Category: არქივი

  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 6 თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8577 ლარი ეღირება, ევრო – 3.1498 ლარი, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.7327 ლარი.

    5 თებერვალს დადგენილი ოფიციალური კურსით, დღეს ერთი ამერიკული დოლარი 2.8603 ლარი ღირდა, ევრო – 3.1618 ლარი, ფუნტი – 3.7201 ლარი.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 6 თებერვალს შევა ძალაში.

  • 5 თებერვალს საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება

    საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით საქართველოში 5 თებერვალს, უკვე მეხუთედ, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელში მონაწილეობასაც ქართველი ავტორები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და სხვადასხვა ორგანიზაციები მიიღებენ. წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს.
    საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიზანია, საქართველო კიდევ ერთხელ შეუერთდეს ამ საერთაშორისო ინიციატივას და გახდეს მსოფლიოს მასშტაბური ღონისძიების ნაწილი. ღონისძიება მთელი საქართველოს მასშტაბით 60-ზე მეტ ლიტერატურულ აქტივობას გააერთიანებს. მთელი დღის მანძილზე თანამედროვე ქართველი ავტორები ესტუმრებიან სკოლებს, უნივერსტეტებს, ბიბლიოთეკებსა და სხვადასხვა დაწესებულებებს, სადაც ლიტერატურულ ნაწარმოებებს საჯაროდ წაიკითხავენ. ამ დღის ფარგლებში თითოეულ მოქალაქეს შეუძლია გადაიღოს ფოტო/ვიდეო და შეუერთდეს ღონისძიებას სოციალური ქსელის საშუალებით. წელს პირველად წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს შემოუერთდებიან თბილისის ბავშვთა სახლები და არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების დაწესებულება, სადაც დაგეგმილია ცნობილი ქართველი მწერლების სტუმრობები.
    ღონისძიება ოფიციალურად ვაკის მედიათეკაში გაიხსნა და მიხეილ ჯავახიშვილის დაბადებიდან 140 წლის იუბილეს მიეძღვნა. მწერლის შემოქმედებაზე ისაუბრეს როსტომ ჩხეიძემ, ზვიად კვარაცხელიამ, ნათია ფურცელაძემ და გიორგი ლობჟანიძემ.
    წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მწერალთა სახლში დასკვნითი ღონისძიებით შეჯამდება, სადაც მკითხველს ლევან ბერძენიშვილთან, ანა კორძაიასამადაშვილითან და დათო გორგილაძესთან შეხვედრის საშუალება მიეცემა. წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის დასკვნით ღონისძიებაზე უკვე მეხუთედ გამოვლინდება და დაჯილდოვდება „წლის წიგნის ქომაგი“.
    წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის პარტნიორია „Litworld“. ღონისძიების მეგობარია თიბისი.

  • “ფსიქიკურად იყო დაავადებული”- მარტყოფში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

    საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მარტყოფში, ღვთაების მონასტერში უსახლკაროები და სხვადასხვა პრობლემების მქონე ადამიანები ჰყავთ შეფარებული.

    მისივე თქმით, მკვლელობაც სწორედ მათშორის მოხდა.

    „როგორც ეპარქიიდან შეგვატყობინეს მარტყოფის ღვთაების მონასტერში მოხდა მკვლელობა. მონასტერს შეფარებული ჰყავს უსახლკაროები და სხვადასხვა სოციალური თუ სამედიცინო პრობლემების მქონე ადამიანები. როგორც აგვიხსნეს, ერთ-ერთმა ფსიქიურად დაავადებულმა, მონასტერს შეფარებულმა ადამიანმა მოკლა მეორე და გაიქცა მონასტრიდან,“ – აცხადებს ჯაღმაიძე.

    შეგახსენებთ, რომ მკვლელობა წუხელ ღამე მოხდა. მოკლულია ერთი ახალგაზრდა მამაკაცი. მას ჭრილობა ყელის არეში ჰქონდა მიყენებული.

  • მარტყოფის მონასტერში ახალგაზრდა მამაკაცს ყელი გამოჭრეს

    გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის ტერიტორიაზე მდებარე ღვთაების მონასტერში მკვლელობა მოხდა.

