Blog

  • კალაძის გადაწყვეტილება თბილისში მშენებლობებთან დაკავშირებით

    კოეფიციენტების მატება და კა-2 კოეფიციენტების გაყიდვა აღიკვეთება, თბილისის მერიის ეს გადაწყვეტილება კახა კალაძემ მედიას დღეს გამართულ ბრიფინგზე გააცნო. 

    კალაძის განცხადებით, კოეფიციენტების გადამეტების მავნე პრაქტიკამ ხელი შეუწყო ქალაქის დამახინჯებას.

    “მინდა გაგაცნოთ თბილისის სწორად განვითარებისთვის სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით აღიკვეთება კოეფიციენტების მატება და K2 კოეფიციენტების გაყიდვა. ის პრაქტიკა, რომელიც 2005 წლიდან იყო დამკვიდრებული, თბილისის მერიისა და საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება.

    რეგულაცია გავრცელდება ყველა ნებართვასა და გრგ-ზე, რომელიც რეგულაციის ამოქმედების მომენტიდან იქნება მიღებული წარმოებაში. ჩვენი დღის წესრიგია, რომ დედაქალაქს შევუქმნათ სწორი განვითარების პირობები: ეს მოხდება გეგმაზომიერად, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით დადგენილი ძირითადი პარამეტრების შესაბამისად”, განაცხადა კალაძემ.

    “სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია წლების განმავლობაში, კოეფიციენტების გადამეტების მავნე პრაქტიკამ ხელი შეუწყო ქალაქის დამახინჯებას, ქაოტური განაშენიანების პროვოცირებას. მერიის ახალი მენეჯმენტი K2 კოეფიციენტის მატების ინსტრუმენტს უდიდესი სიფრთხილით ვეკიდებოდით, თუმცა, ეს ზვავის პრინციპით აგორებული პროცესი, წლების განმავლობაში დაგროვებული პრობლემის აღმოფხვრა, მხოლოდ რადიკალური გადაწყვეტილებითაა შესაძლებელი, ამიტომ გადავწყვიტეთ სამართლებრივ დონეზე საერთოდ ავკრძალოთ K2 კოეფიციენტით მანიპულაციები.

    როგორი ინოვაციური და მასშტაბური პოექტებიც არ უნდა განვახორციელოთ მომავალში, იქნება ეს სატრანსპორტო პოლიტიკა, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია თუ გარემოზე ზრუნვა, ყველაფერი გაუფერულდებოდა, თუ ამის პარალელურად, ხელშეუხებლად დარჩებოდა წლების განმავლობაში მიმდინარე ურბანული ქაოსი. ეს გადაწყვეტილება არის დასაწყისი, ჩვენ ეტაპობრივად მოვაწესრიგებთ სამართლებრივ ჩარჩოს და უზრუველვყოფთ თბილისის სწორად განვითარებას. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო დარგის სპეციალისტებს და განსაკუთრებით სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ კონსულტაციებში.

    მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო სექტორისთვის ერთი შეხედვით შესაძლოა მოგვეჩვენოს, რომ ეს გადაწყვეტილება მომგებიანი არ არის, სინამდვილეში, არსებული ურბანული ქაოსი საერთო ჯამში მათ ბიზნესსაც აზარალებდა. კარგია, რომ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებმა, ეს ინიციატივა ძალიან სწორად გააანალიზეს, გაიზიარეს და პრაქტიკულად ერთხმად დაუჭირეს მხარი. თითოეულ თბილისელს, ჩვენი ქალაქის ყველა გულშემატკივარს კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ მართლაც უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას! ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ თუ გულწრფელები ვართ საკუთარ ქალაქზე ზრუნვაში, თუ ერთსულოვნები ვართ გამოწვევების წინაშე, ნებისმიერი პრობლემა მოგვარებადია. კიდევ ერთხელ გილოცავთ და აქვე გეტყვით, რომ ახლო მომავალში, გვაქვს საინტერესო გადაწყვეტილებები, რომლებსაც მომდევნო დღეების განმავლობაში გაგაცნობთ”, ამბობს თბილისის მერი. 

  • მამუკა ხაზარაძე მის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას პასუხობს

    მამუკა ხაზარაძე მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას და ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას თიბისი ბანკის მმართველობიდან მისი და ბადრი ჯაფარიძის ჩამოშორების შესახებ ფეისბუქზე, საკუთარ გვერდზე პასუხობს:
    “მეგობრებო, უკვე 8 თვის განმავლობაში, თიბისის, ჩემი და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ორგანიზებული კამპანია მიმდინარეობს, რომელიც ეროვნული ბანკის დღევანდელი ბრძანებით დაგვირგვინდა, სები ითხოვს ჩამოგვაშორონ იმ კომპანიას, რომელიც 27 წლის წინ ერთად შევქმენით და დღეს უკვე წარმატებულ, საერთაშორისო, ლონდონში ბაზირებულ, მრავალმილიარდიან ორგანიზაციად იქცა, თიბისელების გუნდი 10,000-მდე ადამიანს ითვლის და სიამაყით და იმედით უყურებს მომავალს. დღეს თიბისი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს თანატოლია, ბიზნეს სამყაროში მსოფლიო დონისა და სტანდარტების მქონე კომპანიაა, ინსტიტუტი, რომლითაც ყველა ქართველს შეუძლია იამაყოს.
    მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა იურიდიულმა კომპანია DENTONS მა შეისწავლა 11 წლის წინანდელი საკითხი, რაზეც ახლა მიმდინარეობს მსჯელობა და დაადგინა, რომ არა თუ ფულის გათეთრებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ან რაიმე კრიმინალურ ქმედებას, არამედ ინტერესთა კონფლიქტსაც კი არ ჰქონია ადგილი.
    ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს საქმეს, ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს ღირსებას. არ შევეგუებით უსამართლობას და ყველა ჩვენს ხელთ არსებული საშუალებით დავიცავთ „თიბისის“ და მისი აქციონერების სამართლებრივ უფლებას ადგილობრივ და საერთაშორისო ინსტიტუტებში.
    დიდ ეჭვს იწვევს ისიც, რომ ასეთი აჩქარებული ტემპით გამოტანილი გადაწყვეტილება და ჩვენი რეპუტაციის შემლახველი კამპანიის წარმოება ხდება სწორედ ახლა, როდესაც ასე ახლოს ვართ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის – ანაკლიის პორტის წარმატებით განხორციელებასთან.
    კვლავაც იმედით ვუყურებ ჩვენს მომავალს და მადლობას ვუხდი ყველა თქვენგანს მხადაჭერისთვის!“

  • ილიაუნის სტუდენტების ულტიმატუმი რექტორს

    ილიაუნის ბიზნესსკოლის სტუდენტები ილიაუნის რექტორს გადადგომისკენ მოუწოდებენ და ვადას 15 თებერვლის 22:00 საათამდე აძლევენ
    ულტიმატუმი წაუყენეს განათლების მინისტრსაც. ბატიაშვილისგან ილიაუნის ბიზნესსკოლას სტუდენტები უნივერსიტეტში არსებული კრიტიკული მდგომარეობით დაინტერესებასა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ. მინისტრს საქმეში გასარკვევად იგივე ვადა აქვს, რაც რექტორს გადასადგომად. წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტები შიმშილობის დაწყებით იმუქრებიან.
    სტუდენტების ულტიმატუმს ილიაუნის რექტორის მოადგილემ უპასუხა. ნინო დობორჯგინიძის თქმით, ახალგაზრდების პროტესტის ასეთი ფორმა მიუღებელია.
    სტუდენტები უნივერსიტეტში განხორციელებულ რეფორმას აპროტესტებენ, რომელიც ბიზნეს სკოლის ნაცვლად ბიზნესის, განათლებისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ჩამოყალიბებას გულისხმობს. ისინი დეკანის თანამდებობაზე კვლავ გიორგი ქადაგიძის დაბრუნებას ითხოვენ.
  • პრეზიდენტის ადმინისტრაციის 61 თანამშრომელი უმუშევარი დარჩა

    დღეს საღამოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ თათბირზე ადმინისტრაციის 61–მა თანამშრომელმა შეიტყო, რომ სამსახურიდან გათავისუფლებულია. მათი გათავისუფლება რეორგანიზაციის ფარგლებში მოხდა, რომელიც 31 დეკემბერს დაიწყო და ხვალ მთავრდება.
    გათავისუფლებულ თანამშრომლებს ე.წ. მობილობა გამოუცხადეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი მონაცემები საერთო ბაზაში გადაიგზავნება და ერთი თვის მანძილზე თუ საჯარო სამსახურში მათზე მოთხოვნა ან ვაკანსია გაჩნდა, ისინი დასაქმდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში უმუშევრები რჩებიან.
    თანამშრომელთა ნაწილმა მიიღო შეთავაზება ათონელის რეზიდენციაში გადასვლის შესახებ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია ზუსტად რამდენი თანამშრომელი გადავა ძველი რეზიდენციიდან ახალი პრეზიდენტის ახალ რეზიდენციაში.
    უმუშევრად დარჩენილ თანამშრომლებს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კანონით კომპენსაცია უნდა გადაუხადოს.
  • თიბისი სამართლებრივ ბრძოლას აპირებს. ბანკის პასუხი სებ-ს

    ეროვნული ბანკის მოთხოვნას თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის საბჭოდან გაწვევის შესახებ განცხადებით პასუხობს.
    “დღეს, თიბისი ბანკმა ეროვნული ბანკისგან მიიღო წერილი, რომელშიც მოთხოვნილია ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვება მომდევნო ორი თვის განმავლობაში.
    რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება, როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა. თიბისი ბანკი გააგრძელებს აღნიშნულ თემაზე სასამართლო დავას. თიბისი ბანკი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად.
    მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, როგორც აქამდე, საქმიანობას აგრძელებენ თიბისი ჯგუფის ბრიტანული ჰოლდინგის TBC Bank Group PLC (თიბისი ბანკის მფლობელი მშობელი კომპანია) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის პოზიციებზე.
    თიბისი ბანკი არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული მოწინავე საჯარო კომპანია, რომელიც წარმოდგენილია პრემიუმ სეგმენტში (FTSE250 სიაში) და წარმოადგენს მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის ინვესტორთა და აქციონერთა ინტერესებს საქართველოში.
    აღნიშნული გარემოება არ იქონიებს გავლენას თიბისი ბანკის განვითარებაზე და სტრატეგიაზე.
    ბანკი გააგრძელებს დასახული გეგმების განხორციელებას.“ – ნათქვამია თიბისი ბანკის განცხადებაში.

    ეროვნული ბანკი თიბისის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძის გაწვევას მოითხოვს

  • მაგთი ტარიფს ვეღარ გააძვირებს

    საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს კომპანია “მაგთიკომს” 18 თებერვლიდან დაანონსებული ტარიფების გაძვირება შეუჩერა. ეს გადაწყვეტილება კომისიის სხდომაზე მიიღეს. ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს. კომუნიკაციების კომისიამ შპს “მაგთიკომისა” და “სილქნეტის” მიერ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ, ორივე კომპანიას მოუწოდა შეეჩერებინათ გაძვირების პროცესი და დალოდებოდნენ ბაზრის კვლევის დასრულებას, რომელსაც კომისია ატარებს.

    ეს მხოლოდ კომპანია “სილქნეტმა” გაითვალისწინა, გამომდინარე იქედან, რომ “მაგთიკომმა” თავის გადაწყვეტილებას არ გადახედა, კომისიამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იმსჯელა და მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით, “მაგთიკომს” ტარიფების გაძვირება გაუჩერა. “გამომდინარე იქედან, რომ მაგთიკომის გადაწყვეტილება, ტარიფების გაძვირების შესახებ მომხმარებელს აყენებს ზიანს, კომისიის მიზანია, რომ მაქსიმალურად იქნას დაცული მომხმარებლების ინტერესები და ვიდრე კვლევა არ დასრულდება, კომპანიამ გააჩეროს გაძვირების პროცესი, იმისთვის რომ აბონენტები არ დაზარალდნენ. კომისიის გადაწყვეტილებით “მაგთიკომს” პაკეტების ღირებულების გაზრდა, მობილური საცალო ხმოვანი მომსახურებისა და მცირე ოპერატორების აბონენტთან დიდი ოპერატორების აბონენტებისგან განსხვავებული ტარიფით დაკავშირების ნაწილში შეუჩერდა, კერძოდ, კომპანიას დაევალა, რომ დღეს არსებული 25 ლარიანი ულიმიტო პაკეტი კვლავ დატოვოს ძალაში”, წერია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    მობილური ქსელების გაძვირებასთან დაკავშირებით ინფორმაცია 21 იანვარს გავრცელდა. “სილქნეტი” სატარიფო ცვლილებებს პირველი მარტიდან გეგმავდა.

    მალევე მარეგულირებელმა კომისიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერდა, რომ მობილური ქსელების ტარიფების გაძვირების წინაპირობა არ არსებობს.

  • ეროვნული ბანკი თიბისის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძის გაწვევას მოითხოვს

    საქართველოს ეროვნული ბანკი თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენებას ითხოვს, რისთვისაც სამეთვალყურეო საბჭოს 2-თვიან ვადას აძლევს.

    ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის 2019 წლის 13 თებერვლის სხდომაზე განხილვის შედეგად, მიღებული გადაწყვეტილება თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერების თაობაზე.

    “ამასთანავე, თიბისი ბანკის აქციონერთა კრებას მიეცა 2-თვიანი ვადა, მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის. ამასთან, ეს გადაწყვეტილება არ ეხება არცერთი აქციოენერის საკუთრებაში არსებულ წილებს ბანკში.

    ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერსთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა.

    ეროვნული ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თიბისი ბანკი, მისი აღმასრულებელი მენეჯმენტით, ქვეყანაში და რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ორგანიზაციაა. თიბისი ბანკი ძლიერი და მდგრადი საკრედიტო ინსტიტუტია და სრულად აკმაყოფილებს არსებულ ეკონომიკურ ნორმატივებსა და ლიმიტებს. ასევე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის აღნიშნული საზედამხედველო გადაწყვეტილება არ არის მიმართული თიბისი ბანკზე.

    თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტზე დალისტული საჯარო კომპანიაა. გატარებული ღონისძიებები კიდევ უფრო გააუმჯობესებს ბანკის კორპორაციული მართვის ხარისხს, რაც თიბისი ბანკის შემდგომ განვითარებასა და ინვესტორებისათვის მიმზიდველობის გაზრდას უზრუნველყოფს”.

    თიბისი სამართლებრივ ბრძოლას აპირებს. ბანკის პასუხი სებს