Blog

  • ჯორჯ ქლუნი ლგბტ პირების სიკვდილით დასჯის გამო ბრუნეის სულთნის სასტუმროების ქსელს ბოიკოტს უცხადებს

    ჰოლივუდის მსახიობი, ჯორჯ ქლუნი ყველას მოუწოდებს ცხრა მდიდრული სასტუმროს ბოიკოტირებისკენ, რომლებიც ბრუნეისთან არიან დაკავშირებული. მიზეზი ქვეყნის გადაწყვეტილებაა ჰომოსექსუალური კავშირის და ცოლ–ქმური ღალატის გამო ადამიანები სიკვდილით დასაჯოს.
    3 აპრილიდან ამ სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოში ჰომოსექსუალებს შოლტით ცემა ან ქვებით ჩაქოლვა ემუქრებათ.
    2014 წელს ბრუნეი პირველი სახელმწიფო გახდა აღმოსავლეთ აზიაში, რომელმაც ისლამური შარიათის კანონი მიიღო ფართოდ გავრცელებული უკმაყოფილების და კრიტიკის მიუხედავად.
    ჯორჯ ქლუნი ამბობს, რომ ახალი კანონები ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა.
    “ბრუნეი მონარქიაა და ალბათ ვერანაირი ბოიკოტი ვერ მოახდენს გავლენას ამ კანონების შეცვლაზე, მაგრამ ნუთუ ჩვენ უნდა დავეხმაროთ ამ ქვეყანას და დავაფინანოთ ადამიანის უფლებების დარღვევა ჩვენი ფულით?“–წერს ჯორჯ ქლუნი ვებგვერდ Deadline–ზე.ქლუნი ამბობს, რომ ყველამ, ვინც ამ სისასტიკის წინააღმდეგია ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს Dorchester Collection –ის სასტუმროებს აშშ–ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში და იტალიაში, რომლებიც ბრუნეის საინვესტიციო სააგენტოს ეკუთვნის.
    ბრუნეის მმართველი სულთანი ჰასანალ ბოლკიახია, რომელიც ნავთობის და გაზის ექსპორტით გამდიდრდა.
    სულთანის საკუთრებაა ბრუნეის საინვესტიციო სააგენტო, რომლის პორტფელში შედის მსოფლიოს საუკეთესო სასტუმროები, მათ შორის სასტუმრო Dorchester ლონდონშიი და Beverly Hills Hotel ლოს ანჟელესში.

    “მე ბევრ მათგანში მიცხოვრია, რადგან არ ვიცოდი ვის ეკუთვნოდა ისინი. ყოველ ჯერზე, როცა ამ სასტუმროებში ვრჩებით ან ამ ცხრა სასტუმროდან რომელიმეში ვსადილობთ, პირდაპირ ჯიბეში ვუდებთ ფულს იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ მოქალაქეებს ქვებით ქოლავენ და ცემენ“ – წერს კლუნი.
    კლუნის კვალდაკვალ დორჩესტერის კოლექციის სასტუმროების ბოიკოტირების შესახებ სხვა ცნობილმა პერსონებმაც განაცხადეს.
    რეჟისორმა დასტინ ლენს ბლეკმა ტვიტერში დაწერა: “თუ კვლავ განაგრძობთ ბევერლი ჰილზზე სასტუმროში სტუმრობას, ესეიგი ამ მკვლელების ფინანსურ მხარდაჭერაში ხართ დამნაშავე.“
    ბიბისი–ს საერთაშორისო ურთიერთობების რედაქტორმა, ჯონ სიმპსონმა ასევე დაადასტურა, რომ არ აპირებს ამ ჯგუფის კუთვნილი სასტუმროების სტუმარი იყოს.
    “მომწონს ლონდონში სასტუმრო დორჩესტერი და იქ მშვენიერ მართა გელჰორნთან ერთადაც ვისადილე. მაგრამ არ შემიძლია იქ საჭმელი მივირთვა, როცა ბრუნეიში მისი მფლობელი ღალატისა და გეი სექსისთვის ადამიანებს ქვებით ქოლავს.“ წერს ჯონ სიმფსონი.
    2014 წელს ელენ დეჯენერესმა და სტივენ ფრაიმ დაიფიცეს, რომ ბრუნეის ანტიჰომოსექსუალური კანონების გამო ბოიკოტს გამოუცხადებდნენ. ბრუნეის მმართველი სამეფო ოჯახები უზარმაზარ ქონებას ფლობენ . ქვეყნის ძირითადად მალაიელი ეთნოსის მოქალაქეები კი გულუხვი სახელმწიფო სუბსიდიებით სარგებლობენ და გადასახადებს არ იხდიან.
    თითქმის ხუთი წლის წინ სულთანმა მკაცრი ისლამური სისხლის სამართლის კოდექსი აამოქმედა, რომელიც მისი სიტყვებით რამდენიმე წლის განმავლობაში თანდათანობით ამოქმედდება.ახალი კანონების თანახმად ქურდობა ხელის ამპუტაციით ისჯება პირველ შემთხვევაში. განმეორების შემთხვევაში კი ფეხის ამპუტაციით.ამ ცვლილებების გამოცხადებისას 72 წლის სულთანმა, რომელიც მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია, კოდექსს “მისი ხალხის დიდებული ისტორიის ნაწილი უწოდა.“
  • “რუსებმა ვენესუელა უნდა დატოვონ”-თეთრი სახლი რუსეთს აფრთხილებს

