Blog

  • რით დასრულდა უმრავლესობის შვიდსაათიანი შეხვედრა

    ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის შვიდსაათიანი შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებისთვის კომენტარები უმრავლესობის რამდენიმე წევრმა გააკეთა. მათი თქმით შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ იმუშავებენ მოსამართლეთა კრიტერიუმების და ამის შედეგად მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის საკითხზე. თუმცა სავარაუდოდ დაპირისპირებულ მხარეებს შორის საბოლოოდ შეთანხმება მაინც ვერ მოხერხდა.

    “განვიხილეთ პროცესის ძირითადი ლოგიკა. შევთანხმდით რომ ეს რეგულაციები მომზადდება სამართლებრივ პრინციპებთან თანხმობაში. დღეიდან კანონის შემუშავების და მისი დამტკიცების პროცესი სამართლებრივ ჩარჩოში გაგრძელდება. “ – განაცხადა შეხვედრიდან გამოსულმა არჩილ თალაკვაძემ.

    “ეს არის პროცესი, როდესაც ყველას ექნება შესაძლებლობა, ვინც ძირითად საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებს, რომ მონაწილეობა მიიღოს და გამოთქვას სურვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე. შემდგომში თუ როგორ მოხდება ამ კრიტერიუმებთან მიმართებაში შეტანილი განაცხადების დამუშავება, როგორ მოხდება სიის ფორმირება და სიის წარდგენა პარლამენტში. პარლმენტში იქნება უზრუნველყოფილი თითოეული კანდიდატურის განხილვა საკმარისად დროში,“ – ამბობს უმრავლესობის ლიდერი.
    შეხვედრიდან გამოსულმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ მას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან ვერ გაიგო რას ნიშნავდა შეთანხმება, რომ შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებული პროცესი კონსტიტუციას არ გასცდება.
    „შევთანხმდით იმაზე, რომ პროცესი კრიტერიუმებთან დაკავშირებით კონსტიტუციის ჩარჩოებს არ გასცდება. მე ვერ ვხვდები, ეს რას ნიშნავს, ამიტომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიმიღია. ვერ გავერკვიე, რაში მდგომარეობს ეს გადაწყვეტილება. მე მგონია, რომ ამის წინააღმდეგი თავიდანვე არავინ იქნებოდა, ეს სადაო არ არის. პროცესი გაგრძელდება პარლამენტშიც, ამ ეტაპზე პრინციპის დონეზე შევთანხმდით, რომ მიღებული გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან შესაბამისობაში იქნება. კონსტიტუციის შეცვლას პრინციპულად არც ითხოვდა ვინმე, თუმცა მე პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემთვის უზენაეს სასამართლოში ღირსეული მოსამართლეების არჩევა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონსტიტუცია. მე არავის მოვუწოდებ, რომ კონსტიტუცია დავარღვიოთ, უბრალოდ, თუ კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით ღირსეულ მოსამართლეებს ვერ ვირჩევთ, მაშინ მოსამართლეობის სტანდარტი კი არ უნდა შევამციროთ, არამედ კონსტიტუცია უნდა შევცვალოთ. ალბათ, მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებშიც შესაძლებელია ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომ ავირჩიოთ ღირსეული მოსამართლეები.“ – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
    შეხვედრიდან გამოსული ეკა ბესელია ამბობს, რომ დღეს ძირითად საკითხებზე საბოლოო შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული.მაგალითად, კვლავ განსხვავებული პოზიცია არსებობს კრიტერიუმებთან დაკავშირებით
    “ ვერ ვიტყვი, რომ დღეს ჩვენ შეთანხმებას მივაღწიეთ, რადგან არსებობს ორი განსხვავებული ხედვა. ის ვერსია, რაზეც საუბრობდა დღეს კობახიძე არის განსხვავებული, ამიტომაც ვერ იქნა გადაწყვეტილება მიღებული. ამიტომ მუშაობა გაგრძელდება.“
    ეკა ბესელია ამბობს, რომ არ აპირებს სამუშაო ჯგუფის იმ ფორმატში ჩართვას, რომელიც ამჟამად არსებობს, რადგან მას არ სურს იმ მოსამართლეებთან ერთად საკითხების განხილვა, რომლებიც მისთვის მიუღებელინი არიან .

