Category: არქივი

  • მიჩნდება კითხვა, აღელვებს თუ არა ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის პროევროპული გზა- ევროპარლამენტარი

    ხელისუფლებას გიგი უგულავას დაპატიმრების გამო კიდევ ერთი ევროპარლამენტარი აკრიტიკებს. რასა იუკნიავიჩინეს თქმით, უჩნდება კითხვა, აღელვებს თუ არა ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის პროევროპული გზა.

    ევროპარლამენტარის განცხადებით, სასამართლოს ოპოზიციის წინააღმდეგ გამოყენება საქართველოს იმიჯს დააზიანებს.

    ,,არსებობს შეშფოთება, იმედგაცრუება. მე პირადად მიჩნდება კითხვა, აღელვებს თუ არა ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის პროევროპული გზა და არის თუ არა მისთვის მნიშვნელოვანი ევროპული ღირებულებები. მისი ბოლო ნაბიჯი პროვოკაციული იყო. რა თქმა უნდა, ყველა ფაქტს დეტალურად შევისწავლით, მაგრამ როგორც ჩანს, სასამართლოს იყენებენ ოპოზიციის წინააღმდეგ. ამას არაფერი აქვს საერთო არც დემოკრატიასთან და არც კანონის უზენაესობასთან. დიახ, ვშიშობ რომ ამგვარი პროვოკაციული ნაბიჯები დააზიანებს საქართველოს იმიჯს. ჩვენ ნაწყენი ვართ. როგორც საქართველოს მეგობრები კარგ ამბებს ველოდით. ცუდი ამბები მხოლოდ თქვენს დიდ მეზობელს ახარებს”- აცხადებს ევროპარლამენტარი რასა იუკნიავიჩინე.

  • სასამართლომ მარიანა ჩოლოიანი პატიმრობაში დატოვა

    15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ მარიანა ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დარჩა.

    აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ გამოაცხადა.

    დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე ბრალდებულ მარიანა ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე კი აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა.

    ბრალდებული დღევანდელ სასამართლო პროცესს არ დასწრებია. როგორც მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, ჩოლოიანი შეუძლოდ არის და ის მედიკოსების მეთვალყურეობას საჭიროებს.

    ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა,17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

    სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ლუკა სირაძის საქმეზე, პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის მხრიდან ადმინისტრაციული გადაცდომა გამოკვეთა. უწყებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა პოლიციის მუშაკებისთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის მიზნით.

  • ფარული ჩანაწერი – როგორ სძალავდნენ 8000 ევროს „კანონიერი ქურდის“ სახელით

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაასაჯაროვა ფარული სატელეფონო საუბარი, სადაც ისმის, თუ როგორ სძალავენ მოქალაქეს 8000 ევროს „კანონიერი ქურდის“ ჯონი ფურცხვანიძის, იგივე „ბურდღუნიჩის“ სახელით.

    მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე შსს-მ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე სპეცოპერაცია ჩაატარა, რის შედეგადაც ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულია 6 პირი – ერთი ქალი და ხუთი მამაკაცი. 

    {{VIDEO}}

    შსს-მ „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით 6 პირი დააკავა

  • ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

    საქართველოს გზებზე, უამინდობის გამო შეზღუდვები კვლავ ძალაშია.

    საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ36-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

    გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

  • სალომე ფაჟავამ მოსკოვის გრანპრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

    ქართველმა მხატვრულმა ტანმოვარჯიშემ მოსკოვის გრანპრიზე, გურზებით ასპარეზობაში 21 ქულა დააგროვა და მესამე შედეგი აჩვენა, რითიც ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიისთვის ბრძოლაში კიდევ უფრო დაწინაურდა.

    დისციპლინაში ფაჟავამ ბრინჯაოს მედალი კარიერაში მეხუთე გრანპრიზე მოიგო. საქართველოს ნაკრების ტანმოვარჯიშე ოლიმპიურ თამაშებამდე ევროპის ჩემპიონატსა და მსოფლიოს თასზე გამოვა, სადაც ლიცენზიისთვის იბრძოლებს.

  • ერთადერთი კითხვა ისმება დროსთან დაკავშირებით, ხომ არ უკავშირდება ეს არჩევნებს- კობახიძე უგულავას დაპატიმრებაზე

    ,,ქართული ოცნების” ლიდერის, ირაკლი კობახიძის თქმით, გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით საქართველოს შიგნით და მის გარეთ არა საქმის შინაარსზე, არამედ დროსთან დაკავშირებით ისმება კითხვები.

    ,,ერთადერთი კითხვა ისმება დროსთან დაკავშირებით, ხომ არ უკავშირდება ეს არჩევნებს და აქედან გამომდინარე, ხომ არ არის პოლიტიკურად აქტუალური. საქართველოში პრაქტიკულად ყოველი წელი საარჩევნოა და ასეთ შემთხვევაში საერთოდ ვეღარ უნდა ჩატარდეს ვერანაირი გამოძიება”, – ამბობს კობახიძე.

