდა ძიება თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ ტერორისტებისთვის და ტერორისტული ორგანიზაციისათვის მომსახურების გაწევისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებითაც. კერძოდ: მიუხედავად იმისა, რომ შეიქმნა მტკიცებულებითი სტანდარტი ტერორისტებისთვის და ტერორისტული ორგანიზაციისთვის მომსახურების გაწევის შესახებ, ასევე ხელყუმბარის ფლობასთან დაკავშირებითაც, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებით გამოწვეული ვითარების შეცვლის გამო. რაც შეეხება თავად სუს-ის კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს, მასზე გრძელდება გამოძიება დანაშაულში ჩართული სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით“, – განაცხადეს პროკურატურაში.

  • 4 თებერვალს პარლამენტის პიკეტირება იგეგმება

    4 თებერვალს პარლამენტის პიკეტირება გაგრძელდება.

    ევროპული საქართველოს წევრმა, ირაკლი კიკნაველიძემ თბილისის მერიას ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

    მისი თქმით, ამის ვალდებულება არ აქვთ, თუმცა მათი კეთილი ნებაა, თბილისის მერია ინფორმირებული იყოს, რომ პარლამენტთან პიკეტირება და სირცხვილის დერეფნები იგეგმება.

    ,,4 თებერვალს გრძელდება ის პროტესტი, რომელიც დაიწყო ბიძინა ივანიშვილის სამარცხვინო გადაწყვეტილების შემდეგ, როცა მან გადააგდო ქართველი ხალხი და არ შეასრულა დაპირება პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით. 4 თებერვალს ყველა ის პოლიტიკური პარტია და სამოქალაქო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული, დავუბრუნდებით ამ პროცესს. ახალ ეტაპზე გადავა ეს პროცესი და კვლავ სირცხვილის დერეფნების და პიკეტირების გზით ჩვენ ვაპირებთ, დისკომფორტი შევუქმნათ იმ სამარცხვინო წარმოამდგენლებს, რომლებსაც გონიათ, რომ ისევ ჩვეულებრივად გააგრძელებენ ხელისუფლებაში ყოფნას. ეს ასე არ იქნება. მათ მოუწევთ დიდი დისკომფორტის გავლა. ეს, საერთაშორისო მეგობრების ზეწოლასთან ერთად იქნება ის ბერკეტი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ივანიშვილს მოუწევს უკან დახევა და დაპირებების შესრულება.” – განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ.

  • თუ ,,ქართულმა ოცნება” არ გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, ივანიშვილს და მის ხელისუფლებას წინ ელოდება მძიმე ხვედრი- სალომე სამადაშვილი

    ენმ-ს წევრი, სალომე სამადაშვილი ჰალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმის ვიცე-პრეზიდენტის რობინ შეპარდის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ უახლოეს მომავალში თუ არ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც პარტნიორებს დაარწმუნებს, რომ ივანიშვილის დემოკრატიის გაუქმებას არ აპირებს, ივანიშვილს და მის ხელისუფლებას მძიმე ხვედრი ელოდება.

    სამადაშვილის განცხადებით , პარტნიორები ელოდებიან საარჩევნო სისტემის ცვლილებას, ბერკეტებში კი, რომელზეც შეპარდი საუბრობს, პერსონალიზებულ სანქციები და ხელისუფლების დახმარების შეზღუდვა იგულისხმება.

    ,,ძალიან ნათლად ვხედავთ, რომ ვაშინგტონში თუ არსებობს ვინმე ვისაც აინტერესებს საქართველო, ყველა თანხმდება ერთ რამეზე, თუ უახლოეს მომავალში “ქართულმა ოცნებამ” არ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც დაარწმუნებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს დემოკრატიული პროცესის გაუქმებას, ივანიშვილს და მის ხელისუფლებას წინ ელოდება ძალიან მძიმე ხვედრი, ეს იყო გაცხადებული ჰალიფაქსის წარმომადგენლის მიერ, როცა ის საუბრობს კონგრესის ზეგავლენის ბერკეტებზე, ეს ბერკეტები არის მრავალი და გულისხმობს როგორც პერსონალიზებულ სანქციებს, ასევე დღევანდელი ხელისუფლების დახმარების შეზღუდვას. ჩვენი პარტნიორები ელოდებიან კონკრეტულ ნაბიჯებს ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, რაც შეეხება საარჩევნო სისტემის შეცვლას. ეს არის მათი მოთხოვნა და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა უკანასკნელი გზავნილებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნების ლეგიტიმაცია, როგორც გვითხრეს, დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ,”- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

    რობინ შეპარდმა ,,ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ კონგრესს აქვს ბერკეტები, რომ საქართველოს მთავრობას ცხოვრება გაურთულოს.

  • კონგრესს აქვს ბერკეტები, რომ საქართველოს მთავრობას ცხოვრება გაურთულოს- შეპარდი

    ჰალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმის ვიცე-პრეზიდენტი, რობინ შეპარდი ამბობს, რომ კონგრესმენების და სენატორის წერილები მთავრობისთვის გაფრთხილებაა, ისინი ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს. მისი განცხადებით, თუ ვითარება გაუარესდა, კონგრესს აქვს ბერკეტები, რომ საქართველოს მთავრობას ცხოვრება გაურთულოს.

