Category: არქივი

  • გამოღვიძება არ გვჭირდება, გვღვიძავს, ვმუშაობთ, გვესმის ყველაფერი- ცქიტიშვილი პარტნიორების კრიტიკაზე

    ,,გამოღვიძება არ გვჭირდება, გვღვიძავს, ვმუშაობთ, გვესმის ყველაფერი”,- ასე პასუხობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი პარტნიორების კრიტიკას.

    ,,არ გვჭირდება გამოღვიძება, გვღვიძავს, ვმუშაობთ, გვესმის ყველაფერი და როგორც მმართველი პოლიტიკური პარტია, დაინტერესებულნი ვართ, რომ დემოკრატიის ხარისხი და ნდობა დემოკრატიის ხარისხის მიმართ იყოს ძალიან მაღალი”,- ამბობს ცქიტიშვილი.

    მისი თქმით, ,,ქართული ოცნება” იზიარებს პარტნიორების მოსაზრებას, რომ დიალოგი არის ერთადერთი და უალტერნატივო გზა, რომლითაც დემოკრატია და საარჩევნო კანონმდებლობა უნდა განავითარონ.

    „ძალიან კარგად გვესმის, რომ დიალოგი არის ერთადერთი საშუალება და საქმიანი მიდგომა, მათ შორის პოლიტიკური საკითხებისადმი არის ერთადერთი საშუალება და ერთადერთი გზა, რომლითაც შეგვიძლია განვავითაროთ როგორც ჩვენი დემოკრატია, ასევე საარჩევნო კანონმდებლობა. აქედან გამომდინარე, ბრიფინგი, რომლიც დღეს ჩატარდა „ქართულ ოცნებაში“, იყო რეაქცია ოპოზიციის გადაწყვეტილებაზე, რომ დაეტოვებინა მოლაპარაკებების მაგიდა და რა თქმა უნდა, ჩვენ სრულად ვიზიარებთ ჩვენი პარნტიორების მოსაზრებას, რომ დიალოგი არის ერთადერთი და უალტერნატივო გზა და გვინდა ვიყოთ ამ დიალოგის ინიციატორიც. სალომე ზურაბიშვილიც, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი მოწადინებულია, რომ ხელი შეუწყოს დიალოგს იმ კომპეტენციის და შესაძლებლობის ფარგლებში რაც მას გააჩნია“,- აცხადებს მაია ცქიტიშვილი.

    მამუკა მდინარაძემ დღეს ბრიფინგი გამართა და ოპოზიციას მოუწოდა, დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას. მისი განცხადებით, ოპოზიციამ გიგი უგულავას დაპატიმრება საბაბად გამოიყენა, რათა ,,აეყირავებინა მოლაპარაკების მაგიდა”.

  • ხელისუფლება მიზანმიმართულ შეტევას ახორციელებს კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზიაზე- ეთიკის ქარტია ტელეკომპანია პირველზე

    ჟურალისტური ეთიკის ქარტია ანრი ოხანაშვილის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ რჩებათ შთაბეჭდილება, რომ ხორციელდება ხელისუფლების მიზანმიმართული შეტევა ხელისუფლებისადმი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მატარებელი ტელევიზიის მიმართ.

    ,,ანრი ოხანაშვილმა გადაცემის წამყვანის შესახებ მწვავე შეფასებები გააკეთა, რამდენჯერმე ახსენა მასთან მიმართებით მორალი და ზნეობა და დიანა ტრაპაიძის რჩევაზე, ამ გადაცემის შესახებ ქარტიისთვის მიემართა, განაცხადა: “მორალი და ზნეობა არის უპირველესი ღირებულება, რაც ადამიანს უნდა გააჩნდეს, რა პროფესიაშიც არ უნდა იყო და როდესაც ამ სტანდარტს და ღირებულებას გადაუხვევთ, იქ ჩივილს აზრი აღარ აქვს. რაზე მესაუბრებით დიანა, მორალი და ზნეობა თუკი არ გააჩნია ადამიანს, რომელ ჩივილზეა საუბარი”.

