Blog

  • გიორგი ნავალოვსკი უკლუბოდ დარჩა

    ქართული ფეხბურთისთვის მორიგი უსიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. გიორგი ნავალოვსკი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი უკლუბოდ დარჩა. 32 წლის მცველი მინსკის დინამოში ასპარეზობდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსული კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

    გიორგი ნავალოვსკიმ მინსკის კლუბთან კონტრაქტი შარშან ზაფხულში გააფორმა, მას მინსკის დინამოს მაისურით ყველა ტურნირის ჯამში 11 მატჩში ითამაშა და 2 საგოლე პასით გამოირჩა.

    ტრადიციულად, კლუბმა მადლობა გადაუხადა გიორგის გაწეული სამსახურისთვის და მომავალში წარმატებები უსურვა. ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს ქართველი მცველი კარიერას.

  • ბედუკაძე ცემეს

    ლადო ბედუკაძე სცემეს – რუსთავი 2 -ის ინფორმაციით, ციხის კადრების ავტორზე თავდასხმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოხდა. ამავე წყაროს ცნობით, ბედუკაძეს ყოფილმა პატიმარმა სცემა, რომელიც სასჯელს იმ პერიოდში იხდიდა, როცა ციხის კადრების ავტორი ბადრაგად მუშაობდა.

    ლადო ბედუკაძე ალადაშვილის კლინიკიდან უკვე გაწერეს. ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ალადაშვილის სახელობის კლინიკაში იყო გადაყვანილი ასევე ჩხუბში მონაწილე მეორე პირი.  მედიკოსების განმარტებით, დაზიანებები ორივე  პაციენტს ძირითადად სახის  მიდამოებში  ჰქონდა.

  • ამერიკელი დიპლომატი საქართველოში სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებაზე

    აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე, მეთიუ ბრაიზა რომელსაც ეს თანამდებობა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ეკავა, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ახლა ევროპიდან ადევნებს თვალს. გაეცნო ლიეჟში განვითარებულ მოვლენებსაც, თუმცა მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და საქართველოში სააკაშვილის შესაძლო ჩასვლის კონტექსტში ისაუბრა:

    “როგორც თავად ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმაც აღნიშნა, ის საბოლოოდ საქართველოში აპირებს დაბრუნებას, თუმცა აცნობიერებს, რომ ახლა შესაფერისი დრო არ არის”.

    მმართველი პარტიის ბიზნესმენი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ოპოზიციის კრიტიკაზე კი ამბობს, რომ ივანიშვილის “რუს მეგობრებს შესაძლოა, აქვთ გარკვეული გეგმები, თუმცა გადამწყვეტი ქართველი ხალხის არჩევანია”.

    “ვფიქრობ, ბატონი ივანიშვილის მეგობრები და კოლეგები რუსეთში იმედოვნებენ, რომ ქართველ ლიდერს (ივანიშვილი) შეუძლია, გამოიყენოს თავისი ფინანსური და პოლიტიკური რესურსი, მოახდინოს გავლენა და შეანელოს საქართველოს ინტეგრაცია ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში. მაგრამ საქართველოს მოქალაქეეები უფროდაუფრო ახლო ურთიერთობას ამყარებენ ევროპასთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. გეოგრაფიული და კულტურული თვალსაზრისით საქართველო ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის NATO-ს და ევროკავშირის წევრი, თუმცა – ჯერჯერობით”,ამბობს ამერიკელი დიპლომატი.

  • ქუთაისის მერიის მაღალჩინოსანი დააკავეს

    ქუთაისის მერიის “სპეციალური სერვისების” ყოფილი უფროსი გელა გაგუა ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე ღვარსადენების სამუშაოებზე გამოვლენილი დარღვევებისა და 250 086 ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს. გაგუას დაკავების შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ადასტურებს. პროკურატურის ცნობით, გ.გ.-ს მიმართ დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ”” ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის “ბ”” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    რადიო თავისუფლების ცნობით, გელა გაგუა “სპეციალური სერვისების” ხელმძღვანელად, ქუთაისის წინამორბედი მერის, შოთა მურღულიას პერიოდში მუშაობდა.

    შესრულებული სამუშაო უხარისხოდ ჩათვალა მერიის ახალმა ხელმძღვანელობამ და დოკუმენტაცია პროკურატურას გადაუგზავნა.

  • ერდოღანის შეურაცხყოფისთვის სასამართლომ მოქალაქეს წიგნების წაკითხვა მიუსაჯა

    სტამბოლის სასამართლომ ქვეყნის მოქალაქეს, 75 წლის მამაკაცს ალი შაჰინს პრეზიდენტ რეჯჰებ თაიპ ერდოღანის შეურაცხყოფისთვის წიგნების კითხვა მიუსაჯა. მან 24 წიგნი უნდა წაიკითხოს, მათ შორის, თურქეთის ლიდერის ბიოგრაფია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

    მამაკაცს ბრალად ედება ის, რომ დაუშვა შეურაცხმყოფელი გამონათქვამები ერდოღანის წინააღმდეგ სტამბოლის ერთ-ერთ კაფეში ყოფნის დროს. ასაკოვანი მამაკაცი წაყენებულ ბრალს უარყოფს და აცხადებს, რომ ცილისწამების მსხვერპლია.

    სასამართლომ მას თავისუფლება არ აღუკვეთა, მაგრამ დაავალდებულა 24 წიგნი წაიკითხოს, მათ შორს პრეზიდენტის ბიოგრაფია, მუსტაფა ქემალ ათათურქის სიტყვით გამოსვლათა კრებული, 2016 წელს თურქეთში გადატრიალების მცდელობის შესახებ წიგნი, ასევე ისტორიული და რელიგიური ლიტერატურა. იმის მიუხედავად, რომ შაჰინის ადვოკატმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა, მამაკაცმა ლიტერატურის კითხვა უკვე დაიწყო.

  • რუსეთის ორი და საქართველოს ერთი მოქალაქე რუსთავში ბინის გაქურდვის დროს დააკავეს

    რუსთავის პოლიციამ ქურდობის მცდელობის ბრალდებით, საქართველოს ერთი და რუსეთის ორი მოქალაქე დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დადგინა, რომ მათ 11 თებერვალს რუსთავში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინის კარი ე.წ. “ატმიჩკების” საშუალებით გააღეს და მის გაქურდვას შეეცადნენ.

    “სამართალდამცველებმა ერთი დამნაშავე ბინიდან გამოსვლის და მიმალვის მცდელობისას, დანარჩენი ორი კი იმავე ბინაში, ადგილზევე დააკავეს. დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ნაქურდალი ოქროს ნივთები, სამკაულები, 4 000 დოლარი და ე.წ. “ატმიჩკები”. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”იუწყება შსს.

  • “ხანძრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩნდება, კითხვის ნიშნები რატომ არის, ვერ ვხვდები” – დიდუბის გამგებელი

    დიდუბის გამგებელი ამბობს, რომ სადგურის მოედანზე ხანძრის გამომწვევი მიზეზი ექსპერტ-კრიმინალისტებმა უნდა დაადგინონ, დაზარალებულებს კი ზარალი აუნაზღაურდებათ. 

    ირმა ზავრადაშვილის ინფორმაციით, სახანძრო ადგილზე 4 წუთში მივიდა და რეაგირება მოხდა უსწრაფესად: “დაკვამლიანება რომ არ იყოს, ახლა ამაზე მუშაობენ. ამ ბაზრის ხელმძღვანელობას ამ ხალხლთან გვერდით დგომის დიდი გამოცდილება აქვს და ეჭვიც არ მეპარება, როგორც ადრე მოხდა, ახლაც იგივეს გააკეთებენ”, ამბობს დიდუბის გამგებელი. 

    “ხანძრები მთელი ქალაქის და მსოფლიოს მასშტაბით ჩნდება, კითხვის ნიშნები რატომ არის, ვერ ვხვდები. უბრალოდ უნდა დადგინდეს, საიდან არის ხანძარი”, ამბობს ირმა ზავრადავშილი.

    როგორც ცნობილია, სადგურის მოედანთან ხანძარი იყო. დაიწვა დაახლოებით 150 კვადრატული მეტრი ფართობი, სადაც მეორადი ტანსაცმლის საწყობი იყო განთავსებული. ბაზრობის ტერიტორია დაახლოებით 1800 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს. ხანძარს 17 სახანძრო-სამაშველო მანქანა აქრობდა. ცეცხლის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ამას ექსპერტ-კრიმინალისტები დაადგენენ. წინასწარი ინფორმაციით კი, ცეცხლი გაუჩნდა ელექტრო-სადენებს. ხანძრის გავრცელების საფრთხე აღარ არის. დაზარალებულები ადგილზე თბილისის მერის მისვლას მოითხოვენ.

    “წინათაც დამეწვა ორასიათასის, მაგრამ 200 ლარიც არ მოგვცეს, სახლი ბანკში ჩავდე და ახლა ისიც უნდა წამართვან?!”,ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.

    მათივე ცნობით, გასულ წელსაც იგივე ფაქტი მოხდა და როგორც ჩანს, უსაფრთხოების ნორმები სათანადოდ არ არის დაცული.

    “ჰკითხეთ, კახა კალაძეს, როდის დაგვეხმარა?”,ამბობს ადგილზე დასაქმებული.

  • ვინ არის პირი, რომელიც პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმეზე დააკავეს

    ზაალ ლატარია, რომელიც გუშინ პოლიციამ პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით ბათუმში მოწმის საკით გამოკითხა, დაკავებულია. გამოძიება მას კადრების შენახვასა და მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით გავრცელებას ედავება. პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩხრეკაც ჩაატარა. დაკავებამდე ზაალ ლატარიამ განაცხადა, რომ მის მიმართ დევნა მიმდინარეობს. ის უკრაინაში იბრძოდა და მისი შვილიც ადასტურებს, რომ “2016 წლის შემდეგ, რაც საქართველოში ჩამოვიდა, მას “მიშას კაცს” ეძახდნენ – ნარკოტიკი ჩაუდეს, რაზეც გამართლდა, შემდეგ კი არაერთხელ გააფრთხილეს, რომ ქვეყანა დაეტოვებინა”.

    “ედავებიან ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებას, რასთან კავშირიც არ ჰქონია მამაჩემს. უბრალოდ, ყალბი ანგარიშით გაუგზავნეს, გახსნა და წაშალა. პოლიტიკური დევნაა, მიზეზი ალბათ ის არის, რომ პოლიტიკური აქტივისტი იყო – და “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერია”ამბობს ლანა ლატარია.

    “ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთინ ლიდერი გიორგი ბარამიძე კი ამბობს, რომ დაკავებული ზაალ ლატარია მათი ხმარდამჭერი და აქტივისტია და ვარაუდობს, რომ სწორედ ამიტომ მას სუს-მა გაუგზავნა ფარული ჩანაწერი და ახლა კადრების ნახვის გამო აკავებენ, რომ ამ მეთოდით “ნაციონალური მოძრაობის” მომხრეები დააშინონ.

    პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სულ 18 პირია დაკავებული. შსს აცხადებს, რომ ყველა იმ პირის მიმართ, ვინც გამიზნულად ან სხვაგვარად ახდენს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებას, კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები გატარდება.

  • ვერაზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება

    “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” (გწპ) მიერ საგზაო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით, თბილისში, ვ.პეტრიაშვილის და ა. ბარნოვის ქუჩების კვეთაზე, მიმდინარე წლის 14 თებერვალს, 13:00 საათიდან, 15 თებერვლის 02:00 საათამდე ავტომანქანების გადაადგილება შეიზღუდება.

    საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, პეტრიაშვილის ქუჩიდან ამოსული ნაკადი იმოძრავებს ბარნოვის ქუჩით მრგვალი ბაღის მიმართულებით. მრგვალი ბაღიდან ბარნოვის ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანები, პეტრიაშვილის ქუჩის ნაცვლად ისარგებლებენ ნაფარეულის ქუჩით.

    ხოლო ა. ბარნოვის ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანები ისარგებლებენ შანიძის ქუჩით და შემდეგ სასურველი მიმართულებით გადაადგილდებიან.
  • ნარკოტიკების მოხმარებისთვის შსს-დან ორი თანამშრომელი გაათავისუფლეს

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი თანამშრომელი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო დაითხოვა – სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, რომლებსაც შემოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდათ.

    შსს-ს ინფორმაციით, მინისტრის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემთხვევაში, სამინისტროს თანამშრომლის მიმართ გამოიყენება ყველაზე მკაცრი დისციპლინარული სახდელი – სამსახურიდან დათხოვნა.