Category: არქივი

  • “მეორე ვირუსიც გვაქვს, რომელიც პარლამენტის კართანაა მომდგარი” – ქანთარია

    გვაქვს მეორე ვირუსი, რომელიც პარლამენტის კართანაც არის,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

    მან ჯანდაცვის მინისტრს და ამ სფეროს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა, რომ „არ უშვებენ იმ უბედურებას, რასაც კორონავირუსი ჰქვია“.

    „თუ თქვენ ამას მოახერხებთ, რომ ამ ჭირისთვის საზღვრის გადმოლახვა მიუღწეველი იყოს ეს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იქნება. გვაქვს მეორე ვირუსი, რომელი პარლამენტის კართანაც არის ხოლმე. ეს უკვე პოლიტიკური ვირუსი და ეპიდემიაა. მაგრამ მისი არეალი დიდი არ არის. ვისა უნდა გადადებოდა გადაედო,“- განაცხადა ქანთარიამ.

  • მასალის სიმაღლეზე ატანა კუსტარულად დამზადებული მექანიზმით ხდებოდა – შრომის ინსპექციის დეპარტამენტის უფროსი

    ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, კორპუსიდან, საიდანაც ორი მუშა გადმოვარდა, სამუშაოები შეჩერდა.

    როგორც ჟურნალისტებს დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ განუცხადა, შრომის ინსპექციამ მომხდარზე მოკვლევა დაიწყო. ადგილზე დაფიქსირდა შრომის უსაფრთხოების კრიტიკული დარღვევები.

    “მინდა მწუხარება გამოვთქვა ამ ფაქტის გამო. შრომის ინსპექციამ დაიწყო მოკვლევის პროცედურები. ჩვენი თანამშრომლები ადგილზე იმყოფებიან. ამ წუთის მდგომარეობით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევაჩეროთ სამუშაო პროცესი შრომის უსაფრთხოების კრიტიკული დარღვევების გამო. კერძოდ, სიმაღლეზე სამუშაოების დროს მასალის ატანა ხორციელდებოდა კუსტარულად დამზადებული მექანიზმის გამოყენებით, რომელიც შეუსაბამოა კანონმდებლობასთან. მოკვლევის პროცედურები მიმდინარეობს”, – განაცხადა ფერაძემ.

    მისივე თქმით, ყველა კომპანიას აქვს ვალდებულება თავად უზრუნველყოს უსაფრთხოების სტანდარტის დაცვა.

    “მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებობს უამრავი სამშენებლო კომპანია და როგორც იცით, შრომის უსაფრთხოების კანონი ვრცელდება ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორზე. შესაბამისად, ვალდებულება აქვს ყველა კომპანიას და მათ თავად უნდა უზრუნველყონ უსაფრთხოების სდანდარტის დაცვა. სახელმწიფო ამ შემთხვევაში უზრუნველყოფს შერჩევითი კონტროლით გარკვეულ ზედამხედველობას. ბუნებრივია, კომპანიას ვალდებულება ჰქონდა, რომ დაეცვათ შრომის უსაფრთხოება, დაენიშნათ უსაფრხოების სპეციალისტი. ამას არკვევს გამოძიება. უახლოეს პერიოდში გვექნება მეტი კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა”, – განაცხადა ფერაძემ.

    შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ „გოცირიძეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე საფასადე სამუშაოების შესრულებისას კორპურიდან ორი მუშა გადმოვარდა. ერთი მათგანი გარდაიცვალა, მეორე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებ

  • “ძალიან მიყვარხართ და პატივსა გცემთ, მადლობა ბატონ ბიძინას “- კარლო კოპალიანმა პარლამენტი დატოვა (ვიდეო)

    ქართული ოცნების დეპუტატმა, კარო კოპალიანმა, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტში კანცლერად არჩევის შემდეგ პარლამენტს ტოვებს, გამოსამშვიდობებელ სიტყვაში ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა.