    როგორც ცნობილია მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი. გავრცელებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში მიაყენეს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

  • “აშშ–მ საქართველოს ჩრდილოვანი ბოსი ჩრდილიდან უნდა გამოიყვანოს “– ბლუმბერგის სტატია ივანიშვილის წინააღმდეგ

    გავლენიანი გამოცემა ბლუმბერგი მისი კოლომნისტის, ელი ლეიქის სტატიას აქვეყნებს, რომელიც ნაციონალური უსაფრთხოების და საგარეო საკითხებზე წერს. სტატიაში საუბარია ივანიშვილის ავტორიტარიზმისკენ სვლაზე და იმ ქმედებებზე, რაც ავტორის აზრით ამერიკამ უნდა გააკეთოს საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის გამო.

    აშშ–მ საქართველოს ჩრდილოვანი ბოსი ჩრდილიდან უნდა გამოიყვანოს – ასეთია სტატიის სათაური.

    გთავაზობთ სტატიას სრულად:

    იდეალურ სამყაროში აშშ–ს პრეზიდენტს რამდენიმე წუთი დაჭირდებოდა, რომ მისი სერიოზული შეშფოთება გამოეხატა ავტორიტარიზმისკენ დაჩქარებული სვლის გამო საქართველოს რესპუბლიკაში, რომელიც მანამდე დასავლეთის სანდო მოკავშირე იყო.

    რა თქმა უნდა, სამყარო და აშშ–ს პრეზიდენტი იდეალურები არ არიან. ამიტომაც, ამ მომენტში ეს მნიშვნელოვანი ამოცანა კონგრესს გადაეცა. ბოლო ორი თვის მანძილზე საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ სამი წერილი მიიღო ამერიკელი კანონმდებლებისგან, რომლებშიც გამოხატულია შეშფოთება მისი პოლიტიკური ოპონენტების დევნისა და საარჩევნო რეფორმაზე უარის თქმის გამო. ცნობებმა იმის შესახებ, რომ გახარიას განზრახული აქვს საქართველოს უზენაესი სასამართლო შეავსოს მოსამართლეებით, რომლებიც მისი პარტიის სასარგებლო გადაწყვეტილებებს მიიღებენ, ასევე მიიქცია ამ კანონმდებლების ყურადღება. მათ დეკემბერში ქართული ოპოზიციის ლიდერების დელეგაცია ესტუმრა, რომელმაც მოუწოდა აშშ–ს ენერგიულად გააპროტესტოს მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები.

    ბოლო, და ყველაზე მნიშვნელოვანი წერილი სენატორებს – ჯეიმს რიშს და ჯინა შაჰინს ეკუთნოდა, რომელთაგან ერთი რესპუბლიკელების წევრი და სენატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეა, მეორე კი კომიტეტის წევრი. გასულ კვირას ისინი წერდნენ, რომ “ოპოზიციის ლიდერების პოლიტიკური დევნა საქართველოში დემოკრატიის უკან დახევის კიდევ ერთი მტკიცებულებაა“. დევნას რამდენიმე ფორმა აქვს. ოპოზიციის ზოგიერთი წევრის მიმართ ქართული ოცნების ერთგული “ტიტუშკების“ მხრიდან ძალადობა განხორციელდა, რაც სტანდარტული ამბავია ფსევდო რესპუბლიკებში და პოლიციურ სახელმწიფოებში. გარდა ამისა, ზოგიერთმა მოსამართლემ განაახლა მრავალი წლის წინანდელი საქმეები ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ, როგორიც არის მაგალითად ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, გიგა ბოკერია.

    ეს არის რეალური საფრთხე იმისთვის, რაც ქართული დემოკრატიისგან დარჩა. თუმცა მთავარი პრობლემა საქართველოსთვის ამჟამად ის არის, რომ მისი ყველაზე მდიდარი მოქალაქე, ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ფაქტობრივი მმართველია. მან დააარსა მმართველი პარტია “ქართული ოცნება“ და ხელმძღვანელობს მას. გახარია კი მის სურვილებს ემსახურება.

