Category: არქივი

  • ევროსაბჭოში გამოსვლისას ზურაბიშვილი შეეცადა, რომ კითხვებისთვის ცოტა დრო დაეტოვებინა- გიორგი კანდელაკი

    ევროპული საქართველოს წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლისას, სალომე ზურაბიშვილი შეეცადა, რომ კითხვებისთვის ცოტა დრო დაეტოვებინა და გამოყოფილი 1 საათიდან, 50 წუთის განმავლობაში ისაუბრა, რის გამოც ის გააკრიტიკეს.

    ,,სტრასბურგში გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილი შეეცადა რაც შეიძლება ნაკლები დრო დაეტოვებინა კითხვებისთვის და ერთი საათიდან 50 წუთი ილაპარაკა (აქედან ოკუპაციაზე სულ ბოლოს და სულ ცოტა – თან ცხადია არ უთქვამს რას ვითხოვთ.) ამას ბრიტანელი კონსერვატორი დეპუტატის ჯორჯ ჰოუელის აღშფოთებული პროცედურული რეპლიკა მოყვა – სპიკერს 50 წუთი ელაპარაკოს ისტორიას არ ახსოვს.

    მიუხედავად იმისა რომ დრო სულ რამდენიმე კითხვისთვის დარჩა, პრაქტიკულად, ყველა მათგანი ძალიან კრიტიკული იყო. ზურაბიშვილმა ვერც ერთზე – ფეისბუქის მიერ გვერდების წაშლაზე, პროპორციული სისტემის საკითხზე გადაგდებაზე, ოპოზიციის წინააღმდეგ დევნაზე და ივანიშვილის მუქარებზე – პასუხი ვერ გასცა.

    ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უკრაინელმა დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ დასვა კონკრეტული კითხვა – უჭერს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი მხარს უკრაინის და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის და ვალდებულებების არშესრულების გამო რუსეთზე ახალი სანქციების დაწესებას დასავლეთის მიერ?
    და დიახ, ამ გასაგებ და ჩვენთვის ასეთ მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი დადებითი არ ყოფილა”,- წერს სოციალურ ქსელში კანდელაკი.

  • შსს-მ ბრიტანელი მოგზაურის მოპარული ველოსიპედი იპოვა და მას დაუბრუნა

    პოლიციამ ბრიტანელი მოგზაურის, როუან კემპბელის მოპარული ველოსიპედი იპოვა და მას დაუბრუნა.

    შსს აცხადებს, რომ ველოსიპედს თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მიაკვლიეს.

    ,,მიმდინარე წლის 25 იანვარს პოლიციაში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე დროებით მცხოვრებ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს, როუან კემპბელს საკუთარი ველოსიპედი მოჰპარეს, რომელიც სახლთან ჰქონდა გაჩერებული. მეპატრონის განცხადებით, ველოსიპედზე დამაგრებული იყო ჩაფხუტი და 2 ჩანთა.

    შეტყობინების მიღებისთანავე, პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინა და ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს. სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში ატარებდნენ შესაბამის ღონისძიებებს.

    პოლიციამ, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრიტანელი მოგზაურის ველოსიპედს თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მიაკვლია და სატრანსპორტო საშუალება კანონიერ მფლობელს დაუბრუნა”,- წერია შსს-ს განცხადებაში.

    გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

    26 იანვარს როუან კემპბელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას ჰოსტელთან ველოსიპედი მოპარეს და ვეღარ აგრძელდება მოგზაურობას.  მას მოქალაქეებმა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ამბის გახმაურების შემდეგ საჩუქრები გადასცეს.

  • საქართველომ პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან ძლიერ და აქტიურ დემოკრატიად გადაქცევა მოახერხა- ზურაბიშვილი ევროსაბჭოში

    ზურაბიშვილმა ევროსაბჭოში სიტყვის გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველომ პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან აქტიურ დემოკრატიად გადაქცევა მოახერხა.