    გიგი უგულავას დამატებით 3 წლითა და 2 თვით პატიმრობა უზენაესმა სასამართლომ შეუფარდა. ამ ფაქტს მწვავე კრიტიკა მოჰყვა როგორც ოპოზიციის, ისე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.

  • სალომე ზურაბიშვილი ელჩებთან განიხილავს, როგორ ჩაერთოს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის განახლებაში

    სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქგვერდზე სერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატების განცხადებებს ეხმიანება.

    განცხადებაში ნათქვამია, რომ ზურაბიშვილი დიალოგის შუამავალ ელჩებთან განიხილავს, როგორ ჩაერთოს ოპოზიციასა და ,,ქართულ ოცნებას” შორის მოლაპარაკების პროცესის განახლებაში.

    ,,საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატების განცხადებებს პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დიალოგის გაგრძელების თაობაზე და
    დაუკავშირდება დიალოგის ფასილიტატორ ელჩებს, რათა მათთან ერთად განიხილოს, რა შეიძლება იყოს პრეზიდენტის ჩართულობა ამ დიალოგის განახლებისათვის”,- წერს საქართველოს პრეზიდენტი.

  • გარემოებები ამ ვერდიქტის გარშემო ხელს არ უწყობს პოლიტიკური დიალოგის წინსვლას- ევროკავშირი უგულავას დაპატიმრებაზე

    გიგი უგულავას დაპატიმრებასთან დაკავშირებით ევროკავშირი განცხადებას ავრცელებს.

    განცხადებაში ვკითხულობთ, რომ უგულავას ვერდიქტის გარეშემო არსებული გარემოებები ხელს არ უწყობს პოლიტიკური დიალოგის წინსვლას, რაც მიზნად ისახავს პოლიტიკური სიტუაციის საჭირო დეპოლარიზაციას საქართველოში.

    ,,ევროკავშირი ამჟამად ახლოდან სწავლობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ოპოზიციის ლიდერის, გიგი უგულავას წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს.

    გარემოებები ამ ვერდიქტის გარშემო ხელს არ უწყობს პოლიტიკური დიალოგის წინსვლას, რაც მიზნად ისახავს პოლიტიკური სიტუაციის საჭირო დეპოლარიზაციას საქართველოში.

    სასამართლო დამოუკიდებლობის უმაღლესი სტანდარტების დაცვა, სამართლიანი პროცესი და კანონის უზენაესობა საქართველოს არსებითი ვალდებულებებია ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით.

    ევროკავშირი გააგრძელებს მაღალი მნიშვნელობის სხვა საქმეების მონიტორინგსაც”,- აცხადებს ევროკავშირის წარმომადგენლობა.

  • მოვუწოდებთ ოპოზიციას, დაბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდაზე- მამუკა მდინარაძე

    ,,ქართული ოცნების” წევრი ოპოზიციას მოლაპარაკების მაგიდაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

    მისი განცხადებით, ოპოზიციამ გიგი უგულავას დაპატიმრება საბაბად გამოიყენა, რათა აეყირავებინა მოლაპარაკების მაგიდა.

    ,,ოპოზიციის მხრიდან დიალოგის ნაყოფიერად დასრულებისკენ გადმოდგმული ნაბიჯი ჩვენ არ გვინახავს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ხელისუფლებამ კომპრომისული მოდელი დადო მაგიდაზე, ხოლო ოპოზიციას ასეთი არ გაუკეთებია და გუშინ საბაბად გამოიყენეს გიგი უგულავას პატიმრობა 48 მილიონის გაფლანგვაზე, რათა აეყირავებინათ მოლაპარაკების მაგიდა. ჩვენ დღეს მოვუწოდებთ მათ, დაბრუნდნენ მოლაპარაკები მაგიდაზე, რადგან აქ არ შეეხება ერთ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს ჩვენი დიალოგი, აქ ეხება ქვეყნის ბედს”,- აცხადებს მდინარაზე.

    მისი თქმით, ოპოზიცია ემზადებოდა გიგი უგულავას დაპატიმრების შემთხვევაში ილუზიის შექმნისთვის, რომ თითქოს კომპრომისი შესთავაზეს მთავრობას. ,,დაიწყეს საუბარი 135/15 და 130/20 მოდელზე, რამაც სიცილის ხასიათზე დააყენა ყველა”,-ამბობს ,,ქართული ოცნების” ლიდერი.

    შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ ხელისუფლებასთან დიალოგი შეწყვიტა და მასშტაბური აქციისთვის დაიწყო მზადება, რომელიც 4 აპრილს გაიმართება.

