Category: არქივი

  • თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს გამო, დედაქალაქის ზოგიერთ რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

    კრწანისის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნიკოლოზ ჩხეიძის, გრიშაშვილის, გორგასალის, კალანდაძის, ნადიკვარის, კრწანისის, ოპრეთის, ეფრემ მცირეს, ბერძნის და მარტვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მეურნეობის, სოფელი დიდი ლილოს, თვალჭრელიძის და მშვიდობის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის I, III კვარტლების, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, II, III, IV კვარტლების, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გია რომელაშვილის, დავით ნიშნიანიძის და ურეკის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 13 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ელბაქიძის აღმართის, ვერეს დაღმართის, საქანელას, გალაკტიონ ტაბიძის და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონი – ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 02 საათიდან 05 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იყალთოს, საბურთალოს, ბახტრიონის, სულხან ცინცაძის, გამრეკელის, კუტუზოვის, ტაშკენტის და კოსტავას ქუჩების მცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღომი I, III მიკრორაიონების, ტარიელის, მეფე მირიანის და ვეფხისტყაოსნის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ვაშლიჯვრის დასახლების, მინდელის, ანა პოლიტკოვსკაიას, ზურაბ ანჯაფარიძის და ამაშუკელის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ისნის რაიონი – ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01 საათიდან 03 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლეხ კაჩინსკის, იალბუზის და ბოჭორმის ქუჩების მცხოვრებლებს.

    „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია „თელასის“ ინფორმაციაში.

  • შეწყდეს ოპოზიციის ლიდერების დევნა – “ევროპის სახალხო პარტია” საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს

    „ევროპის სახალხო პარტია“ მხარს უჭერს საარჩევნო სისტემაზე მიმდინარე დიალოგს და საქართველოს მთავრობას მოქალაქეების ნების შესრულებისკენ მოუწოდებს.

    ამის შესახებ საუბარია „ევროპის სახალხო“ პარტიის განცხადებაში, რომელიც 3-4 თებერვალს, ბრიუსელში გამართული პარტიის პოლიტიკური ასამბლეის წევრების შეკრების შემდეგ გამოქვეყნდა.

    განცხადებაში ასევე  ხაზგასმულია, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ მხარს უჭერს მოლაპარაკებებს მთავრობასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

    „ევროპის სახალხო პარტია“ საქართველოში დემოკრატიის ძლიერ მხარდამჭერად რჩება, აქედან გამომდინარე, პარტია ძლიერადაა იმედგაცრუებული მმართველი პარტიის მიერ პოლიტიკური ნების ნაკლებობაზე მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის მიმართულებით. „ევროპის სახალხო პარტია“ მოუწოდებს მთავრობას, ქართველი მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და საქართველოს მეგობრების მოთხოვნები დააკმაყოფილონ.

    „ევროპის სახალხო პარტია“ მხარს უჭერს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მთავრობისა და ოპოზიციის შორის მოლაპარაკებებს საერთაშორისო საზოგადოების ხელშეწყობით და მოუწოდებს საქართველოს მმართველ უმრავლესობას, რომ ისეთი საარჩევნო სისტემის დანერგვის გარანტირება მოახდინოს, რომელიც ყველა დაინტერესებული მხარის მხარდაჭერითა და ნდობით სარგებლობს და საპარლამენტო წარმომადგენლობის მაქსიმალურ პროპორციულობას უზრუნველჰყოფს 2020 წლის არჩევნებამდე.

    „ევროპის სახალხო პარტია“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, თავი შეიკავოს მცდელობებისგან, რომ მართლმსაჯულების სისტემა გამოყენებული იქნას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და მოუწოდებს, შეწყდეს ოპოზიციის ლიდერების დევნა. საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს და ის, რომ ქვეყნის დემოკრატიულმა მიღწევებმა უკან არ დაიხიოს, შედის როგორც საქართველოს, ასევე, ევროკავშირის ინტერესებში“, – აღნიშნულია „ევროპის სახალხო პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

  • „შენ ნუ მპასუხობ, ნუ მეჩრები ლაპარაკში!“ – ანა დოლიძე ნაციონალების და ოცნების წარმომადგენლებს დაუპირისპირდა

    ტელეკომპანია პირველის გადაცემა „რეაქციის“ ეთერში, იურისტი ანა დოლიძე მოქმედი და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუპირისპირდა.