    TV პირველთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ, 10 თებერვალს, განცხადება გაავრცელა კოალიციამ მედია ადვოკატირებისთვის (რომლის წევრი ეთიკის ქარტიაც არის). განცხადებაში შეშფოთება იყო გამოთქმული TV პირველის მესაკუთრის ოჯახის წევრზე შესაძლო სამართლებრივი წნეხის შესახებ.

    ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ხორციელდება ხელისუფლების მიზანმიმართული შეტევა ხელისუფლებისადმი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მატარებელი ტელევიზიის მიმართ. ქარტიის საბჭო გმობს აღნიშნულ ფაქტებს, მოუწოდებს ხელისუფლებას თავი შეიკავოს ჟურნალისტების მიმართ მსგავსი, აგრესიული ფორმით თავდასხმისგან და პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს შეახსენებს, რომ ნებისმიერი შესაძლო ჟურნალისტური შეცდომა უნდა განიხილებოდეს თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში.

    მედიის მიმართ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების განგრძობითობა ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ხელისუფლება ებრძვის კრიტიკულ აზრს და საფრთხეს უქმნის ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის თავისუფლად მუშაობას”,- წერია ეთიკის ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    ანრი ოხანაშვილს უპასუხა ტელეკომპანია პირველის დირექტორმა, ინგა გრიგოლიამაც. ,,თქვენ ვინ დაგნიშნათ ჩვენი სარედაქციო პოლიტიკის მაკონტროლებლად? ვინ დაგნიშნათ ჩვენს უფროსებად?”,- მიმართა გრიგოლიამ ოხანაშვილს.

  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8686 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8686 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8698 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1317 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1330 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0013 ლარი შეადგინა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

  • “თუ მოგეწონებათ სხვასაც მოასმენინეთ”-ირაკლი ჩარკვიანის შვილმა სიმღერა დაწერა (ვიდეო)

    ირაკლი ჩარკვიანის ქალიშვილმა ნანა ჩარკვიანმა ახალი სიმღერა დაწერა.ნამუშევარი მან  სოციალურ ქსელში განათავსა.

    “საღამომშვიდობის. მე სიმღერა დავწერე. მოუსმინეთ და თუ მოგეწონებათ სხვასაც მოასმენინეთ”, – წერს ნანა ჩარკვიანი.

  • მიხეილ კალანდია სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებს

    დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდია სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებს.

    აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება მიხეილ კალანდიამ სასამართლო პროცესზე გააკეთა, სადაც მას ჩვენება უნდა მიეცა.

    როგორც კალანდიამ განმარტა, ის ბრალდებულის უფლებით სარგებლობს და უარს აცხადებს ჩვენებაზე. კალანდიას განცხადებით, მას უკვე აქვს გამოცდილება, როცა გამოძიებას სრულყოფილი ჩვენება მისცა, თუმცა, ეს მის წინააღმდეგ გამოიყენეს.

    კალანდიას თქმით, უზენაესმა სასამართლომ მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სხდომის ოქმი არ გადასცა. ბრალდებულის თქმითვე, მისთვის უცნობია თუ რა მტკიცებულებებს ემყარება ჯანაშიას მიმართ გაფორმებული საპროცესო შეთანხმება.

    „უზენაეს სასმართლოს სხდომის ოქმი და აუდიო ჩანაწერები არ გადმოუციათ. ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას ვიმსჯელოთ, ჩამოვაყალიბოთ ჩვენება და გავცეთ როგორც ბრალდების, ასევე სასამართლოს კითხვებზე პასუხები. ვინაიდან ჩვენთვის უცნობია თუ რა მტკიცებულებებს ემყარება ჯანაშიას მიმართ გაფორმებული საპროცესო შეთანხმება. მე მზად ვიყავი სასამართლოსთვის სრულყოფილი ჩვენება მიმეცა, თუ რა მოხდა 2017 წლის 1-ელ დეკემბერს, მაგრამ ვინაიდან გიორგი ჯანაშიაზე სავარაუდოდ, განხორციელებულია გენერალური პროკურატურის მხრიდან ზეწოლა, შეიძლება პროკურატურამ მისთვის სასურველი საპროცესო შეთანხმება მიიღო გიორგი ჯანაშიასგან.

