Category: არქივი

  • პრემიერის ღონისძიების პარალელურად, ავლაბრის რეზიდენციასთან აქტივისტების აქცია იმართება

    ავლაბრის რეზიდენციასთან, იქ სადაც ღონისძიება მიმდინარეობს პრემიერ გიორგი გახარიას მონაწილეობით, აქტივისტების აქცია იმართება. აქციის მონაწილეებმა ადგილზე გაშალეს დიდი ბანერი წარწერით “აქ სისტემის დედაც”.

    ბანერის გაშლისას პოლიციასთან იყო მცირე დაპირისპირება. სამართალდამცავები აქტივისტებს არ აძლევდნენ საშუალებას შესასვლელთან ახლოს დამდგარიყვნენ.  აქციის მონაწილეების შეძახილებისა და სტვენის ფონზე შევიდა შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი. ღონისძიებაზე შესასვლელად უკანა შესასვლელით ისარგებლა გიორგი გახარიამ. მთავრობის წევრების გარდა ღონისძიებას ესწრება დიპლომატიური კორპუსიც.

  • ” მაჩალიკაშვილი არათუ პარლამენტში, სხვა დაწესებულებებშიც არ უნდა დაუშვან”- ვოლსკი

    მალხაზ მაჩალიკაშვილი არათუ პარლამენტში, არამედ სახელმწიფო დაწესებულებებში და ზოგადად, დაწესებულებებში არ უნდა დაუშვან ამ პერიოდში, ვიდრე სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე – სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც დღეს პარლამენტთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

    ამასთან, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ თინა ბოკუჩავას ქმედებები დამაზიანებელია და სხვა ქვეყანაში შესაძლოა, „უფრო მკაცრი გადაწყვეტილებაც კი მიეღოთ”.

    „საერთოდ, პარტიული ბრიფინგები ჩვენ არც ერთხელ არ ჩაგვიტარებია პარლამენტში, პარტიის ოფისში ტარდება, მაგრამ არსებობს განსაკუთრებული შემთხვევები. პარლამენტის წევრია თინა ბოკუჩავა, მას პარლამენტში შემოსვლის უფლება აქვს.

    რაც შეეხება მაჩალიკაშვილს, სრულიად პრაგმატულად, ყოველგვარი ემოციის გარეშე, სამწუხაროდ, ემოციაც მახრჩობს ხოლმე, როცა ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალებას, სიკვდილს და მით უმეტეს ესეთ ტრაგიკულ გარემოებებში ვხედავ, მაგრამ იმდენად თვალსაჩინოა იმ მასალაში წარმოდგენილი ფაქტები, რაც ტერორიზმს ეხება, რომ მე ვფიქრობ, მალხაზ მაჩალიკაშვილი არათუ პარლამენტში, არამედ სახელმწიფო დაწესებულებებში და ზოგადად, დაწესებულებებში არ უნდა დაუშვა ამ პერიოდში, ვიდრე არ მიიღებს სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას, რა დოზით არის ამ ადამიანის კავშირი იმ ფაქტებთან, რასაც ჰქვია ტერორისტული ჯგუფის გადმოსვლა საქართველოში და იმ ოპერაციისთვის მზადება, რომელსაც შეეძლო საქართველო სამუდამოდ მუხლებზე დაეყენებინა და დაემარცხებინა.

    ეს ფაქტი მოხდა, რეალურია, კავშირები დადასტურებულია, ახლა ჯერი სასამართლოზეა, რამდენად არის ეს ადამიანი კავშირში იმ ტერორისტულ აქტივობებთან, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჩვენს დედაქალაქში. თინა ბოკუჩავას და სხვების პოზიცია ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ემოციური არის, მინდა მჯეროდეს, რომ ემოციურია, მაგრამ ფაქტობრივად იმდენად დამაზიანებელია, რომ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში გაცილებით მკაცრი გადაწყვეტილებებიც მიეღოთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

  • გერმანიაში საქართველოს საელჩოს დესპანად კოკო გამსახურდია დაინიშნა

    კონსტანტინე გამსახურდია გერმანიაში, საქართველოს საელჩოში დესპანის პოზიციაზე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას „იმედნ“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. სამინისტროში აცხადებენ, რომ დანიშვნა ნოემბერში მოხდა.

    უწყებაში განმარტეს, რომ კონსტანტინე გამსახურდიას ჟენევაში საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება აქვს და ამ პოზიციაზე გერმანიასთან მისი კავშირების გათვალისიწინებით შეირჩა.

    27 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩად თავდაცვის ყოფლი მინისტრი ლევან იზორია ინიშნება.

  • “შენ ხარ ჩვეულებრივი პროვოკატორი”-დაპირისპირება მამუკა მდინარაძესა და თინა ბოკუჩავას შორის

    ხმაური პარლამენტში- თინა ბოკუჩავასა და მამუკა მდინარაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

    მამუკა მდინარაძემ თინა ბოკუჩავა პროვოკაციაში დაადანაშაულა.