    ამის მიზეზი ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების განხილვა გახდა, \ ანა დოლიძემ განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთის კრიტიკით არიან დაკავებულები და მნიშვნელოვანი პრობლემები მოუგვარებელი რჩება.

    მისივე თქმით, ოპოზიციისა და ხელისუფლების ასეთი ქმედება ქვეყნის წინსვლას ხელს უშლის. რაც შეეხება კონგრესმენების წერილებზე საუბარს, ანა დოლიძე აღნიშნავს, რომ როცა მოქმედ ხელისუფლებას უწოდებენ კორუმპირებულს, ეს არ ნიშნავს, რომ ყოფილი ხელისუფლება არ იყო კორუმპირებული.

    „ორივენი კორუმპირებულები იყავით. გინდათ მოგიყვეთ?“ – ეს პირადი შეტევები არ გამოგივათ. საქმეზე ილაპარაკეთ“ – მიმართა ანა დოლიძემ ოცნებისა და ნაციონალების წარმომადგენლებს.

  • გიორგი თარგამაძე ,,ფორმულას” გენერალური დირექტორის მოადგილედ დაინიშნა

    ტელეკომპანია ,,ფორმულას” ინფორმაციით, გიორგი თარგამაძე გენერალური დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.

    გარდა ამისა, აპრილიდან ეთერში გავა მისი საავტორო გადაცემა „დროება“.

    ,,ფორმულის” გენერალური დირექტორის, ზუკა გუმბარიძის თქმით, გიორგი თარგამაძის მიმართულება საინფორმაციო და სოციალურ-პოლიტიკური გადაცემები იქნება და ის ორ გადაცემას წაიყვანს.

    „გიორგი დაინიშნა დირექტორის მოადგილედ, მისი მიმართულება იქნება საინფორმაციო და სოციალურ-პოლიტიკური გადაცემები გარდა მისი გადაცემებისა. ის იქნება არხის შიდა საქმიანობაში ჩართული. „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ იქნება შაბათ-კვირას, ხოლო შემდეგ, კვირაში ერთხელ. ასევე, კვირაში ერთხელ გავა „დროებაც“, რომლის გასვლაც აპრილში იგეგმება”,- ამბობს გუმბარიძე.

  • ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში უანგაროდ, საკუთარი სახსრებით ეხმარებოდა ქვეყანას- მათიკაშვილი

    ქართული ოცნების დეპუტატის, დავით მათიკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა არაერთი პროექტი დააფინანსა უანგაროდ და საკუთარი სახსრებით, მათ შორის პატრულის და შეიარაღებული ძალების რეფორმა.

    მათიკაშვილი ამბობს, რომ ამჟამადაც, ივანიშვილის საღსრებით, ქალაქების მშენებლობა მიმდინარეობს.

    ,,ბიძინა ივანიშვილს უამრავი პროექტი რომ დაუფინანსებია და საკუთარი სახსრები რომ ქვეყნის აღმშენებლობაში ჩაუდია, ეს ალბათ, ჩვენთვის სიახლე არ არის. დღეს, აგერ მე და თქვენ რომ ვსაუბრობთ, დიანა, პარალელურად ხდება ქალაქების მშენებლობა, აღშენება თავიდან და გაკეთება-მოწესრიგება იმისთვის, რომ საქართველომ გაზარდოს თავისი პოტენციალი აბსოლუტურად ყველა მიმართულებით და ამაში ბატონი ბიძინა ივანიშვილის სახსრებია გაღებული”,- აცხადებს ქართული ოცნების წევრი.

  • ზვავის შედეგად გარდაცვლილი რუსეთის მოქალაქეა- ახალი დეტალები შემთხვევის ადგილიდან

    კობი-სტეფანწმინდის მონაკვეთზე მომხდარ ზვავზე, რომელის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, 1 კი გარდაიცვალა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი რუსეთის მოქალაქეა, ხოლო დაშავებული – საქართველოს. მესამე ადამიანს, რომელიც მაშველებმა უვნებლად ამოიყვანეს, სომხეთის მოქალაქეობა აქვს.

    ,,ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, თოვლის მასის ჩამოწოლის შედეგად ჩავარდნილ სატრანსპორტო საშუალებაში 3 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ერთი ქალი, რუსეთის მოქალაქე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ხევიდან ამოყვანილია ორი ადამიანი, რომელთაგან ერთს, საქართველოს მოქალაქეს აღენიშნება მოტეხილობა, ხოლო მეორე, სომხეთის მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გამოყვანილია უვნებლად. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

    ადგილზე მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფები”,- აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

    შემთხვევა დღეს, საღამოს საათებში მოხდა.

