Blog

  • ყაზახეთის დედაქალაქს ოფიციალურად ნურსულთანი ეწოდა

    ყაზახეთის დედაქალაქს ოფიციალურად ნურსულთანი ეწოდა. ყაზახეთის პრეზიდენტმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ განკარგულება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა. შეგახსენებთ, რომ 20 მარტს ყაზახეთის ახალი პრეზიდენტი ინიციატივით გამოვიდა, ქვეყნის დედაქალაქ ასტანას სახელი გადაერქვას და ნაზარბაევის პატივსაცემად ნურსულთანი დაერქვას. ინიციატივას მხარი ქვეყნის პარლამენტმაც დაუჭირა .

  • ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში ჩამოდის

    საქართველოში ნატოს გენერალურ მდივანი ჩამოდის. იენს სტოლტენბერგთან ერთად თბილისში მისი სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაიც ჩამოვა.
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტოლტენბერგი თბილისში 24 მარტს ჩამოვა. ოფიციალურ შეხვედრებს კი  25 მარტს დაიწყებს.
    25 მარტს ნატო-ს გენერალური მდივანი მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს შეხვდება, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.
    დაგეგმილია იენს სტოლტენბერგის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.ვიზიტის ფარგლებში, იენს სტოლტენბერგი „ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრსაც“  ეწვევა და ნატო–საქართველოს სწავლებას დაესწრება. ეს ნატოს გენერალური მდივნის მესამე ვიზიტია საქართველოში.
  • საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საელჩო სიფრთხილისკენ მოუწოდებს

    საქართველოს საელჩო საფრანგეთში მცხოვრებ ან ტურისტული მიზნით საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

    როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი 23 მარტს პარიზსა და საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციებია დაგეგმილი. საქართველოს საელჩო საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი აარიდონ მომიტინგეთა თავშეყრის ადგილებს.

    „საფრანგეთში მცხოვრებ ან ტურისტული მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ: როგორც მოგეხსენებათ, შაბათს, 23 მარტს, პარიზსა და საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში დაგეგმილია ე.წ. ყვითელჟილეტიანების საპროტესტო აქციები. გთხოვთ, მოერიდოთ მომიტინგეთა თავშეყრის ადგილებს და თვალყური ადევნოთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გადმოცემულ ინფორმაციას. საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე: +33783318689,” – ნათქვამია საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

  • შსს–მ ყალბი ასლარიანების გამსაღებლები დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყალბი ფულის ჯგუფურად შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით 2 პირი დააკავა.  1968 წელს დაბადებული ნ.ჟ. და 1975 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.ა. ყალბი ფულის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით დააკავეს.
    გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ქალაქ ახმეტაში, სხვადასხვა მაღაზიებში სამი ყალბი ასლარიანი კუპიურა გაასაღეს.
    პოლიციამ, გ.ა.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას, ყალბი ასლარიანი კუპიურა ნივთმტკიცებად ამოიღო.
    გამოძიება ყალბი ფულის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია გაძარცვეს

    ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია სმაილი დღეს დილით გაქურდეს. ჩამსხვრეულია მინები და წაღებულია, დაახლოებით, 1500 ლარის პროდუქცია, ძირითადად, ჰავერბორდები.

    სმაილის მაღაზიათა ქსელის კოორდინატორი, ვახტანგ მუჯირიშვილი, აცხადებს, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში ეს ძარცვის უკვე მეხუთე შემთხვევაა.

    ტექნიკის მაღაზიაში დამონტაჟებულია უსაფრთხოების სისტემა, თუმცა, დაცვა რეაგირებას ვერ ასწრებს.

    წინა შემთხვევაში 17 ათასი ლარის ღირებულების მობილურების წასაღებად მძარცველებს მხოლოდ 30 წამი დასჭირდათ, დღეს დილით კი ძარცვა მხოლოდ 21 წამში დასრულდა.

    „დაგვხვდა ჩატეხილი ვიტრინა, თავისთავად დაცვის სამსახურმა უცბად მოახდინა რეაგირება, მოვიდნენ ერთ წუთში, მაგრამ ერთი წუთი ამ ვიტრინის გატეხვას და იქიდან ნივთების წაღებას არ სჭირდება. მერე კრიმინალისტები მოვიდნენ, პოლიცია მოვიდა, ჯერჯერობით მიდის ძიება. ეს ფილიალი 5-ჯერ არის გატეხილი. აქამდე არასრულწლოვნები იყვნენ და ტელეფონები გაქონდათ, დაახლოებით, 21 წამში,“ – ამბობს ვახტანგ მუჯირიშვილი.

    შსს-ში აცხადებენ, რომ დამნაშავეების დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

  • აფხაზეთში ვლადისლავ არძინბას ძეგლს უდგამენ

    მონუმენტალური ხელოვნების “სახელმწიფო“ კომისიამ მოიწონა წინადადება ე.წ. აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ძეგლის დადგმის შესახებ. აფხაზეთის ე.წ. პრემიერ მინისტრმა, ვალერი ბგანბამ, რომელიც კომისიას ხელმძღვანელობს დავალება გასცა კონკურსის ჩასატარებელი კრიტერიუმები შეარჩიონ, რომლითაც არძინბას ძეგლის საუკეთესო პროექტი გამოვლინდება. კრიტერიუმები არა მხოლოდ სკულპტურის პროექს და არქიტექტურას, არამედ მომავალი ძეგლის ლანდშაფტური ზონის დიზაინსაც უნდა შეიცავდეს.
    დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა ამ თანამდებობაზე 1994 წელს აირჩიეს, 1999 წელს კი მეორე ვადით. ის 2010 წელს გარდაიცვალა.
    არძინბა აფხაზეთის სეპარატისტული მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი იყო და აფხაზებისთვის ქართველების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ–ერთი “გმირია“.

  • რა საფრთხეებს შეიცავს პოპულარული ცილოვანი დიეტები

    ბოლო დროს ძალიან პოპულარულია ე.წ. ცილოვანი დიეტები – განსაკუთრებით დუკანის და ატკინსის დიეტა. კვების ამგვარ რაციონში, როგორც წესი ჭარბობს ცილით მდიდარი პროდუქტები და იზღუდება ნახშირწყლების მიღება.

    ცილოვანი დიეტით ადამიანები წონაში შედარებით იოლად იკლებენ და ის ეფექტურია როგორც ახალგაზრდებში, ისე ხანდაზმულებში. ამერიკელი მეცნიერების მიერ უეიქ ფორესტის უნივერსიტეტში ახლახან დასრულებული ექსპერიმენტი ადასტურებს, რომ ამ ცილოვანი დიეტით ადამიანები წონაში ისე იკლებენ, რომ ძვლოვან და კუნთოვან მასას ინარჩუნებენ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულთა ჯანმრთელობისთვის და მათი მობილურობის შენარჩუნებისთვის.

    კვლევის საკონტროლო ჯგუფის მონაწილეებმა წონაში 6 თვის მანძილზე, დაახლოებით 8.1 კგ დაიკლეს. აღმოჩნდა, რომ დაკლებული წონის 87% შუატანის ცხიმზე მოდიოდა. ცილის მიღების დღიური ნორმა ექსპერიმენტის მონაწილეებს ექიმებმა ასე განუსაზღვრეს: სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე – 8 გრამი ცილა.

    თუმცა, მეცნიერები თანხმდებიან იმაზე, რომ კვების დროს უმეტესად აუცილებელია ბალანსის და მრავალფეროვნების დაცვა. როცა ერთი ტიპის საკვებს მეორეს შემცირების ხარჯზე გაზრდი, იზრდება ჯანმრთელობის რისკებიც. ე.წ. ცილოვანი დიეტების მიმდევრებს ხშირად აღენიშნებათ კალციუმის და ვიტამინ D-ს ნაკლებობა, მაღალი ქოლესტერინი, მცენარეული ბოჭკოს მიღების სიმცირით გამოწვეული საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები. რისკებს შორის სახელდება ნაწლავის კიბოებიც. რისკების გათვალისწინებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დიდი ხანია რაციონში წითელი ხორცის შემცირების რეკომენდაციით გამოდის.

    ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ავსტრალიელ მეცნიერთა კვლევა, რომელიც ამბობს, რომ ცილის დიდი რაოდენობით მიღებაზე დაფუძნებული დიეტები ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს და სიცოცხლის ხანგრძლივობასაც ამცირებს.  ნაშრომის ავტორები ამტკიცებენ, რომ ორგანიზმს ნახშირწყლებიც სჭირდება და ამ უკანასკნელის დრამატულად შემცირება ჯანმრთელობას ვნებს.

    ავსტრალიელი მეცნიერები ამბობენ, რომ ცილების ჭარბად მიღების შემთხვევაში, უჯრედში ცილების სინთეზის პროცესი ჩქარდება. სწრაფ სინთეზთან ერთად, იზრდება ჯანმრთელობის რისკებიც. ეს დაახლოებით ისევე ხდება, როგორც მანქანის ტარების დროს, რაც უფრო მაღალი სიჩქარით მივდივართ, მით მეტია შეცდომის დაშვების რისკი და ამ შეცდომით გამოწვეული შედეგის მასშტაბი – განმარტავენ მკვლევარები.

    “ნახშირწყლებზე ბევრი ცუდი იწერება, განსაკუთრებით როცა საქმე დიეტას ეხება. მაგრამ, საბოლოო ჯამში, მთავარი საიდუმლო ბალანსშია და იმის ცოდნაში, თუ რა განსხვავებაა “კარგ” და “ცუდ” ნახშირწყლებს შორის” – ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი, პროფესორი ქრისტოფერ პროდი.

    ის გახდომის მსურველებს ურჩევს ნახშირწყლები ხილით, ბოსტნეულით და გადაუმუშავებელი ბურღულეულით მიიღონ. გასახდომად და გაჯანსაღებისთვის კი ხმელთაშუა ზღვის დიეტაზე დაფუძნებული რაციონი არჩიონ, რომელსაც წონაში კლების დადასტურებული ეფექტი აქვს და არც ადამიანის ჯანმრთელობას აზიანებს.

    გახდომის ყველაზე ჯანმრთელ გზად ისევ მაქსიმალურად დაბალანსებული,  დღიური კალორიების 10-20 პროცენტამდე შემცირებაზე დაფუძნებული და მრავალფეროვანი კვება რჩება. მაქსიმალური ეფექტურობისთვის და დაკლებული წონის შესანარჩუნებლად, კვების ახალი რეჟიმი თვეების მანძილზე უნდა გაგრძელდეს.

  • პროტესტი ჰესის წინააღმდეგ. ხელისუფლების წარმომადგენლებს ლენტეხელები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

    ლენტეხელები მდინარე ხედულაჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. ისინი თვლიან, რომ მდინარე ხედულაზე ჰესის აშენება მათ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. დღეს პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, სოზარ სუბარსა და მაჟორიტარ დეპუტატს, ვიქტორ დოლიძეს ლენტეხში საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ.

    ადგილობრივებმა იმ შენობის შესასვლელი ჩაკეტეს, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებს „ხელედულა ჰესის“ შესახებ მსჯელობა ჰქონდათ დაგეგმილი. სიტყვიერი შელაპარაკებისა და ფიზიკური შეხლა-შემოხლის გამო, შეხვედრა ჩაიშალა. ლენტეხელებმა მთავრობა საჯაროდ კიდევ ერთხელ გააფრთხილეს, რომ ხეობაში ჰესს არ ააშენებინებენ.

    ადგილობრივების მიერ შენობის ბლოკირების გამო, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა შეხვედრის ადგილი შეცვალა და მსურველები სამსჯელოდ სხვა შენობაში დაპატიჟა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა იქაც გადაინაცვლეს და შეხვედრა საბოლოოდ ჩაშალეს.

    ადგილობრივები ამბობენ, რომ ხატზე დაიფიცეს, რომ მდინარე ხელედულაზე ჰესს არავის ააშენებინებენ და სიტყვას არ გატეხენ.

    მდინარე ხელედულაზე 50 მეგავატიანი „ხელედულა 3-ის“ მშენებლობა იგეგმება. მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ამ პროექტის მოწინააღმდეგე ხეობის მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილია. დღევანდელი პროტესტის მიუხედავად, ახალი ჰესის მნიშვნელობაზე სასაუბროდ ლენტეხში ჩასვლას კვლავაც გეგმავენ.

    ჰესის მოწინააღმდეგე ადგილობრივებს საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლოს გზით აქვთ გადაწყვეტილი. საქმე, რომელშიც ლენტეხელებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ეხმარება, უკვე თბილისის საქალაქო სასამართლოშია.

  • გარემოსდაცვითი ზედამხედველობის კახეთის სამსახურის უფროსს ესროლეს

    გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დაცვის კახეთის რეგიონული სამსახურის უფროსს, ბესო შუბითიძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

    საუბარია საფანტიან თოფზე, რომელიც შუბითიძეს ბრაკონიერმა ესროლა.

    გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი სოფელ კარდენახის ტყის მონაკვეთში იმ დროს მოხდა, როცა ის  სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

    მას სხეულზე ნაკაწრები აღენიშნება და ამ დროისათვის სახლში იმყოფება.

    შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პოლიციამ უკვე დაადგინა დანაშაულის ჩამდენი პირი. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის II ნაწილით.

  • მეგან მარკლის საორსულო გარდერობი 650 000 დოლარი დაჯდა

    ბრიტანეთის პრინცი ჰარის მეუღლე ფეხმძიმობის მანძილზე 75 –ჯერ გამოჩნდა საჯაროდ ბრენდულ ძვირადღირებულ სამოსში. მისი გარდერობი შვიდჯერ უფრო ძვირი დაჯდა, ვიდრე მეორე პრინცესას, პრინც უილიამის ცოლის, ქეით მიდლტონის საორსულო ტანსაცმელი.
    მეგანს სამოსზე ფულის დაზოგვა არ უყვარს. წამოზრდილი მუცლის მიუხედავად არ დაუკარგავს სურვილი მდიდრულად და ლამაზად გამოიყურებოდეს. ფეხმძიმე პრინცესას გარდერობის ღირებულებამ 650 000 დოლარი შეადგინა.
    მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა რომ მეგანი და ჰარი ბავშვს ელდებიან მარკლი 75 ჯერ გამოჩნდა საჯაროდ და ყოველ ჯერზე ახალი სამოსით. მისი ელიტარული ლუქების უმრავლესობა რიგითი ბრიტანელებისთვის ხელმიუწვდომელია. მაგალითად, გეოგრაფიული საზოგადოების დაჯილდოებაზე ოქტომბერში მარკლი ოსკარ დე ლა რენტას 13 200 დოლარიანი კაბით მივიდა.

    მაროკოში ბრიტანეთის ელჩის მიღებაზე პრინცი ჰარის მეუღლე დიორის 118 000 დოლარიანი კაბით გამოჩნდა, რომელიც სპეციალურად მისთვის შეიკერა. მარტო ამ დღეს მისი სამოსი ფეხსაცმელთან და სამკაულებთან ერთად 90 000 ფუნტ სტერლინგად შეფასდა. მეფე მუჰამედ მეექვსესთან მიღებაზე მეგანს კაროლინა ჰერერას 3222 ფუნტი სტერლინგის ღირებულების კაბა ეცვა.

    The Royal Variety Performance –ის ყოველწლიურ საქველმოქმედო კონცერტზე ნოემბერში მეგან მარკლი Safiyaa–ს 7 ათას დოლარად ღირებულ სამოსში მივიდა.


    პრინცესამ მხოლოდ რამდენჯერმე “დაიმდაბლა“ თავი  და იაფფასიანი სამოსით გამოჩნდა. ერთხელ H&M–ის 35 დოლარიანი კაბაც ეცვა, და სხვათა შორის ამ ბრენდის ქსელში მეორე დღესვე მსგავსი კაბის მოდელი ბოლომდე გაიყიდა. სამეფო ოჯახის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მეგანის ჩაცმულობაზე ფული ბიუჯეტიდან არ იხარჯება. რძლების კაბების ფულს პრინცი ჩარლზი იხდის, რომელსაც კორნუოლის საჰერცოგოს მიწებიდან ცალკე შემოსავალი აქვს.
    ბევრი ეჭვობდა, რომ ბრენდები პრინცესას სამოსს უფასოდ აძლევენ. და ეს ბუნებრივიც იქნებოდა, რადგან, მაგალითად, მას შემდეგ, რაც მეგანი ავსტრალიელი დიზაინერის, კარენ ჯის კაბაში გამოჩნდა, მისი გაყიდვები ექვსი ათასი პროცენტით გაიზარდა.კიდევ ერთმა ბრენდმა, Outland Denim–მა კი გაყიდვები 2 000 პროცენტით გაზარდა მას შემდეგ, რაც ბრიტანული ოჯახის წევრი მისი სამოსით საჯაროდ გამოჩნდა. თუმცა კენსინგტონის სასახლეში ამტკიცებენ, რომ სამეფო ოჯახის წევრებს ეტიკეტით ასეთი საჩუქრების მიღება ეკრძალებათ.
    მოკლედ, მეგან მარკლი შეეცადა მისი ფეხმძიმობა მოდური და დასამახსოვრებელი ყოფილიყო. ეს პერიოდი დასასრულს უახლოვდება. მეგანი ბავშვს აპრილში გააჩენს. მანამდე კი საჯარო აქტიურობა შეწყვი და მხოლოდ რამდენიმე არაოფიციალურ ღონისძიებას დაესწრება.