    ,,ისტორიისთვის ამ მოკლე დროში საქართველომ პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან ძლიერ და აქტიურ დემოკრატიად გადაქცევა მოახერხა. ის ჩამოყალიბდა სახელმწიფოდ, რომელსაც ძლიერი ინსტიტუტები, თავისუფალი ეკონომიკა, მდგრადი ეკონომიკური ზრდა აქვს და ავითარებს სოციალურ და ჯანდაცვის სისტემებს. მთლიანობაში, ჩვენი ქვეყანა სტაბილური გარემოს მქონეა. მიუხედავად ყველაფრისა – გაყინული კონფლიქტებისა და ღია ომის, ოკუპირებული ტერიტორიების, დესტაბილიზაციის მუქარისა და მცდელობების მიუხედავად – საქართველომ გაიკვალა გზა ევროკავშირისა და ნატოსკენ,”- განაცხადა ზურაბიშვილმა.

    პრეზიდენტმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე საქართველოს ოკუპაციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ საოკუპაციო ხაზი მუდმივად იცვლება, ხოლო გამშვები პუნქტები ხშირად დაკეტილია, რაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას გადაადგილების უფლებას უზღუდავს.

    ,,საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფლები გაყოფილია; ხშირია მოქალაქეების გატაცება, „გამოსასყიდის“ მოთხოვნა, წამების შემთხვევები და მკვლელობებიც კი არარსებული „საზღვრის“ გადაკვეთისთვის, რომელიც ხან ეზოს, ხან – სოფელს, ხან კი – სასაფლაოებს ყოფს. ბოლო ინციდენტი ცხინვალის რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება იყო. იგი ადგილობრივი პაციენტის დასახმარებლად გადავიდა. ამგვარი ქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებულ ჰუმანიტარულ პრინციპებს და ქმნის საფუძველს შემდგომი ესკალაციისთვის.

    მინდა გამოვიყენო დღევანდელი შესაძლებლობა და მადლობა მოვახსენო ყველა საერთაშორისო პარტნიორს, რომელმაც დიდ ძალისხმევა ჩადო ექიმ გაფრინდაშვილის ორთვიანი პატიმრობიდან გათავისუფლებაში“- ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

  • დადასტურდა თუ არა კახეთში კორონავირუსის შემთხვევა

    „22 წლის გოგონას, რომელიც ჩინეთიდან 16 იანვარს ჩამოვიდა და ვირუსული ინფექციის ნიშნები გამოუვლინდა, კორონავირუსი არ აქვს და არც ერთი საერთაშორისო სტანდარტით, კორონავირუსის შესაძლო ან საეჭვო შემთხვევად არ ითვლება“ – აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა.

    პაატა იმნაძის თქმით, გოგონა, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, სამშობლოში ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციიდან იმ დროს დაბრუნდა, როდესაც უხანის გარდა, ჩინეთის არც ერთ სხვა ქალაქსა და პროვინციაში ახალი კორონავირუსი დაფიქსირებული არ ყოფილა.

    როგორც პაატა იმნაძემ განაცხადა, გოგონას ვირუსული ინფექცია ოჯახის წევრებისგან გადაედო. ამასთან, კონკრეტულად რა ტიპის ვირუსი აქვს მას, ამ ეტაპზე უცნობია და მიმდინარეობს დაკვირვება. პაციენტი სახლში მკურნალობს და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

  • გამოძიება დასრულებულია პირველივე დღიდან, როცა დაზარალებულის სტატუსი არ მომანიჭეს- მაჩალიკაშვილი

    თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მისი შვილის საქმეზე გამოძიება პირველივე დღეს დასრულდა, რადგან მას დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭეს.

    მისი თქმით, 3 საათის განმავლობაში სპეცრაზმელები და სუს-ის თანამშრომლები ცდილობდნენ, შემოტანილ ხელყუმბარაზე თემირლან მაჩალიკაშვილის თითის ანაბეჭდები გადაეტანათ, მაგრამ ვერ მოახერხეს და მისი დნმ-ის ანალიზი გადაიტანეს. 

    ,,3 საათის განმავლობაში მე და ჩემი ოჯახი ვიყავით ტყვედ აყვანილი იარაღის ქვეშ, ამ დროს სპეცრაზმელები და სუსი-ის თანამშრომელები ცდილობდნენ ოფლით , ტანსაცმლით თითის ანაბეჭდები გადაეტანათ შემოტანილ ხელყუმბარაზე, მაგრამ ვერ მოახერხეს და გადაიტანეს ოფლისა და დნმ-ის ანალიზი”,- ამბობს მაჩალიკაშვილი. 

