Blog

  • როსკომნადზორმა BBC–ს ტელეარხის და ვებგვერდების შემოწმება დაიწყო

    ბრიტანეთის სანქციებს რუსული ტელეარხის წინააღმდეგ რუსეთი BBC–ს შემოწმებით პასუხობს

    {{ARTICLEIMAGE}}

    როსკომნადზორმა გადაწყვიტა შეამოწმოს, რამდენად შეესაბამება ბრიტანული ტელეარხის, BBC–ს და მისი ვებგვერდების მასალები რუსულ კანონმდებლობას.რუსეთის მედიარეგულატორმა BBC–ს შემოწმება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ბრიტანულმა  მედიარეგულატორმა, Ofcom–მა რუსული ტელეარხის, Russia Today- ს ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ–პოლიტიკური პროგრამების  მიერ მიუკერძოებლობის სტანდარტების დარღვევის შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა. ბრიტანულმა რეგულატორმა შვიდი დარღვევა დაადგინა. საქმე ეხება 2018 წლის 17 მარტიდან 26 აპრილამდე პერიოდს. გადაწყვეტილებას საჯარიმო სანქციების შესახებ რეგულატორი მას შემდეგ გამოიტანს, რაც რუსული ტელეარხის პასუხს შეისწავლის.

     

    “შვიდი დარღვევა მეტყველებს ჩვენი მაუწყებლობის სტანდარტებთან სერიოზულ შეუსაბამობას. ჩვენ შევატყობინეთ ტელეარხს, რომ განვიხილავთ კანონით გათვალისწინებულ საჯარიმო სანქციებს. Ofcom –ს შესაძლო სანქციების რამდენიმე ვარიანტი აქვს. ნებისმიერი სანქცია, რომელსაც ჩვენ დავადგენთ სრულიად სამართლიანი და აღმოჩენილი დარღვევების პროპორციული იქნება “ – ნათქვამია გუშინ გავრცელებულ განცხადებაში.

     

     

    ბრიტანელი რეგულატორის მიერ საქმის წარმოების დაწყების მიზეზი მაყურებელთა საჩივრები და საკუთარი მონიტორინგის შედეგები გახდა.საპასუხოდ რუსულმა ტელეარხმა განაცხადა, რომ Ofcom–ის გადაყვეტილებით გულდაწყვეტილია

    “ჩვენ დიდ ბრიტანეთში ბრიტანული კანონებით ვმაუწყებლობთ და ყოველთვის ვცდილობთ მათ დაცვას. როგორც ჩანს Ofcom მა მხედველობაში არ მიიღო ჩვენს მიერ მოკვლევისას წარდგენილი არგუმენტები. რეგულატორი არასაკმარის ყურადღებას უთმობს არხის კანონებს და მის მაყურებლებს “ – ნათქვამია რუსული ტელეარხის პრეს–სამსახურის გადაწყვეტილებაში.

    როსკომნადზორმა საპასუხო ნაბიჯი არ დააყოვნა და დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიტანული ტელეარხის, BBC–ს შემოწმებას იწყებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მარია ზახაროვა თავის ფეისბუქ გვერდზე წერს, რომ რუსული მხარე არაერთხელ აფრთხილებდა ბრიტანეთს შესაძლო საპასუხო ნაბიჯის შესახებ.

    “დიდი ხანია დროა. გულწრფელად ვწუხვარ ბი–ბი–სის ჟურნალისტების გამო, რომელთაგან ბევრი ნამდვილი პროფესიონალია და გულწრფელად ასრულებს თავის მოვალეობებს. მაგრამ ბრიტანეთის მთავრობის უხეში ჩარევა რუსული მედიის საქმიანობაში, მუდმივი პროპაგანდა ტელეარხ RT –ს წინააღმდეგ, ჩვენი ჟურნალისტების დისკრედიტაციის მცდელობა და ა. შ. სხვა გზას აღარ გვიტოვებს, გარდა საპასუხო ნაბიჯისა“ –წერს ზახაროვა.