    “პროვოკატორი ხარ ჩვეულებრივი, მოკლული ადამიანით სპეკულირებ”-მიმართა მდინარაძემ ბოკუჩავას.

    თინა ბოკუჩავა მალხაზ მაჩალიკაშვილის პარლამენტის შენობაში შეშვებას ითხოვს. მამუკა მდინარაძემ მას უარი უთხრა, მიზეზად კი პროვოკაციების საფრთხე დაასახელა.

  • კორონავირუსის ვაქცინა შექმნილია-რამდენ ხანში გამოცდიან მას ადამიანებზე

    ჰონკონგელმა მეცნიერებმა მომაკვდინებელი კორონავირუსის ვაქცინა შექმნეს.

    პროფესორ იუენის განცხადებით,ადამიანებზე ვაქცინის გამოცდა მხოლოდ 1 წლის შემდეგ დაიწყება.

    “ჩვენ უკვე შევქმენით ვაქცინა, თუმცა საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს, რომ ჯერ ცხოველებზე გამოვცადოთ მისი ეფექტურობა.

    თუ ვაქცინა ეფექტური აღმოჩნდება ცხოველების სხვადასხვა სახეობაზე, მის გამოცდას ადამიანებზეც დავიწყებთ, ეს ყველაზე კარგ შემთხვევაში 1 წლის შემდეგ მოხდება.”-აცხადებს პროფესორი იუენი.

  • კორონავირუსის საფრთხე – ჩინეთთან პირდაპირი ფრენები დროებით შეწყდა

    საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყდა.

    სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, რომ აღნიშნულის შესახებ, უკვე ეცნობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებას და შესაბამის ავიაკომპანიას.

    „შეზღუდვა მოქმედებს ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (2020 წლის 29 მარტი). პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის გადაწყვეტილება შესაძლებელია გადახედილ იქნას ჩინეთში შექმნილ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით.

    ამასთან, ამავე პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოში ოპერირების განმახორციელებელი ყველა ავიაკომპანიის მიერ, ხდება შესაბამისი უწყებების ინფორმირება ტრანზიტული მგზავრების შესახებ, რომელთა პირველადი გამომგზავრების ადგილი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის აეროპორტში ერთი პირი დააკავეს. 1990 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ა.ც.-ს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება.
    ჩადენილი დანაშაული 6-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 508 აბი ნარკოტიკული საშუალება “სუბუტექსი” და 3 აბი „მეტადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა აღნიშნული ნარკოტიკები თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.

    შსს-ს ცნობით, ა.ც. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს.

  • რას ამბობენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცოტნე გამსახურდიას იზოლაციაზე

    საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თურქეთის კლინიკაში ცოტნე გამსახურდიას იზოლაცია მანანა არჩვაძის სურვილითა და პრეზიდენტის მიერ გაგზავნილი წერილის საფუძველზე ხდება. ადმინისტრაციის ცნობით, არანაირი წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ამ თემასთან დაკავშირებით არ მომზადებულა და მით უფრო, თურქეთის კლინიკაში არ გაგზავნილა. 

    შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდიას მეუღლის ანა ჯაბაურის ადვოკატმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტამბოლის კლინიკაში მყოფ ცოტნე გამსახურდიას, მანანა არჩვაძე სრულ იზოლაციაში ამყოფებს. ანა ჯაბაურის უფლებადამცველის თქმით, ანა ჯაბაურს კლინიკაში ცოტნესთან არ უშვებენ.

  • რუსთავში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით ცოლ-ქმარი გარდაიცვალა

    რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით,53 და 57 წლის ცოლ-ქმარი  გარდაიცვალა,  მათი 25 წლის შვილი  კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

    დაღუპულები სახლში საკუთარმა შვილმა ნახა და ნერვული შოკი მიიღო.გოგონას მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. 

    როგორც ცნობილი გახდა ოჯახი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.

  • თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება:

    სამგორის რაიონი – 10:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვიქტორ კუპრაძის, ღლონტის და ქინძმარაულის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00-დან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სამგორი 2-ის დასახლების და იუმაშევის ქუჩის მცხოვრებლებს. 12:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ჭირნახულის ქუჩის მცხოვრებლებს.

    ისნის რაიონი – 12:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის, ვაზისუბნის II და IIა მიკრორაიონების მცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონი – 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფ. დიღმის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, ტარიელის, მეფე მირიანისა და ვეფხისტყაოსნის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ის, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კმ-ის, დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაკვეთების) და გრიგოლ ფერაძის ქუჩის მცხოვრებლებს. 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანაგის, იოსებიძის, არჩილ სულაკაურის, გოთუას და შარტავას ქუჩების მცხოვრებლებს.

    ჩუღურეთის რაიონი – 11:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იონა მეუნარგიას და ზაქარიაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.