    ის აღნიშნავს, რომ ხალხის იმედი აქვს და ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. 

    ,,ამ ორი წლის განმავლობაში იმდენი ტროლი და ბოტი გამოიყენეს ამ საქმის წინააღმდეგ, რომ იმათაც კი შერცხვათ, რომ ამ საქმეზე ესაუბრათ… მე ვრჩები ქართველი ხალხის იმედად. სტრასბურგი არ იტყვის, რომ ეს და ეს დავსაჯოთ. ამ ბრძოლას მე ბოლომდე მივიყვან… გამოძიება დასრულებულია პირველივე დღიდან, როცა მე დაზარალებული სტატუსი არ მომანიჭეს, როცა არ მქონდა საქმეში ჩახედვის უფლება”,- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

    თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა. უწყების განმარტებით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელის მოთხოვნას ეჩვენებინა მისთვის ხელები, სცადა საბრძოლო მდგომარეობაში მოეყვანა ხელყუმბარა, რის გამოც მისი მიმართულებით სპეცრაზმელმა განახორციელა გასროლა.

  • ნარკოდანაშაულში ბრალდებული ბერი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

    ზუგდიდში, ნარკოდანაშაულში ბრალდებული ბერის, სვიმონ (გიგა) ქავთარაძის და რომან მალანიას წინასასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე სასულიერო პირისთვის აღკვეთი ღონისძიების ფორმის გადასინჯვის საკითხზე ხელახლა იმსჯელეს.

    მოსამართლე ნატრული აკობიამ ბრალდების მხარის პოზიცია გაითვალისწინა და სასულიერო პირი პატიმრობაში დატოვა. თავის მხრივ, სასულიერო პირმა დღევანდელ სხდომაზეც დანაშაული აღიარა.მეორე ბრალდებულმა  რომან მალანიამ კი განაცხადა, რომ უდანაშაულოა.

    ბერი გიგა ქავთარაძე და კიდევ ერთი მოქალაქე რომან მალანია ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მალანიას ზუგდიდის სასამართლომ საპატიმრო გირაო (10 ათასი ლარის ოდენობით) შეუფარდა.

  • ქვეყანას ავარიდეთ საშინელი სისხლიანი ტერორისტული აქტების სერია- სოსო გოგაშვილი

    ,,ქვეყანას ავარიდეთ საშინელი სისხლიანი ტერორისტული აქტების სერია”- ასე ეხმაურება სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტას.

    მისი თქმით, დუმილის დარღვევის დრო დადგა. ის აპირებს მტკიცებულებების თარგმნას და სტრატეგიული პარტნიორებისთვის გაგზავნას.

    „ვანო, გილოცავ!!! იცოდე,შენს მიერ დაღვრილი სისხლი, რომელიც შენი ქვეყნის და შენი ოჯახის გადასარჩენად დაღვარე არ ყოფილა ტყუილად დაღვრილი, სასუფეველი დაგიმკვიდროს უფალმა გმირო, შეხვედრამდე ძმობილო.

    სისხლის სამართლის საქმეები შეწყდა სუსის თანამშრომელების მხრიდან დანაშაულის არარსებობის გამო და ასევე ტერორიზმში ეჭვმიტანილის გარდაცვალების გამო. ასევე გრძელდება სისხლის სამართლის საქმე სხვა პირების შესაძლო მონაწილეობაში ტერორისტულ აქტებსა,თუ ტერორისტულ დანაშაულში.

    ქვეყანას ავარიდეთ საშინელი სისხლიანი ტერორისტული აქტების სერია, განადგურდა მსოფლიოში საშიში ტერორისტები და ვინც გადაურჩა სიკვდილს ისინი ვერ გადაურჩნენ მართლმსაჯულებას, ასე იმარჯვებს სიმართლე!!!

    წინაა სტრასბურგი, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ იქაც იზეიმებს სიმართლე,რადგან ტერორისტი მსოფლიოს პრობლემაა და არა მარტო საქართველოსი.სიმართლე კი ერთია!

