Blog

  • “კალაპოტი მკვეთრად გაგანიერებულია” – 27 ივლისს და 4 აგვისტოს გადაღებული სატელიტური ფოტოები

    დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი შოვში 27 ივლისს და 4 აგვისტოს გადაღებულ სატელიტურ სურათებს აქვეყნებს.

    “ანუ, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესი დაწყებულია, რამაც შესაძლოა გამოიწვია მდინარის გადაკეტვა (ადგილობრივებმა თქვეს, ქვემოთ მდინარე აღარ მოდიოდაო). ეს არის მონიტორინგი და წინასწარი შეტყობინების სისტემის ნაწილი.

    ვთხოვთ, ყველა ჩვენ პარტნიორ ამერიკულ და ევროპულ უნივერისტეტს, მოგვცენ მაღალი გარჩევადობის, კარგი ხილვადობის ან ფასიანი ამ პერიოდის კოსმოსური/აერო გამოსახულებები, რომელიც საშუალებას მოგვცემს უკეთესად დავინახოთ, შევაფასოთ მიმდინარე გეოდინამიკური და გეომორფოლოგიური პროცესები და დაფიქსირებული პრობლემატიკის შემთხვევაში ვაწარმოოთ მონიტორინგი. გთხოვთ, დაგვეხმარეთ!” – წერია განცხადებაში.

  • ჩვენი ფიქრებითა და ლოცვით ქართველი ხალხის გვერდით ვართ – ვარჰეი

    “გულწფელი სამძიმარი მინდა, გამოვუცხადო შოვში მეწყერის დროს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს. იმედი მაქვს, სამაშველო და საევაკუაციო ოპერაციები წარმატებული იქნება. ჩვენი ფიქრებითა და ლოცვით ქართველი ხალხის გვერდით ვართ,”

    ევროკომისარი ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი შოვში ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახებს და მათ ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

  • თანავუგრძნობთ მათ, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგეს და ახლობელს ეძებენ – ბრიტანეთის საელჩო

    “ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ რაჭაში დაღუპულთა გამო. თანავუგრძნობთ მათ, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგეს და ვის ახლობლებსაც ეძებენ”.

    ბრიტანეთის საელჩო საქართველოში რაჭაში, შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

  • დრონების თვითნებურად გამოყენებ საფრთხის შემცველია სტიქიის ზონაში მომუშავე ვერტმფრენებისთვის – საგანგებოს განცხადება

    “მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თვითნებურად არ მიიღონ დრონების გამოყენების გადაწყვეტილება…საფრთხის შემცველია სტიქიის ზონაში მომუშავე ვერტმფრენებისთვის” – ამის შესახებ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება
    ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მესამე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება.

    ძებნა-შველის სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე- მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი.

    აქვე მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, სტიქიის ზონაში დრონების გამოყენებასთან დაკავშირებით, თვითნებურად არ მიიღონ გადაწყვეტილება, რადგან საფრთხის შემცველია სტიქიის ზონაში მომუშავე ვერტმფრენებისთვის,”- ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    ცნობისთვის, გუშინ მოქალაქე, რომელიც შოვში დაკარგული ადამიანების მოსაძებნად თერმული ხედვის დრონით წავიდა, სტიქიის ზონაში არ შეუშვეს. თერმული ხედვის დრონი ღამით სამძებრო- სამაშველო ოპერაციებისთვის გამოიყენება.

  • ყირიმის ხიდთან დრონების და უპილოტო კატერების მასირებული შეტევაა

    ამ წუთებში დროებით ოკუპირებულ ყირიმის ხიდის სიახლობეს დრონების და უპილოტო კატერების მასირებული შეტევაა.

    საზღვაო და საჰაერო დრონების თავდსსხმის გამო ხიდზე მოძრაობა შეწყვეტილია.

    ყირიმის ხელმძღვანელის მრჩეველი იუწება,რომ ქერჩის რეგიონში აფეთქებები არ უკავშირდება ყირიმის ხიდს და ეს მხოლოდ საჰაერო განგაშია.