  • კობი-სტეფანწმინდის მონაკვეთზე ჩამოწოლილმა ზვავმა მანქანა ხევში გადააგდო, დაიღუპა 1 ადამიანი

    კობი-სტეფანწმინდის მონაკვეთზე ჩამოწოლილმა ზვავმა ავტომობილი ხევში გადააგდო.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მანქანაში 3 ადამიანი იჯდა. მათგან 1 დაიღუპა, ერთს ქვედა კიდური აქვს დაზიანებული, მესამე კი უვნებლად ამოიყვანეს.

    ამ წუთებში გარდაცვლილი პირის ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს.

    შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რომელიც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. 

  • “ერთი დღე გამომყევით და გაჩვენებთ როგორ წყდებიან შიმშილით, უექიმობით, უსახლკარობით და უწამლობით ადამიანები” – აკა სინჯიკაშვილი

    “ერთი დღე გამომყევით და გაჩვენებთ როგორ წყდებიან შიმშილით, უექიმობით, უსახლკარობით და უწამლობით ადამიანები” აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში ქვეყანაში არსებულ სიღარიბეზე წერს.

    სინჯიკაშვილი  დეტალურად აღწერს, იმ სოციალურ ფონს რასაც ყოველდღიურად პირადად ხედავს.

    “რაღაცის თქმა მინდა რა!

    გუშინდელი ტრაგედია, სადაც ორი ქალი და ოთხი ბავშვი ცოცხლად დაიწვა, ვუყურებ როგორ გამოიყენა ყველამ თავის ჭკუაზე, როგორც აქამდე მომხდარი სხვა ტრაგედიები. ვიღაცამ ისიც თქვა, ქვეყანაში ბავშვები არ შიმშილობენო. თქვენ მართლა გიჟები ხო არ ხართ? კაია თანამდებობა და მაყუთი არაა? მაძღრები ვერ ხედავთ სხვის შიმშილს არა? ამ წამს რვაასზე მეტი ბავშვი და ასზე მეტი უპატრონო მოხუცი პირადად მე მაბარია. ყველა ისეთ დღეშია, რამდენი დღეც მე ვერ მივალ, ზუსტად იმდენი დღე იქნებიან მშივრები. ავადმყოფობის მეშინია, რომ აღარ ვიცი ხოლმე ვინ გავგზავნო საჭმელის მისატანად. ლამის სახლებში დავდივართ სხვებთან, რომ ერთი სადილი საჭმელი გამოვართვათ და შიმშილისგან გალურჯებულ ბავშვებს წავუღოთ. არ გჯერათ არა? ერთი დღე დილიდან გამომყევით და მე გაჩვენებთ როგორ წყდებიან შიმშილით, უექიმობით, უსახლკარობით და უწამლობით ადამიანები. თქვენი თვალით გაჩვენებთ მარტო თბილისში კი არა, ნებისმიერ რეგიონში სადაც მეტყვით. სოციალური დახმარება რომ ამოგიღიათ ხმალივით და იძახით რომ ხალხს ეხმარებით, გაჩვენოთ რამდენს და რანაირ ხალხს აქვს მოხსნილი, შეჩერებული და დავიწყებული საერთოდ? მერე თუ გინდა იმასაც გაჩვენებთ, ვის აქვს დანიშნული.

    ფოტოზე რომ ხედავთ, ასე რამდენი ადამიანი ათენებს ქუჩაში იცით? ძველი საბნები დაგვაქვს მთელი ღამე და ვუტოვებთ, რომ არ გაიყინონ. მაგასაც გაჩვენებთ თუ გამომყვებით. არავისი სტატისტიკა არ მჭირდება, იმისთვის რომ ვიცოდე რამდენი ათასი ბავშვი შიმშილობს ყოველდღე, ჩემი თვალით მაქვს ნანახი. თქვენ ამ ამბებს როდის იგებთ იცით? როცა ყველასთვის დასანახი დიდი ტრაგედია ხდება, თორემ რამდენი ადამიანი გარდაიცვალა სათითაოდ უპატრონობით იცით? მარტო იმის გამო, რომ გვიან გავიგე, ვერ მივასწარი და ტვინს მიხეთქავს ეხლა, რომ წინა დღეს რომ მივსულიყავი, იქნებ რამე მეშველა.