    “მადლობა ბატონ ბიძინას, იმ ადამიანს, რომელმაც ეს ყველაფერი შექმნა ჩემსა და ჩვენ ირგვლივ. მადლობა კაცს, რომელმაც შეძლო და საქართველოში პირველად არჩევნების გზით შეცვალა მოძალადე ხელისუფლება. ადამიანს, რომელმაც, ერთ-ერთმა პირველმა დამიძახა თავის დროზე და მომცა შანსი ვყოფილიყავი იმ ხალხის გვერდი, ვინც დააფუძნა ქართული ოცნება, გაგვეარა მრავალი წელი, განსაცდელი და გაგვემარჯვა. მადლობა მას ამ შესაძლებლობისთვის. მადლობა მას იმ შვიდი წლისათვის, რომ მომეცა საშუალება და მოკრძალებული სიტყვა მეთქვა ქართულ პოლიტიკაში. ქართული ოცნებისა და ჩვენი ქვეყნის უპირობო ლიდერს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, კახის, ირაკლის, დიტოს, ჩვენს პარტიულ ოფისს, ჩვენს ყველა თანამოაზრეს…” 

    ქართულმა ოცნებამ კარლო კოპალიანისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტას მხარი დაუჭირა. ბოიკოტის გამო სხდომა არ ესწრებიან ოპოზიციური პარტიები ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო და პატრიოტთა ალიანსი.

  • მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა

    თბილისში ზესტაფონის ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა.  არსებული ინფორმაციით, მუშები კორპუსის გარე ფასადზე სამუშაოებს ასრულებდნენ.

    შემთხვევის შედეგად დაშავებულია კიდევ ერთი პირი, რომელიც სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

    საქმეზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო სამუშაოებზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

  • გოდრებით დაატარებს დეპუტატებს უმრავლესობა, სირცხვილის კორიდორში რომ არ გაიარონ-უგულავა

    ასე გოდრებით დაატარებს დეპუტატებს უმრავლესობა, რომ არ გაიარონ სირცხვილის კორიდორში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

    „გუშინ არ გაამჟღავნეს და დღეს ჩანიშნეს უმრავლესობის სხდომა, იმისთვის, რომ უფრო ადრე შეეყვანათ დეპუტატები. ასე გოდრებით დაატარებენ ამ დეპუტატებს, იმისათვის, რომ არ გაიარონ „სირცხვილის კორიდორში“. კი, ბატონო, 14:00 საათზე დაინიშნება სხდომა? შეგიძლიათ 09:00 საათზე შეიყვანოთ დეპუტატები, ხაშიც დაახვედროთ იქ. ყოველთვის უნდა იცოდეთ, რომ ხალხის და სამოქალაქო საზოგადოების ხმა თქვენს ყურამდე მაინც მოაღწევს, – განაცხადა გიგი უგულავამ.

    შეგახსენებთ, ამ წუთებში, პარლამენტთან, ჩიტაძის ქუჩის მხარეს ოპოზიციური პარტიების ლიდერები და აქტივისტები არიან შეკრებილები.

  • „ ჩვენი ჩინოვნიკები იქ ჩავლენ, თუ აქ დარჩებიან, არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს“–დავით ჭიჭინაძე თალაკვაძის აშშ–ში ვიზიტზე

    „ ჩვენი ჩინოვნიკები იქ ჩავლენ, თუ აქ დარჩებიან, არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს. ჯობია ისევ აქ დარჩნენ და სახელმწიფოს ფული მაინც არ დაიხარჯება.“

    ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობის, „ტრიბუნა“ , ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, საპარლამენტო დელეგაციის დაგეგმილ ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში.

    „დღეს საქართველოს რეპუტაცია იმდენად შელახულია, რომ აშშ სახელმწიფო მდივანმა, მაიკლ პომპეომ, ისე მოიარა ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნები, საქართველოში ორი საათიც კი არ შემოუვლია.

    როგორც ჩანს, იმ ქვეყნებთან თანამშრომლობის უფრო მეტ პერსპექტივას ხედავენ, ვიდრე საქართველოსთან, თორემ მათ ამის ინტერესი რომ ჰქონოდათ, ერთი-ორ საათიანი ვიზიტი და სიტუაციაში გარკვევა პრობლემა არ იქნებოდა.
    არადა, მე ვაფრთხილებდი „ოცნების“ ხელისუფლებას, რომ ყოველი მათი ნაბიჯი აშშ პრეზიდენტის ადმინისტრაციას მხოლოდ აშორებდა.