    თეთრმა სახლმა რუსეთი და სხვა ქვეყნები გააფრთხილა უკან გაიწვიონ ჯარი და სამხედრო აღჭურვილობა, რომელიც ვენესუელაში დესტაბილიზაციას უწყობს ხელს.

    თეთრი სახლის განცხადებით, ასეთ ქმედებებს აშშ რეგიონის უსაფრთხოებაზე პირდაპირ მუქარად განიხილავს.

    ოფიციალური ვაშინგტონის გაფრთხილება ვენესუელაში ორი რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩაფრენას მოჰყვა. ფაქტის შესახებ შესახებ Reuters-ი იტყობინება.

    როგორც ცნობილია, კარაკასში რუსულმა თვითმფრინავებმა 100 სამხედრო ჩაიყვანა.

    თეთრი სახლის განცხადებამდე, კომენტარი რუსეთის მხრიდან ვენესუალაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც გააკეთა.

    „რუსებმა ვენესუელა უნდა დატოვონ“, – ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში ვენესუელის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ხუან გუაიდოს მეუღლესთან შეხვედრის დროს განაცხადა.

  • ბოტიჩელის ნახატის “ასლი” ორიგინალი აღმოჩნდა

    ბოტიჩელის მე-15 საუკუნის შედევრის  ასლი, რომელიც დღემდე კარგ  იმიტაციად ითლებოდა,  ორიგინალი აღმოჩნდა.

    ექსპერტიზის შედეგად, ბრიტანელმა რესტავრატორებმა დაადგინეს, რომ “მადონა ბროწეულით” ნამდვილად ბოტიჩელის ნახატია

    .ნამუშევარს საღებავის ზედა ფენა მოაცილეს, რის შედეგადაც  რენტგენისა და ინფრაწითელი სხივების დახმარებით ბოტიჩელის მიერ შესრულებული ნახატის ფერები და ხაზები გამოიკვეთა.

    “მადონა ბროწეულით” სანდრო ბოტოჩელმა 1487 წელს დახატა. ის ფლორენციაში უფიცას გალერეაში ინახება.

    შედევრის ნახვა პირველი აპრილიდან ლონდონში იქნება შესაძლებელი.