    “ყირიმის ხიდის მიმდებარედ მომხდარი აფეთქებების შემდეგ, ხანძარია. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. ჰაერში გამანადგურებლები აფრინდნენ, – წერს ტელეგრამზე რუსული მედია.

  • ღრმად თანავუგრძნობთ ქართულ საზოგადოებას სტიქიური უბედურების გამო – ზელენსკი შოვზე

    “ღრმად თანავუგრძნობთ ქართულ საზოგადოებას სტიქიური უბედურების გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ნათესავებსა და ახლობლებს და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ რაჭის მაღალმთიან რეგიონში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ყველა დაშავებულს”.

     

    ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რაჭაში მომხდარ ტრაგედიას Twitter-ზე ქართულად გამოეხმაურა და დაღუპულთა ნათესავებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

  • შოვში სტიქიის ზონაში ჯარის შეყვანა დაიწყო

    რაჭაში, შოვში სტიქიის ზონაში ჯარის შეყვანა დაიწყო. სამხედროები სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მიიღებენ მონაწილეობას.

    სამხედროები სტიქიის ზონაში შესაბამისი აღჭურვილობითა და ტექნიკით ჩავლენ.

    • თუ შოვში დაკარგულ ადამიანების შესახებ რაიმე  ინფორმაციას ფლობთ, დარეკეთ ცხელ ხაზზე, ნომერზე : 598 913 089 ან 112-ში.

    ამ დროის მონაცემებით, რაჭაში სტიქიას 11 ადამიანი ემსხვერპლა.

    სამძებრო სამუშაოებში ჩართულია 400-მდე მაშველი, პრემიერის განცხადებით, პროცესში ჩაერთვება ჯარიც.

    სტიქიის ზონიდან გუშინდელიდან დღემდე ჯამში 210 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მათი ნაწილი ვერტმფრენით უსაფრთხო ადგილას დღეს დილით გადმოიყვანეს.

  • სტიქიის ზონაში ტეტანუსის აცრის მობილური პუნქტები განთავსდა – წითელი ჯვარი

    რაჭაში, შოვში სტიქიის ზონაში ტეტანუსის აცრის მობილური პუნქტები განთავსდა – ინფორმაციას წითელი ჯვრის საზოგადოება  ავრცელებს. ადგილზე დაზარალებულებისთვის და  მოხალისეებისთვის, მცირე ზომის ჭრილობის ან მეწყრულ მასასთან შემხებლობის შემთხვევაშიც გართულებების თავიდან ასაცილებლად ტეტანუსის აცრის მობილური პუნქტები განთავსდა:

    ”ყველა დაზარალებულმა ან მოხალისემ, რომელიც იმყოფება ან ასრულებს ფიზიკურ სამუშაოს სტიქიის უბნებში, ნებისმიერი, თუნდაც მცირე ზომის ჭრილობის ან მეწყრულ მასასთან შემხებლობის შემთხვევაშიც კი, უნდა მიმართოს დაავადებათა კონტროლის ტეტნაუსის აცრის მობილურ პუნქტს. აცრის პუნქტი განთავსებულია შოვში, დამეწყრილი ზონიდან 100 მეტრის რადიუსში და იფუნქციონირებს 10:00 – 18:00 საათებში მანამ, სანამ მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები.
    დამატებითი დეტალებისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ წითელი ჯვრის ცხელ ხაზზე:
    032 2 501 105
    ან დაუკავშირდით დაავადებათა კონტროლის ადგილობრივ წარმომადგენლებს.

    599 93 11 92 – ნონა ბაკურაძე
    599 17 14 85 – ნატო დვალი
    გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ცხელი ხაზი იმუშავებს დღეს ღამის 12 საათამდე, ხოლო შაბათ- კვირას 9:00-21:00 -მდე” -ნათქვამია განცხადებაში.

  • თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური მზადაა სამაშველო ღონისძიებებში ჩაერთოს, თუ ამის აუცილებლობა იქნება – კალაძე

    თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური მზადაა სამაშველო ღონისძიებებში ჩაერთოს, თუ ამის აუცილებლობა იქნება – კალაძე

    გუშინდელი დღიდან მოყოლებული შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სრულადაა ჩართული შესაბამის ღონისძიებებში. დღეს პრემიერ-მინისტრის დავალებით, პროცესში ასევე, ჩაერთვებიან ჩვენი ჯარისკაცები, რათა მოქალაქეთა გადარჩენა შევძლოთ და სამაშველო სამუშაოები გაგრძელდეს. აქვე, მინდა, გამოვხატო ჩვენი მზაობა, მხარდაჭერა, თანადგომა. კერძოდ, დედაქალაქის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური მზადაა, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, აღნიშნულ ღონისძიებებში ჩავერთოთ, თუ, რა თქმა უნდა, ამის აუცილებლობა იქნება. კიდევ ერთხელ მინდა მშვიდობა ვუსურვო სრულიად საქართველოს, რაჭას, რაჭველებს, იქ მყოფ მოქალაქეებს. ყველამ ვილოცოთ მათი გადარჩენისთვის“,

    აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით.

  • 7 სუპერ პუმა რომელიც ჩვენ შევიძინეთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა ახლა შოვში – სააკაშვილი

    7 სუპერ პუმა რომელიც ჩვენ შევიძინეთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა ახლა შოვში – სააკაშვილი

    “მთელი გულით განვიცდი შოვში დატრიალებულ ტრაგედიას და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს.
    7 ვერტმფრენი (სუპერ პუმა) რომელიც ჩვენ ნიკოლა სარკოზის დიდი ჩართულობით შევიძინეთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა ახლა შოვში.

    როცა ჩვენ ამ ვერტმფრენებს ვყიდულობდით, მედვედევი და ლავროვი საფრანგეთს დაემუქრა სანქციებით. თუ საქართველო მიიღებდა ამ ვერტმფრენებს, ისინი ევროკოპტერს აღარ შეუშვებდნენ რუსეთში.

    სწორედ ამიტომ ჩვენ ამ სუპერპუმებს მივეცით სამოქალაქო სტატუსტი.
    რეალურად ეს იყო ორმაგი დანიშნულების ვერტმფრენები, როგორც სამხედრო, ასევე სამაშველო. მას სამოქალაქო სახე მიეცა მხოლოდ იმის გამო, რომ რუსული სანქციებისთვის აგვევლო გვერდი.
    პრეზიდენტი სარკოზი პირადად იყო ამ ვერტმფრენების ყიდვაში ჩართული. სარკოზის პირადი კავშირებით უპრეცედენტო, ფაქტობრივად 0% კრედიტით ვიყიდეთ 7 ევროკოპტერი და დამატებით კიდევ ვგეგმავდით 7  ჩამოყვანას საქართველოში.
    როცა ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში დაიბარა საფრანგეთიდან წარმომადგენლები და უთხრა, რომ საქართველოს აღარ სჭირდებოდა ფრანგული ვერტმფრენები და გადაწყვიტა ძველი, ამორტიზებული რუსული ვერტმფრენების შეკეთება. მას კარგად აუხსნეს, რომ რუსეთი არ გვაძლევდა მარაგნაწილებთან წვდომას და რომ ეს დაჯდებოდა ბევრად ძვირი. ამ საუბრის მიუხედავად ივანიშვილმა დაიწყო მოლაპარაკება პეტერბურგელ ბიზნესმენთან, ევროკოპტერების გასაყიდად, იმ ევროკოპტერების რომელიც საფრანგეთისგან რუსეთის დიდი ზეწოლის მოუხედავად, მაინც ჩამოვიყვანეთ საქართველოში!”

    ასე ეხმაურება, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შოვში მომხდარ ტრაგედიას.