    ასე რომ, დღეს ჩვენი ჩინოვნიკები იქ ჩავლენ, თუ აქ დარჩებიან, არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს. ჯობია ისევ აქ დარჩნენ და სახელმწიფოს ფული მაინც არ დახარჯონ.

    თანაც, ამ ლობისტებში და ტყუილა ფრენებში დახარჯულმა ფულმა მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითი შედეგი მოუტანა ამ ქვეყანას და ეს ფაქტია.

    თალაკვაძეს კი ვურჩევდი, ახალგაზრდა კაცია და თუ არ უნდა თავისი პოლიტიკური ცხოვრება „ოცნებასთან“ ერთად დაასრულოს, დაანებოს ისეთი სისულელეების ლაპარაკს თავი, რისიც თავადვე შერცხვება დაახლოებით ერთ წელიწადში.“–აცხადებს ჭიჭინაძე.

  • ლენტეხი-მელეს მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია

    საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ126-კმ157 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

    ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ამავე საავტომობილო გზის კმ89-კმ126 (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

    საავტომობილო გზის კმ1-კმ89 (წყალტუბოს გადასახვევი-ლენტეხი) მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

  • სენატორები ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ: მოგვცეს გარანტიები, რომ ვითარება შეიცვლება

    ჩვენ მოგვცეს გარანტიები, რომ ვითარება შეიცვლება, – განაცხადა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სენატორმა ჯიმ რიშმა „ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში. ჯიმ რიში სამშაბათს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს შეხვდა.

    ერთი კვირის წინ, რესპუბლიკელმა სენატორმა რიშმა და ევროპის ქვეკომიტეტის უმცირესობის დემოკრატმა ლიდერმა, ჯინ შაჰინმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართეს, სადაც ისინი იმ საკითხებზე საუბრობდნენ, რომლებიც მათი თქმით, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას აფერხებს.

    “ქართველები ჩვენი მეგობრები არიან. ეს შესანიშნავი ქვეყანაა, რომელიც გვინდა რომ წარმატებული იყოს. მე საქართველოში 2012 წელს ვიყავი არჩევნებზე, როგორც ამერიკის მხარის ოფიციალური დამკვირვებელი. ჩვენთვის შთამბეჭდავი იყო, თუ როგორ წარიმართა არჩევნები. ჩვენ გვჯეროდა, რომ მაშინ ხელისუფლება დემოკრატიული მმართველობისთვის საჭირო რეფორმებს გაატარებდა, რომლებიც ხალხს მოეწონებოდა.

    თუმცა, ვიხილეთ შემაშფოთებელი ნიშნები. ჩვენ კარგი შეხვედრა გვქონდა, რომელზეც ამ საკითხებზე ვისაუბრეთ და მოგვცეს გარანტიები, რომ ვითარება შეიცვლება. ჩვენ მდგომარეობას დავაკვირდებით. ეს ქართველების ქვეყანაა, და მე დარწმუნებული ვარ, ქართველებს სურთ თავისუფალი და ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა. ამ საქმეში ჩვენ გვინდა მათ გვერდით ვიდგეთ”, – უთხრა სენატორმა რიშმა „ამერიკის ხმას“, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

    სენატორმა აღნიშნა, რომ განსახილველ საკითხთა შორის მომავალი არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარებაც იყო.

    „ვისაუბრეთ არჩევნებზე, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში გაიმართება. ქართველი ხალხი გამოხატავს თავის პოზიციას. 2012 წელს, როცა მე საქართველოში ვიყავი, ყველა ფიქრობდა, რომ სააკაშვილი მოიგებდა და ივანიშვილმა გაიმარჯვა. ქართველი ხალხი თავად იღებს გადაწვეტილებას და ეჭვიც არ მეპარება, რომ ყველაფერს უფრო ახლოდან აკვირდებიან, ვიდრე ჩვენ“, – უთხრა მან „ამერიკის ხმას“.

    ქართულ მხარესთან შეხვედრის შემდეგ, წერილის თანაავტორმა ჯინ შაჰინმა, “ამერიკის ხმასთან” საუბარში განაცხადა, რომ მას იმედი აქვს, შეერთებულ შტატებს მიეცემა მხარდაჭერის გაგრძელების შესაძლებლობა.