  • ირანელი მუსიკოსი უარყოფს რომ ქართველებს შეურაცხყოფა მიაყენა

    ირანელი რეპერი, ამირ თათალო ამბობს, რომ  ფილარმონიაში გამართული კონცერტის დროს ქართველების შეურაცხმყოფელი განცხადებები არ გაუკეთებია. დახურული სოლო კონცერტი ამირ თათალომ ფილარმონიაში ირანული დიასპორისთვის გამართა.
    სოციალურ ქსელში გავრცელდა კონცერტის ვიდეო ტიტრებით, რომელიც თითქოს მისი სიტყვების თარგმანი იყო. ტიტრების მიხედვით მისი განცხადებები ქართველების შეურაცხმყოფელ განცხადებებს შეიცავდა, რასაც პროტესტი მოჰყვა.
    საპროტესტო კამპანიის მონაწილეები მისგან საჯარო ბოდიშსა და ქვეყნის დატოვებას მოითხოვდნენ. საპროტესტო აქცია ირანელი მუსიკოსის წინააღმდეგ დღეს ქართული მარშის და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისი ორგანიზებით დღეს ირანის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ამტკიცებდნენ, რომ ირანის მოქალაქემ მასპინძელ ქვეყანას შეურაცხყოფა მიაყენა და ის საქართველოდან უნდა გააძევონ.
    ირანის ელჩმა აქციის მონაწილეებს აუხსნა, რომ თათალუს მუსიკა თეირანში აკრძალულია, თავად კი არ მოუსმენია, რა თქვა ირანელმა მუსიკოსმა ფილარმონიის სცენაზე.
    ირანელი მუსიკოსი, რომელიც რამდენიმე დღეა მის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში დაწყებულ კამპანიას თვალს ადევნებს, „კურიერთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ყალბი ინფორმაციის მსხვერპლია.
    ამირ თათალოს განცხადებით, ასეთი ფრაზები არასოდეს უთქვამს და ფილარმონიის სცენიდან შეურაცხყოფაც არავისთვის მიუყენებია. არ იცის, ვინ დგას ამის უკან, თუმცა ირანელი მუსიკოსი არ გამორიცხავს, რომ ეს განზრახ დადგმული პროვოკაცია იყოს.
    ირანელი მუსიკოსი, რომელიც საქართველოში უკვე 5 თვეა ცხოვრობს, მისამართის შეცვლას საკუთარი ნებით ჯერ არ გეგმავს. ის ევროპული ტურნესთვის ემზადება.
  • არ გვაქვს საფუძველი ვინმეს დაპირებებს დავუჯეროთ–ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიების პასუხი ივანიშვილს

    საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილები, ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები ივანიშვილის წერილის საპასუხო განცხადებას ავრცელებენ. დღეს ბიძინა ივანიშვილმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოუძიებლობა ქვეყნის სირცხვილია.
    გთავაზობთ ზვიად გამსახურდიას შვილების განცხადების სრულ ვერსიას:
    “მინდა გითხრათ, რომ გავეცანით ბიძინა ივანიშვილის მიერ სამეგრელოს სოფელ ხიბულადან გაკეთებულ მიმართვას, სადაც ის საუბრობს ზვიად გამსახურდიას ღვაწლზე ქვეყნის წინაშე, მის ტრაგიკულ აღსასრულსა და გამოძიების აუცილებლობაზე.
    ფორმალურად ყველაფერი სწორია. მიმართვის პრაქტიკულად ყველა სიტყვას შესაძლოა დაეთანხმოს ადამიანი. მაგრამ ეს ფილმი ჩვენ უკვე ბევრჯერ გვინახავს… ქართული ოცნება უკვე 7 წელიწადია ხელისუფლებაშია, რამდენიმეჯერ შეიცვალა მთავარი პროკურორი და ის პირები, ვისაც ამ საქმის გამოძიება ევალება, მაგრამ საქმე წინ არ მიდის! ჩვენს ოჯახს უწევს საჯარო პროტესტი, ქუჩის აქციების მოწყობა, შიმშილობა მთავარი პროკურატურის მისაღებში გამოძიების მოთხოვნით, და მიუხედავად ამისა, დღესაც არ არსებობს პროკურატურასთან ადეკვატური კომუნიკაცია. ბიძინა ივანიშვილს ამის შესახებ არაფერი გაუგია? თუ არა, ესე იგი, არც დაინტერესებულა.
    რატომ უნდა იყოს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის მესაძირკვლე, პირველი პრეზიდენტის მკვლელობის გამოძიება ჩვენს აქტივობაზე დამოკიდებული? ის მცირე შედეგიც კი, რაც შექმნილია ამ საქმის გამოძიების ფარგლებში, ჩვენი “მუჯლუგუნების” შედეგია! მიუხედავად ამისა, უამრავი დეტალის ჩამოთვლა შემიძლია, როდესაც პროკურატურა ან ჯიუტად არ ატარებს საჭირო საგამოძიებო ქმედებებს, ან ატარებს შესაშური არაკვალიფიციურობით!
    სწორედ ამიტომ, ჩვენ დღეს არავითარი საფუძველი არა გვაქვს დაუჯეროთ ვინმეს დაპირებებს, მით უფრო – ამ პოლიტიკურ კონტექსტში. თუ ბიძინა ივანიშვილს ან მის ხელისუფლებას რაიმეს გაკეთება უნდა, ბურთიც მათია და მოედანიც. ჩვენ მხოლოდ საკუთარი თვალების გვჯერა,ხოლო დანარჩენს ფაქტები გამოაჩენს.“
    გმადლობთ ყურადღებისათვის.
    ცოტნე გამსახურდია
    კონსტანტინე გამსახურდია
    29.03.19
  • ნასა მოხალისეებს ეძებს, ვინც 2 თვეს დაწოლილი გაატარებს 18 500 დოლარის სანაცვლოდ