    შეხვედრიდან გამოსულმა ლევან გოგიჩაივშილმა განაცხადა, რომ მას განსაკუთრებული კმაყოფილების განცდა არ აქვს.

    “შემდეგ კვირას დავარეგისტრირებთ კანონპროექტს, რომლითაც შეჩერდება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნები. დღეს ვერ დავინახე რომ პროოცესი გარანტირებულად ისე დამთავრდება, როგორიც არის საზოგადოებრივი დაკვეთა. განსაკუთრებული კმაყოფილების განცდა არ მაქვს.ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პროცესი დამთავრდეს ისე, როგორც არის საზოგადოების დაკვეთა.“ განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
  • პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში შესაძლოა მუზეუმი გაიხსნას

    პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში შესაძლოა ქართული კულტურის ეროვნული მუზეუმი განთავსდეს. განცხადება ამის შესახებ ქართული ოცნების შეკრების დამთავრების შემდეგ უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ გააკეთა. მისი თქმით, რეზიდენციის მომავალი ბედი დღევანდელი შეკრების ერთ–ერთი განსახილველი თემა იყო. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც რეზიდენციის ბედს გადაწყვეტს. მდინარაძის განცხადებით განიხილება რამდენიმე ვერსია და ქართული კულტურის ეროვნული მუზეუმის გახსნა მხოლოდ ერთ–ერთი მათგანია. საბოლოო გადაწყვეტილებას რეზიდენციის ბედის შესახებ სამუშაო ჯგუფი კონსულტაციების შემდეგ მიიღებს.
    ავლაბრის რეზიდენციის ფუნქციის საკითხი დღის წესრიგში ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ დადგა. სალომე ზურაბიშვილმა მუშაობა ათონელის რეზიდენციაში ამჯობინა.
  • რა უნდა ვიცოდეთ წითელას შესახებ