    პრემიერ მინისტრობამდე გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, რომელმაც უბრძანა უსაფრთხოების ძალებს ძალადობრივად დაეშალათ ქართველები, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტის სიმბოლურ შეურაცხყოფას აპროტესტებდნენ: მმართველმა პარტიამ რუსეთის დუმის წევრები საპარლამენტო დიალოგისთვის საქართველოში მიიწვია. 2008 წლიდან რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რაც ქართველებისთვის მტკივნეული თემაა. პროტესტის შემდეგ მმართველი პარტია დათანხმდა რეფორმების სერიის გატარებას, თუმცა სექტემბერში გახარიას დანიშვნით დაპირებებზე უარი ითქვა.

    გახარიას დანიშვნა დღევანდელი კრიზისის მნიშვნელოვანი სიმბოლოა. ქართული პოლიტიკური კლასის დიდი ნაწილისგან განსხვავებით ის ქვეყანაში ბოლო დრომდე პრაქტიკულად არ იმყოფებოდა. მან რუსული მოქალაქეობა მხოლოდ 2013 წელს დათმო, პრაქტიკულად ორი ათწლეულის შემდეგ იქიდან, რაც საქართველომ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა.

    ამ ფაქტორების ფონზე კონგრესი და ტრამპის ადმინისტრაცია უფრო ეფექტურები იქნებოდნენ, საკუთარი შეშფოთება უშუალოდ ივანიშვილისთვის რომ გაეზიარებინათ. კონგრესის ერთ–ერთმა თანამშრომელმა, რომელიც საქართველოს პოლიტიკის საკითხებზე მუშაობს მითხრა, რომ კონგრესის წევრები როგორც წესი არ აწარმოებენ ოფიციალურ მიმოწერას კერძო პირებთან.

    როგორც წესი, ეს გონივრული პრაქტიკაა, თუმცა საქართველოს შემთხვევაში ეს ამყარებს ილუზიას იმის შესახებ, რომ გახარია რეალურად აკონტროლებს სიტუაციას ივანიშვილისგან დამოუკიდებლად. დღეს ივანიშვილს ხელფეხი გახსნილი აქვს, მას შეუძლია კულისებიდან მართოს, ისე რომ თავი აარიდოს ანგარიშვალდებულებას ქართველი ამომრჩევლისა და დასავლელი მოკავშირეების წინაშე.

    როგორც გასულ წელს ვწერდი, აშშ–მ უნდა განიხილოს საკითხი იმის შესახებ, რომ წინ წამოიწიოს პერსპექტივა, უფრო მკაცრ კონტროლზე აიყვანოს ივანიშვილის 5 მილიარდიანი ქონება, რომლის ნაწილი ამერიკაშია ინვესტირებული, თუ მისი პარტია ავტორიტარიზმისკენ სვლას განაგრძობს. თუნდაც ეს ნაბიჯი ამ მომენტში ძალიან შორული ჩანდეს, უკვე დადგა დრო საქართველოს რეალური ძალაუფლების მფლობელს დაეკისროს პასუხისმგებლობა მისი მსახურების ქმედებებზე.

  • “ჯერ მადლობას ვერ გადაგიხდით, მაგრამ თუ დაწერთ განცხადებას და გადადგებით – გადაგიხდით “- გედევან ფოფხაძე ჯანდაცვის მინისტრს

    ვფიქრობდი მადლობა რისთვის გადამეხადა თქვენთვის, ჯერ ალბათ ვერაფრისთვის ვერ გადაგიხდით, მაგრამ თუ დაწერთ განცხადებას და გადადგებით დაკავებული თანამდებობიდან, მე მადლობას გადაგიხდით, – ასე მიმართა ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრმა გედევან ფოფხაძემ ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს, რომელიც პარლემენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში მოხსენებით წარსდგა.

    ფოფხაძემ მინისტრის გამოსვლა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის რეალობისგან შორს იყო.

