Blog

  • სოფო კილაძე და ელენე ხოშტარია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

    ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც სოციალური მუშაკების პრობლემის განხილვა უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს, კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე და ელენე ხოშტარია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
    ხოშტარიამ კილაძეს თავხედი უწოდა. ოპოზიციის დეპუტატის გაღიზიანება სოფო კილაძის რეპლიკამ გამოიწვია, რომელმაც ხოშტარიას განცხადებები დემაგოგიად მოიხსენია.
    „წესიერად ილაპარაკე, ძალიან ბევრს გითმენს ყველა. ადამიანი არ იცი, ადამიანის უფლებები არ იცი, ზრდილობა არ იცი – ადამიანის უფლებები რომ არ გესმის, ზრდილობა მაინც ისწავლე”, –  მიმართა ელენე ხოშტარიამ სოფო კილაძეს.
    კომიტეტის სხდომაზე   სოციალური მუშაკების მოთხოვნების დაკმაყოფილების თემაზე მსჯელობენ.
  • ცემდა თუ არა მეფე დედოფალს.დავით ბაგრატიონის წინააღმდეგ ოჯახური ძალადობის ბრალდებით საქმე აღიძრა

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით ბაგრატიონის წინააღმდეგ ოჯახური ძალადობის ბრალდებით საქმე აღძრა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო. საქმე ეხება მეფის მიერ მისი მეუღლის, ანა ბაგრატიონის ცემის სავარუდო ფაქტს, რომელთან დაკავშირებით რეპორტაჟი კურიერმა მოამზადა.

    კურიერის ინფორმაციით ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ყოფილი ქმარი,  დავით ბაგრატიონ-მუხრანელი  ფიზიკურად 2014 წლის 9 მაისს გაუსწორდა.

    სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც „კურიერმა“ მოიპოვა 2014 წლის 20 მაისსაა გაცემული, ანას ცემიდან მეტერთმეტე დღეს და ექსპერტი ადასტურებს, რომ დაზიანებები ემთხვევა შესამოწმებლის მიერ მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს.

    ექსპერტიზის დასკვნას ახლავს ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მიერ ექიმისთვის მონათხრობი. დოკუმენტში წერია, რომ 2014 წლის 9 მაისს, დაახლოებით 22:00 საათზე მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ურტყამდა მუშტებს, გაშლილ ხელს, ფეხებს თავში და სხეულზე. ტრავმის მიღების მომენტში დაკარგა თუ არა გონება არ ახსოვს, ჰქონდა გულის რევის შეგრძნება.

    ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მონათხრობის მიხედვით მას ქმარმა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემა. ქალს სახეზე და სხეულზე დაზიანებები ეტყობოდა, რის გამოც მეუღლემ ორი დღის განმავლობაში საგურამოდან თბილისში არ გაუშვა.

    ადვოკატის მტკიცებით, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ქორწინების განმავლობაში ქმარი ხშირად სცემდა. მას პოლიციისთვის არასდროს მიუმართვს. ბოლო ფიზიკური თავდასხმის შემდეგ კი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დედოფალმა ოჯახის დაჟინებული მოთხოვნით მიმართა.

    დავით ბაგრატიონის ადვოკატი აცხადებს, რომ ანა ქმარს არ უცემია, ისინი ერთად 2013 წლიდან აღარ ცხოვრობენ და ყოფილ ცოლთან სამოქალაქო დავაში მყოფ დიდგვაროვანსაც აინტერესებს, ვინ სცემა ანა.

    დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მხრიდან ცოლის მრავალჯერ ცემისა ფაქტებზე ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ოჯახში ძალადობის შესახებ ანას ადვოკატმა „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ ილაპარაკა.

    სამეფო ოჯახები ბოლო ერთი თვეა, ერთმანეთთან სასამართლოში დაობენ. განქორწინების შემდეგ ანა ბაგრატიონი ერთად თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონების გაყოფას და დავით ბაგრატიონ-მუხრანელისთვის სამეფო სახლის სახელით სარგებლობის აკრძალვას ითხოვს.

  • “თქვენთანაც მოვლენ”-ნინო წილოსანი გახშირებულ კრიმინალზე

    “თქვენთანაც მოვლენ”- “ქართული ოცნების” წევრი  ნინო წილოსანი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, ბოლო დროს, პოლიტიკოსების სახლების გახშირებული გაქურდვის ფაქტებზე საზოგადოების რეაქციას ეხმაურება  და  წერს, რომ ვინც ამ ფაქტების წახალისებას ხელს უწყობს, თავად გახდება მსხვერპლი.