    ,,ის მართალია, რომ კონგრესში 435 წარმომადგენელია და სენატში 100 სენატორი. ამ რაოდენობიდან, 4 ადამიანი მათემატიკურად ნამდვილად არ არის დიდი რაოდენობა. ფაქტი ისაა, რომ ამერიკის კონგრესი წარმოუდგენლად ბევრ საკითხზე მუშაობს, როგორც შიდა პოლიტიკის ასევე საგარეო ურთიერთობების მხრივ. ამ ოთხ კონგრესმენს კოლეგები ჰყავს, ისინი კომიტეტების წევრები არიან და ამ თემებზე კომიტეტებში საუბრობენ. ეს პირველი ნაბიჯია. ისინი ამას პირდაპირ არ ამობენ, მაგრამ ამ წერილების გაგზავნით, იმას იძახიან, რომ საქართველოს გაფრთხილება მიეცა. ეს იმის ნიშანია, რომ ადამიანებმა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვაგანაც დაინახონ, რომ ამერიკა საქართველოს ყურადღებას აქცევს და თუ გადაწყვიტეს, რომ ეს გზავნილი გაამკაცრონ, შეუძლიათ უფრო მეტიც გააკეთონ.

    ადამიანებს ავიწყდებათ, რომ კონგრესი უკიდურესად გავლენიანი ორგანოა. თუ კონგრესმა რაღაცა გადაწყვიტა და ეს ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებაა, მას პრეზიდენტიც კი ვერ ადებს ვეტოს. საკანონმდებლო პროცესი ესკალატორს ჰგავს. წერილის დაწერა ესკალატორის პირველი საფეხურია. თუ ვითარება გაუარესდა, კონგრესს აქვს ბერკეტები იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობას ცხოვრება გაურთულოს”,- ამბობს რობინ შეპარდი.

    ის გამოეხმაურა მთავრობის პასუხსაც , რომ კონგრესმენებს ოპოზიცია არასწორ ინფორმაციას აწვდს. მისი თქმით, მთავრობები, რომლებიც ,,ცუდად იქცევიან” , არასდროს აფასებენ საკუთარ მოქმედებებს და ოპოზიციას ადანაშაულებენ.

    ,,პირველ რიგში, ის მთავრობები, რომლებიც „ცუდად იქცევიან,“ ყოველთვის იმას ამბობენ, რომ მათი ადგილობრივი ოპონენტები ქმნიან პრობლემებს და საერთაშორისო დონეზე ამ კრიტიკას იწვევენ. ისინი საკუთარ მოქმედებებს არასოდეს აფასებენ. მაგალითად პროპორციული სისტემა რომ მოვიყვანოთ. საქართველოში მოსახლეობის უკმაყოფილება იზრდება. ხალხის დიდი ნაწილი უკმაყოფილოა. ამ უკმაყოფილების ჩასაცხრობად მთავრობამ პირობა დადო, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა. შემდეგ მთავრობა გამოვიდა და ეს დაპირება უკან წაიღო. ხალხის მიერ არჩეულ მთავრობას ამის უფლება აქვს. ეს ოპოზიციას არ გამოუგონია. ეს რეალობაა”,- განაცხადა ჰალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმის ვიცე-პრეზიდენტმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.

  • უჰანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება- ჯანდაცვის მინისტრი

    ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჩინეთის ქალაქი უჰანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება. ასევე, აიკრძალება ჩინეთთან ფრენებიც.

    „ჩვენ იმდენად აქტიურ პრევენციულ ღონისძიებებს ვახორციელებთ, რისკი აქედან გამომდინარე არის დაბალი. ამ დროისთვის საფრთხე არ არსებობს, ეს არ ნიშანვს იმას, რომ ეს საფრთხე შეიძლება არ დადგეს, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ დავიყვანოთ მინიმუმადე საფრთხის გაჩენის რისკი. მსოფლიო ერთობლივად ებრძვის კორონავირუსს. ჩვენ ჩართული ვართ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებში, შესაბამისად ვაკეთებთ ყველაფერს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

    მისი თქმით, დღის მეორე ნახევარში გაიმართება შეხვედრა, სადაც მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ რა გზით მოხდება ამ მოქალაქეების ევაკუაცია.

  • ხელითაც არ შეხებია, მიმართვა ,,ფორმას გაგხდი” არ არის დანაშაული- შს მინისტრი იზორიას ძმაზე

    ,,ხელითაც არ შეხებია, მიმართვა ,,ფორმას გაგხდი” არ არის დანაშაული”,- განაცხადა შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ლევან იზორიას ძმაზე.

    მისი თქმით, ვიდეოში არ ჩანს არც გინება და არც ხელით შეხება, ასეთი ინციდინეტები უამრავი ხდება აქციებზე, რომელზეც არავის აკავებენ.

    ,,მანამდე რა მოხდა , ნანახი გაქვთ? იქნებ პატრულის თანამშრომლები აყენებენ შეურაცხყოფას”,- მიმართავს ჟურნალისტებს გომელაური.

    შს მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ ე.წ. ნარუშილოვკა კიტა იზორიას ნამდვილად ჰქონდა, მაგრამ არ იცის, ვინც მისცა. 

    გოლეურის თქმით, თუ პოლიციელი თვლიდა, რომ ის ფაქტი დანაშაული იყო, ვალდებული იყო კადრები გენ.ინსპექციაში ან პროკურატურაში წაეღო. მას არავინ დევნიდა. 

    ,,პოლიციელს არავინ დევნიდა, რადგან 6 წლის განმავლობაში თანამდებობაზე იყო, მისი მეუღლე კი 1 წლის წინ დაუსაქმეს”,- ამბობს შს მინისტრი. 

    შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს პოლიციელმა, გიორგი დვალიშვილმა გაასაჯაროვა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ აკავებს ის ლევან იზორიას , მაშინდელი შს მინისტრის მოადგილის ძმას, შემდეგ კი მის გათავისუფლებას აიძულებენ.