Blog

  • ატყუებთ ხალხს, ვითომ წელი გავიდა და ვერტმფრენები არ შევიძინეთ – პრემიერი მედიას

    “არ მინდოდა ამ საკითხებზე საუბარი დღეს. მე, რა თქმა უნდა, არ გავაკეთებ კომენტარს ხელმოცარულ პოლიტიკოსებზე, ოპოზიციაზე.

    თქვენ, თქვენი ტელევიზია და სხვა ტელევიზიები, მთელი დღის განმავლობაში როცა გვყავს გარდაცვლილი მოქალაქეები,  ტრაგედიაა, როცა ოჯახის წევრები ჯერ კიდევ ვერ პოულობენ ოჯახის წევრებს, ამორალურ ქმედებას ეწევით. ატყუებთ ხალხს და აწვდით ინფორმაციას, რომ მთავრობამ გადაწყვიტა ვერტმფრენების შეძენა, გავიდა ერთი წელი და ვითომ ჩვენ არ შევიძინეთ, ასეთ არასერიოზულ ტყუილებზე მე გთხოვთ, რომ ასეთ დროს შეიკავოთ თავი.

    თქვე სერიოზული პრობლემა გაქვთ ინფორმაციის გაგების, თქვენ 24 საათი ერთადერთ დავალებას ასრულებთ – ხალხის შეცდომაში შეყვანის , დაზაფრვის… ათმაგად ძაბავთ ხალხს”.

    აცხადებს საქართველოს პრემიერმინსიტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

  • ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს – ერთიანობის, ტრაგედიის ერთად გადალახვის დროა – სალომე ზურაბიშვილი

    მინდა მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს და მინდა, იმ ოჯახებთან ერთად ვილოცო, ვინც ჯერ კიდევ ელოდება, რომ დაკარგული ადამიანები აღმოჩნდნენ ცოცხლები. ეს ტრაგედია სრულიად საქართველოსთვის დიდი ტრაგედიაა, რომელსაც ჩვენი ყველა მოქალაქე იზიარებს. ჩვენ ვიცით ტრაგედიის წინაშე გაერთიანება და დღეს სწორედ ესაა მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გავერთიანდეთ იმისთვის, რომ ჩვენი შესაძლებლობებით დავეხმაროთ ამ ადამიანებს, რათა გადალახონ ეს გაუსაძლისი პერიოდი მათი ცხოვრების.

    მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მაშველს, ყველა მოქალაქეს, რომლებმაც ადგილზე ყველაფერი გააკეთეს, რათა გადარჩენილიყვნენ ის ადამიანები, ვინც გადარჩნენ.

    მინდა ვთქვა, რომ ჩემი ადმინისტრაცია და პირადად მე ვუცხადებთ სოლიდარობას ადგილობრივ ხელისუფლებას, ყველა უწყებას, მთავრობას, ვინც იქაა ჩართული.

    დღეს არის ერთიანობის და ამ ტრაგედიის ერთად გადალახვის დროა. ჩემი ადმინისტრაცია და მე ყველაფერში ჩავერთვებით, სადაც ჩვენი აქტიურობა საჭირო იქნება. ჩვენც თვითონაც ვნახავთ მომავალ დღეებში რა კუთხით შეიძლება ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ ტრაგედიის გადალახვაში.

    დიდი მადლობა მაშველებს. მათი როლი არ დასრულებულა და მათი მუშობა ამ პირობებში არის რთული და ვიცით, თუ რამდენად შეუძლიათ მათ ამ ძალიან რთულ პირობებში ყველაფერი გააკეთონ, რათა ადამიანები გადაარჩინონ. მადლობა ყველა პარტნიორ ქვეყანას, რომლებმაც დღეს სოლიდარობა გამოგვიცხადეს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

    მოვისმინე პრემიერისგან, რომ ჯერ არ ვთვლით, რამე დახმარება იყო საჭირო სხვა პარტნიორი ქვეყნებისგანო. მზად ვარ, თუ ჩემი როლი სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან დაკავშირებაში საჭირო გახდა, ამაშიც მონაწილეობა მივიღო. ამ დიდი ტრაგედიის წინაშე ვართ და ვიქნებით ერთად.

    განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.

  • შეუძლებელია სიტყვებით ასახო ის შემზარავი რეალობა, რაც სტიქიამ დაგვატეხა თავს – კალაძე

    ”რაჭაში მომხდარმა სტიქიამ შეძრა საქართველო. შეუძლებელია სიტყვებით ასახო ის შემზარავი რეალობა, რაც სტიქიამ დაგვატეხა თავს.
    მთელი გულით ვუსამძიმრებ შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, მათ ახლობლებს! ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს!
    მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარე სამუშაოებში, ჩვენს გმირ მაშველებთან ერთად, მონაწილეობს.
    ამ მძიმე წუთებში მთელი საქართველო ლოცულობს დაკარგულთა გადასარჩენად.”

    აცხადებს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე.

  • ვუსამძიმრებთ შოვში გარდაცვლილთა ოჯახებს, ვლოცულობთ დაკარგულთა პოვნისათვის – აშშ-ის საელჩო

    “ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებთ შოვში გარდაცვლილთა ოჯახებსა და მეგობრებს და ვლოცულობთ დაკარგულთა დროულად პოვნისათვის. ამ მძიმე წუთებში მაშველების თავდადება და ტრაგედიის პირისპირ ქართველი ხალხის გულწრფელი მხარდაჭერის სურვილით აღსავსე ერთიანობა შთამაგონებელია”

    აშშ-ის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.