    ვისაც ჰგონია, რომ ქვეყანაში შიმშილი და უმუშევრობა არ არის და სიღარიბე დაძლეულია, უბრალოდ ან გარშემო არ იყურება, ან დიდი ნაბიჭვარია, რომელიც ძვლის და ხორცის გროვებად ხედავს ამდენ უბედურს. მთავრობა კიდევ ყველა ერთნაირია, ახალიც, ძველიც და ასჯერ ძველიც. უბედურს, ობოლს და საცოდავს არავინ არასოდეს ეხმარებოდა და ეხლაც ეგრეა რა თქმა უნდა. გადაივლის ეს ამბავიც და ყველა ისევ ისეთ უბედურებაში დარჩება, როგორც აქამდე იყო.

    თქვენ კიდევ ცვალეთ სკამები და ძალაუფლებები, დაჭამეთ ერთმანეთი პარტიების სახელით და მოგვეცით ახალი აუსრულებელი დაპირებები. ფეხებზე არ გკიდიათ? თქვენს შვილებს ხო არ შიათ და თქვენს დედებს ხო ქუჩაში არ სძინავთ!

    ბოდიში რა, გული მერევა უკვე ამდენ დამპალზე!” – წერს აკა სინჯიკაშვილი.

  • დაპირისპირება პარლამენტთან – პოლიციამ სტუდენტებს კარვების გაშლის საშუალება არ მისცა

    უცხოური უნივერსიტეტებიდან ქართულ უნივერსიტეტებში მობილობის მსურველი სტუდენტები პარლამენტთან აქციას მართავენ. ისინი ტერიტორიაზე კარვების გაშლას გეგმავდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს, რა დროსაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.პოლიციამ კარვები ტერიტორიიდან გაიტანა.

    სტუდენტები განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.აქციის მონაწილეები სკანდირებენ სიტყვებს: “არა რეგულაციას”.

    “არ ვაპირებთ აქედან წასვლას. ხვალ, სავარაუდოდ, არცერთი არ გავალთ გამოცდაზე. ვცადეთ კარვების გაშლა, გამოგვყარეს იქიდან, გვითხრეს რომ შეგიძლიათ უკანა მხარეს გაშალოთო,აქეთ წამოვედით, მაგრამ კარვები წაგვართვეს, თავის მანქანებში შეტენეს და წაიღეს”,- განაცხადა აქციის მონაწილე ლანა ახალაძემ.

    ცნობისთვის, აქციის მონაწილეები უნარების გამოცდის გაუქმებას ითხოვენ, რომელიც მათ ქართულ უნივერსიტეტებში მობილობისთვის სჭირდებათ.​

  • ეს ქვეყანა აღარაა ღვთისმშობლის წილხვედრი, უფრო სატანის წილხვედრად ქცეულა – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

    დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში ბაღდათის რაიონში დატრიალებულ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმიანება და პასუხიმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

    „რა ვთქვა აღარ ვიცი… მთელი პასუხისმგებლობა ამ უბედურებაზე ეკისრება ხელისუფლებას, უფრო კონკრეტულად უპირველესად ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებას, რადგან არაფერი იღონა ამ უბედური ოჯახის გადასარჩენად, თუნდაც ნორმალური, კანონიერი საცხოვრებელ ფართში მათი შესახლებით. სახლი კი არა, 300 ლარი არ მიუციათ ბავშვის მკურნალობისთვის. სოდომ-გომორზე უარესი ცოდვის მატარებელია ეს ქვეყანა, სადაც ზედაფენები არნახულ სიმდიდრეში არიან, სამაგიეროდ სოციალურად დაცველთა ბავშვები შიმშილობით და უპატრონობით იხოცებიან. ეს ქვეყანა აღარაა ღვთისმშობლის წილხვედრი, უფრო სატანის წილხვედრად ქცეულა, ვიდრე ღვთისა და მისი წმინდა დედისა, რადგან სადაც ღვთისმშობელია, იქ სამართალი და ურთიერთდახმარებაა, ხოლო საქართველოში უსამართლობა და გულქვაობა გაბატონებულა. უბედურებაა ისიც, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ვერ ახორციელებს სათანადოდ სოციალურ მსახურებას, რაც ეკლესიას ევალება მაცხოვრის მცნებათა და მოციქულთა სწავლებათა მიხედვით“,- წერს ჭიღლაძე.

    ტრაგედია ბაღდათის რაიონში 3 თებერვლის ღამით მოხდა. საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს დედა, ოთხი შვილი და კიდევ ერთი ქალი ემსხვერპლა.