    ჩემგან მიცემული ჩვენება არ იქნება სათანადოდ შეფასებული, რამეთუ, ის წინააღმდეგობაში მოვა 28 იანვრის საპროცესო შეთანხმებასთან.

    ჩემი ჩვენება ისე იქნება გამოყენებული, როგორც პოლიტიკურ ძალებს სურთ. მითუმეტეს, პრაქტიკაში მაქვს გამოცდილება, როცა სრულად ვითანამშრომლე გამოძიებასთან, მივეცი გულწრფელი ჩვენება, პროკურატურამ ის თავისი ინტერესის სასარგებლოდ ჩემ წინააღმდეგ გამოიყენა. ვსარგებლობ ბრალდებულის უფლებით და უარს ვაცხადებ ჩვენების მიცემაზე”, – განაცხადა კალანდიამ.

  • დიდი ბოდიში, მაგრამ გვარამიას და კვესიტაძის ბავშვები ბავშვები არ არიან?- გრიგოლია ოხანაშვილს პასუხობს

    ,,თქვენ ვინ დაგნიშნათ ჩვენი სარედაქციო პოლიტიკის მაკონტროლებლად? ვინ დაგნიშნათ ჩვენს უფროსებად? ვინ გითხრათ რომ ჩვენ უნდა გვასწავლოთ ჭკუა?”,- ასე პასუხობს ინგა გრიგოლია ანრი ოხანაშვილის განცხადებას, რომ ტვ პირველის წამყვანი თამარ ჩიხლაძე ამორალურია, რადგან მან მასზე თავდამსხმელი გადაცემაში მიიწვია.

    ,,დიდი ბოდიში ანრი ოხანაშვილის ბავშვებთან, რომლებზეც ძალიან ვინერვიულე. ცუდია ის კაცი, რომელიც ბავშვების თვალწინ მამას დაესხმება თავს, ცუდია. მაგრამ ეკა კვესიტაძის ბავშვები ბავშვები არ იყვნენ, ბატონო ქართულო ოცნებავ, როცა პლაკატებით და გინებებით მიხვედით და მისი აივნის ქვეშ გაუმართეთ ფლეშმობი? დიდი ბოდიში, ნიკა გვარამიას პატარა ბავშვები, რომლებზეც ვიდეოთვალთვალი მიდის ბავშვები არ არიან? ვითომ მანქანის თვალთვალის გამო, რომ უღებდით”,- აცხადებს ინგა გრიგოლია.

    მისივე განმარტებით, თამარ ჩიხლაძემ გადაცემაში ოხანაშვილის თავდამსხმელი იმიტომ მიიწვია, რადგან განაცხადა, რომ პოლიციელებმა ის სცემეს.

    ,,სისტემის ძალადობაზე საუბრობდა დაკავების შემდეგ. გესმით თქვენ რა არის ჟურნალისტიკა?”,- მიმართავს გრიგოლია ოხანაშვილს.

    ქართული ოცნების დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა თამარ ჩიხლაძეს უპასუხისმგებლო უწოდა და განაცხადა, რომ მას მორალი და ზნეობა არ აქვს. მისი თქმით, ჩიხლაძემ ისეთი რამ იკადრა, რაც ,,ჟურნალისტიკის ისტორიაში არ მომხდარა”.

    {{VIDEO}}

  • ქუთაისში აბონენტებს ბუნებრივი აირი არ მიეწოდებათ

    ქუთაისში ბუნებრივ აირის მიწოდება აბონენტებს ავარიულად შეუწყდათ.

