Blog

  • პუტინმა ვერ მიაღწია თავის მთავარ მიზანს, ვერ შეძლო ევროპაში განხეთქილების შექმნა – ზელენსკი

    „პუტინი ვერ შეინარჩუნებს ურთიერთობას ჭეშმარიტად ძლიერ ლიდერებთან და ეს არის ჩვენი უპირატესობა, მაგრამ ის უპირატესობად რჩება მხოლოდ მანამ, სანამ ჩვენ ვართ ერთიანები. ის შეიძლება შეეცადოს თქვენთან დაახლოებას ან ინდივიდუალურად წავიდეს თქვენს ზოგიერთ პარტნიორთან, შეეცადოს თქვენზე ზეწოლის მოხდენას, დაშანტაჟებას, რათა ერთ-ერთმა თქვენგანმა უღალატოს დანარჩენებს – დაასუსტოს ჩვენი ერთობა. დიახ, ყველა თავად ირჩევს, როგორ მოიქცეს და რა მემკვიდრეობა დატოვოს, მაგრამ თუ ვინმე ევროპაში ცდილობს სხვის ზურგს უკან ან თუნდაც სხვის ხარჯზე გადაჭრას საკითხები, თუ ვინმეს სურს იმოგზაუროს ომის დედაქალაქში, ისაუბროს და შესაძლოა დაჰპირდეს რაიმეს ჩვენი საერთო ინტერესების საწინააღმდეგოდ ან უკრაინის თუ სხვა ქვეყნების ხარჯზე. მაშინ რატომ უნდა გავითვალისწინოთ ასეთი ადამიანი? ევროკავშირს და ნატოს- ასევე შეუძლიათ თავიანთი საკითხების მოგვარება ამ ერთი ინდივიდის გარეშე“,

    ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეოთხე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

  • უკრაინის მხარდასაჭერად შექმნილი ნატო-ს ახალი სამეთაურო ცენტრი მუშაობას სექტემბრიდან დაიწყებს – სტოლტენბერგი

    „მოხარული ვარ განვაცხადო, რომ სამეთაურო ცენტრი სექტემბერში ამოქმედდება. მისია 700 ადამიანისგან შედგება, რომელსაც სამვარსკვლავიანი გენერალი უხელმძღვანელებს. ის უკრაინას უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერასა და დახმარებას აღმოუჩენს, ასევე, ნატო-ს მოკავშირეების ძალისხმევას კოორდინაციას გაუწევს“,

    ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა დიდ ბრიტანეთში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

  • სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება

    ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილება განხორციელდა – სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება და მოსწავლეები სავალდებულო განათლებას 10 კლასის ჩათვლით მიიღებენ.

    ამას “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცა.

    კანონში მიეთითება, რომ საქართველოში სრულ ზოგად განათლებას აქვს სამი საფეხური: დაწყებითი (6 წელი – I-VI კლასები), საბაზო (4 წელი – VII-X კლასები) და საშუალო (2 წელი – XI-XII კლასები).

    “კანონს დაემატება გარდამავალი დებულება, რომლითაც განისაზღვრება ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურის ხანგრძლივობის ცვლილებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები” , – განაცხადა ნოდარ პაპუკაშვილმა.

  • როგორი ამინდი იქნება 21 ივლისამდე

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით,18 ივლისის დღის ბოლოდან 21 ივლისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

    მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).

    „18 ივლისის დღის ბოლოდან 21 ივლისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

    მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • უკრაინამ, მოლდოვამ, საქართველომ არჩევანი გააკეთა, აირჩიეს თავისუფლება ჩაგვრის ნაცვლად – ლაიენი

    “ჩვენ მხარს დავუჭერთ კანდიდატებს, ინვესტიციებითა და რეფორმებზე მუშაობით, სადაც შესაძლებელია, მოხდეს მათი ინტეგრირება ჩვენს სამართლებრივ ჩარჩოში. გაწევრიანება ყოველთვის იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. ჩვენ ვუზრუნველვყოფთ, რომ ყველა ქვეყანა მზად იყოს გაწევრიანებამდე, მაგრამ ჩვენი კავშირის გამტკიცება ჩვენი მთავარი ინტერესია და ეს იქნება ჩემი კომისიის მთავარი პრიორიტეტი. დასავლეთ ბალკანეთმა, უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ თავიანთი თავისუფალი არჩევანი გააკეთეს. მათ აირჩიეს თავისუფლება ჩაგვრის ნაცვლად, მათ აირჩიეს დემოკრატია დამოკიდებულების ნაცვლად და ზოგიერთი მათგანი ამ არჩევანის გამო, ძალიან მაღალ ფასს იხდის. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი, რათა უზრუნველვყოთ მტკიცე ერთგულება, რომ მათი მომავალი იქნება თავისუფალი და იქნება ჩვენთან ევროკავშირში”.