  • კრიზისულ ვითარებაში საჭირო ტექნიკის ნაკლებობა კვლავ თვალსაჩინო გახდა – სახალხო დამცველი

    “საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მწუხარებას გამოთქვამს 3 აგვისტოს რაჭაში სტიქიური უბედურების შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამოუსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და მათ ახლობლებს.

    სახალხო დამცველი მადლობას უხდის სამაშველო ოპერაციაში ჩართულ თითოეულ ადამიანს გაწეული ძალისხმევისა და თავდადებისთვის და იმედოვნებსრომ ძალისხმევის შედეგად ყველა ის ადამიანივინც ამ დრომდე დაკარგულიაჯანმრთელი დაუბრუნდება თავის ოჯახს.

    სამწუხაროდმსგავს კრიზისულ ვითარებასთან გასამკლავებლად საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის ნაკლებობა კიდევ ერთხელ გახდა თვალსაჩინორაც პირდაპირ დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვასთან.

    სახალხო დამცველი საკუთარი მანდატის ფარგლებში შეისწავლის მომხდარსა და მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს”,

    საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი შოვში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.

  • ასეთი ტრაგედიები ყველა ქვეყანაში ხდება, არიდებაზე საუბარი არასერიოზულია – ღარიბაშვილი

    მე ერთი რამე მინდა გითხრათ ასეთი კატაკლიზმები, ასეთი ტრაგედიები, სტიქიები ხდება ყველა ქვეყანაში და ყოველგვარი საუბარი იმის თაობაზე, რომ ამისი არიდება შეიძლებოდა, მგონი ძალიან არასერიოზულია და მე ერთი რამ მინდა ყველას გთხოვოთ, რომ ასეთ მძიმე წუთებში ყველანი გავერთიანდეთ, სოლიდარობა გამოვხატოთ და ვილოცოთ ამ ოჯახებისთვის.

    ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რაჭაში, სტიქიის ზონაში ჟურნალისტებთან საუბრისას.

  • შოვში ადგილობრივები სამძებრო სამუშაოებში ჩართვას ითხოვენ

    შოვში სტიქიის ზონაში, ადგილობრივები და დაკარგული ადამიანების ოჯახის წევრები,  სამძებრო სამუშაოებში ჩართვას ითხოვენ. ისინი პოლიციას სთხოვენ სტიქიის ზონაში შეუშვან, თუმცა პოლიცია მათ ამის უფლებას არ აძლევს.

    ადგილზე მაშველები 31 დაკარგულ ადამიანს ეძებენ. ამ დროის მონაცემებით,  რაჭაში მეწყერს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 2 ადამიანის ცხედარი მაშველებმა გუშინ გვიან ღამით იპოვეს, 4 კი დღეს დილით.

    სტიქიის ადგილიდან ევაკუირებულია 210 ადამიანი.

    სამაშველო ოპერაციაში 2 თვითმფრინავი, სპეციალური ტექნიკა და 400-ზე მეტი მაშველი არის ჩართული.

    სამუშაოებში ჩართული არიან კინოლოგებიც.

  • შეშფოთებით ვადევნებთ თვალს რაჭის მოვლენებს, ვწუხვართ გარდაცვლილთა გამო – ილია მეორე

    შეშფოთებით ვადევნებთ თვალს რაჭის მოვლენებს, ვწუხვართ გარდაცვლილთა გამო – ილია მეორე

    მთელი ჩვენი მოსახლეობა და ჩვენც შეშფოთებით ვადევნებთ თვალს რაჭაში გუშინ მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად განვითარებულ მოვლენებს და, ბუნებრივია, პირველ რიგში, დიდად ვწუხვართ გარდაცვლილთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გამო.

    რა თქმა უნდა, მორწმუნენი ლოცვით შეწევნას გუშინდელი დღიდანვე აღავლენენ, მაგრამ ათეულობით ადამიანის მდგომარეობა კვლავ გაურკვეველია. ამიტომაც გთხოვთ ყველას, მათ დასახმარებლად 12-ჯერ ვთქვათ: “მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა” ამინ!

    ასევე, ერთხელ 90-ე და 50-ე ფსალმუნი. ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს საქართველო და ყოველნი მკვიდრნი მას შინა.

    ნათქვამია კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიერ რაჭის სტიქიასთან დაკავშირებით გავრცელებულ მიმართვაში

  • შოვიდან 210 ადამიანია გამოყვანილი, გარდაცვლილია 6 ადამიანი, 35 ადამიანთან დაკავშირება ვერ ხერხდება

    რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში ამ დროის მონაცემებით, 6 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის თქმით  35 ადამიანს ვერ უკავშირდებიან, 210 ადამიანი ევაკუირებულია

    ადგილზე სამძებრო-სამუშაოები გრძელდება.

    • თუ ფლობთ დაკარგული ადამიანების შესახებ ინფორმაციას, დარეკეთ ცხელ ხაზზე, ნომერზე : 598 913 089 ან 112-ში

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის თქმით, შოვში იმ ადგილას, სადაც კოტეჯები მდებარეობდა, ახლა “ფაქტობრივად არაფერი აღარაა”.

  • შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს

    რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში, მაშველებმა კიდევ ოთხი ადამიანის ცხედარი იპოვეს.ამ დროისთვის გარდაცვლილთა რაოდენობამ 6–ს მიაღწია. შოვში, მეწყერი გუშინ ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი. სამაშველო სამუშაოები გრძელდება.