Blog

  • კაცი მოკლა სომხეთში და რა შუაში არიან ივანიშვილები? – ფარული ჩანაწერების საქმეში ფიგურანტის ძმა

    პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების პირველად ატვირთვაში სავარაუდოდ ბრალდებული პირის, დიმიტრი ანდრეევის ძმა, რომა ანდრეევი აცხადებს, რომ მისი ძმა ავანტიურისტია და ივანიშვილებთან დაკავშირებით ყველაფერს იგონებს, ხოლო ქართული წერა-კითხვის არცოდნის გამო სოციალურ ქსელში გრამატიკულად და დალაგებულად ვერ დაწერდა.

    გაზეთი “კვირის პალიტრა” ანდრეევის ძმას იმ ფაქტების შესახებ ესაუბრა, რაც დიმიტრი ანდრეევმა რუსთავი 2 -ის ეთერში მის მიერ ფარული კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

    “მისგან ყველაფერს ველოდი, ფანტაზიორია, მაგრამ რაც მოვისმინე, იმ სიბინძურეს – არა. კაცი მოკლა სომხეთში და რა შუაში არიან ივანიშვილები? მაკანკალებდა, ამ სიბინძურეს რომ ვუსმენდი. ემზარ ივანიშვილი ჩემი მეზობელია. კარგის მეტი ამ ოჯახისგან არაფერი მახსოვს. ბაბუაჩემი მათთან მეგობრობდა. ბაბუა ლომთათიძეა¬ (დიმიტრი ანდრეევი ფაცებოოკ-ში სწორედ ამიტომაც არის დარეგისტრირებული ლომთათიძის გვარით. რაც შეეხება სახელს, როგორც მისი ძმა ამბობს, ბავშვობიდან ბუბას ეძახდნენ. – ავტ.), ივანიშვილები და ბაბუას ოჯახი ერთი კუთხიდან იყვნენ. დღემდე ვმეგობრობ ემზართან, ურეკში ჩვენი სახლები გვერდიგვერდ დგას, თითქმის ყოველდღე ვხედავ. როცა ოთხი წლის წინ ბაბუა გარდაგვეცვალა, ყველაზე მეტად ეს ოჯახი დაგვიდგა გვერდით. არანაირი კონფლიქტი ბუბას ემზართან არ ჰქონია, მაგრამ არც ძმაკაცები ყოფილან. წლებია, ჩემს ძმას ემზარი არ უნახავს. ურეკიდან იძულებით წავედიო, რომ ამბობს, ტყუილია! მას საზღვარგარეთ უნდა წასვლა. ავანტიურისტია ჩემი ძმა და ყველაფერს იგონებს. როგორ შეიძლება აღმოჩენილიყო მის ხელში ფარული ჩანაწერები, არ ვიცი. არასოდეს არჩევნებზეც კი არ წასულა, აპოლიტიკური იყო. დარწმუნებული ვარ, ვიღაც იყენებს, მის ზურგს უკან ვიღაც დგას. დანამდვილებით გეტყვით, რომ მის ფაცებოოკ-გვერდზე გამოქვეყნებული ტექსტი ჩემი ძმის დაწერილი არ არის. ჩვენ რუსული განათლება გვაქვს, მართვის მოწმობაც კი რუსულად ავიღეთ. ლაპარაკი და წერა-კითხვა კი ვიცით ქართულად, მაგრამ ასე გრამატიკულად და დალაგებულად ჩემი ძმა ვერ დაწერდა, გამორიცხულია! ამაზე თავს დავდებ! არ ვიცი, რისთვის უნდოდა ეს სპექტაკლი, ან რატომ დამალა ნამდვილი ვინაობა. იქნებ ვინმე დაჰპირდა, ციხიდან გამოსვლაში დაგეხმარებიო. ნეტავ, რისთვის აკეთებს ამას? საიდან მოხვდა მის ხელში ეს ყველაფერი? ღამეები არ მძინავს ამაზე ფიქრით. ამ ყველაფერს ის მარტო ვერ გააკეთებდა. ალბათ, რამეს შეჰპირდნენ და აქვს იმედი, რომ ციხიდან დაიხსნიან. კაცს სინდისი უნდა გქონდეს, რომ ჩადენილისთვის სასჯელი ღირსეულად მოიხადო. ამ საქმიდან დასაძვრენად არ შეიძლება, ყველაფერი იკადრო და სხვას რაღაცები დააბრალო. ყველა მისი სიტყვა ტყუილია. უნდა გაირკვეს, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან და ვინ ალაპარაკებს”, – განუცხადა “კვირის პალიტრას” რომა ანდრეევმა.

    როგორც ცნობილია, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე სამართალდამცავებმა 17 პირი დააკავეს. მათი ნაწილი გირაოთი გაათავისუფლეს. 9 თებერვალს შს სამინისტრომ განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში ბუბა ლომთათიძის სახელით დარეგისტრირებული პირი, რომელმაც სავარაუდოდ, ფარული კადრები ატვირთა, სომხეთის ციხეში მკვლელობისთვის იხდის სასჯელს.

    პირი, რომელსაც გამოძიება ვიდეოს ატვირთვას ედავება, ურეკში მცხოვრები 32 წლის დიმიტრი ანდრეევია. დიმიტრი ანდრეევი ცოლთან, სოფია თურმანიძესთან ერთად სომხეთში სასჯელს ტაქსის მძღოლის მკვლელობისთვის იხდის. სავარაუდოდ, სწორედ ეს პირია ვიდეოს პირველად ამტვირთავი, თუმცა, როგორ აღმოჩნდა მის ხელში ფარული ვიდეომასალა, გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

  • ქართველების შეხლა–შემოხლა ბელგიაში. ადამიანების ჯგუფმა სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრის ჩაშლა სცადა

    ხმაური ლიეჟის კონგრესის სასახლის დარბაზის გარეთ, სადაც ქართველი ემიგრანტებისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა იყო დაგეგმილი შეხვედრის დაწყებამდე დაიწყო. ადამიანების ჯგუფმა, რომლებსაც სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის საწინააღმდეგო პლაკატები ჰქონდათ თან სხდომათა დარბაზში შესვლა სცადა. კონგრესის სასახლეში სააკაშვილის საწინააღმდეგო პლაკატებით მისული ადამიანები რეგისტრაციის გავლას ცდილობდნენ. რეგისტრატორებმა მათ სთხოვეს ეჩვენებინათ პლაკატები, რომლის შეტანასაც აპირებდნენ დარბაზში. მათ უარი თქვეს პლაკატების ჩვენებაზე რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
    პირებმა, რომლებიც დარბაზში შესვლას ცდილობდნენ, მედიასთან საკუთარი ვინაობის დასახელება არ ისურვეს.ისინი ამბობდნენ, რომ საქარველოდან ლიეჟში საკუთარი სახსრებით ჩავიდნენ და შეხვედრაში მონაწილეობა უნდოდათ. შეხვედრაზე მისული ემიგრანტების ნაწილს კი არ დაუმალავს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია.

    გარეთ მომხდარი დაპირისპირების მიუხედავად მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა ემიგრანტებთან მაინც შედგა. ქართველი ემიგრანტების შეხვედრაზე ლიეჟში, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის დროს მცირე ინციდენტი მოხდა. დარბაზში თემურ შაშიაშვილი შეიჭრა. მან შეხვედრის ჩაშლა სცადა, თუმცა ის დაცვამ დარბაზიდან გაიყვანა.ინციდენტის მიუხედავად, საქართველოს მესამე პრეზიდენტს სიტყვით გამოსვლა არ შეუწყვიტავს და მან შეკრებილ ქართველებთან საუბარი განაგრძო.

    ტელეკომპანია რუსთავი2–ის ინფორმაციით პროვოკატორებმა დარბაზში ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, ხოლო ერთ-ერთი პირი მიხეილ სააკაშვილის მიმართ წყლით სავსე ბოთლის სროლას ცდილობდა.„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ინფორმაციით კი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა წიწაკის სპრეი გაუშვეს. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც თვალებში წიწაკის სპრეი შეასხეს.
    კურიერის ინფორმაციით მეორე დღეა ბელგიის ქალაქ ლიეჟში სუსის წარმომადგენლები იმყოფებიან.კურიერის გადამღები ჯგუფი კონგრესის სასახლის უკანა პერიმეტრზე იმყოფებოდა, როდესაც შავ ტანსაცმელში ჩაცმული მამაკაცი შენიშნა, რომელიც „კურიერის“ გადამღებ ჯგუფს ფოტოებს უღებდა. მან ჟურნალისტის დანახვისთანავე ტერიტორია სასწრაფოდ დატოვა.
    მსგავსი ტიპის ადამიანების ყოფნა შეინიშნებოდა სხვა ტერიტორიაზეც. ეს ადამიანები უშუალოდ კონგრესის შენობაში, სადაც ქართველების შეკრება იმართება, არ გამოჩენილან და სიტუაციას მიმდებარე ტერიტორიაზე აკონტროლებდნენ, თუმცა კითხვაზე, “რომელი ქვეყნიდან ჩავიდნენ ისინი ლიეჟში,” ან “რომელ დიასპორას წარმოადგენენ” – პასუხების გაცემა არ ისურვეს და ტერიტორიიდან მიიმალნენ.
    კურიერის ინფორმაციით ლიეჟში ჩასული სუს-ის ის წარმომადგენლები, ადამიანებზე ახორციელებენ კურირებას, რომლებიც ქართველი ემიგრანტების შეხვედრის ჩაშლას ცდილობდნენ.გარდა ამისა, „კურიერის“ გადამღებმა ჯგუფმა გადაიღო კადრები, თუ როგორ სხედან ავტობუსში ქართველები, რომლებმაც შეკითხვებზე, საიდან არიან და რისთვის ჩავიდნენ ლიეჟში, არ პასუხობენ.

    ინციდენტების მიუხედავად სააკაშვილის და ემიგრანტების შეხვედრა მაინც შედგა. სააკაშვილმა ისაუბრა, თუ რა გეგმები აქვს მას საქართველოსთან მიმართებაში.
    „ჩვენ გვაქვს ზუსტი მოდელი იმისა, რა უნდა იყოს საქართველო. წაგვართვეს სიტყვა იმედი და წაგვართვეს სიტყვა ოცნება. ყველაფერს გვართმევენ. ოცნება რომ გვესმის ცუდი ასოციაციაა უკვე. ეს არ შეიძლება იყოს ჩვენი ოცნების საქართველო. ივანიშვილმა გამოუცხადა ომი საქართველოს, როგორც ერს. საქართველოს, როგორც საზოგადობას. ივანიშვილის კონცეფცია არის ძალიან მარტივი. ყველა უნდა იყოს დაჩმორებული, ყველა უნდა იყოს ღარიბი და მთელი დოვლათი უნდა იყოს მარტო მის ხელში. ჩემი კონცეფცია არის სრულიად საწინააღმდეგო, საქართველოს უნდა იყოს მდიდარი, თითოეული ქართველი უნდა იყოს მდიდარი და ეს უნდა იყოს გადანაწილებული ყველაზე,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
    მისი თქმით, ყველა ის ემიგრანტი, რომელიც არის საქართველოდან გასული, არის საქართველოს მოქალაქე და მას უნდა ჰქონდეს საქართველოს პასპორტი.
    სააკავშილის თქმით, ჯერ საქართველოში არ არის ნიადაგი იმისთვის მზად, რომ ის დაბრუნდეს, თუმცა ეს მალე მოხდება.
  • მაილი საირუსმა გათხოვების შემდეგ გვარი შეიცვალა

    გასული წლის 26 დეკემბერს მომღერალი მაილი საირუსი 28 წლის მსახიობის, ლიამ ჰემსვორთის ცოლი გახდა. წყვილმა ცერემონიალი მკაცრად გაასაიდუმლოა, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ ქორწინება ღიად დაადასტურეს. ახლა კი ცნობილი ხდება, რომ მომღერალი ქორწინებისას ქმრის გვარზე გადავიდა.
    ამის შესახებ ლიამმა სატელევიზიო შოუში განაცხადა. მისი თქმით შეყვარებულისთვის მის გვარზე გადასვლა არ უთხოვია და მაილიმ ეს თვითონ გადაწყვიტა. ჰემსვორთმა ამის შესახებ მხოლოდ ქორწილის დროს გაიგო. ამ მომენტს მან ცერემონიალის საუკეთესო მომენტი უწოდა. “ახლა მისი გვარია მაილი რეი ჰემსვორთი. ფსევდონიმი მაილი საირუსი მხოლოდ სცენისთვის დარჩება“ – თქვა მსახიობმა.
  • პოლიციამ ბათუმში 2 ნარკორეალიზატორი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე, 1966 წელს დაბადებული ი.მ. და 1969 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ქ. დააკავეს.

    დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა ამ პირებისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვები და შესყიდვების ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა განახორციელეს. პოლიციამ მათ მიერ უკანონოდ გაყიდული 9 აბი „სუბოქსინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. სამართალდამცველებმა, მ.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას, 3 აბი, დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი – 21 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

    გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს.

  • ვარსკვლავური თავყრილობა ჯენიფერ ენისტონის დაბადების დღეზე

    {{ARTICLEIMAGE}}11 თებერვალს ჯენიფერ ენისტონი 50 წლის ხდება. თუმცა მსახიობმა დაბადების დღის აღსანიშნავი წვეულების ორი დღით ადრე გადახდა გადაწყვიტა და მეგობრები ლოს ანჟელესის სასტუმრო Sunset Tower –ში დაპატიჟა. პაპარაცები რა თქმა უნდა სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე დაბანაკდნენ და ყველა მიმსვლელის გადაღებას შეეცადნენ. ყველაზე დიდი სიურპრიზი სასტუმროს კართან ჯენიფერ ენისტონის ყოფილი ქმრის, ბრედ პიტის გამოჩენა აღმოჩნდა. მართალია პიტი ყველანაირად ინიღბებოდა, მაგრამ შეუმჩნევლად დარჩენა ვერ მოახერხა. როგორც ჩანს ანჯელინა ჯოლისთან დაშორებამ მისი და ჯენიფერის ურთიერთობებში ახალი, მეგობრული ეტაპის დაწყებას შეუწყო ხელი. ისინი 2000 დან 2005 წლამდე იყვნენ დაქორწინებული. ცუდი ურთიერთობა არც განქორწინების შემდეგ ქონიათ, თუმცა ახლო მეგობრობა ბრედისა და ანჯელინა ჯოლის ცოლ–ქმრობის პერიოდში არ ქონიათ.
    ჯენიფერ ენისტონის 50 წლის იუბილეს აღსანიშნავ წვეულებას სხვა არაერთი ვარსკვლავი ესწრებოდა: ელენ დეჯენერესი, კეტი პერი, ორლანდო ბლუმი, რობერტ დაუნი უმცროსი, ჯეისონ ბეიტმანი, ბარბარა სტრეიზანდი, დაიან კიტონი, გვინეტ პელტროუ, ტომ ფორდი, რენდი გერბერი და ბევრი სხვა.
    ბრედ პიტი სასტუმროს შესასვლელთან, ზურგით, ქუდში.
  • განქორწინება დაქორწინებიდან 3 წუთში

    ყველაზე ხანმოკლე ქორწინება  ქუვეითში რამდენიმე დღის წინ შედგა. ახალდაქორწინებული წყვილი საქორწინო ცერემონიალის დასრულებიდან რამდენიმე წუთში განქორწინების პროცედურას შეუდგა. საქორწილო ცერემონიალის შემდეგ პატარძალი წაბორძიკდა, ქმარმა კი მას დაცინვა დაუწყო და სულელი უწოდა. ამის შემდეგ ქალი ატირდა და მოითხოვა ქმართან მისი გაშორება იქვე გაეფორმებინათ, სადაც რამდენიმე წუთის წინ ხელმოწერის ცერემონიალი შედგა. ოფიციალურად წყვილი სულ სამი წუთის განმავლობაში იყო დაქორწინებული. ეს ყველაზე ხანმოკლე ქორწინებაა ამ ქვეყნის ისტორიაში.
  • კიმ კარდაშიანი ისევ გაშიშვლდა და გაქერავდა

    38 წლის კიმ კარდაშიანმა ინსტაგრამზე თითქმის შიშველი ფოტოები გამოდო. რეალითი შოუების ვარსკვლავმა თმა კვლავ გაიქერავა. ფოტოსესია თავად კიმ კარდაშიანის სუნამოს ხაზის პროდუქტის, KKW Heart– ის სარეკლამო კამპანიისთვის გადაიღეს. კიმ კარდაშიანისთვის ამგვარი ამპლუა უცხო არ არის. ცოტა ხნის წინ კიმ კარდაშიანმა აღიარა რომ მის ქმარის, კანიე უესტს არ უყვარს შიშველი ფოტოები, თუმცა ცოლის ამ ჰობისთან შეგუება უწევს.

  • სმარტფონები, რომელთა გამოსხივება დასაშვებ ნორმას აღემატება

    გერმანული კომპანია Statista –ს იმავე დასახელების ონლაინ პორტალმა ტვიტერის საკუთარ ექაუნთზე სმარტფონების ანტირეიტინგი, ანუ იმ სმარტფონების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც ელექტრომაგნიტური გამოსხივების ყველაზე მაღალი დონე აქვთ. სიაში 16 სმარტფონი შედის. როგორც ირკვევა გამოსხივების ყველზე მაღალი დონით კომპანია Xiaomi და OnePlus – ის მოდელები გამოირჩევა. პირველ ადგილზე მოხვდა მოდელი Xiaomi Mi A1, მას მოყვება მოდელი OnePlus 5T ანტილიდერების სამეულს კი Xiaomi Mi Max 3 ასრულებს. ანტირეიტინგში მოხვდნენ ეფლის მოდელებიც – iPhone 7 ათეულში მოხვდა, iPhone 8 с კი მეთოთხმეტე ადგილზე.

    სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ფოტოზე.


    მცირე რაოდენობით ელექტრომაგნიტური გამოსხივება სრულიად უსაფრთხოა. ნორმის მნიშვნელოვანი გადაჭარბების შემთხვევაში კი მან შეიძლება ადამიანის ნერვულ სისტემაზე მოახდინოს გავლენა და ორგანიზმის უჯრედების ნგრევაც კი გამოიწვიოს.
    Statista–მ კვლევაში გერმანიის რადიაციული დაცვის ფედერალური უწყების მონაცემები გამოიყენა. კომპანია აზუსტებს, რომ გაზომვები უშუალოდ ზარის განხორციელების დროს მოხდა და არა ტელეფონის პასიურ მდგომარეობაში. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ სიაში მოხვედრილი სმარტფონების გამოსხივება გერმანიაში დადგენილ ელექტრომაგნიტური გამოსხივების რეკომენდირებულ დონეს აღემატება. გერმანიის ეკოლოგიური სტანდარტების მიხედვით გამოსხივების უსაფრხო დონე 0.6 ვტ/კგ –ს არ უნდა აღემატებოდეს.
  • მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ხვალ დილიდან მოძრაობა ორმხრივად აიკრძალება

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს განცხადებას იმის შესახებ, რომ ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 10 თებერვალს, 07:00 საათიდან 11:00 საათამდე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აიკრძალება.
    დავით აღმაშენებლის ძეგლიდან გელოვანის გამზირზე შემოსული ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს მხოლოდ ჟვანიას მოედნის მიმართულებით; ბაქრაძის სანაპიროდან “ვეფხი და მოყმის” მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი კი მხოლოდ ჟვანიას მოედნის მიმართულებით შესძლებს გადაადგილებას; ჩაიკეტება გოთუას ქუჩიდან სანაპიროზე ჩამომსვლელი გზა და ავტომობილები მოძრაობას მხოლოდ სააკაძის მიმართულებით გააგრძელებენ; ასევე, ჩაიკეტება სააკაძის მოედნიდან მარჯვენა სანაპიროზე ჩამომსვლელი გზა, ტრანსპორტით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ შარტავასა და ცინცაძის ქუჩების მიმართულებით; მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლიდან “ვეფხი და მოყმის” მიმართულებით მოძრავ ტრანსპორტს, გმირთა მოედანზე ამსვლელი პანდუსით სარგებლობა შეეძლება, საიდანაც, გზას თამარ მეფის, კოსტავას და ვარაზისხევის მიმართულებით გააგრძელებენ; ჩაიკეტება გმირთა მოედნიდან მარჯვენა სანაპიროზე გადამსვლელი პანდუსი და ავტომობილები მოძრაობის გაგრძელებას იუსტიციის სახლის მიმართულებით შესძლებენ.