    განვითარებულ ქვეყნებში წითელას დაავადება საფრთხეს ნაკლებად წარმოადგენს. თუმცა 2018 წელს წითელას შემთხვევებმა ევროპაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ევროპის მაშტაბით წითელას გავრცელების მხრივ საქართველო ერთ–ერთ მოწინავე ადგილზეა. წითელა სერიოზულ დაავადებად საქართველოში არასოდეს  ითლვებოდა, თუმცა ბოლო ერთ თვეში წითელას ეპიდემიაზე სერიოზულად ალაპარაკდნენ და საზოგადოება გარკვეულწილად პანიკამაც მოიცვა.
    ჯანდაცვის ექსპერტების თქმით, ქვეყანაში 20–დან 40 წლის ასაკამდე ასაკის ნახევარი მილიონი ადამიანი აუცრელია. ასეთ შემთხვევაში კი წითელა სულაც არ არის სახუმარო დაავადება. ქვეყანაში ამ დრომდე სავალდებულო ვაქცინაცია არ არსებობდა, თუმცა დაავადების გავრცელების მაშტაბებიდან გამომდინარე შესაძლოა წითელას აცრა საქართველოში სავალდებულო გახდეს.
    დაავადების მასობრივი გავრცელების დროს ბევრი მითი, რეალური თუ არარეალური ინფორმაცია ვრცელდება. მოკლედ გთავაზობთ ინფორმაციას, რაც წითელას შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ.
    1. წითელა ვირუსული ინფექციაა, რომლისთვისაც ძალიან მაღალი მგრძნობებლობაა დამახასიათებელი. თუ ადამიას ეს დაავადება არ გადაუტანია და არც აცრილია მის წინააღმდეგ, დაავადებულთან კონტაქტის შემთხვევაში დაინფიცირების საფრთხე 100 % ია. წითელას ვირუსი ძალიან მაღალი გავრცელები ს უნარით გამოირჩევა. ის შეიძლება სავენტილაციო მილებით და ლიფტის შახტებითაც კი გავრცელდეს და შენობის სხვადასხვა სართულებზე მცხოვრები ადამიანები დააავადოს. წითელათი დაავადებულთან კონტაქტსა და პირველი სიმპტომების გამოჩენას შორის პერიოდი 7 დან 14 დღემდეა.
    2. დაავადება გამოკვეთილი თავის ტკივილით, სისუსტით, ტემპერატურის 40 გრადუსამდე მატებით იწყება . მოგვიანებით ჩნდება სურდოს ნიშები, ხველა და მადის პრაქტიულად სრული დაქვეითება. წითელასთვის დამახასიათებელია კონიუქტივიტის გაჩენა – თვალის ლორწოვანი გარსის ანთება, რაც თვალის მკვეთრ ჩაწითლებას იწვევს, შემდეგ კი გამონადენს. ეს სიმპტომები 2 დან 4 დღემდე გრძელდება. მეოთხე დღეს ჩნდება გამონაყარი, რომელსაც წითელი წვრილი სხვადასხვა ზომის წერტილების ფორმა აქვს 1 დან 3 მილიმეტრამდე დიამეტრით. გამონაყარი ჩნდება სახეზე და თავზე, ყურების უკან და რამდენიმე დღეში მთელ სხეულზე ვრცელდება. წითელასთვის დამახასიათებელია დაავადების შემდეგ პიგმენტაციის დატოვება – მუქი ლაქები რამდენიმე დღის განმავლობაში ნარჩუნდება, შემდეგ კი იმავე თანმიმდრევრობით ქრება, რა თანმიმდევრობითაც გამონაყარი გაჩნდა.
    3. წითელას საწინააღმდეგო წამლები არ არსებობს. დაავადება ადვილად გადამდებია. ერთადერთი რეალური დაცვა მისგან აცრაა, რაც ვირუსისგან დაცვის ალბათობას მაქსიმალურად ზრდის, თუმცა განგაშის საფუძველი მაინც არსებობს. წითელას გავრცელება ე.წ. “აუცრელებისგან “ იწყება. სამწუხაროდ, ამჟამად აცრებზე უარის თქმა საკმაოდ მოდური ტენდენციაა. თუმცა ვაქცინაციას ბევრი მშობელი შვილებს დროულად, კალენდრის მიხედვით უტარებს.
    4. წითელა ძალიან ადვილად გადაედება და წითელათი დაავადების შანსი აუცრელი ადამიანის დაავადებულთან კონტაქტის შემთხვევაში 100% ია, თუ ადრე ეს დაავადება არ “მოუხდია“. დაავადების ერთხელ გადატანის შემდეგ მის მიმართ იმუნიტეტი მთელი ცხოვრება ნარჩუნდება. პირველი აცრის შემდეგ კი შეიძლება დროთა განმავლობაში აცრის ეფექტი შესუსტდეს. ამიტომ ბავშვებს ორჯერ ცრიან – 6 თვის ასაკში და შემდეგ 6 წლის ასაკში.
    5. წითელას აცრის გაკეთება ნებისმიერ ასაკში შეიძლება. თუმცა უფროსებმა ამის შესახებ ნაკლებად იციან და თვლიან, რომ აცრა მხოლოდ ბავშვებისთვის არის. აქამდე ზრდასრულები წითელას აცრას ნაკლებად იკეთებდნენ, თუმცა ექიმები უკვე ცალსახად გვეუბნებიან, რომ ვაქცინაცია ზრდასრული ადამიანისთვისაც აუცილებელია, თუ მას ბავშვობაში წითელა არასოდეს გადაუტანია, აცრა ბავშვობაში არ გაუკეთებია ან მხოლოდ ერთხელ გაიკეთა. ასე რომ, თუ ჯერ კიდევ არ ხართ აცრილი წითელას წინააღმდეგ, აღარ გადადოთ.