    „ვერ გავიზიარებ ჩემი იმ კოლეგების პათოსს და განწყობებს, რომლებიც პოზიტიურ ტალღაზე იყო გაჟღერებული, ნამდვილად არ ვეთანხმები. მიმაჩნია, რომ თქვენი მოხსენება ძალიან შორს იყო რეალობისგან და დიდი იმედი მაქვს, რომ კითხვების ნაწილში მაინც ცოტა დაუბრუნდებით რეალობას, რა ხდება ქვეყანაში, რა გაჭირვებაა მოსახლეობაში, ჯანდაცვის სფეროში, რა კატასტროფული მდგომარეობაა დასაქმების სფეროში და ერთხელ და სამუდამოდ, შევთანხმდეთ იმაზე, რომ ვიდეოკამერები კი არ უნდა ვუყიდოთ სოციალურ მუშაკებს, არამდე რეალურად უნდა ვიზრუნოთ, რომ ამდენი გაჭირვებული ადამიანი არ გვყავდეს და პოლიტიკა ამ თვალსაზრისით თქვენს მოხსენებაში შემოთავაზებული არ იყო.

    რუსთაველზე ვცხოვრობ და ვიდრე პარლამენტამდე მოვედი 10 ადამიანი შემხვდა ხელგამოწვდილი, რომელიც მოწყალებას ითხოვდა და ყველასთვის ფული არ მეყო“, -აღნიშა ფოფხაძემ.

  • “პლანეტაზე მშვიდობა და უსაფრთხოება დამოკიდებულია რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობებზე”- ვლადიმერ პუტინი

    მშვიდობა და უსაფრთხოება პლანეტაზე დიდწილად დამოკიდებულია რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობებზე, მათ სტაბილურობასა და პროგნოზირებადობაზე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიალზე განაცხადა.

    მისივე თქმით, ორი ქვეყნის თანამშრომლობის კონსტრუქციულ რეჟიმში დაბრუნება არა მხოლოდ აშშ-ს და რუსეთის, არამედ მთელი მსოფლიოს ინტერესებშია.

    „ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ურთიერთობები უნდა ეფუძნებოდეს თანასწორობის პრინციპებს, სუვერენიტეტის პატივისცემას და ერთმანეთის საშინაო საქმეებში არჩარევას“,-განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

  • სტამბოლის აეროპორტში არჩილ თალაკვაძე შემთხვევით მსოფლიო პატრიარქს შეხვდა

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მსოფლიო პატრიარქს, ბართლომეოსს შეხვდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და შეხვედრის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს. 

    „სტამბოლის აეროპორტში, ჩემთვის მოულოდნელად, მსოფლიო პატრიარქს ბართლომეოსს შევხვდი. თბილად მიგვიღო, დაგვლოცა და წარმატებები უსურვა საქართველოს.“- წერს არჩილ თალაკვაძე.

  • ”არ ვიცოდი, უგულავა გვიან თუ გაიღვიძებდა, თორემ უმრავლესობის სხდომას 11 საათზე დავნიშნავდი” – მდინარაძე

    მამუკა მდინარაძე უმრავლესობის დღევანდელი სხდომის 10:00 საათზე გამართვის მიზეზს განმარტავს.

    „საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა 10:00 საათზე დავნიშნე, პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ. არ ვიცოდი, თუ უგულავა გვიან გაიღვიძებდა, თორემ დავნიშნავდი 11:00 საათზე. ალბათ, ამაზე სერიოზული საუბარი არ შეიძლება. უმრავლესობის სხდომა ხშირად იმართება და 10:00 საათზე იმიტომ უნდა დაწყებულიყო, რომ დღეს პლენარულ სხდომამდე მოგვესწრო იმ თემებზე საუბრები, რომელიც გავიარეთ. საუბარია რეგიონულ გამოწვევებზე, მაჟორიტარებს დავალებები მივეცით, კონკრეტული თემები მოიტანონ, რა არის გაკეთებული და რა მიმდინარე პროექტებია. ასევე, თხოვნა გადაეცა კომიტეტის თავმჯდომარეებს, ჩამოწერონ და მოიტანონ სესიაზე, რა უნდა მოვასწროთ, რა არის პრიორიტეტული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.