    ბიბისი-ს პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ბიბისი აუდიტორიას დამოუკიდებელ ინფორმაციას აწვდის და ადგილობრივი კანონმდებლობის ყველა ნორმას იცავს.ჯერჯერობით უცნობია, როდის გახდება ცნობილი როსკომნადზორის მიერ ბრიტანული ტელეარხის შემოწმების შედეგები.

     

  • ზაზა სარალიძე:ვიდრე ეს ხელისუფლებაა, საქმეზე სრული ჭეშმარიტება არასდროს იქნება

    {{ARTICLEIMAGE}}

    ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ ზაზა სარალიძემ შინაგან საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მოხსენების მოსმენის შემდეგ განაცხადა, რომ ამ ხელისუფლების პირობებში იმედი არა აქვს, მისი შვილის საქმის სამართლიანად გამოძიების და ჭეშმარიტების დადგენის. ზაზა სარალიძემ გიორგი გახარიას განცხადების ის ნაწილი შეაფასა, რომლის მიხედვითაც გამოძიება დაიწყება სამოხელეო ნაწილში. “სრული საფუძველი გააჩნიათ, რომ დაიწყონ გამოძიება საქმის გაყალბებიდან. სამოხელეო ნაწილში არ იყო გამოძიება დაწყებული და რატომ ელოდებიან სააპელაციო სასამართლოს, არ ვიცი. მე ვთვლი, რომ რაღაც შეთანხმებას აქვს ადგილი პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის.”

    ზაზა სარალიძის განცხადებით, ის არ ეთანხმება მინისტრს იმ ნაწილში, რომლის მიხედვით, თითქოსდა მიხეილ კალანდიას მიმართ სამართლებრივი დევნის საფუძველი არ არის. “სრული საფუძველი გააჩნიათ, საჭიროა ვიღაცის კეთილი ნება, თუმცა არ ვიცი, ვინ უნდა ინებოს კეთილი”, განაცხადა ზაზა სარალიძემ, მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიამ გამოააშკარავა ის ფაქტები, რაზეც გამოძიებიდან 6 თვის განმავლობაში საუბრობდა და რეაგირება არ იყო.

    “უცნაური აქ არაფერი ყოფილა. უბრალოდ, როგორც ჩანს, ახლა მიხვდნენ და ახლა უნდა გამოძიება დაიწყონ ამ პირებზე, რაც ჩემი აზრით საფუძველი იქნება ამ საქმის ბოლომდე მიყვანის, რატომ ელოდებიან სააპელაციო სასამართლოს, არ ვიცი, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – ჩემი შვილის მკვლელი გარეთ არის და ამ ნაწილში ვერ დავეთანხმები.”

    ზაზა სარალიძის თქმით, მაღალი თანამდებობის პირების დაკავების შემთხვევაში, ისინი ისაუბრებენ იმ საქმეებზე, რომლებიც აქვთ გაყალბებული.

    “ბრძოლას გავაგრძელებ ვიდრე არ იქნება ჭეშმარიტება აღდგენილი. ხელს აფარებენ მიხეილ კალანდიას, მირზა სუბელიანს, მათ ახლობლებს, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს პროკურორებს, მიხეილ შაყულაშვილს, ზვიად ფხაკაძეს, ინა გუგუშვილს და სხვებს. პოლიტიკური ნება არ არსებობს, ეშინიათ. დავუშვათ, შოთაძე რომ დაიჭირონ, იმდენი საქმე აქვთ გაყალბებული, ალბათ, მოაღებს პირს და ილაპარაკებს. იგივეს ვიტყვი გაბიტაშვილზე და ფხაკაძეზე. ვიდრე ეს ხელისუფლებაა, ამ საქმეზე სრულ ჭეშმარიტება არასდროს იქნება“,განაცხადა ზაზა სარალიძემ.

  • ჩინელი ინვესტორები ამერიკულ უძრავ ქონებას ყიდიან

    ჩინეთის ხელისუფლება ქვეყნიდან ფულის გადინებაზე კონტროლს ამკაცრებს

    {{ARTICLEIMAGE}}

    ჩინელმა ინვესტორებმა 1 მილიარდის ღირებულების ამერიკული უძრავი ქონება გაყიდეს. ეს არის 2018 წლის მესამე კვარტლის მონაცემები. მიზეზი ჩინეთის ხელისუფლების ზეწოლაა, რომელიც კორპორატიული ვალების ზრდის და ეროვნული ვალუტის სტაბილურობის შესანარჩუნებლად ქვეყნიდან უცხოური გადინების შეჩერებას ცდილობს.

    მსხვილმა ჩინელმა ინვესტორებმა მესამე კვარტალში ამერიკაში მათ მფლობელობაში მყოფი სასტუმროები საოფისე შენობები და კომერციული ფართები გაყიდეს. ამავე პერიოდში Real Capital Analytics –ის მონაცემებით ჩინელმა ინვესტორებმა აშშ–ში მხოლოდ 231 მმილიონი დოლარის ქონება შეიძინეს. 2008 წლის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ჩინელებმა ამერიკაში იმაზე მეტი ქონება გაყიდეს, ვიდრე შეიძინეს. ტენდენცია წლის მეორე კვარტლიდან დაიწყო და მესამე კვარტალში უკიდურესად გაძლიერდა და მეოთხე კვარტალშიც გრძელდება.

    ბოლო ხუთი წლის მანძილზე ჩინელმა ინვესტორებმა ამერიკის დიდ ქალაქებში – ნიუ იორკში, ლოს ანჟელესში, სან ფრანცისკოსა და ჩიკაგოში უძრავი ქონების – სასტუმროების, კომერციული ფართების და მიწების შესაძენად ათობით მილიარდი დოლარი დახარჯეს. ზოგჯერ ისინი რეკორდულ ფასსაც იხდიდნენ. მაგალითად, 2015 წელს ნიუ იორკის სასტუმრო Waldorf Astoria ერთ–ერთმა ჩინურმა ჯგუფმა 1.95 მილიარდ დოლარად შეიძინა. ეს არის ყველაზე მაღალი ფასი, რაც კი ოდესმე ამერიკულ სასტუმროში ვინმეს გადაუხდია.

    ანალიტიკოსები ზუსტად ვერ პროგნოზირებენ, რა დინამიკით გაგრძელდება ჩინელების გასვლა ამერიკის უძრავი ქონების ბაზრიდან და რა გავლენას მოახდენს ეს პროცესი ბაზარზე.

  • სააკაშვილმა “რუსთავი2”-ის დახურვა დააანონსა

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ “რუსთავი 2”-ის  დახურვას ბიძინა ივანიშვილი უახლოეს თვეებში გეგმავს. ამის შესახებ სააკაშვილმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე პირდაპირ ეთერში ისაუბრა.


    სააკაშვილის თქმით, “ივანიშვილის გეგმა არის ძალიან მარტივი, მთავარი სამიზნე არის “რუსთავი 2”, რომლის დახურვასაც ის აპირებს, სადღაც თებერვალში-მარტში: “მაქსიმუმ აპრილში”.

    “თვლის, რომ “რუსთავი 2”-მა კინაღამ “ააყირავა” ის და აგრძელებს მის აყირავებას. მაგრამ იმისათვის, რომ მან რუსთავი 2 დახუროს, უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა შესაძლო წინააღმდეგობრივი მოძრაობა იქნას განეიტრალებული”, თქვა სააკაშვილმა.


    როგორც ცნობილია, 2017 წლის 2 მარტს, უზენაესმა სასამართლომ “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. დიდი პალატის შემადგენლობაში იყვნენ: ნინო გვენეტაძე, მზია თოდუა, ვასილ როინიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე, მაია ვაჩაძე, ზურაბ ძლიერიშვილი და გიორგი შავლიაშვილი.


    სტრასბურგის სასამართლომ 39-ე მუხლის საფუძველზე, რუსთავი 2-ზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება დროებით, 8 მარტამდე შეაჩერა, მოგვიანებით კი შეჩერების გადაწყვეტილება უვადოდ გააგრძელა. ევროსასამართლომ მოპასუხე მხარედ საქართველოს ხელისუფლება განსაზღვრა. თავად ტელეკომპანიის პოზიციაა, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიზნესმენი ივანიშვილი ოპოზიციურად განწყობილ მედიას ებრძვის და დიდი ხანია, მის სამიზნეს “რუსთავი 2” – წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილი ხშირად აკრიტიკებს ამ ტელეკომპანიას და მუდმივად უკმაყოფილოა მისი მუშაობით. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი აღმოჩნდა ივანიშვილის ერთ-ერთი ბოლო შეფასება “რუსთავი 2” – თან დაკავშირებით – მედიასთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს, მან განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ ტელეკომპანიაში “განსხვავებული აზრი შევიდეს”, რაც თავად “რუსთავი 2” – ში ხელისუფლების მხრიდან მუქარის სიგნალად აღიქვეს.


     


  • “დანაშაული სოციალურად დაუცველების გამოყენებით”

    {{ARTICLEIMAGE}}
    ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა სამი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სოციალურად დაუცველი და სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის ნასამართლევი პირების სახელზე საწარმოებს არეგისტრირებინებდნენ და ჯართის ფიქტიურ შესყიდვებს და გაწერებს ახორციელებდნენ, რა დროსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებული ღირებულების გადასახადის უკანონო ჩათვლების მიღება ხდებოდა. უკანონოდ ჩათვლილი დამატებული ღირებულების გადასახადის ოდენობა 1 604 523 ლარს შეადგენს.

  • ბიზნესმენისგან ყოფილი მძღოლი ფულის გამოძალვას ცდილობდა

    {{ARTICLEIMAGE}}
    ბიზნესმენისთვის ფულის გამოძალვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამცხე-ჯავახეთში ერთი პირი დააკავა. დადგინდა, რომ ბრალდებული ახალციხეში ბიზნესმენს
    მუქარის შემცველ წერილებს უგზავნიდა და მისგან 50 000 ლარის გამოძალვას ცდილობდა.

    დაკავებული წარსულში ბიზნესმენთან მძღოლად მუშაობდა, ფლობდა ოჯახის წევრების შესახებ ინფორმაციას და მას ახლობლების სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. დანაშაული 4-იდან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

  • ტრაგედია ავტომაგისტრალზე

    {{ARTICLEIMAGE}}]
    ავტობანზე ავარიის შედეგად ქვეითად მოსიარულე 14 წლის მოზარდი გარდაიცვალა. შემთხვევა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელის მონაკვეთზე მოხდა. ავტობანზე მოძრავი “მერსედესის” მარკის მსუბუქი ავტომანქანა 14 წლის მოზარდს დაეჯახა, ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

    გარდაცვლილის თანმხლები პირის თქმით, ახალგაზრდები სოფელ რუისთან ახლოს საავტომობილო მაგისტრალზე ფეხით გადადიოდნენ, როდესაც მათგან ერთ-ერთს გამვლელი მანქანა დაეჯახა. მძღოლი პოლიციაშია გადაყვანილი, მომხდარზე კი გამოძიებაა დაწყებული.

  • ცესკო-ს თავმჯდომარე შესაძლოა, კვლავ თამარ ჟვანია იყოს

    {{ARTICLEIMAGE}}
    სალომე ზურაბიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარეობის სამ კანდიდატს დღის ბოლომდე დაასახელებს. პრეზიდენტს არასამთავრობო ორგანზიაციებმა წერილობითი შეთავაზება იმ კანდიდატურებთან დაკავშირებით, რომლებიც გუშინ დასახელდა, უკვე გაუგზავნეს. პრეზიდენტს გაეგზავნა მათი ბიოგრაფიებიც.

    არასამთავრობო სექტორის მიერ დასახლებული ერთ-ერთი კანდიდატი ლადო ბოჟაძე ამბობს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე პრეზიდენტს არ ჰყავს საკუთარი კანდიდატურა. “სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი იმ ორ ძირითად საკითხზე საუბრობს, რომლებიც მისი თქმით, ცესკოში პრობლემურია.

    არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტს გუშინ შეხვდნენ და 4 კანდიდატი შესთავაზეს. მათ შორის არიან: ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარე თამარ ჟვანია, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივნის გიორგი ჯავახიშვილი, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლის მარიამ შელეგია. აქედან გიორგი ჯავახიშვილს თავად არ აქვს სურვილი, ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტი დაიკავოს. თავმჯდომარეს ცესკო-ს წევრები კენჭისყრის შედეგად 5 წლის ვადით ირჩევენ.

  • ვინ არის ქართველი “კანონიერ ქურდი”, რომელიც აშშ-ს ციხეში 45 წელს გაატარებს

    {{ARTICLEIMAGE}}
    ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს რაჟდენ შულაიას ამერიკაში 45 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. პროკურატურამ შულაია კრიმინალების ლიდერად შეაფასა. მედიით გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ რაჟდენ შულაიას, რომელსაც დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნა, ასევე რეკეტი, ნარკოვაჭრობა, აზარტული თამაშების არაკანონიერი ორგანიზება და ძარცვა ედებოდა ბრალად, სამაგალითო ქცევის შემთხვევაში გამოტანილი სასჯელის 15%-ს შეუმცირებენ, ხოლო სასჯელის მოხდის შემდეგ ის რუსეთში იქნება დეპორტირებული. შულაია ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული წლის ივნისში 20–ზე მეტ ადამიანთან ერთად დააკავეს, რომელთაც კრიმინალური დაჯგუფების წევრობას ედავებოდნენ. მათ შორის იყო ქართველი სპორტსმენი ავთანდილ ხურციძე, რომელსაც 7 სექტემბერს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

  • “ფეისბუქშეტყობინება”, რომელსაც სააკაშვილი ინახავს – რა მისწერეს ყოფილ პრეზიდენტს

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ 2012 წლიდან დღემდე, მის მიმართ საზოგადოების აზრი უკეთესობისკენ შეიცვალა. ამის მაგალითად მან ერთ-ერთი ქალის შეტყობინება მოიყვანა.

    “მოგიყვებით ისტორიას, როგორ იცვლებოდა ხალხის დამოკიდებულება ზოგადად, მაგალითად ჩემს მიმართ. ამასწინათ ასეთი გზავნილი იყო – გულებს რომ მიგზავნიან. ჩავხედე და ვნახე, ქალი მიგზავნიდან ბათუმიდან.

    2012 წელს, არჩევნების წინ, ზაფხულში მან გამომიგზავნა: “სატანა სააკაშვილო, მოშორდი, დაანებე თავი საქართველოს”.

    2013 წელს, ჩემი პრეზიდენტობის ბოლოს მომწერა: “რა კარგია, რომ მალე მოგვშორდები, წაეთრიე ამ ქვეყნიდან, აღარ გნახოს ჩემმა თვალებმა”.

    მერე, 2015 წელს თუ არ ვცდები, დაბადების დღე მიმილოცა და მომწერა: “გილოცავ დაბადების დღეს, პრინციპში მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ბევრი რამ გაქვს გაკეთებული”.

    მერე 2016 წელს მომწერა: “კარგი იქნებოდა, თუ იფიქრებდი უკან დაბრუნებაზე”.

    2018 წელს, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მოიწერა: “მიშა ვგიჟდები შენზე, მიყვარხარ, ვაფრენ და ბევრი გულები”.

    ყველაფერი ეს შემოინახა “ფეისბუქის” ისტორიამ. რა თქმა უნდა, საზოგადოების აზრი იცვლება, მაგრამ ივანიშვილს საზოგადოების აზრის შეცვლა არ უნდა”, განაცხადა სააკაშვილმა “ფეისბუქლაივის” დროს. 

    წყარო – “რეზონანსი”