    ახლა კი და დადგა დუმილის დარღვევის დროც, მე ვიწყებ ამ საქმის შესახებ ყველა არსებული მტკიცებულების და ფაქტების, რომელიც გამაჩნია, რომელიც არსებობს, თარგმნას და მომზადებას ჩვენს უცხოელ სტრატეგიულ პარტნიორებზე გასაგზავნად და პირადად გადასაცემად, ვაშინგტონიდან დაწყებული ბრიუსელით, სტრასბურგით და აშ დამთავრებული. რადგან ყველამ გაიგოს, როგორც საზღვარგარეთ ასევე საქართველოში, რომ ამ isis ის ტერორისტების უკან იდგნენ და დგანან საქართველოს “ მთავარი” ოპოზიციური პარტია ნაციონალური მოძრაობა.ეს არის ჩემი ახლანდელი მთავარი მიზანი, რომ ყველას დავანახო,რა დგას სინამდვილეში ამ პოლიტიკური პარტიის პოლიტმიზნების მიღწევის უკან და რა მეთოდებით ცდილობენ ისინი ხელისუფლებაში დაბრუნებას. ამას მე ყველას დავუგზავნი და გავაგებინებ. ასევე იგეგმება საერთაშორისო უსაფრთხოების, ანტიტერორისტული კონფერენციებს მოწყობა, უცხოელ ანალოტიკოსებთან ერთად, როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, ასევე ევროპასა და ამერიკაში,სადაც გავაკეთებ პრეზენტაციებს და დავდებ ფაქტებს ნაცმოძრაობოს და isis-ის წევრი ტერორისტების ალიანსზე.

    თქვენ აგზავნით ცრუ რეპორტებს და მაგრები გგონიათ თავი, ეხლა ნახავთ გოგაშვილს რა შეუძლია და რეპორტები როგორი უნდა იყოს ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად და არა დასაღუპად…

    ამას მალე გაგრძნობინებთ თქვე წურბელებო.

    PS ასევე მივმართავ იმ რეპორტიორებს და ჟურნალისტებს ვისაც პრეტენზია გაქვთ, რომ ხართ პროფესიონალები და გაქვთ გამოცდილება ჟურნალისტური გამოძიების წარმართვაში, ასევე ხართ პატრიოტები. გთავაზობთ, ჟურნალისტურ გამოძიებას ამ საქმის შესახებ, სადაც საქართველოს მოსახლეობას და ასევე ჩვენს უცხოელ მეგობრებს,ნათლად ვაჩვენებთ, რა მოხდა, როგორ მოხდა და ვინ დგას ამის უკან, ვიცი თემა რთულია სარისკოა, მაგრამ საინტერესოცაა დამერწმუნეთ“ – წერს სოსო გოგაშვილი.

  • დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებული გიორგი ჯანაშია ციხეს 2021 წელს დატოვებს

    ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიასა და გუგა ბარბაქაძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ გიორგი ჯანაშიასთან მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა. გიორგი ჯანაშიას 11 წლითა და 3 თვით მისჯილი წლებიდან საბოლოოდ, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, საიდანაც 4 წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, დანარჩენი 4 წელი კი პირობითად ჩაეთვლება. მისჯილი წლებიდან გიორგი ჯანაშიას 2 წელი უკვე მოხდილი აქვს, შესაბამისად, ის პენიტენციურ დაწესებულებას 2021 წელს დატოვებს.

    ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძეს, უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა და ის მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში სცნო დამნაშავედ. ბარბაქაძეს სასჯელიც უცვლელი დარჩა, მას 11 წლითა და 3 თვის ვადით აქვს თავისუფლების აღკვეთა შეფარდებული.

    ბარბაქაძის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის ორივე ეპიზოდთან დაკავშირებით, უდანაშაულოდ ცნობას ითხოვდა.

    ცნობისთვის, 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი არასრულწლოვანი – გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე არიან მსჯავრდებულები. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ასევე მიხეილ კალანდია, რომლის საქმესაც თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ჯანაშიას 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გუგა ბარბაქაძეს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

  • ბაგრატის ტაძრის გალავნიდან არასრულწლოვანი გადმოვარდა

    ბაგრატის ტაძრის გალავნიდან 18 წლამდე ახალგაზრდა ბიჭი გადმოვარდა. გავრცელებული ინფორმაცია, ის რუსეთის მოქალაქეა და საქართველოში სტუმრად იმყოფება.

    თვითმხილველების თქმით, ბიჭი ფოტოებს იღებდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და სიმაღლიდან ჩამოვარდა.

    სასწაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა.