Category: არქივი

  • სასამართლო არ უნდა იყოს ოპოზიციის წინააღმდეგ იარაღად გამოყენებული- IRI-ის პრეზიდენტი

    საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტი, დენიელ ტვაინინგი გიგი უგულავას დაპატიმრებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სასამართლო ოპოზიციის წინააღმდეგ იარაღად არ შეიძლება იყოს გამოყენებული.

    მისივე თქმით, აშშ-ში , ისევე როგორ საქართველოში, არსებობს შეშფოთება საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო.

    „საქართველოს დემოკრატია ზეწოლის ქვეშაა. დემოკრატიაში, ადმინისტრაციულ და სასამართლო ინსტიტუტებზე სახელმწიფოს კონტროლი, დემოკრატიული პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ იარაღად არ შეიძლება იყოს გამოყენებული. დემოკრატიის არსი მდგომარეობს პარტიებს შორის ჯანსაღ პოლიტიკურ შეჯიბრში და თანაბარ თამაშის წესებში, რომელიც მიუკერძოებელი კანონის უზენაესობით იმართება. ის მდგომარეობს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში იმის უზუნველსაყოფად, რომ ლიდერები რჩებიან ანგარიშვალდებულნი ხალხის წინაშე და არ იყენებენ ძალაუფლებას ბოროტად, მათ შორის პოლიტიკური ოპონენტების, თავისუფალი მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.

    შეერთებულ შტატებში, ისევე როგორ საქართველოში, არსებობს შეშფოთება საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო, რომელიც რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის დიდ მისწრაფებას იყოს დასავლეთის ნაწილი“, – ნათქვამია ტვაინინგის განცხადებაში, რომელსაც ,,ამერიკის ხმა” ავრცელებს.

  • უგულავას დაპატიმრება ნიშანია, რომ მთავრობამ ხელი აიღო დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაზე- ევროპარლამენტართა ჯგუფი

    ევროპარლამენტართა ჯგუფი Renew Europe გიგი უგულავას დაპატიმრებას ეხმიანება. მათი თქმით, უგულავას დაკავება იმის ნიშანია, რომ მთავრობამ ხელი აიღო დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაზე.

    ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემას დემოკრატიული ოპოზიციის გასაჩუმებლად იყენებს.

    ,,საქართველოს მთავრობამ უნდა შეწყვიტოს მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება დემოკრატიული ოპოზიციის გასაჩუმებლად. განახლებული ევროპის პოლიტიკური ჯგუფი ევროპარლამენტში, გმობს გიგი უგულავას მიმართ დამდგარ განაჩენს, რომელსაც 38-თვიანი პატიმრობა იმავე საქმეზე შეეფერდა, რაზეც სასჯელი უკვე მოხდილი აქვს. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ნიშანი იმისა, რომ მთავრობამ ხელი აიღო დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაზე, რადგან სასამართლო არ შეიძლება იყოს გამოყენებული პოლიტიკური ოპონენტების დასადუმებლად”,- აცხადებს პოლიტიკური ჯგუფი.

    ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ხელისუფლების მოქმედებები ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს არღვევს.

    Renew Europe ლიბერალური, ცენტრისტული იდეოლოგიის პოლიტიკური ჯგუფია, რომლის ლიდერი რუმინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დაჩიან ჩოლოშია.

  • სასამართლომ გაამართლა მარნეულის ყოფილი მერი, რომელსაც ბრალი არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ედებოდა

    რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

    აბაზოვს ბრალი ჯგუფურად ჩადენილ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ედებოდა. კერძოდ, ელჩინ ალახვერდიევისთვის ბიძინა ივანიშვილის და მისი გინების გამო საკუთარი შარდის წასმის იძულებისთვის.

    კითხვაზე, მოხდა თუ არა ფაქტის ამსახველი ვიდეოს განხილვა სასამართლოზე, აბაზოვის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი პასუხობს, რომ სასამართლო მსჯელობდა არა იმაზე, ნამდვილად აიძულეს თუ არა მოქალაქეს საკუთარი შარდით სახის დაბანა, არამედ იმაზე, მონაწილეობდა თუ არა ამ ქმედებაში თემურ აბაზოვი.

    ,,აქ საქმე სხვა რამეა. კითხვაზე, ვინ ჩაიდინა ეს ქმედება, ჩვენი პოზიცია გახლავთ ის, რომ თეიმურაზ აბაზოვი და სხვა პირები, რომელთა მიმართაც იქნა ბრალი წარდგენილი, იყვნენ უდანაშაულო. აქედან გამომდინარე, აქ საქმე ეხება არა იმას, ეს ნამდვილად განხორციელდა თუ არა, ვინმემ აიძულა თუ არა და ა.შ. არამედ იმას, რომ თემურ აბაზოვი ამ ქმედებაში არ მონაწილეობდა”,- ამბობს ადვოკატი.

    მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი 2018 წლის 13 ივნისს დააკავეს.

    სტუდია „მონიტორმა“ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა. 

    პროკურატურის ინფორმაციით, ამ ინციდენტში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრი აზერ სულეიმანოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი პარტია ქართული ოცნებიდან რამინ ალახვერდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ნათესავი ე.გ და სხვა პირები.

    2018 წლის 13 დეკემბერს თემურ აბაზოვს აღკვეთის ღონისძიების სახე შეეცვალა და პატიმრობის ნაცვლად 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ის პატიმრობიდან 7 თვის შემდეგ გაათავისუფლეს და ათლეტიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად დანიშნეს.

  • საბურთალოს ხაზზე მეტრო გაჩერებულია

    თბილისში მეტროს საბურთალოს ხაზი გაჩერებულია. როგორც სატრანსპორტო კომპანიაში განმარტავენ, მეტროსადგურ წერეთელზე ძველ საკაბელო სისტემაში ხარვეზი დაფიქსირდა, რის გამოც მეტროს მუშაობა შეფერხდა.

    კომპანიაში ამბობენ, რომ სამუშაოების დასრულებისთანავე მოძრაობა განახლდება.

  • ”ქართული ოცნება დამნაშავეებს ალაგ-ალაგ და გაუგებარ დროს სჯის” – ინაშვილი უგულავას დაკავებაზე

    პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი გიგი უგულავას დაკავებას ეხმაურება და ამბობს, რომ უგულავას დასაკავებლად მმართველმა გუნდმა არასწორი დრო შეარჩია. ინაშვილი მმართველ გუნდს კითხვითაც მიმართავს, თუ ასეთი “სტანდარტული, არართული” საქმის გამოძიებას გამოძიებას 7 წელს ანდომებს, სხვა, გაცილებით რთულ საქმეებს რა ვადებში გამოიძიებს.

    “7 წლის მანძილზე ქართული ოცნება მიზანმიმართულად არ სჯის დამნაშავეებს და როცა ალაგ-ალაგ სჯის, მართლმსაჯულების შედეგი იმდენად გაუგებარ დროს, მოცემულობას და სიტუაციას ემთხვევა, რომ აუხსნელი ხდება, რატომ მაინცდამაინც დღეს და არა 6 თვის წინ ან 3 თვის შემდეგ? ეს აუხსნელობა რომ არა, პოლიტიკურ მოტივაციაზე საუბარი არც და ვერც იქნებოდა”, –  წერს ინაშვილი ფეისბუქზე.

  • ანაკლიის განვითარების კონსორციუმი განცხადებას ავრცელებს

    კონსორციუმის საერთაშორისო ინვესტორებიც დაიწყებენ პროცესს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. კონსორციუმი მზად არის, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი თავისი პოზიციის დასაცავად, მათ შორის, მიმართოს საერთაშორისო არბიტრაჟს ჟენევაში,-ამის შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

    როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა ჯერჯერობით არ შესულა კონსორციუმთან კონსტრუქციულ დიალოგში და არ გადაუდგამს ნაბიჯები, რომ თავიდან იქნას აცილებული არბიტრაჟი, კონსორციუმის საერთაშორისო ინვესტორებიც დაიწყებენ პროცესს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.

    „„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ყოველთვის მოქმედებდა საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად და აგრძელებს იგივეს. კონსორციუმმა 75 მილიონ აშშ დოლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა, რომ რეალობად ექცია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი და ძალიან დიდი სამუშაო გასწია, რომ შეერჩია და დაეპარტნიორებინა პორტის ტერმინალის ოპერატორი, მოემზადებინა საფუძვლები პორტის დიზაინისა და მშენებლობისთვის, შეესრულებინა მნიშვნელოვანი წინასამშენებლო, დაღრმავებითი და სარეკლამაციო სამუშაოები.

    სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ არ გამოიჩინა ნება, რომ კონსორციუმთან და სხვებთან ერთად ემუშავა, რათა გამოსავალი მოეძებნა საერთაშორისო საკრედიტო ორგანიზაციებისა და ინვესტორების მიერ დასმულ საკითხებთან მიმართებაში. სახელმწიფოს ქმედებების შედეგად, კონსორციუმისთვის შეუძლებელი გახდა, დაესრულებინა ძირითად პირობებზე შეთანხმება პოტენციურ ინვესტორებთან, რომელთა მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია ანაკლიის პორტის მშენებლობის გაგრძელებისა და სამომავლო წარმატების საკითხში. საქართველოს მთავრობა კარგად აცნობიერებს პრობლემებს, რაც მან შექმნა, თუმცა კონსორციუმს ადანაშაულებს, თითქოს მან ვერ მოიზიდა ინვესტიციები, და ეს იქნა გამოყენებული საინვესტიციო ხელშეკრულების შესაწყვეტად. კონსორციუმი არ ეთანხმება საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტას. თუმცა, ცხადია, შეწყვეტის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებამ ნეგატიურად იმოქმედა ყველა ჩართულ მხარეზე. სახელმწიფომ გამოიხმო კონსორციუმის მიერ წარდგენილი უზრუნველყოფის საშუალებები. დაღრმავების სამუშაოებთან დაკავშირებულ ჰოლანდიელ კონტრაქტორს ვან ოორდს მოუწია საინვესტიციო ტერიტორიიდან დემობილიზაცია. ეს პრაქტიკულად ნიშნავს, რომ ადგილზე შეუძლებელია სამშენებლო სამუშაოების გაგრძელება და შესაბამისად აღარ არის ცხადი თუ როდის აშენდება და დაიწყებს ოპერირებას ანაკლიის პორტი.

    2020 წლის 23 იანვარს კონსორციუმმა სახელმწიფოს გაუგზავნა დავის შესახებ შეტყობინება, რომლითაც კიდევ ერთხელ სთხოვა შეხვედრა და კეთილსინდისიერ მოლაპარაკებებში შესვლა კონსორციუმთან, რათა დავა მშვიდობიანი გზით მოგვარდეს. მაშინ როდესაც კონსორციუმი კვლავ მზად არის, გამოსავალი ეძებოს შექმნილი სიტუაციიდან, რათა მოხერხდეს პროექტის წარმატებით განხორციელება, და სჯერა, რომ შესაძლებელია დავის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა ჯერჯერობით არ შესულა კონსორციუმთან კონსტრუქციულ დიალოგში და არ გადაუდგამს ნაბიჯები, რომ თავიდან იქნას აცილებული არბიტრაჟი. როგორც ჩანს, კონსორციუმს არ დარჩება სხვა გზა, გარდა იმისა, რომ მიმართოს არბიტრაჟს. კონსორციუმის საერთაშორისო ინვესტორებიც დაიწყებენ პროცესს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. კონსორციუმი მზად არის, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი თავისი პოზიციის დასაცავად, მათ შორის, მიმართოს საერთაშორისო არბიტრაჟს ჟენევაში. მცდარია ყველა სხვა, მათ შორის საქართველოს მთავრობის, საწინააღმდეგო მოსაზრება აღნიშნულთან დაკავშირებით“,-ნათქვამია კონსორციუმის განცხადებაში.

  • ზუგდიდში საბავშვო ბაღი იწვის

    ზუგდიდის სოფელ ერგეტაში საბავშვო ბაღი იწვის. ადგილობრივების ინფორმაციით, აღმზრდელებმა ბავშვების უსაფრთხო ადგილას გაყვანა უვნებლად მოახერხეს და ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ხანძარი სახურავიდან გავრცელდა.

  • ოხანაშვილს უჩვეულო არაფერი გაუკეთებია. შევეჩვიეთ, დიდი ხანია ვეღარ მალავთ ზრახვებს- ვატო წერეთელი

    ტელეკომპანია პირველის მფლობელი ვატო წერეთელი ანრი ოხანაშვილის შეურაცხმყოფელ კომენტარებს გამოეხმაურა.

    მისი თქმით, ოხანაშვილს უჩვეულო არაფერი გაუკეთებია და ამას უკვე შეეჩვია ტელევიზია.

    ,,დღეს უმრავლესობის დეპუტატს,ოხანაშვილს ,დიანას ეთერში უჩვეულო არაფერი გაუკეთებია. ამას უკვე შევეჩვიეთ. დიდი ხანია, ვეღარ მალავთ ზრახვებს:

    • კრიტიკულ შეკითხვას უსვამ – ტენდენციური ხარ

    • მათთვის არასასურველ სტუმარს მოიყვან- ტენდენციური ხარ

    • დებატებში დიდი ხანია, აღარ დადიან

    • რამეს გამოიკვლევ – ტენდენციური ხარ

    • თუ ამ ყველაფერს აკეთებ – უზნეო ყოფილხარ

    • ყველა ტენდენციურია – ოკეანის იქით და ოკეანის აქეთ – კონგრესიდან ზოვრეთის ქუჩამდე.

    • ობიექტურობა სიჩუმე და ქება ყოფილა თურმე.

    ტელევიზიის გადაყლაპვა გინდოდათ, ვერ გადაყლაპეთ და ყელში გაგეჩხირათ. ყველაფერს გავუძელით და ეს ყოველდღიური თავდასხმა შეგვაშინებს?!”,- წერს ვატო წერეთელი.

    დღეს დიანა ტრაპაიძის ეთერში ანრი ოხანაშვილმა თამარ ჩიხლაძეს ამორალური და უზნეო უწოდა. ფაქტი დაგმო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ.

    ანრი ოხანაშვილს უპასუხა ტელეკომპანია პირველის დირექტორმა, ინგა გრიგოლიამაც. ,,თქვენ ვინ დაგნიშნათ ჩვენი სარედაქციო პოლიტიკის მაკონტროლებლად? ვინ დაგნიშნათ ჩვენს უფროსებად?”,- მიმართა გრიგოლიამ ოხანაშვილს.

  • ივანიშვილს არ აღელვებს ქვეყანა და ხალხი უნდა დაფიქრდეს, ვის მისცემს ხმას შემდგომში- ევროპარლამენტარი

    ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი საქართველოში კრიტიკულ და პოლარიზებულ ვითარებაში ივანიშვილს ადანაშაულებს.

    მისი თქმით, ივანიშვილს ქვეყანა არ აღელვებს და ხალხი უნდა დაფიქრდეს, ვის მისცემს ხმას მომავალში.

    „საქართველოში ვითარება კრიტიკული და პოლარიზებულია, რაც გამოწვეულია ბიძინა ივანიშვილის მიერ. გადაწყვეტილებებს სწორედ ის იღებს ისეთს, რომელიც მას აწყობს და არა ქვეყანას – ეს უნდა იცოდეს ხალხმა. გვჭირდება დამოუკიდებელი სასამართლო – ბევრი საქმეა ბუნდოვანი. მესამე საკითხი არის საარჩევნო სისტემა – შეთანხმებას პოლიტიკოსებმა არჩევნებამდე უნდა მიაღწიონ. მთავრობაზეა დამოკიდებული, წარმოადგინოს კომპრომისული გეგმა. ფაქტიურად, ივანიშვილს არ აღელვებს ქვეყანა და ხალხი უნდა დაფიქრდეს, ვის მისცემს ხმას შემდგომში. მიუხედავად იმისა, რომ ასოცირების ხელშეკრულება არსებობს, მცირდება ვაჭრობა – ქართული მხრიდან ინიციატივები არ არსებობს. იმის ნაცვლად, რომ მეტი ქართული პროდუქტი შემოვიდეს, იზრდება ევროპული ტვირთი საქართველოში”, – აცხადებს ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი.

  • “შემდეგ სერიაში მიშა ჩამოდის და გუბაზთან ერთად ზურგზე თაფლწასმული შუშის სასახლესთან დაჯდება”- ირაკლი ოქრუაშვილი

    პოლიტიკური გაერთიანება “გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი ე.წ. “მატროსოვის” ციხიდან მორიგ პოსტს აქვეყნებს.

    “შემდეგ სერიაში მიშა ჩამოდის და გუბაზთან ერთად ზურგზე თაფლწასმული შუშის სასახლესთან დაჯდება :))) ბოლო სერიაში ადვოკატი თადუმაძე იცავს ბრალდებულ ივანიშვილს მოსამართლე მურუსიძის წინაშე. “- წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

    შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წის 19 ნოემბერს ბრალი წაუყენა ბუტა რობაქიძის საქმეზე.

    ოქრუაშვილი 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების გამო დააკავეს და ბრალად წაუყენეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა.