Blog

  • მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს

    “დროა ვიბრძოლოთ, რომ აღარ ვიგლოვოთ!”, “კვირა დღე დასვენებისაა და არა სიკვდილის” –ამ და სხვა ლოზუნგებით მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილებმა სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევა და გუშინ მშენებლობაზე მომხდარი უბედური შემთხვევა გააპროტესტეს.

    ამ წუთებში კი მთავრობის კანცელარიიდან აქციის მონაწილეები მსვლელობას ჭავჭავაძის გამზირისკენ აწყობენ.

    აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ შრომის ინსპექციას შრომითი უფლებების შემოწმების მანდატი დღესვე მიენიჭოს.

    “მთავარი არის ამ ქვეყანაში მოგება, ჩვენ 2013 წელს მივიღეთ შრომის კოდექსი, რომელიც დღემდე არ ფუნქციონირებს, აღსრულების მექანიზმი არ გვაქვს, შრომის ინსპექცია არის უუნარო.”-განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა.

    აქციის მონაწილეები სწორედ იმ ადგილისკენ მიემართებიან, სადაც გუშინ ჭავჭავაძის გამზირზე, სამშენებლო ობიექტზე მიწის ჩამოშლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
    მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

  • ჯანდაცვის სამინისტრო – „დირსის“ საკუთრებაში შეჭრა უკანონო ქმედებაა

    საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თბილისში, სამშენებლო კომპანია „დირსის“ საცხოვრებელ კომპლექსში  დევნილი ოჯახების შეჭრის ფაქტს ეხმაურება.

    სამინისტრო უმოკლეს ვადებში შეისწავლის 200 -მდე შეჭრილი დევნილი ოჯახის მდგომარეობას და მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოუჩენს იმ ოჯახებს, რომელთაც განსაკუთრებით გამოუვალი მდგომარეობა აქვთ.

    სამინისტრომ დევნილების მიერ საცხოვრებელი ფართების დაკავება არაკეთილსინდისიერ ქმედებად შეაფასა და ოჯახებთან მოლაპარაკების დასაწყებად მზადყოფნა გამოთქვა.

    „უკანონოდ შეჭრა კი იმ ათასობით დევნილი ოჯახის უფლებების დარღვევაა, რომლებიც კეთილსინდისიერად ელოდებიან საცხოვრებელი ფართების მიღებას და შექმნილი ვითარების გამო პროცესი ფერხდება.

    მხოლოდ შენობის დატოვების შემდგომ განიხილება მათი განსახლების საკითხი, სხვა იძულებით გადაადგილებული პირების მსგავსად, კრიტერიუმების შესაბამისად. სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, სამუშაო რეჟიმში, დევნილ ოჯახებთან მოლაპარაკებები აწარმოოს.

    სამშენებლო კომპანია „დირსის“ საკუთრებაში არსებული ბინები, სამინისტროს სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე უნდა გადმოეცეს და დევნილების მიერ შენობის დაკავება ამ პროცესსაც შეაფერხებს.

    თბილისში, საცხოვრებელი ფართის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულების სია მიმდინარე წლის 10 აპრილს გამოქვეყნდება. 7 მაისიდან კი, მონიტორინგის პროცესი დაიწყება, რის შემდეგაც დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია თითოეული ოჯახის საკითხს ინდივიდუალურად განიხილავს.

    სამინისტრო დევნილ ოჯახებს საცხოვრებელ ფართებს გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გადასცემს. ქულათა სისტემა განსაზღვრავს რიგითობას, თუ რომელი დევნილი ოჯახი საჭიროებს საცხოვრებლით უზრუნველყოფას პირველ რიგში. ამასთან, განიხილება იმ დევნილი ოჯახების განსახლების საკითხიც, რომლებიც შესაბამისი საექსპერტო დასკვნის თანახმად, ნგრევად და სიცოცხლისათვის საშიშ ობიექტებში ცხოვრობენ. ბინების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას კომისია იღებს, რომლის შემადგენლობაშიც სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.

    სამინისტრო, თბილისში, როგორც „დირსისგან“ ისე სხვა სამშენებლო კომპანიებისგან შესყიდულ 800 ბინას დევნილ ოჯახებს მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს გადასცემს.

    2012 წლიდან ბიუჯეტის ზრდა ამ მიმართულებით, ყოველწლიურად მიმდინარეობს. 2012 წელს ეს იყო 28 მილიონი ლარი, 2018 წელს კი, თანხამ 135 მილიონი ლარი შეადგინა. 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმაში დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, 328 მილიონია გამოყოფილი“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

  • “ხიმიჯ სერვის2”-ის ხელმძღვანელები დაკითხეს

    ჭავჭავაძის გამზირზე  მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პოლიციაში დაკითხვები დაიწყო.  ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში “ხიმინჯ სერვის 2”-ის ხელმძღვანელები დაკითხეს.

    “ხიმინჯ სერვის 2” ჭავჭავაძის 5 ნომერში  სამუშაოებს უბედური შემთხვევის ადგილზე ასრულებდა  და ორივე გარდაცვლილი სწორედ აღნიშნული კომპანიის  თანამშრომელი იყო.

    შპს „ხიმიჯ სერვის 2-ის“ დირექტორი, ოთარ ცნობილაძე ამბობს, რომ უსაფრთხოების ნორმები მშენებლობაზე დაცული იყო.

    „პირველი შემთხვევა იყო ეს, უსაფრთხოება დაცული იყო, ყველაფერი და იყო უბედური შემთხვევა. წუხელაც ვიყავი, ახლაც მივდივარ დაკითხვაზე,“ – ამბობს ცნობილაძე.

    “ხიმიჯ სერვის 2“ ინსპექტირების წარმომადგენლებმა დღეს ათასი ლარით  დააჯარიმეს. როგორც ცნობილი გახდა, კომპანიას   რეგისტრაცია არ ჰქონდა გავლილი საფრთხის შემცველ სამუშაოებთან დაკავშირებით. 
    კომპანიები  პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

    “ხიმიჯ სერვისის” წარმომადგენლებმა   დამქირავებელი კომპანია “ტრანსმშენსი” გააკრიტიკეს, რომელმაც გავრცელებულ განცხადებაში მომუშავე პერსონალის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა მათ დააკისრა.

    ვაკეში მომხდარ ტრაგედიას უბედურ შემთხვევად მოიხსენიებს ადვოკატი, გიორგი ყიფშიძეც. მისი თქმით, შემთხვევის დღეს სამუშაოები დასრულებული იყო, თუმცა, არსებულმა გამაგრებამ მიწის დაწოლილ მასა ვერ გაუძლო.

    „წინასწარი ვერსიით, ეს იყო უბედური შემთხვევა, რა თქმა უნდა, ცალსახად. არსებულმა გამაგრებამ ვერ გაუძლო დაწოლილ მასას მიწისას და მოხდა ასეთი რამ, სამწუხაროდ, უკვე დასრულებულ იმ დღის სამუშაოებზე. ხელშეკრულების მიხედვით, მომუშავე პერსონალზე მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვა ევალებოდა “ხიმინჯ სერვის 2”-ს, ამის უარყოფა იქნება ალბათ არასწორი. სავალდებულოა, საქართველოში იმ სამუშაოების ჩამტარებელი კომპანიის მიერ რეგისტრაცია, რომელიც შეიცავს ადამიანისთვის სიცოცხლის საფრთხეს და ეს რეგისტრაცია კომპანიას სამწუხაროდ გავლილი არ ჰქონდა,“ – განაცხადა გიორგი ყიფშიძემ.

    ყიფშიძე ვარაუდობს, რომ აღნიშნულ საქმეში ბრალეულობის გამოკვეთის შემდეგ კონკრეტული პირები პასუხისგებაში მიეცემიან.

    „ამ ტიპის უბედური შემთხვევების დროს თუ რაიმე ტიპის დაუდევრობაა, ეს უნდა თქვას ექსპერტიზამ. მხოლოდ ამის შემდეგ, სავარაუდოდ, უკვე პროკურატურა მიიღებს გადაწყვეტილებას მისცეს ვინმე პასუხისგებაში თუ არ მისცეს, მაგრამ არა მგონია, მთლად ასე ჩაიაროს ამ საქმემ, რომ ვინმე არ იქნეს მიცემული პასუხისგებაში. ეს ცალსახა თავის მოტყუება იქნება, რომ სხვანაირად ვიმსჯელოთ,“ – განაცხადა ადვოკატმა.

    ჭავჭავაძის გამზირზე მშენებლობის დროს მიწის ჩამოშლას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.  

    უბედური შემთხვევა გუშინ  ყოფილი ლეჩკომბინატის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ახალი კლინიკის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

    მიწა შენობის საძირკველის გამაგრების დროს ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა.

    “ტრანსმშენის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ აღნიშნულ სამუშაოებს ქვეკონტრაქტორი კომპანია ახორციელებდა და  მუშებიც სწორედ მათთან იყვნენ დასაქმებულები.

  • უამინდობა საქართველოში

    საქართველოში ნალექმა პრობლემები გამოიწვია, თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე გზების გაწმენდა და ტექნიკური მარილით დამუშავება გახდა საჭირო.ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. გაწმენდით სამუშაოებს ”თბილსერვის ჯგუფი” დილიდან ახორციელებს.

    “თბილსერვისის” წარმომადგენლები აცხადებენ, რომ  ამ ეტაპისთვის კოჯორში, წყნეთში, ბეთანიასა და კიკეთში ავტოსატრანსპორტო გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი. 

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში ნალექიანი ამინდი 5 აპრილამდე გაგრძელდება. 2 აპრილს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 3 აპრილიდან +12+17 გრადუსამდე მოიმატებს.

    რაც შეეხება დედაქალაქს, პირველ აპრილს უმეტესად ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი იქნება, დღის ბოლოს კი ქარიანი ამინდია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა +7, +9 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

    2-3 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 2 აპრილს ძლიერი ქარი იქროლებს. ტემპერატურა 2-4 აპრილს +14, +16 გრადუსამდე მოიმატებს.

  • თბილისის ზოოპარკი საფრთხეში მყოფი სახეობების გადასარჩენად კამპანიას იწყებს

    “მალე საქართველოს ტყეებში ირემი გაქრება, თუმცა, შენ შეგიძლია შეაჩერო ეს პროცესი”-თბილისის ზოოპარკმა საფრთხეში მყოფი ცხოველების გადარჩენის კამპანია დაიწყო. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია იშვიათი სახეობების გამრავლება და მათი ბუნებაში დაბრუნება. 

    “პროექტის განსახორციელებლად დამატებითი ფინანსებია საჭირო, ამიტომ გვჭირდება თითოეული მოქალაქის ჩართულობა და თანადგომა.

    შეგროვებული თანხით გადავარჩენთ საფრთხეში მყოფ სახეობებს და საქართველოში სიცოცხლის მრავალფეროვნებას შევინარჩუნებთ.”-ნათქვამია განცხადებაში.

    შემოწირულობის შესახებ ინფორმაცია პერიოდულად ზოოპარკის გვერდზე განთავსდება.

  • შარშან საქართველოში 23 295 აბორტი გაკეთდა

    სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის  მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში 23 295 აბორტი გაკეთდა. აპარატის შეფასებით, დინამიკა დადებითია, რადგან   2017 წელს  24 308 შემთხვევა დაფიქსირდა.

    ომბუდსმენის ცნობით, ამ ტენდენციის მიუხედავად, უსაფრთხო აბორტის ხელმისაწვდომობა კვლავ პრობლემად რჩება.  დადგინდა, რომ რიგ შემთხვევებში, სერვისის გამცემი პირები ცდილობენ ქალებს, რომლებიც აბორტის სერვისს საჭიროებენ, გადააფიქრებინონ აბორტის გაკეთება. ამისთვის კი არაეთიკურ გზებსაც მიმართავენ.

    “მიუხედავად ამ ტენდენციისა, უსაფრთხო აბორტის ხელმისაწვდომობა კვლავ პრობლემად რჩება. მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ რიგ შემთხვევებში, სერვისის გამცემი პროფესიონალები ცდილობენ ქალებს, რომლებიც აბორტის სერვისს საჭიროებენ, გადააფიქრებინონ აბორტის გაკეთება და ამისთვის, ზოგ შემთხვევაში, ისეთ არაეთიკურ გზებსაც მიმართავენ, როგორიც არის, სერვისის მიმღებისთვის განზრახ, არასწორი ინფორმაციის  მიწოდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.”

    აბორტთან დაკავშირებული პრობლემები არსებობს მოზარდების შემთხვევაშიც. მონიტორინგით დადგინდა, რომ სამედიცინო მომსახურების გამწევი პირები 
    ხშირად არასრულწლოვნის ნების საწინააღმდეგოდ, არათუ ატყობინებს მშობელს აღნიშნული სერვისის გაწევის თაობაზე, არამედ მისგან წინასწარ ითხოვს ინფორმირებულ თანხმობასაც. სახალხო დამცველის აპარატის მიხედვით, მსგავსი შემთხვევები მოზარდი გოგონების ჯანმრთელობის დაცვის უფლებებს აზიანებს, რადგან მათ ეზღუდებათ რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა. 
    ” აღნიშნული პრაქტიკა ასევე ახალისებს არასრულწლოვნების მიერ არალეგალური გზების ძიებას სამედიცინო სერვისების მისაღებად, რაც მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს”-აღნიშნულია სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშში.

  • პატრიარქი გამსახურდიას დასჯას ითხოვდა-სკანდალური წერილის ასლი სოციალურ ქსელში ვრცელდება

    სოციალურ ქსელში სკანდალური წერილის ასლი ვრცელდება. წერილის მიხედვით, საქართველოს პატრიარქმა 1983 წელს სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ რელიგიის საბჭოს რწმუნებულს გივი მაისურაძეს დეპეშა გაუგზავნა და ზვიად გამსახურდიას “ბოროტმოქმედების აღსაკვეთად” ზომების გატარება მოითხოვა.

    “მოგახსენებთ, რომ მოქალაქე ზ.კ გამსახურდია იდენს მოქმედებას, რომელიც არ შეეფერება საბჭოთა მოქალაქეს. იგი ლანძღავს სამღვდელოებას და ეკლესიას, რაც დაუშვებელია სსრკ კონსტიტუციით. ამასთან ერთად წარმოგიდგენთ მის მიერ გამოგზავნილ დეპეშის ასლს. გთხოვთ მიიღოთ ზომები მსგავსი ბოროტმოქმედების აღსაკვეთად”

    წერილის ავთენტურობას სოციალურ ქსელებსა და ფორუმებზე უკვე განიხილავენ.ბევრი მომხმარებელი ადასტურებს, რომ ის ნამდვილად საპატრიარქოს ეკუთვნის. დოკუმენტი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე რელიგიის მიმომხილველმა ლევან სუთიძემ გაავრცელა და განაცხადა, რომ წერილის ორიგინალი  არქივში ინახებოდა, ასლი კი განკვეთილ ეპისკოპოსს ქრისტეფორე წამალაიძეს ჰქონდა.
    დოკუმენტის ავთენტურობაზე ჯერჯერობით კომენტარი საპატრიარქოში  არ გაკეთებულა.

  • ფერარის უიღბლობა გრძელდება – ლუის ჰამილტონის დრამატული გამარჯვება ბაჰრეინში

    ფორმულა 1-ის რიგით მეორე გრან პრი ბაჰრეინში გუშინ საღამოს გაიმართა. რბოლა ძალიან დრამატული და სანახაობრივი აღმოჩნდა.

    როგორც მოგეხსენებათ, ფერარის გუნდს ამ სეზონში ახალი მრბოლელი შარლ ლეკლერი შეუერთდა და მან ძალიან გამოცდილი კიმი რაიკონენი ჩაანაცვლა. ფერარის 21 წლის მრბოლელისთვის 2019 წლის რიგით მეორე გრან პრი წარმატებით დაიწყო. მან კვალიფიკაციაზე პირველი ადგილი დაიკავა და რბოლაც პირველი პოზიციიდან დაიწყო. ეს მისთვის პირველი პოული (რბოლის პირველი ადგილიდან დაწყება) გახლდათ. მან დასაწყისიდანვე მოიპოვა უპირატესობა და 47 წრის განმავლობაში პირველ ადგილზე იმყოფებოდა. თუმცა სამწუხაროდ რბოლის დასრულებამდე 14 წრით ადრე მას ტექნიკური პრობლემები შეექმნა და მისი ბოლიდი მნიშვნელოვნად შენელდა. ამით ისარგებლეს მერსედესის ორივე პილოტმა ლუის ჰამილტონმა და ვალტერი ბოტასმა და ახალგაზრდა შარლს ორივემ გადაასწრო. საბოლოო ჯამში ფერარის მრბოლელი მესამე ადგილზე გავიდა, თუმცა რომ არა უსაფრთხოების მანქანა იგი პოდიუმს მიღმა დარჩებოდა.

    ეს ფერარისთვის ერთადერთი უიღბლობა არ ყოფილა გუშინდელ რბოლაში. რბოლის პირველ ნახევარში პირველ მეორე ადგილს სწორედ მათი მრბოლელები იკავებდნენ და რომ არა ტექნიკური პრობლემები დიდი ალბათობით ასეც დასრულდებოდა ყველაფერი. მაგრამ ერთ-ერთ ეპიზოდში გერმანელ სებასტიან ფეტელს, რომელიც იმ მომენტში მეორე ადგილზე იმყოფებოდა წინ ერთი წრით ჩამორჩენილი მრბოლელები ჰყავდა ჩამოსატოვებელი და მისდა საუბედუროდ გადასწრებისას ერთ მათგანს წინა ფრთა გამოსდო და შეხების შედეგად იგი საერთოდ მოტყდა ბოლიდს. თუმცა არც ამით მორჩა მათი პრობლემები შენელებულ გერმანელ მრბოლელს უკნიდან ჰამილტონი წამოეწია და თავის დაცვისას ბოლიდი საერთოდ მოუსრიალდა და ერთდროულად 5 პოზიცია დაკარგა.


    საბოლოოდ, რბოლაში გამარჯვება მერსედესის ბრიტანელ ავტომრბოლელს ლუის ჰამილტონს დარჩა. მეორე ადგილზე მისი გუნდელი ვალტერი ბოტასი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი შარლ ლეკლერმა დაიკავა. 4-10 პოზიციები შემდეგნაირად გადანაწილდა: მაქს ფერსტაპენი, სებასტიან ფეტელი, ლანდო ნორისი, კიმი რაიკონენი, პიერ გასლი, ალექსანდრ ალბონი, სერხიო პერესი.

    საერთო ჩათვლაში ვალტერი ბოტასი ლიდერობს 44 ქულით, მეორე ადგილზე ლუის ჰამილტონია 43 ქულით. მესამე ადგილს კი რედ ბულის მრბოლელი მაქს ფერსტაპენი იკავებს 27 ქულით. მეოთხე მეხუთე ადგილზე არიან ფერარის მრბოლელები: შარლ ლეკლერი 26 ქულით და სებასტიან ფეტელი 22 ქულით.