    მეცნიერები ეძებენ მოხალისეებს, რომლებიც საწოლში 60 დღეს გაატარებენ, რათა მეცნიერებს იმის შესწავლაში დაეხმარონ, როგორ მოქმედებს უწონადობა ადამიანის ორგანიზმზე. კვლევაში მონაწილეობისთვის ჰონორარი 16500 ევრო, ანუ დაახლოებით 18500 დოლარია.

    როცა კოსმონავტები კოსმოსში იმყოფებიან, მიკროგრავიტაციით გამოწვეული უწონადობა მათი სხეულის ცვლილებას იწვევს. გერმანული აეროკოსმოსური ცენტრის მონაცემებით, რომელსაც ნასამ და ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ კვლევისთვის მონაცემების შეგროვება დაუკვეთეს, შემცირებული ფიზიკური დატვითრვა კოსმოსში ძვლების და კუნთების ნგრევას იწვევს, სხეულის ბიოლოგიური სითხე კი თავისკენ ინაცვლებს.

    წოლითი რეჟიმის საშუალებით უწონადობის ეფექტის სიმულაციით მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ უწონადობის შედეგების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებს შეიმუშავებენ, რათა კოსმონავტებს თავისი დროის დიდი ნაწილის კოსმოსურ სადგურზე ვარჯიშში გატარება აღარ უწევდეთ. მეცნიერებმა უკვე შექმნეს “ადამიანური ცენტრიფუგა მოკლე სახელოებით“ , რომელიც ხელოვნური გრავიტაციის გენერირებას ეწევა და ორგანიზმის სითხის გადანაწილების კორექტირებას ახდენს. მათ უნდათ ეს მეთოდები ყოველდღიურად კვლევის მონაწილეთა ორ მესამედზე შეამოწმონ.

    “კოსმოსური ფრენები ეკიპაჟით მომავალშიც მნიშვნელოვანი იქნება მიკროგრავიტაციის პიროებში ექსპერიმენტების ჩასატარებლად, ამიტომაც ჩვენ ეს ფრენები ასტრონავტებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო უნდა გავხადოთ “– ამბობს გერმანიის აეროკოსმოსური ცენტრის კოსმოსური კვლევების და ტექნოლოგიების მიმართულების ერთ–ერთი ხელმძღვანელი, ჰანს იორგ დიტუსი.

    ეს კვლევა კოსმოსის მკვლევარებს ევროპასა და ამერიკაში საშუალებას მისცემს ერთობლივად იმუშაონ და შეიძინონ რაც შეიძლება მეტი სამეცნიერო ცოდნა ადამიანის ორგანიზმის შესახებ.

    მონაწილეები ყველაფერს მწოლიარე მდგომარეობაში გააკეთებენ. ყველა მოქმედება, საკვებისა და შხაპის მიღების ჩათვლით დაწოლილ მდგომარეობაში უნდა შესრულდეს. ისინი 6 გრადუსიანი დახრით, თავით ქვევით უნდა იწვნენ. ყოველ მონაწილეს ცალკე ოთახი ექნება . დიეტოლოგები საკვებს იმგვარად დააბალანსებენ, რომ მონაწილეებმა წონაში არ მოიმატონ და ყველა საჭირო საკვები ნივთიერება მიიღონ. ამის მიუხედავად კოსმოსური ცენტრი საკუთარ ვებგვერდზე წერს, რომ საკვები მეტისმტად ჯანმრთელი არ იქნება და ხანდახან ორცხობილების და სხვადასხვა ტკბილეულის ჭამაც მოუწევთ.

    კვლევა ორი რაუნდისგან შედგება. 24 მონაწილისგან შემდგარი პირველი ჯგუფის (12 ქალი და 12 მამაკაცი) ტესტირება 26 მარტს უკვე დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია რამდენი მონაწილე დასჭირდებათ შემდეგი რაუნდისთვის, რომელიც კიოლნში, გერმანიის აეროკოსმიური მედიცინის ცენტრში ჩატარდება. კვლევა 2019 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე გაგრძელდება. მეცნიერები ეძებენ 24–55 წლის ასაკის ჯანმრთელ ქალებს, რომლებიც არ ეწევიან. ვებ გვერდის ინფორმაცით მონაწილეებს გერმანულად საუბარი უნდა შეეძლოთ.