    თქვა ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

  • ამაზე მეტი უტიფრობა, უმსგავსობა და ბოროტი კომედიის ჟანრი, ვერც წარმომიდგენია – ვოლსკი „ლელოსა“ და გახარიას პარტიის შესაძლო გაერთიანებაზე

    ამაზე მეტი უტიფრობა, უმსგავსობა და ბოროტი კომედიის ჟანრი, ვერც წარმომიდგენია – ვოლსკი „ლელოსა“ და გახარიას პარტიის შესაძლო გაერთიანებაზე

    “გახარიამ უკვე შექმნა თავისი კოალიცია “ნაცმოძრაობასთან”. სააკაშვილს გაუხსნა გზა და პრემიერ-მინისტრის რანგიდან გადადგომის მიზეზი, მთავარი ამოცანა ის იყო, რომ დესტაბილიზაცია გამოეწვია საქართველოში და პროცესი განევითარებინა, მით უმეტეს, რომ კანონის დარღვევა აშკარა იყო მელიას მხრიდან. აი, ამ თემასთან დაკავშირებით მას ჰქონდა ცალსახა პოზიცია. დღესაც ცალსახა პოზიცია აქვს და ზოგიერთ საკრებულოში მათი თანამშრომლობა არის აშკარა. დღეს, “ნაცმოძრაობა” ეუბნება რომ ასეა. ეს ეუბნება “ნაცმოძრაობას” რომ თითქოს, იყენებენ. [გახარია] “ლელოს” უცხადებს, რომ “ნაცმოძრაობის” კლანს უნდა გამოგლიჯოს და გადაარჩინოს. ის [“ლელო”] ამბობს, რომ თუკი განმარტებებს მოგვცემ 20 ივნისთან დაკავშირებით, როდესაც გახარიას “თვალთხარია” შევარქვითო… ამაზე მეტი უტიფრობა, უმსგავსობა და ბოროტი კომედიის ჟანრი, მე მაგალითად, ვერც წარმომიდგენია, რომ ვინმე რეჟისორსაც კი ჰქონდეს თავის ფილმში აღწერილი. ასეთი რამე არ არსებობს, ზოგადად. მე ვფიქრობ, რომ ამ ძალების გათამაშება, გადალაგება სწორედ იმიტომ არის, რომ ახალგაზრდების ზურგზე კარგად მოირგონ ადგილი, შემოახტნენ და მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში, თუმცა მე არა მგონია, რომ წარმატება ჰქონდეთ,”

    ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა “ლელოსა” და “გახარია საქართველოსთვის” შესაძლო გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

  • უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით რუსების მიერ გაშვებული 16-ვე დრონი, ასევე ორი რაკეტა ჩამოაგდეს

    ღამით რუსების მიერ გაშვებული 16-ვე დრონი და სამი რაკეტიდან ორი ჩამოაგდეს. 

    დნეპროპეტროვსკის ოლქში ორი რაკეტისა და ხუთი უპილოტო საფრენი აპარატის განადგურების შესახებ მანამდე განაცხადა ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ლისაკმა. ქალაქ ნიკოპოლში უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი, 51 და 60 წლის.

    ზაპოროჟიეს ოლქის ადმინისტრაციამ განაცხადა რუსეთის თავდასხმების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვია.  ხარკოვის ოლქში დაშავდა ქალი, მიზეზი დრონიდან საბრძოლო მასალის ჩამოვარდნა გახდა, წერს რეგიონის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი.

  • რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატების ქონება წლებია, რაც გაუმჭვირვალეა – “ფლანგვის დეტექტორი”

    “რუსული კანონის” მხარდამჭერი დეპუტატების ქონება, წლებია გაუმჭვირვალეა. ერთ-ერთი ასეთი დეპუტატის, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის ქონებრივ დეკლარაციაზე ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს და წერს, რომ კობიაშვილი დეკლარაციას “ცუდად ავსებს”.

    “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” საქართველოს კანონი ძალაში 28 მაისს შევიდა, აქედან 60 დღეში კი კანონი მოქმედებაში შევა. “ქართული ოცნების” თქმით, ე.წ “აგენტების კანონის” მიღების მთავარი მიზანი მედიისა და არასამთავრობო სექტორის გამჭვირვალობაა. ამ მიზნის მისაღწევად 84-მა დეპუტატმა სამივე მოსმენაზე კანონის მიღებას მხარი დაუჭირა, შემდეგ კი პრეზიდენტის ვეტოც დაძლიეს. მათ შორის იყო ყოფილი ფეხბურთელი და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი.

    საინტერესოა, პრორუსული კანონპროექტის მხარდამჭერი დეპუტატი თავად რამდენად გამჭვირვალეა და რამდენად სწორად ავსებს ქონებრივ დეკლარაციას წლიდან – წლამდე.

    ლევან კობიაშვილი ქონებრივ დეკლარაციას 2016 წლიდან ავსებს. პირველივე დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ანტი-დასავლური კანონპროექტის მხარდამჭერის ორივე შვილი გერმანიის სხვადასხვა ქალაქში, ფრაიბურგსა და დუისბურგში არიან დაბადებულები.

    ლევან კობიაშვილის ბოლო, 2023 წლის დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ ის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გერმანიაშიც არა ერთ უძრავ ქონებას ფლობს. 2020 წელს ლევან კობიაშვილმა და მისმა მეუღლემ, თამარა წულეისკირმა, ბერლინში 110კვ.მ ბინა შეიძინეს, რაშიც 945,000 ევრო გადაიხადეს. ლევან კობიაშვილი ბერლინში ასევე ფლობს 2014 წელს შეძენილ საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთს. თამარ წულეისკირის დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ 2014 წელს შეძენილი ბინის ფასი 1,690,000 ევროა. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ბოლო დეკლარაციიდან ვიგებთ, ლევან კობიაშვილმა ბერლინში 700 კვ.მ მიწის ნაკვეთი 2014 წელს შეიძინა, აღნიშნული ჩანაწერი 2016-2019 წლების დეკლარაციებში არ გხვდება და პირველად სწორედ 2020 წლის დეკლარაციაში ჩნდება.

    აღსანიშნავია ისიც, რომ 2018 წელს საჯარო სამსახურის ბიუროს კომისიამ ლევან კობიაშვილის დეკლარაცია შეარჩია მონიტორინგისთვის. როგორც აღმოჩნდა, პარლამენტის წევრი დეკლარაციაში სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობისა და მეუღლის სახელფასო შემოსავლების დამალვის გამო საჯარო სამსახურის ბიურომ დააჯარიმა. ლევან კობიაშვილი 2023 წელს შესამოწმებელი თანამდებობის პირების სიაშიც მოხვდა. სავარაუდოდ, მოიტორინგის შედეგები მალე გამოქვეყნდება.

    ლევან კობიაშვილი 2015 წლიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს იკავებს, 2016 წლიდან კი პარლამენტის დეპუტატია ქართული ოცნების სიით.

    პრეზიდენტის “გამჭვირვალე” არჩევნები

    თავდაპირველად, ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პოსტზე 2015 წელს აირჩიეს, თუმცა არჩევნების გამჭვირვალობას თან მრავალი ლეგიტიმური ეჭვი და კითხვის ნიშანი ახლდა. არჩევნებში მონაწილეობას ლევან კობიაშვილი, რევაზ არველაძე და მამუკა კვარაცხელია იღებდნენ. იმისთვის, რომ კანდიდატი ფედერაციის პრეზიდენტად აირჩეს, დელეგატთა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.

    ყველაფერი იმით დაიწყო, რომ არჩევნების წინა დღეს, 2015 წლის 2 ოქტომბერს, ნარკოტიკების ფლობის ბრალდებით დააკავეს რევაზ არველაძეს მხარდამჭერი დელეგატი, გეგა გობეჯაშვილი, რომელიც მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს, თუმცა მას არჩევნებში მონაწილების მიღების უფლება აღარ მიეცა.

    გობეჯაშვილი მაშინ პირდაპირ უკავშირებდა საკუთარ დაკავებას არველაძის მხარდაჭერას. გარდა გობეჯაშვილისა, არველაძეს სავარაუდოდ მხარდამჭერი ორი დამატებითი დელეგატიც გამოაკლდა, მას შემდეგ, რაც რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და გურიის ფედერაციების პრეზიდენტებს ხმის უფლების მიცემა ჩამოართვეს.

    არჩევნების მთელი დღის განმავლობაში დღეს უწყვეტად აკვირდებოდა მაშინდელი ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძეც, რომელსაც არანაირი ფორმალური როლი აღნიშნულ პროცესში არ ჰქონია. კალაძემ მაშინ არჩევნებზე დასწრება UEFA-ს ვიცე-პრეზიდენტთან მეგობრობით გაამართლა.

    2015 წლის 3 ოქტომბერს კობიაშვილმა 18 ხმა მიიღო, არველაძემ კი 15 და შესაბამისად, პირველი ვადით საქართველოს ფეხბურთს ფედერაციის პრეზიდენტი გახდა. არველაძემ მაშინ განაცხადა, რომ “უთანასწორო ბრძოლაში” იყო.

    ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ვადა 4-წლიანია. 2015 წლის შემდეგ, ლევან კობიაშვილმა პრეზიდენტის არჩევნებში კიდევ 2-ჯერ მიიღო მონაწილეობა, ორივეჯერ ერთადერთი და უკონკურენტო კანდიდატი იყო და რა თქმა უნდა, ორივეჯერ ასევე უკონკურენტოდ გაიმარჯვა.

    თავად კობიაშვილი ფიქრობს, რომ პოლიტიკური არაფერია იმაში, რომ უკანასკნელი ორი არჩევნებია მას კონკურენტი არ ჰყავს.

    Ბრძოლა გლდანის მაჟორიტარობისთვის

    2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ლევან კობიაშვილი გლდანის მაჟორიტარობისთვის იბრძოდა, სადად გაერთიანებული ოპოზიციის მაშინდელ კანდიდატს, ნიკა მელიას უპირისპირდებოდა. არჩევნები გლდანში მთელი დღის განმავლობაში დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა, პიკს კი მაშინ მიაღწია, როდესაც გლდანის 84-ე უბანზე საზოგადოებისთვის უცნობი პირი იარაღით გამოჩნდა. Მელიას ცნობით, იგი დავით კვიჟინაძე იყო, რომელიც კახა კალაძის მეგობარია.

    “კახა კალაძის მეგობარმა, ვინმე დათო კვიჟინაძემ, იარაღი ამოიღო, მოიყვანა საბრძოლო მოქმედებაში და დაუმიზნა იქ მყოფ ჩვენს დამკვირვებლებს და აი ამ დროს, პოლიციელები მივიდნენ და ჩვენი დამკვირვებელი, ჩემი მეგობარი, ჩემი შტაბის წევრი, ირაკლი ეძგველაძე დააკავეს.” – ამბობდა მაშინ ნიკა მელია.

    Მისივე თქმით, ქართული ოცნების მიერ კრიმინალური ჯგუფების მობილიზება პირდაპირ უკავშირდებოდა ფაქტს, რომ ლევან კობიაშვილი მასთან არჩევნებში მარცხდებოდა. კობიაშვილი პირველ ტურში დაახლოებით 1%-ით მართლაც დამარცხდა, ხოლო მეორე ტურში კი დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.

    ოჯახის წევრი სახელმწიფო უწყებაში

    2019 წლის სექტემბრიდან ლევან კობიაშვილის მეუღლე, თამარა წულეისკირი საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის “ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის” დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.

    “ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს” არც ერთხელ არ დაუგმია ის ანტიდასავლური განცხადებები, რასაც საქართველოს მთავრობა ქვეყნის პარტნიორების მისამართით ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ს არ გაუკეთებია კომენტარი მაშინაც, როდესაც ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომი ნატოს გაფართოების გამო დაიწყო.

    ცხადია, სსიპ-ი არ გამოხმაურებია არც ქართული ოცნების მიერ ორჯერ დაინიცირებულ და საბოლოოდ მასობრივი პროტესტის ფონზე მიღებულ რუსულ კანონს, რასაც ამერიკის მხრიდან რიგი მაღალჩინოსნებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ სავიზო შეზღუდვების დაწესება მოჰყვა, ევროკავშირის მხრიდან კი ჩვენს გაწევრებაზე მოლაპარაკებების შეჩერება.

    ერთადერთი, რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში თამარა წულეისკირი გამოეხმაურა, ლევან კობიაშვილის მიერ 2023 წელს რუსული კანონის მხარდაჭერა იყო. წულეისკირმა დაწერა, რომ Facebook-დან უნდა წაეშალა ყველას, ვინც თვლიდა, რომ მისი ქმარი მოღალატეა.” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • “ეს კაცი არის სისხლით ხორცამდე რუსი და აჟღერებს რუსულ მესიჯებს”  – სააკაშვილი ივანიშვილზე

    “ეს კაცი არის სისხლით ხორცამდე რუსი და აჟღერებს რუსულ მესიჯებს” – სააკაშვილი ივანიშვილზე

    “ივანიშვილის გუშინდელი გამოსვლა არ იყო ქართველის გამოჩენა. ეს კაცი არის სისხლით ხორცამდე რუსი და აჟღერებს რუსულ მესიჯებს.
    ვისაც რამის დანახვა შეუძლია, ხედავს, რომ ის და მისი ბანდა წარმოადგენენ პირდაპირ და უზარმაზარ საფრთხეს თითოეული ქართველის უსაფრთხოებისთვის, კეთილდღეობისთვის და მომავლისთვის.
    მათ ხელში საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებრიობას მომავალი არ უწერია. მათ არაფერი კარგის გაკეთება არ შეუძლიათ, მხოლოდ გაფუჭებას გააგრძელებენ დაჩქარებული ტემპით.
    კარგი ამბავი ისაა, რომ ქართველი ხალხი დიდი ხანია ყველაფერს მიხვდა. აზვირთებულია დიდი საარჩევნო ტალღა, რომელიც მაფიოზურ რეჟიმს წალეკავს ოქტომბერში.
    ჩვენ ვეუბნებით მათ – თქვენი არავის ეშინია, დროა ჩაალაგოთ ჩემოდნები და მოემზადოთ საქართველოს თქვენი მმართველობისგან გათავისუფლებისთვის, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის.”

    ასე ეხმაურება, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ოლიგარქ ივანიშვილის გუშინდელ გამოსვლას.

  • კაცი რომელიც ფიზიკური ლიკვიდაციით მემუქრებოდა, ფსიქიატრიულიდან გამოუშვეს და ისევ მირეკავს – გრიგოლია

    ბევრი ვიფიქრე, დამეწერა თუ არა ის,რასაც ახლა ვწერ… ჩემი ოჯახის წევრების განერვიულებას ვერიდები ხოლმე და ახლაც მათი ფაქტორი მაფერხებდა, თან, რომ არ მოგატყუოთ, ძალიან, ძალიან დამღალა ჩემი, როგორც ქალის უფლებებისთვის ბრძოლამ, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ აუცილებლად უნდა დამეწერა, რადგან უკვე ვეღარ ვითვლი, მერამდენედ ვარ ფსიქოლოგიური ტერორის ობიექტი…

    იცით, რომ წლების წინ და მრავალი წლის განმავლობაში მყავდა აკიდებული ვიღაც მანიაკი, რომელიც ფიზიკური ლიკვიდაციით მემუქრებოდა, რომელსაც აქვს აკვიატება ჩემზე და ამტკიცებს, რომ ჩემი შვილის მამაა და რომ ამ ვიღაც შვილს ჰქვია თამარი.

    მოგეხსენებათ, ჩემს შვილს მარიამი ჰქვია, მისი მამა გარდაცვლილია, ამ მანიაკ კაცს კი საერთოდ არ ვიცნობ და არც ის ვიცი, საიდან აღმოცენდა.. ესეც მიგახვედრებთ, რა აბსურდში ვარ… სიგიჟეებს ამტკიცებს და მე მიწევს ამ შეურაცხმყოფელი სიგიჟეების ატანა.

    იცით ეს ამბავი და ძველ დეტალებს აღარ დავწერ… შესწავლილი აქვს დედაჩემის, მამაჩემის სახელები, საცხოვრებელი მისამართები, რაც მიჩენს ეჭვს, რომ უბრალოდ, ავადმყოფი არაა…კარგად დამუშავებული ავადმყოფია..

    უამრავი წელი მიწევდა პოლიციაში საჩივრების წერა, პოლიციის ჩართვა, რომ ეს მანიაკი არ გამკარებოდა… როგორც იქნა, რამდენიმე წლის წინ, როცა სოცოცხლის ხელყოფის მუქარებზე გადავიდა, დაიჭირეს (გიორგი გახარია იყო მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი და მადლობა მას ამისთვის, პირადად ჰყავდა აყვანილი კონტროლზე ჟურნალისტზე მუქარის და აკიდების ეს ფაქტი, თავიდან ბოლომდე ჩართული იყო ლონდა თოლორაიაც)… საბოლოოდ, ეს მანიაკი კაცი დაიჭირეს და ფსიქიატრიული ექსპერტიზის პასუხის მიხედვით, მოათავსეს ხონის ფსიქიატრიულში.

    პერიოდულობით მე და ჩემი ადვოკატი, სალომე ჯანუაშვილი, ვაკონტროლებდით ხოლმე, რადგან შიგადაშიგ იქიდანაც ფიქსირდებოდა ხოლმე ზარების შემთხვევები. მეტნაკლებად მშვიდად ვიყავი, რადგან ვიცოდი, რომ ხონში ჰყავდათ..

    მეორე დღეა, ისევ დაიწყო ზარები და სმს-ების გამოგზავნა და ჰოი საოცრებავ, აღმოვაჩინე, რომ გამოუშვიათ და ის მომენტალურად დაუბრუნდა ჩემზე ფსიქოლოგიური ტერორის განხორციელებას (რა უცნაურია, რომ მაინცდამაინც ამ წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა. ისევე როგორც ადრე, მისი განსაკუთრებული შემოტევები ემთხვეოდა ხოლმე კრიზისულ პოლიტიკურ სიტუაციებს… ხო, ყაჩაღობაზეა ნასამართლევი და რეციდივისტია, კოშმარი კაცია ვიღაც).

    მთავარი ამბავი ისაა, რომ ავადმყოფი კაცი, რომელიც სიცოცხლის მოსპობით მემუქრებოდა, ისე გამოუშვეს, ძალადობის მსხვერპლმა ანუ მე, არ ვიცოდი, არავინ შემატყობინა…მოკლედ, ყველაფერი ახლიდან დაიწყო..

    ახლა რატომ ვწერ – დღეიდან თუ მე ან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს თმის ღერი მაინც ჩამოუვარდება, თუ რამე შემემთხვევა, პასუხისმგებლობას ვაკისრებ სახელმწიფოს! სისტემა იქნება დღეიდან პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც შეიძლება შემემთხვეს!!! სისტემა, რომელიც ძაღლად არ აგდებს ძალადობის მსხვერპლს, გააფრთხილოს, რომ საფრთხე ისევ რეალურია.

    ძალადობის გამო რომ ქალებს პანტაპუნტით ხოცავენ, იმ ქვეყანაში, შესაბამისი სტრუქტურები ანგარიშვალდებულებასაც კი ვერ გრძნობენ, ძალადობის მსხვერპლი ქალი ჩააყენონ საქმის კურსში, რომ მოძალადე გაათავისუფლეს!!!

    არცერთი წამით არ დავიჯერებ, რომ შემთხვევით ხდება ეს ყველაფერი მაინცდამაინც ახლა…

    მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, ყველა შესაბამის სტრუქტურას – იმოქმედეთ დაუყონებლივ! აღკვეთეთ მოძალადის ტერორი (პირადად მოწერას ასე ვარჩიე, საჯაროობა ამ დროს ყველაზე სწორი მგონია).

    პოლიციაში რომ განცხადებები ხელახლა უნდა ვწერო და ვიბრძოლო სიცოცხლისთვის და მორალური ტერორის აღსაკვეთად, ამის წარმოდგენაც კი მზარავს, ჯოჯოხეთია ქალებისთვის ეს პროცესი და ეს ქვეყანა, მაგრამ სხვა გზა არაა… ამტკიცო რომ ძალადობის მსხვერპლი ხარ, ამაზე რთული და საშინელი პროცესი არაფერია. საშინელი და დაუსრულებელი პროცესია, ვისაც გამოუცდია, გამიგებს… ძალიან შეურაცხმყოფელი პროცესია ამავდროულად, ამტკიცო, რომ არ იცნობ მოძალადეს, რომ არასოდეს გქონია შეხება და ა.შ…

    P.s. კოლეგებს ვთხოვ კომენტარზე არ დამირეკონ, ძალიან დამღალა ამ ყველაფერმა და მადლობელი ვიქნები, თუ გამიწევთ ანგარიშს, იმის მიუხედავად, ვინ რომელ პლატფორმაზე მუშაობთ.

    ბოდიში ჩემი ოჯახის ყველა წევრს, ჩემ გამო ამდენი სიგიჟის და ნერვიულობის ატანა რომ უწევთ.

    წერს TV პირველის გადაცემა რეაქციის წამყვანი, ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.