    6. სერიოზული პრობლემაა ის, რომ წითელათი დაავადებული ადამიანი ვირუსის გამავრცელებელი იმაზე რამდენიმე დღით ადრე ხდება, ვიდრე წითელას სიმპტომები ღიად გამოაჩნდება. ამიტომაც მნიშვნელოვანია წითელას რაც შეიძლება ადრე დიაგნოსტირება. ყველაზე ხშირად ინფექცია გაციების მსგავსი სიმპტომებით იწყება და მხოლოდ 4–5 დღის შემდეგ ჩნდება გამონაყარი. ბუნებრივია, ზამთარში გრიპის სეზონზე დაავადების საწყის ეტაპზე წითელაზე ნაკლებად ფიქრობენ და ამიტომაც ამ დღეებში დაავადებული შესაძლოა ვირუსის გამავრცელებელი იყოს. ამიტომაც ბავშვს თუ გაციების სიმპტომები შენიშნეთ, თვითმკურნალობის ნაცვლად მაშინვე ექიმს მიმართეთ. გამოცდილ ექიმს წითელას განსაზღვრა საწყის ეტაპზევე შეუძლია.

    7. წითელას ინფექცია იმდენად ადვილად გადამდებია, რომ ავტობუსში ერთი დაავადებულის ყოფნამ შეიძლება მგზავრების უმრავლესობა დააავადოს, თუ ისინი აუცრელები არიან. იმ შემთხვევაში თუ აცრილთა რიცხვი დიდია, ვირუსის გავრცელება სწრაფად ვეღარ ხდება. ჩვეულებრივ გარემოში ვირუსი აქტიურობას 2 საათის განმავლობაში ინარჩუნებს. თუ ამ ხნის მანძილზე მსხვერპლი ვერ ნახა, უსაფრთხო ხდება. თუმცა აუცრელები თვითონაც დაავადდებიან და სხვებსაც გადასდებენ დაავადებას. რაც მეტია აუცრელი, მით მეტია ინფექციის მაშტაბები. ამაშია კოლექტიური იმუნიტეტის არსი, იმ საზოგადოებებში, სადაც აუცრელთა რიცხვი მცირეა, წითელას ინფექცია მალევე მინელდება ხოლმე და ეპიდემიად არ იქცევა.
    8. არ არის გამორიცხული წითელა აცრის მიუხედავად მაინც დაგემართოთ, თუმცა ბევრად უფრო ადვილად ჩაივლის. შესაძლოა უსიმპტომოდაც კი.
    9. დაინფიცირებული ადამიანი გადამდები ხდება გამონაყარის გაჩენამდე ოთხი დღით ადრე, და გადამდებია გამონაყრის გაჩენიდან კიდევ ოთხი დღე. ამის შემდეგ ვირუსის გამოყოფას წყვეტს.
    10. წითელას სერიოზულ პრობლემად განვითარებულ საზოგადოებებში თითქოს არ აღიქვამენ, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ ის მსოფლიოში ბავშვთა სიკვდილიანობის ერთ–ერთ მთავარ მიზეზად რჩება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით მსოფლიოში ყოველწლიურად წითელასგან 130 ათაზე მეტი ადამიანი იღუპება. აქედან უმრავლესობა იმ ღარიბი ქვეყნების მოსახლეობაა, სადაც აცრების ორგანიზება დაბალ დონეზეა. ეს რიცხვი მცირე არ არის, თუმცა თუ გავიხსენებთ 1970 – იან წლებს, როცა აცრები მასობრივად არ ტარდებოდა, ყოველწლიურად წითელას მსხვერპლი მსოფლიოში 2.6 მილიონი ადამიანი ხდებოდა. სხვაობა მართლაც დიდია.
    11. ყველაზე ხშირად წითელასგან 5 წლამდე ასაკის ბავშვები იღუპებიან. ინფექცია მძიმედ უფრო ხშირად იმ ბავშვებში ვითარდება, რომლებიც ცუდად იკვებებიან. ვიტამინი A ს ნაკლებობა ამ შემთხვევაში კრიტიკულია. მისი დეფიციტისას ღარიბ ქვეყნებში წითელათი დაავადებულთა თითქმის 10% იღუპება.
    12. გართულებების მაღალი რისკია ორსულებში. წითელამ შესაძლოა მუცლის მოშლა ან ნაადრევი მშობიარობა გამოიწვიოს. წითელას ყველაზე გართულებული შემთხვევა ენცეფალიტი ( ტვინის ანთება) და პნევმონიაა (ფილტვების ანთება). მათ შეიძლება სუნთქვის მძიმე უკმარისობა გამოიწვიონ, რასაც რეანიმაციული მკურნალობა ჭირდება.
  • საფრანგეთის უზენაესმა სასამართლომ სამართალდამცველებს დემონსტრაციის დროს რეზინის ტყვიების გამოყენების უფლება მისცა