    2017 წელს ნასამ ანალოგიური კვლევა უკვე ჩაატარა. მაშინ საწოლში 11–მა ადამიანმა 30 დღე გაატარა.

  • კლიმატის ცვლილება დედამიწაზე მილიარდ ადამიანს დაავადებით ემუქრება

    ახალი კვლევების თანახმად კლიმატის ცვლილებისა და ტემპერატურის ზრდის შედეგად მილიარდზე მეტი ადამიანი შესაძლოა დაავადდეს იმ ინფექციებით, რომელთა გადამტანი მწერები არიან.
    მეცნიერების თქმით პლანეტაზე ტემპერატურის მუდმივი მატების გამო ისეთი დაავადებები, როგორებიც არის დენგეს ცხელება, ზიკას ვირუსი და ჩიკუნგუნიას ცხელება პლანეტის ჩრდილოეთითაც გავრცელდება.
    ეს დაავადებები ძირითადად სამხრეთ ნახევარსფეროში გვხვდებოდა, თუმცა კლიმატის ცვლილება მათი გეოგრაფიული არეალის გაფართოებას გამოიწვევს. ეს ტენდენცია უკვე სახეზეა და მომავალშიც გაგრძელდება.
    დენგეს ინფექცია გლობალურად მნიშვნელოვანი არბოვირუსული ინფექციაა, რომელიც Aedes გვარის კოღოს მეშვეობით (ძირითადად Aedes aegypti , მაგრამ ასევე A albopticus ) ვრცელდება . აღნიშნული მწერი გავრცელებულია მსოფლიოს ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში.
    კოღოს კბენით გადადის ჩიკუნგუნიას ცხელებაც, რომელიც ასევე საშიში ვირუსული ინფექციაა. დაავადება პირველად აღწერილი იქნა აფეთქების დროს ტანზანიაში 1952 წელს. ჩიკუნგუნია ადგილობრივ ენაზე გამრუდებულს ნიშნავს, რაც დაკავშირებულია სახსრების ტკივილთან. დაავადება გავრცელებულია აფრიკაში, აზიასა და ინდოეთის ნახევარკუნძულზე, თუმცა 2015 წლის აფეთქების დროს ამერიკის ზოგიერთი ქვეყანაც დაზარალდა.
    რაც შეეხება ზიკას ვირუსს, 2015 წლამდე ის მხოლოდ ეკვატორულ სარტყელში, აფრიკისა და აზიის ქვეყნებში იყო გავრცელებული. სამხრეთ ნახევარსფეროში ზიკა პირველად ბრაზილიაში შარშან მარტში აღმოაჩინეს. წლის ბოლომდე ვირუსით მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა და ნოემბრის შემდეგ ახალშობილებში 4 180-ზე მეტი მიკროცეფალიის შემთხვევა დაფიქსირდა.
    დღეისათვის, ზიკა ამერიკის ორივე კონტინენტის 20-ზე მეტ ქვეყანაში ფიქსირდება. სამხრეთ ამერიკაში ვირუსის პირველადი მიგრირების ერთ-ერთი ვერსია ბრაზილიაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს უკავშირდება. მაშინ ქვეყანაში ასობით ათასი ტურისტი მთელი მსოფლიოდან ჩავიდა, მათ შორის, აფრიკისა და აზიის ქვეყნებიდანაც.
    ჟურნალ PLOS Neglected Tropical Diseases–ში მარტის ბოლოს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით მკვლევარებმა შექმნეს მოდელი, რომელიც მოსალოდნელი ტემპერატურული ცვლილებების შესახებ მონაცემებს და ასევე დაავადებების გამავრცელებელი მწერების Aedes albopictus და Aedes aegypti აქტივობის მონაცემებს შეიცავს.
    მეცნიერები ამბობენ, რომ სავარაუდოდ ამ დაავადებების ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა მომავალში ევროპაში მოხდება. ამ დაავადეების ზრდის რისკის ზონაში.აშშ, აღმოსავლეთ აზია, ცენტრალური ამერიკის, კანადის და აღმოსავლეთ აფრიკის შემაღლებული ადგილებშიც არიან.
    ახალი კვლევა წარსულში უკვე ჩატარებული კვლევის გაგრძელებაა, რომელიც კლიმატის ცვლილებას და ადამიანის შეცდომებს ეხებოდა, რომლებსაც შესაძლოა უმძიმესი შედეგები მოჰყვეს. ააშ–ს მთავრობის მიერ ნოემბერში გამოქვეყნებულ ნაციონალური კლიმატის შეფასებაში ნავარაუდევია, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში დაავადებების მაშტაბური გავრცელებაა აღინიშნება . სხვადასხვა ანგარიშებში გამოთქმული იყო ვარაუდები, რომ კლიმატის ცვლილება შეაჩერებს და ნამსხვრევებად აქცევს იმ პროგრესს, რისთვისაც ადამიანებს ბოლო საუკუნის განმავლობაი ჯანდაცვის სფეროში მიუღწევიათ.
    მწერების მიერ გავრცელებული დაავადებების შემთხვევები მსოფლიოში სტაბილურად იზრდება იზრდება. მაისში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ტკიპების და კოღოების მიერ გავრცელებული დაავადებები 2004 წლიდან აშშ–ში სამჯერ და მეტად გაიზარდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დაავადების და ინვალიდობის შემთხვევათა მეექვსედი მთელ მსოფლიოში ამ გზით გადამდები დაავადეებით არის გამოწვეული: ყოველწლიურად მილიარდი ადამიანი ინფიცირდება და მილიონზე მეტი იღუპება.

    ახალი კვლევის თანახმად იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც წელიწადის ნებისმიერ თვეს დაავადების რისკი ემუქრება 2050 წლისთვის არსებითად, ნახევარი მილიარდი ადამიანით გაიზრდება. 2080 წლისთვის კი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების რიცხვი თითქმის მილიარდით გაიზრდება.
    “ჩვენს მიერ შექმნილი მოდელი მართლაც რეალური და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია დაგეგმვისთვის “– ამბობს კვლევის წამყვანი სპეციალისტი ფლორიდის უნივერსიტეტიდან სედი რაიანი. მას იმედი აქვს, რომ ჩინოვნიკები ამ ნაშრომს გამოიყენებენ, რათა პრობლემების გავრცელება შეაჩერონ, შეცდომები აღარ დაუშვან და გარემოს ნაკლები ზიანი მიაყენონ.
    “ალბათ გაინტერესებთ რატომ არ გვაქვს ამჟამად მალარია აშშ–ში, იმიტომ რომ საოცრად წარმატებული კონტროლის მექანიზმები გვაქვს გადამტანებზე.“ – ამბობს რაიანი და ხაზს უსვამს, რომ ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებმა Aedes aegypti–ს საფრთხე ჯერ კიდევ 1970–იან წლეში დაამარცხეს, რადგან მათი ბრძოლა დაავადების გამავრცელებლების წინააღმდეგ ძალიან ეფექტური იყო. შემდეგ კი ამ პროექტის დაფინანსება შემცირდა და 80–იანების ბოლოს რობლემა ისევ გაჩნდა.
    ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორის, გლობალური ჯანდაცვის და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ მირონ კოენის აზრით კვლევა პროვოკაციულია და ყურადღებას იმსახურებს. ის კვლევაში არ მონაწილეობდა, თუმცა თავადაც იკვლევდა წარსულში მწერების მიერ გავრცელებულ დაავადეებს, მაგალითად ზიკას.მისი აზრით მნიშვნელოვანი საკითხია ამჩნევენ თუ არა პოლიტიკოსები და პოლიტიკის შემქმნელები მსგავს კვლევებს და მოქმედებენ თუ არა იმგვარად, რომ ერთის მხრივ კლიმატის ცვლილების პროცესი შეაჩერონ და მეორეს მხრივ მისი შედეგებისთვის მიემზადონ, მათ შორის დაავადებებთან საბრძოლველად.
  • თბილისში ირანის საელჩოსთან ირანელი რეპერის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

    დიმიტრი ლორთქიფანიძე, გურამ ფალავანდიშვილი და მათი თანამოაზრეები ირანელი რეპერის ემირ თათალუს ქვეყნიდან გაძევებასა და მისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ. რეპერმა რამდენიმე დღის წინ ფილარმონიაში კონცერტი ირანული დიასპორისთვის გამართა, სადაც დღევანდელი აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, ქართველებს შეურაცხყოფა მიაყენა. პროტესტის გამოსათქმელად ისინი დღეს ირანის საელჩოსთან შეიკრიბნენ. 

    საელჩოსთან შეკრებილებს ირანის ელჩი შეხვდა. სეიედ ჯავადის თქმით, მისთვის უცნობია, როგორ მოხვდა საქართველოში რეპერი ემირ თათალუ, რომელიც ირანშიც კანონდამრღვევია და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

    ,,ჩვენ საერთოდ არ ვიცით როგორ შემოვიდა ის ქვეყანაში, ან ვინ შეუწყო ხელი მის შემოსვლას. ეს ადგილობრივ ხელისუფლებას უნდა ჰკითხოთ. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ირანელ ხალხს უყვარს საქართველო და ქართველები. არც ერთი ირანელი თავს უფლებას არ მისცემს რომ მოძმე მეგობარი ქვეყნის ხალხს ასეთი საჯარო შეურაცხყოფა მიაყენოს. სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ერთ-ერთი ფაქტორი, რაც კონცერტზე მოხდა, განაპირობა იმანაც, რომ ჩვენ სახელმწიფოებს შორის არ არსებობს ძლიერი სამართლებრივი თანამშრომლობა. არც ერთ ადამიანს არ უნდა მიეცეს საშუალება, შეურაცხყოფა მიაყენოს სხვა ერებს. ეს დაუშვებელია“, – განუცხადა ელჩმა აქციის მონაწილეებს.

    აქციის მონაწილეებმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს ვიდეო, სადაც, მათი მტკიცებით, მომღერალმა ემირ თათალუმ საქართველოს მოსახლეობის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენა. თუმცა ვიდეომ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, მათ შორის სპარსული ენის მცოდნეებს შორის – მათი ნაწილი ამბობს, რომ რეპერმა კონცერტზე ქართველების შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა, ნაწილი კი მათ ენის არცოდნაში სდებს ბრალს და ამბობს, რომ გავრცელებულ ვიდეოში შეურაცხმყოფელი არაფერია.

  • დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ტერეზა მეის ბრექსიტის გეგმა მესამედ ჩააგდო

    344 წინააღმდეგი, 286 მომხრე — დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის ბრექსიტის გეგმა მესამედ ჩააგდო.

    იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი გეგმას მხარს დაუჭერდა დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 22 მაისს დატოვებდა. ახლა კი პარლამენტს დრო 12 აპრილამდე აქვს ახალი გეგმის შესამუშავებლად. 

    ამავე დროს, ევროკავშირმა ბრიტანეთს ვადა 12 აპრილამდე მისცა, რათა ამ ხნის განმავლობაში გაერკვეს რომელი ვარიანტი აწყობს. თუ ამ ხნის განმავლობაში თემთა პალატა ვერ ჩამოყალიბდება, მაშინ 12 აპრილს დიდ ბრიტანეთს ევროკავშირის დატოვება შეთანხმების გარეშე მოუწევს.

    დიდ ბრიტანეთს ევროკავშირი 29 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა ბრექსითის პირობებზე შეთანხმება ვერც მთავრობამ და ვერც პარლამენტმა  ვერ მოახერხა.

    პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის მთავრობას ინიციატივის გამოხატვის უფლება უკვე ჩამოართვა და გადაწყვიტა, რომ გამოსავალი თვითონ მოეძებნა. 27 მარტის კენჭისყრამდე კი მეი დეპუტატებს დაპირდა, რომ გადადგება, თუ ბრექსიტის მის შეთანხმებას დაუჭერენ მხარს, რომელიც აქამდე მათ უკვე მესამედ ჩააგდეს.

  • მომიხადოს ბოდიში კობახიძემ შეურაცხყოფისთვის – ერთკაციანი აქცია პარლამენტთან თავმჯდომარის წინააღმდეგ

    პარლამენტის წინ ერთკაციანი აქცია მიმდინარეობს. მოქალაქე თემურ მიქაუტაძე პარლამენტის თავმჯდომარისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს მისი ერთ–ერთი განცხადებისთვის. მისი აზრით  ყველა  პრობლემის თავი და თავი მდგომარეობს იმაში, რომ ხალხს წართმეული აქვს ძალაუფლება. მოქალაქე რეფერენდუმით კანონის მიღების და გაუქმების უფლების დაკანონებას ითხოვს.