  • სახალხო დამცველი იაროსლავ სუმბაევის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    სახალხო დამცველი იაროსლავ სუმბაევის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მიიჩნევს, რომ ქართულმა მხარემ რუსეთის ფედერაციის შუამდგომლობაზე იაროსლავ სუმბაევისთვის დამატებითი ბრალის წარდგენის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს. ამის შესახებსახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი.

    „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2019 წლის ოქტომბერში ქართულმა მხარემ დააკმაყოფილა რუსეთის ფედერაციის შუამდგომლობა იაროსლავ სუმბაევის ექსტრადიციის თაობაზე.

    საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ინტენსიურად აკვირდებოდა მოცემულ საქმეს და მრავალჯერადი კომუნიკაცია ჰქონდა საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან იაროსლავ სუმბაევის ექსტრადიციამდე.

    საქართველოს პროკურატურიდან მიღებული ინფორმაციით, იაროსლავ სუმბაევს ბრალი არ ჰქონდა წარდგენილი იმ დანაშაულისთვის, რომლისთვისაც სასჯელის სახედ სიკვდილით დასჯაა დადგენილი. ამასთან, ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის თანახმად, იგი ვერ გასამართლდებოდა წარსულში ჩადენილი სხვა დანაშაულისთვის, რომლისთვისაც ექსტრადირება არ მოთხოვნილა. კონვენციის მიხედვით, გამონაკლისია ისეთი შემთხვევა, როდესაც გადამცემი მხარე (ამ შემთხვევაში – საქართველო) გასცემს თანხმობას. ამასთან, იმ დანაშაულისთვის, რომელზეც თანხმობა გაიცემა, ექსტრადიციის შესახებ კონვენციის შესაბამისად, შესაძლებელი უნდა იყოს ექსტრადიციის განხორციელება. კონვენცია მიუთითებს, რომ ექსტრადიცია შეიძლება არ განხორციელდეს, თუ ექსტრადიციის მომთხოვნ სახელმწიფოში კონკრეტული დანაშაულისთვის სიკვდილით დასჯაა გათვალისწინებული და ეს სახელმწიფო ვერ წარმოადგენს საკმარის გარანტიებს, რომ სასიკვდილო განაჩენი სისრულეში არ იქნება მოყვანილი.

    აქვე აღსანიშნავია, რომ ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებებით, რუსეთის ფედერაციას სიკვდილით დასჯის აღსრულებაზე მორატორიუმი აქვს გამოცხადებული.

    ექსტრადიციის მიუხედავად, სახალხო დამცველის აპარატს არ შეუწყვეტია იაროსლავ სუმბაევის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობა და პროკურატურას სთხოვა გაერკვია ხომ არ იგეგმებოდა რუსეთის ფედერაციაში იაროსლავ სუმბაევისთვის დამატებითი ბრალის წაყენება.

    გენერალური პროკურატურის 2020 წლის 7 თებერვლის წერილით დგინდება, რომ რუსეთის ფედერაციამ დამატებით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და იაროსლავ სუმბაევისთვის ე.შ.-ს მკვლელობის ფაქტზე დამატებითი ბრალდების წარდგენის შუამდგომლობით.

    ამ დროისთვის ქართულ მხარეს რუსეთის ფედერაციის შუამდგომლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია.

    კანონმდებლობის თანახმად, იაროსლავ სუმბაევისთვის დამატებითი ბრალის (მის მიერ წარსულში შესაძლო ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით) წარდგენაზე თანხმობას გასცემს საქართველოს იუსტიციის მინისტრი სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის პოზიციის გათვალისწინებით.

    როგორც ხელისუფლებისთვის, ისე საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (წამების აკრძალვა) მუხლების დარღვევის სიხშირით რუსეთს 2019 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წაგებული საქმეების რაოდენობით პირველი ადგილი ეკავა. მხოლოდ 2019 წელს, სტრასბურგის სასამართლომ ამ ორი უფლების დარღვევისა და მისი არაეფექტიანი გამოძიების 130 შემთხვევა გამოავლინა.

    შესაბამისად, იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ფედერაცია სისტემატიურად არღვევს კონვენციურ ვალდებულებებს, სრულად ვერ გამოირიცხება სიკვდილით დასჯაზე გამოცხადებული მორატორიუმის უგულვებელყოფის საფრთხე.

    სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურასა და საქართველოს იუსტიციის მინისტრს არ მიიღონ დადებითი გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის შუამდგომლობაზე და არ გასცენ თანხმობა იაროსლავ სუმბაევისთვის დამატებითი ბრალის წაყენებაზე ე.შ.-ს მკვლელობის ფაქტზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა არსებითად დაირღვეს იაროსლავ სუმბაევის უფლებები ქართული მხარის ხელშეწყობითა და მონაწილეობით“,-აღნიშნულია განცხადებაში.