    „ჩვენ ძალიან მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს და პატივს ვცემთ ქართველი ხალხის ევროპულ კურსს ნატოსკენ და ევრო-ატლანტიკური პარტნიორობისკენ სწრაფვას. გვინდა ამას მხარი დავუჭიროთ და იმედი გვაქვს, გვექნება ამ მხარდაჭერის გაგრძელების შესაძლებლობა“, – თქვა მან.

    შეხვედრის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მან სენატორებთან შეხვედრაზე განიხილა ის საკითხები, რაზეც სენატორების წერილში იყო საუბარი.

    „დეტალურად ვისაუბრეთ ყველა იმ ძირითად საკითხზე, რომელიც არის ასახული მათ წერილში. ეს იყო მეგობრების, სტრატეგიული პარტნიორების შეხვედრა და სწორედ ამ კონტექსტში იყო ჩემი მხრიდან ძალიან დასაბუთებული არგუმენტირებული პოზიცია, ყველა იმ პროცესთან მიმართებაში რა პროცესებზეც არის საუბარი წერილში.

    გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ახდენს მაღალი სტანდარტის დემონსტრაციას, როგორც საარჩევნო პროცესთან და არჩევნების ჩატარების კუთხით, ჩვენ 2012 წლის შემდეგ გვქონდა უმაღლეს დონეზე ჩატარებული არჩევნები, ბუნებრივია ყველა რეკომენდაცია, რომელიც მოდის ჩვენი პარტნიორების მხრიდან, იქნება გათვალისწინებული“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

    დამატებით, ორმა სენატორმა, სენატში შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა. სენატორი რიში პრესრელიზში ამბობს, რომ მათ საქართველოს დელეგაციასთან წერილში განხილული საკითხები, დემოკრატიის დასუსტების ნიშნების შესახებ, კიდევ ერთხელ გაახმოვანეს. გაკეთებულ განცხადებაში, სენატორი ასევე აღნიშნავს, რომ ქართულმა მხარემ სერიოზული ნაბიჯები უნდა გადადგას დემოკრატიისკენ.

    „სენატორ შაჰინს და მე, საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანთან პროდუქტიული საუბარი გვქონდა,“ ნათქვამია სენატორ რიშის განცხადებაში. „ჩვენს მიერ პრემიერ-მინისტრ გახარიასთვის ცოტა ხნის წინ გაგზავნილი წერილის შემდეგ, ჩვენ გავიმეორეთ შეშფოთება საქართველოს დემოკრატიისა და მმართველობის დასუსტების შესახებ. ასევე განვიხილეთ მიმდინარე სიტუაცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, საქართველოს ორ ტერიტორიაზე, რომელიც რუსეთის მიერ არაკანონიერადაა ოკუპირებული 2008 წლის შემდეგ.

    რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საკუთარი ღობეების გადაწევას საქართველოში და ყოველ ჯერზე მიწის პატარა ნაკვეთის ანექსიას ახდენს. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ გარდაქმნას, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ პოზიტიური ნაბიჯების დანახვა. ჩვენ საქართველოს არ ვთხოვთ იყოს უნაკლო, მაგრამ მთავრობამ უნდა დაგვანახოს, რომ დემოკრატიისკენ სვლას სერიოზულად უდგება,“ – ნათქვამია შეხვედრის შემაჯამებელ განცხადებაში.

    პრესრელიზში, შეხვედრას აფასებს სენატორი ჯინ შაჰინიც. მისი თქმით, ის საქართველოსგან მოელის, რომ დაპირებულ საარჩევნო რეფორმას განახორციელებს.

    “დემოკრატია გრძელვადიანი ძალისხმევაა და საქართველო განსაკუთრებით, რუსეთის მხრიდან წამოსული უდიდესი გამოწვევების წინაშეა. მე გავაგრძელებ მოწოდებას პრემიერ-მინისტრ გახარიას დასაქართველოს მთავრობის მიმართ, შეასრულონ საკუთარი პირობები დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, სასამართლოს დამოუკიდებლობის პატივსაცემად”, – ამბობს შაჰინი.

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს ვაშინგტონში 6 თებერვალს დაასრულებს. ამერიკის დედაქალაქში მას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც შემოუერთდება. ისინი შეხვედრებს კონგრესის გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან გამართავენ.