    საფრანგეთის უზენაესმა სასამართლომ სამართალდამცველებს დემონსტრაციის დროს რეზინის ტყვიების გამოყენების უფლება მისცა. ფრანგული მედიის ცნობით, პარიზში ყვითელჟილეტიანების აქციაზე სამართალდამცველებს აქტივისტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიების გამოყენების საშუალება მიეცემათ. პოლიცია რეზინის ტყვიებს აქამდეც იყენებდა, რის გამოც არაერთი დემონსტრანტი მძიმედ დაშავდა. ფრანგული მედიის ცნობით, ბოლო დემონსტრაციაზე 144 დაშავებულიდან 92 რეზინის ტყვიის შედეგად იყო დაზარალებული.

  • შემზარავი კადრები როგორ დაფარა ტალახის ტალღამ ახლომდებარე დასახლება

    ბრაზილიაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილმა რიცხვმა 115–ს მიაღწია. უგზო უკვლოდ დაკარგულია 248 ადამიანი. ტრაგედია 25 იანვარს ქალაქ ბრუმანდინიუს რკინის მომპოვებელი მაღაროს კარიერში მოხდა. 

    დამბის ნგრევის შედეგად, რომელიც მადნის მოპოვების შედეგად დაგროვილ ნარჩენებს იკავებდა, ტალახის ტალღამ ქვეშ მოიყოლა კაფე, სადაც ასობით მუშა სადილობდა. შემდეგ კი ახლომდებარე სახლები, მანქანები და გზები დაფარა. ტალახის 15 მეტრიანი ფენის გამო ზოგიერთი რაიონი სრულიად მიუდგომელია და ამ ზონებში მაშველები ვერტმფრენებით მუშაობენ.

    ადგილობრივმა ტელევიზიამ ტრაგედიიდან რამდენიმე დღის შემდეგ გაავრცელა შემზარავი კადრები, როგორ ფარავს ტალახის უზარმაზარი ტალღა მიმდებარე ტერიტორიებს.  ტალღამ ქვეშ ასობით ადამიანი მოიყოლა. 

  • დემნა გვასალიას ახალი “ფულის სანდლები”

    დემნა გვასალიამ თავისი ბრენდის VETEMENTS-ის ახალი ფეხსაცმელი წარადგინა.
    ფეხსაცმელი 2019 წლის გაზაფხული – ზაფხულის კოლექციიდანაა რომლის ქუსლის ფულის მონეტებისგანაა დამზადებული.
    ფულის სანდლებმა სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ ისევე როგორც დემნას მიერ შექმნილმა სხვა სამოსსმა თუ ფეხსაცმელმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ფეხსაცმლის ფასი საკმაოდ სოლიდურია. „ფულის სანდლების“ ფასი 1 260.27 ამერიკული დოლარია.
    დემნა გვასალია VETEMENTS-ის ბრენდით 2014 წელს გამოჩნდა. თავისი უნიკალური დიზაინით ბრენდმა მალევე გაითქვა სახელი და თანამედროვე მოდის ყველაზე გავლენიანი ბრენდის გახდა.
  • პრეზიდენტმა საკუთარი გერი მრჩევლად დანიშნა

    სალომე ზურაბიშვილმა მისი მეუღლის, ჯანრი კაშიას ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან, ნანა კაშია მრჩევლად დანიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია რუსთავი 2 ავრცელებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დეტალებზე კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ადასტურებენ რომ ზურაბიშვილის გერი ადმინისტრაციაში კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობს. დაუდასტურებელი ინფორმაციით მას კონტრაქტი 1 იანვარს გაუფორმეს.
    ამჟამად პრეზიდენტის რეზიდენციაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს. თანამშრომელთა რაოდენობა 102 დან 60–მდე უნდა შემცირდეს. რეორგანიზაცია 31 დეკემბრიდან გამოცხადდა და პრეზიდენტის პრეს მდივანი აცხადებდა, რომ 15 იანვრამდე საკადრო პოლიტიკის შემუშავება უნდა დასრულებულიყო. 15 თებერვლამდე კი ამ პოლიტიკის მიხედვით თანამშრომლობის შეთავაზება შიდა რესურსისთვის. თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაციით  პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პრეზიდენტის გერს კონტრაქტი 1 იანვარს, ამ პროცესების მიღმა, კონკურსის გარეშე გაუფორმა.
  • თამარ ჩუგოშვილი ” ამერიკის შეერთებულ შტატებში შემდგარი ვიზიტი დაგვეხმარება მხარდაჭერის მოპოვებაში”

    თამარ ჩუგოშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში შემდგარი ვიზიტი დაგვეხმარება მხარდაჭერის მოპოვებაში იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია


    „ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ათეულობით შეხვედრა გავმართეთ, ძირითადად კონგრესში ჩვენს კოლეგებთან – ამერიკის შეერთებული შტატების მთავარ პოლიტიკოსებთან, რომელებმაც საქართველოსთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი დაგვეხმარება მხარდაჭერის მოპოვებაში იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – ასევე შეაჯამა პარლამეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა საპარლამენტო დელეგაციის აშშ-ში ვიზიტი.

    მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები ასევე გაიმართა სახელმწიფო დეპარტამენტში და არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომლებიც ძალიან დიდ როლს ასრულებენ საქართველოსთან დაკავშირებით აზრის ჩამოყალიბებაში და საქართველოს რეპუტაციის განსაზღვრაში.

    პარლამეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის გარკვეული კონკრეტული შედეგები მალე გამოჩნდება.

    „ჩვენი ქვეყანა ამერიკის შეერთებულ შტატებში აღიქმება როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორი. ყველა აცნობიერებს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშროლობის მნიშვნელობას. მე იმედი მაქვს, რომ მალე ვიხილავთ საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებას კონგრესში და ასევე, უახლოეს მომავალში საქართველო მიიღებს დიდი ხნის ნანატრ გადაწყვეტილებას და შეძლებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ბუნებრივის მოვლენებს წინა არ უნდა გავუსწროთ, მაგრამ სრული საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილები“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

    საპარლამენტო დელეგაციამ აშშ-ში ვიზიტის ბოლო დღეს მონაწილეობა მიიღო გერმანიის მარშალის ფონდში (GMF) გამართული მრგვალი მაგიდის მუშაობაში, სადაც განხილული იყო აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხები.
    დელეგაციის წევრები ასევე შეხვდნენ „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES) ხელმძღვანელობას.
    შეხვედრაზე განიხილეს დემოკრატიული არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების განვითარების ხელშეწყობის, მათ შორის, პოლიტიკური პარტიებისა და მათი დაფინანსების სისტემის გაძლიერების, ასევე, საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული საკითხები.
    საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილის, ელენე ხოშტარიას შეფასებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს მიმართ აბსოლუტურად ჩამოყალიბებული მყარი მხარდაჭერა არსებობს.
    „ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო, იმიტომ, რომ ყველგან, როგორც კონგრესში, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლებაში და არასამთავრობო ორგანიზაციებში არის აბსოლუტურად ჩამოყალიბებული მყარი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. არის ძალიან ღრმა გააზრება რუსეთის საფრთხის, როგორც საქართველოსთან მიმართებაში, ასევე რეგიონისა და მათ შორის, მთელი მსოფლიოსათვის. ამერიკა, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, დგას საქართველოს გვერდში ჩვენი ამ უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე“,-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
    მისივე თქმით, საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების სახით ჰყავს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების სწორად განვითარების დიდი მხარდამჭერი.
    საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, 28 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით, ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში შეხვედრები გამართა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, სახელმწიფო დეპარტამენტში, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში.

    საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე ელენე ხოშტარია.