    დეპუტატის სტატუსი  სოციალურ ქსელში ფეისბუქ მომხმარებლების მიერ გავრცელებულ ჰეშთეგს მოჰყვა – #გაქურდეთანამდებობისპირისსახლი. ნინო წილოსანმა აღნიშნული “გამოწვევა” სერიოზულად მიიღო და ქურდობის წახალისებად მიიჩნია.

    “მიუხედავად იმისა ვის რამდენად გსიამოვნებთ პოლიტიკოსების სახლების ქურდობები, კეთილგონიერებას მაინც მიმართეთ – ამ ყველაფრის წახალისებით მალე თქვენთანაც მოვლენ და ის ვინს ამას ორკესტრირებულად აკეთებს აუცილებლად თავად ამ ყველაფრის მსხვერპლი გახდება, ოდესღაც..დანარჩენი სამართალდამცავების საქმეა”, – წერს “ქართული ოცნების” დეპუტატი.

    ბოლო ერთი თვის განმავლობაში  ხელისუფლებაში მყოფი სამი პოლიტიკოსის, გიორგი ქობულიას, გიორგი ვოლსკის და არჩილ თალაკვაძის სახლები გაქურდეს. სხვადასხვა კრიმინალური ფაქტების შესახებ ინფორმაცია კი სოციალური ქსელების საშუალებით ყოველდღიურად  ვრცელდება.

  • პირადი ცხოვრების კადრების Youtube-ზე ატვირთვის ბრალდებით დაკავებულს გირაო შეეფარდა

    პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე დაკავებულ 18 წლის მირიან მჟავანაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა.

    პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა და მოსამართლის გადაწყვეტილებით, 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

    18 წლის მირიან მჟავანაძე  ბათუმთან ახლოს, დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერის “იუთუბიზე” ატვირთვის ფაქტზე, რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

    შეგახსენებთ,  სამართალდამცავებმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვიდეოჩანაწერის შენახვის და გავრცელების ბრალდებით, ჯამში 19 პირი დააკავეს. მათგან 14 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა, 4 პირი კი გუშინდელ სასამართლო პროცესამდე პატიმრობაში იმყოფებოდა. პატიმრობაში დარჩენილი 4 პირი  სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 

  • ზვიად გამსახურდიას სიკვდილის გამოუძიებელი საქმე ქვეყნის სირცხვილია- ივანიშვილი წერილს აქვეყნებს

    “ის, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაღუპვის გარემოებები დღემდე გამოუძიებელია, არის ჩვენი ქვეყნის დიდი სირცხვილი. ეს საქმე აუცილებლად და დროულად უნდა მივიდეს ბოლომდე და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი”- ბიძინა ივანიშვილი  ზვიად გამსახურდიას  80 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და პირველი პრეზიდენტის დაღუპვის გარემოებების გამოძიებას ითხოვს.

    „ორი დღის შემდეგ, მნიშვნელოვანი თარიღი დგება, 31 მარტს ზვიად გამსახურდიას ოთხმოცი წელი შეუსრულდებოდა.

    ეს დღე ბევრ მივიწყებულ ტკივილს გაგვიღვიძებს, ბევრ რამეს გაგვახსენებს და ჩვენ მართლაც გვჭირდება სერიოზული დაფიქრება და უახლოესი წარსულის სწორი ანალიზი. იმ უახლოესი წარსულის, რომელიც სწორედ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ტრაგიკული ისტორიით იწყება. როგორ მოხდა, რომ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება სამშობლოს თავისუფლებისთვის იბრძოდა, რომელმაც რეალობად აქცია მრავალი თაობის ოცნება და გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა, ცოტა ხანში სწორედ ამ დამოუკიდებელ საქართველოში ტრაგიკულად დაიღუპა ისევ საკუთარი თანამემამულეებისგან დაუნდობლად დევნილი.

    აქვე აუცილებლად უნდა ითქვას – ის, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაღუპვის გარემოებები დღემდე გამოუძიებელია, არის ჩვენი ქვეყნის დიდი სირცხვილი. ეს საქმე აუცილებლად და დროულად უნდა მივიდეს ბოლომდე და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი. როგორ და რატომ მოხდა, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენის გარიჟრაჟზე, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა ერთიანობა, ამ დროს ჩვენ ერთმანეთს დავერიეთ და ქვეყანა დავანგრიეთ. არ იქნებოდა სწორი გარეშე მტრისთვის ყველაფრის დაბრალება, მტერი ყოველთვის ისე იქცევა, როგორც მტერი უნდა იქცეოდეს, ჩვენ ჩვენი შეცდომები უნდა გავაანალიზოთ და ის მიზეზები მოვძებნოთ, რაც ამ შეცდომების დაშვებას გვაიძულებს.

    სიმბოლურია, რომ ზვიადის დაბადების დღიდან რამდენიმე დღეში ოცდაათი წელი სრულდება, რაც ჩვენი გმირები თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირნენ და ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ ამ მოვლენის მნიშვნელობის შესახებ.

    31 მარტს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა, სულ მალე ოთხმოცი წლის გახდება მერაბ კოსტავა, სწორედ ზვიადის და მერაბის სახელებს უკავშირდება ტრაგიკული ცხრა აპრილის გამარჯვების დღედ გარდაქმნა და მეორე რესპუბლიკის დაბადების დღედ გამოცხადება. ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ ჩვენს გმირებს და ამასთანავე სათანადო დასკვნები გამოვიტანოთ წარსულიდან, რათა შევძლოთ, პირნათლად გავუსწოროთ თვალი მომავალს – 31 მარტი არის დაბადების დღე დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, რომელიც შეეწირა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას და რომლის საქმემაც გაიმარჯვა!“

  • ქარელში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა

    გავრცელებული ინფორმაციით, ქარელში, სოციალურად დაუცველ ოჯახში, 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალება “დიანიუსი” ავრცელებს.

    შემთხვევა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთში მოხდა, 2 წლის ბავშვის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად მაღალი ტემპერატურა სახელდება. ამის შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა დათო ძმორაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სიცხეების გამო ბავშვი მშობლებს ექიმთანაც ჰყავდა წაყვანილი, თუმცა გარდაცვალების დროს პაციენტი სახლში იმყოფებოდა.

    ,,სიცხეები ჰქონდათ, ამის გამო ბავშვი ექიმთანაც ჰყავდათ მიყვანილი. ოჯახი სოციალურად დაუცველია. სხვა არაფერი ვიცი, თუმცა ვფიქრობ, რომ ბავშვი სიცხეებით არის გარდაცვლილი. ის სახლში გარდაიცვალა” – აცხადების ქარელის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ბრეთის ადმინიტრაციულ ერთეულში.

    ბავშვის გარდაცვალების ზუსტი გარემოებები ჯერჯერობით უცნობია.

  • კომპრომატების ომი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების წინ. პოროშენკოს შვილის კადრები გამოუქვეყნეს

    უკრაინაში საარჩევნო კამპანია კომპრომატების ომში გადაიზარდა. საპრეზიდენტო კანდიდატს შვილის პირადი კადრებით აშანტაჟებენ. მოქმედი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს 18 წლის შვილის ვიდეო მასალა რუსულმა ტელეკომპანია НТВ- მ გაავრცელა. კადრებში მიხეილ პოროშენკო მეგობრებთან ერთად ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფება.

    კანდიდატები ამბობენ, რომ ეს არის ყველაზე ბინძური არჩევნები უკრაინის ისტორიაში. ბოლო სოციალური კვლევებით კანდიდატებს შორის სხვაობა იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია პროგნოზები გააკეთო ვინ იქნება უკრაინის პრეზიდენტი. „ამ არჩევნებს შიშით ვუყურებთ, სიახლის მოლოდინში ვართ, მაგრამ შემაშფოთებელია, რომ ხელისუფლებაში შეიძლება მოვიდეს ისეთი ადამიანი, რომელსაც პოლიტიკაში გამოცდილება არ აქვს,“-ამბობს ერთ-ერთი ამომრჩეველი.

    უკრაინის მოქალაქეების თქმით, კანდიდატებს შორის ახალი სახეები არ არიან და თითქმის ყველა კანდიდატი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში 1991 წლიდან მონაწილეობენ. „ახალი სახე მხოლოდ ზელენსკია. ის ახალი სახეა, მაგრამ ის ოლიგარქის კოლომოისკის კანდიდატია, სიახლისა და ცვლილებების იმედი არ გვაქვს, ყველაფერი ასე დარჩება,“-ამბობს უკრაინელი ამომრჩეველი.

    უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტს გაიმართება.

  • “საყვედურს მიიღებენ ორგანიზაციები, ვინც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ასეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა”-მდინარაძე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე

    “მგონია, რომ ძალიან სერიოზულ საყვედურს მიიღებენ ორგანიზაციები, ვინც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ასეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა” – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შეფასებისას განუცხადა.

    მდინარაძემ ის ნაწილი შეაფასა, სადაც  შეცდომით ნათქვამია, რომ 2018 წლის ივლისში საქართველომ  მარიხუანას კულტივიზაციის და წარმოების ლეგალიზაცია დაუშვა სამედიცინო მიზნებისთვისა და პირადი მოხმარებისთვის.

    „ანგარიშში გვხვდება, რომ თითქოს საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება მარიხუანას კულტივაციის შესახებ. ეს ასე არ მომხდარა, რადგან ჩვენ საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით, შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტიდან უკან გავიწვიეთ. ეს სერიოზული უხერხულობაა და იმედია, მომავალში ჩვენს მთავარ პარტნიორს ასეთი უხერხულობა აღარ შეექმნება“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

  • საბანკო თაღლითობა, კიბერდანაშაული, თანხების უკანონო მითვისება- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოც მოხვდა

    აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში არალეგალური შემოსავლის ძირითადი ნაწილი  საბანკო თაღლითობას, კიბერდანაშაულს, თანხების უკანონო მითვისებას უკავშირდება.

    აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის შესახებ 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველო სახიფათო დერეფნად არის განხილული.

    ანგარიშში საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალშია დასახელებული, სადაც ფულის გათეთრება ხდება.

    „საქართველოში არალეგალური შემოსავლის ძირითადი ნაწილი უკავშირდება საბანკო თაღლითობას, კიბერდანაშაულს, თანხების უკანონო მითვისებას. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ პარალელური ფინანსური გამოძიების ჩატარება დაიწყო ნარკოდანაშაულის საქმეებზე, მცირეა მყარი მტკიცებულებები იმის ვარაუდისთვის, რომ ნარკოვაჭრობიდან მიღებული არალეგალური შემოსავლის მნიშვნელოვანი მოცულობა თეთრდება ოფიციალური ფინანსური სისტემის გავლით. თუმცა, რადგან საქართველო მდებარეობს კონტრაბანდისთვის მნიშვნელოვან და კარგად ჩამოყალიბებულ დერეფანში, დიდი ალბათობით, ნაღდი ფულის კონტრაბანდა და ფულის გათეთრება ხდება. რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიები საქართველოს მთავრობის კონტროლის ფარგლებს გარეთაა და მონიტორინგს არ ექვემდებარება“, – აღნიშნულია ანგარიშში.

    დოკუმენტშისაქართველოს მთავრობას აღნიშნულ დანაშაულებებზე რეკომენდაცია ეძლევა.

    „საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა შეიმუშაონ ტაქტიკური მიდგომა შესაბამის ორგანოებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და თანამშრომლობის გააქტიურებისთვის, გააერთიანოს სადაზვერვო მონაცემები და რესურსები ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად. ასევე, საქართველომ უნდა გადადგას ნაბიჯები სათამაშო ინდუსტრიის კონტროლისთვის“, – ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების  სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

  • თბილისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატებს იტაცებენ

    თბილისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატებს იტაცებენ- ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერენ.

    ერთ-ერთი ფაქტის ამსახველი ფოტო მოქალაქე ქეთი ლომიძემ განათავსა. მისი ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ თბილისის ცენტრში  ჭავჭავაძის 31 ნომერში ეზოში მოხდა, ადგილზე პოლიციელები მეზობლების გამოძახების საფუძველზე მივიდნენ,თუმცა სხვა  დეტალები უცნობია.

    სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მოპარვის ამსახველ ფოტოს მალევე მოჰყვა გამოხმაურება სოციალურ ქსელში. “ფეისბუქის” მომხმარებლები  ქვეყანაში კრიმინალის ზრდით შეშფოთებულები არიან   და სხვა კრიმინალურ  შემთხვევებსაც იხსენებენ.

    აპარატის მოპარვის ფაქტი  სანზონაშიც მოხდა, თვითმხილველების განცხადებით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მეტრო “ღმრაღელეს” მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.