  • პარლამენტის ღობეზე აქტივისტებმა კრემლის ბანერი გააკრეს

    მოძრაობა “შეცვალეს” წევრებმა პარლამენტის შენობასთან არსებულ ღობეზე კრემლის ბანერი გააკრეს. 

    ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოსთან დილიდან შეიკრიბნენ. ისინი სირცხვილის კორიდორს მოუწყობენ უმრავლესობის დეპუტატებს.

    შეგახსენებთ, რომ  პარლამენტის საგაზაფხულო სესია გუშინ განახლდა.

    აქცია პარლამენტის წინ გუშინ უნდა გამართულიყო, თუმცა ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო ოპოზიციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ  სირცხვილის კორიდორისა და პიკეტირების მოწყობა დღეისთვის გადაედოთ.

  • სახალხო დამცველი ბაღდათში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    სახალხო დამცველი ბაღდათის მუნიციპალიტეტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    “სამწუხაროდ, წლების განმავლობაში გადაუჭრელ პრობლემად რჩება ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე, რაც რიგ შემთხვევაში არასრულწლოვნების ჯანმრთელობას თუ სიცოცხლეს განსაკუთრებული რისკის ქვეშ აყენებს. ბავშვთა დაცვისა და სოციალური სისტემა ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვნების დაცვას უკიდურესი სიღარიბისგან. ის პროგრამები, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს სიღარიბეში მცხოვრებ ოჯახებს, არ არის ორიენტირებული შედეგზე, მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე და დროულ პრევენციაზე, შესაბამისად, ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ხშირ შემთხვევაში, წლების განმავლობაში არ იცვლება. ამჟამინდელი სოციალური პოლიტიკის პირობებში, სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვიან ოჯახებში პრობლემურია არასრულწლოვნების თუნდაც ელემენტარული საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებაც კი.

    განსაკუთრებულ გამოწვევად რჩება სათანადო საცხოვრებლით დაკმაყოფილება. მუნიციპალურ დონეზე არ არსებობს ეფექტური, შედეგზე ორიენტირებული და მხარდამჭერი პროგრამები, რაც უკიდურესად მძიმე და საფრთხის შემცველ ინფრასტრუქტურულ პირობებში მცხოვრებ ბავშვიან ოჯახებს უსაფრთხო, სტაბილური საცხოვრებლით უზრუნველყოფის საშუალებას მისცემს.

    ბავშვთა სიღარიბის კუთხით არსებულ გამოწვევებზე მიუთითებს გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევაც, რომლის თანახმადაც, საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ბავშვების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ყოველი მეხუთე ბავშვი ისეთ შინამეურნეობაში ცხოვრობს, რომლის წევრთა მინიმალური მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული არ არის.

    სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, დროულად განახორციელონ ქვეყანაში არსებული სოციალური დაცვისა და ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმა, რათა მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული არსებული გამოწვევები, რისკები, საჭიროებები და უზრუნველყოფილი იყოს სიღარიბეში მცხოვრები ოჯახების ეფექტური, სტაბილური და შედეგზე ორიენტირებული დაცვა. ამ მიზნით, მნიშვნელოვანია შეფასდეს სიღარიბეში მცხოვრები ოჯახების ძირითადი საჭიროებები, გადაიხედოს სოციალური პროგრამების ეფექტურობა და მათი შესაბამისობა არსებულ საჭიროებებთან. აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა გაიზარდოს ადამიანური და ფინანსური რესურსები როგორც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე, თვითმმართველობების დონეზე. ამასთან, მოცემულ პროცესში აქტიურად უნდა იქნას გათვალისწინებული როგორც სახელმწიფო უწყებების, ასევე სამოქალაქო სექტორის ჩართულობა და გამოცდილება.
    სახალხო დამცელი აღნიშნულ პრობლემაზე მრავალი წელია საუბრობს საპარლამენტო თუ სპეციალურ ანგარიშებში. დღეს ნინო ლომჯარია კიდევ ერთხელ მიმართავს საქართველოს პარლამენტს, გააძლიეროს სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებაზე ზედამხედველობა” – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.