    „სოკარ გაზ ჯორჯიაში“ განმარტავენ, რომ გაზის სადენების ავარიულმა გამორთვამ მოსახლეობის ნახევარს გაზის მოწოდების პრობლემა შეუქმნა.

    კომპანიაში ვერ აკონკრეტებენ, როდის აღუდგება გაზის მიწოდება მოსახლეობას.

  • სატვირთო მანქანას იტალიიდან საქართველოში 2 ტონაზე მეტი კანაფი მოჰქონდა

    თურქული მედიის ცნობით, სატვირთო მანქანას იტალიიდან საქართველოს მიმართულებიდან 2 ტონზე მეტი კანაფი მოჰქონდა.

    სატვირთოს მძღოლი კანაფს სასუქად ასაღებდა, თუმცა საეჭვო სიმკვრივის დადგენისა და ნარკოტიკებზე დაგეშილი ძაღლების რეაგირების შემდეგ, მანქანა გასაჩხრეკად გადაიყვანეს. გაირკვა, 213 ტომარაში 2 ტონა და 70 კგ კანაფი იყო.

    სატვირთოს მძღოლი დაკავებულია.

    ამოღებული რეკორდული ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერების სავარაუდო საბაზრო ღირებულება 124 მილიონ 220 ათას ლირას შეადგენს.

  • ზურაბიშვილს თუ დიალოგის ხელშეწყობა სურს, შეიწყალოს უგულავა- დავით ბაქრაძე

    ,,ევროპული საქართველოს” ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს მოლაპარაკებების ხელშეწყობა თუ სურს, აქვს ინსტრუმენტი, რომ გიგი უგულავა შეიწყალოს.

    ,,თუ ქალბატონ ზურაბიშვილს სურს დიალოგის ხელშეწყობა, მას ამისთვის გააჩნია კონკრეტული ინსტრუმენტი. ეს არის უსამართლოდ, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული გიგი უგულავას შეწყალება, რითაც ის თავიდან აგვაცილებს იმ უმძიმეს დარტყმას, რომელიც ხელისუფლებამ მიაყენა საქართველოს ინტერესებსაც და დიალოგის პროცესსაც. თუ ის ამას არ აკეთებს და ამისთვის მზად არ არის, მაშინ, თავი დაანებოს პოლიტიკურ კეკლუცობას, ფარისევლობას და მოწოდებებს. ან ჩაერთოს სრულფასოვნად პროცესში როგორც პრეზიდენტი და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები პროცესის ხელშესაწყობად ან დაანებოს თავი კეკლუცობას და ბოლომდე მიხედოს ანტიკვარულ ირანულ მამლებს”,- განაცხადა ბაქრაძემ.

    სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დიალოგის შუამავალ ელჩებთან განიხილავს, როგორ ჩაერთოს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის განახლებაში.

  • უგულავას დაკავება არის მოვლენა, რომელიც ძირს უთხრის ნდობას- ევროპარლამენტარი

    გიგი უგულავას დაკავებას მორიგი ევროპარლამენტარი, სვენ მიქსერი ნდობის ძირგამომთხრელ მოვლენად აფასებს. მისი თქმით, ეს ფაქტი გაართულებს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებს.

    „შემაშფოთებელია, რომ კანონმდებლობის შეცვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჩაიშალა. ვიმედოვნებ, პროცესის აღდგენა შესაძლებელი იქნება და არჩევნები გამჭვირვალედ ჩაივლის, უგულავას დაკავება არის მოვლენა, რომელიც ძირს უთხრის ნდობას. მომხდარი გაართულებს წინსვლას საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებსა და არჩევნებთან დაკავშირებით. მმართველ პარტიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია”, – განაცხადა სვენ მიქსერმა.

    მიქსერი მეხუთე ევროპარლამენტარია, ვინც გიგი უგულავას დაკავების შემდეგ ხელისუფლება გააკრიტიკა.