Blog

  • სოლიდარობის აქცია დასრულდა. მონაწილეებმა მოძრაობის შექმნა დააანონსეს

    სოლიდარობის აქცია, რომელიც დღეს სახელმწიფო კანცელარიასთან დაიწყო და ბოლოს ვაკის პოლიციასთან დასრულდა, შეწყდა. სოლიდარობის ქსელი სამუშაო ფორმატში გადადის და ყველა ჯგუფთან შეხვედრას გეგმავს, ვისი შრომითი უფლებებიც ირღვევა. შემდეგ კი შრომითი უფლებების დასაცავად სამოქალაქო მოძრაოის დაწყებას აანონსებენ. კონკრეტული გეგმები ჯერჯერობით უცნობია.
    სოლიდარობის აქცია 31 მარტს თბილისში, ჭავჭავაძის 5–ში მშენებლობაზე მიწის ჩამოშლის შედეგად დაღუპულ ორ მუშას მიეძღვნა. მსვლელობა რუსთაველის გამზირის გავლით ჭავჭავაძის 5–მდე მივიდა, სადაც აქციის მონაწილეებმა ღობის გარღვევა სცადეს, რა დროსაც აქციის 4 მონაწილე დააკავეს.  მოგვიანებით აქციამ კახა კალაძის სახლთან გადაინაცვლა. მონაწილეები თბილისის მერთა შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა კალაძე აქციის მონაწილეებთან არ მივიდა.
    კალაძის სახლიდან მსვლელობა გაიმართა ვაკის პოლიციისკენ, სადაც დაკავებულები იმყოფებიან. პოლიციაში მისვლიდან მალევე აქციის მონაწილეებმა დაშლის შესახებ განაცხადეს.

  • სოლიდარობის აქციამ ვაკის პოლიციასთან გადაინაცვლა, სადაც 4 დაკავებული იმყოფება

    აქციის მონაწილეები  პოლიციის სამმართველოსთან იმყოფებიან. პოლიციის შენობაში ცოტა ხნის წინ ჭავჭავაძის გამზირზე დაკავებული აქციის 4 მონაწილე იმყოფება. ისინი უკვე მოინახულა სახალხო დამცველის მოადგილემ. აქციის მონაწილეები სოლიდარობას გამოხატავენ, დაკავებული აქტივისტების მიმართ და მათ დაუყონებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

    სოლიდარობის აქციის მონაწილეები კალაძის სახლთანაც იყვნენ შეკრებილები და ქალაქის მერთან შეხვედრას მოითხოვდნენ.

    თბილისის მერიამ  განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ დედაქალაქის მერი კახა კალაძე მზად არის, უახლოეს დღეებში შეხვდეს აქციის მონაწილეების მიერ შედგენილ რამდენიმეკაციან ჯგუფს, კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს წინადადებები და გააცნოს ის ღონისძიებები, რომელსაც თბილისის მერია შრომის უსაფრთხოების დაცვის კუთხით ახორციელებს. 

    აქციის მონაწილეებმა კალაძის წინადადებაზე უარი განაცხადეს და მოთხოვნების დაუყონებლივ შესრულება მოითხოვეს.

    დღევანდელი საპროტესტო აქცია, ორგანიზატორების თქმით, ნელ-ნელა დაიშლება, თუმცა პროტესტი გაგრძელდება და უახლოეს დღეებში დაიგეგმება. 

  • აქცია კალაძის სახლთან–სოლიდარობის აქციის მონაწილეები მერთან შეხვედრას ითხოვენ

    სოლიდარობის აქციის მონაწილეები, რომელთაგან ხუთი ცოტა ხნის წინ პოლიციამ ჭავჭავაძის გამზირზე დააკავა, მსვლელობით ჭავჭავაძის გამზირზე, კახი კალაძის სახლთან მივიდნენ. ისინი კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მათი მოთხოვნაა კანონმდებლობის სასწრაფოდ შეცვლა იმისათვის, რომ ადამიანები მშენებლობებზე სისტემატურად არ იღუპებოდნენ.

    თბილისის მერიამ ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ დედაქალაქის მერი კახა კალაძე მზად არის, უახლოეს დღეებში შეხვდეს აქციის მონაწილეების მიერ შედგენილ რამდენიმეკაციან ჯგუფს, კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს წინადადებები და გააცნოს ის ღონისძიებები, რომელსაც თბილისის მერია შრომის უსაფრთხოების დაცვის კუთხით ახორციელებს.

    სოლიდარობის აქცია გუშინ, ჭავჭავაძის 5–ში მიწის მშენებლობაზე მიწის ჩამოშლის შედეგად მიწის ქვეშ მოყოლილი 2 მუშის გარდაცვალების გამოი გაიმართა. აქცია კანცელარიასთან დაიწყო, შემდეგ კი ჭავჭავაძეზე გადაინაცვლა, სადაც აქციის მონაწილეებმა მშენებლობის ღობის გარღვევა სცადეს, რის შემდეგაც 5 ადამიანი პოლიციამ დააკავა.

  • 4 პირი დაკავებულია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის– შსს

    4 პირი დაკავებულია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის– ამის შესახებ ამ წუთებში ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ავრცელებენ.

    შსს-ს ცნობით, აქციის მიმდინარეობისას საზოგადოებრივი წესრიგისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით 4 პირია დაკავებული.
    შეგახსნებთ, რომ ვითარება ჭავჭავაძის გამზირზე ცოტა ხნის წინ დაიძაბა, რასაც შეხლა-შემოხლა და აქციის მონაწილეების დაკავება მოჰყვა.

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    დღეს საღამოს, 21:34 საათისთვის საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ყვარელთან დაფიქსირდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 3.7 მაგნიტუდა შეადგინა.
  • ჭავჭავაძეზე ვითარება დაიძაბა.დაკავებულია აქციის 4 მონაწილე

    ჭავჭავაძის 5-თან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ამ წუთებში ვითარება უკიდურესად დაძაბულია.

    კანცელარიიდან მომავალმა აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის გადაკეტვა მოისურვეს, რის საშუალებას მათ პოლიცია არ აძლევს. აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.დაკავებულია 5 ადამიანი ცოტნე ცხვედიანი, გიორგი კობახიძე, გიორგი სოფრომაძე, ვახუშტი მენაბდე და დავით სუბელიანი.

    შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე აქცია, ორი მუშის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს, რომლებიც ჭავჭავაძის 5–ში გუშინ მშენებლობაზე ჩამოშლილი მიწის ქვეშ მოყვნენ.

    სოლიდარობის მოძრაობამ აქცია საღამოს მთავრობის ადმინისტრაციასთან  დაიწყო, შემდეგ კი მსვლელობით ჭავჭავაძის გამზირზე გადაინაცვლა.

    აქციის მონაწილეები რამდენიმე საათია ადგილზე იმყოფებიან და ისინი პრემიერ-მინისტრის, ჯანდაცვის მინისტრის და დედაქალაქის მერის მისვლას ითხოვენ. 

  • რუსეთში კანონიერი ქურდების წინააღმდეგ კანონი მიიღეს. ავტორები აღიარებენ, რომ საქართველოს მიბაძეს

    რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კრიმინალური ავტორიტეტების, ე.წ. კანონიერი ქურდების წინააღმდეგ სასჯელს ამკაცრებს. კანონში ახალი მუხლი შევიდა დანაშაულებრივი იერარქიის ლიდერობისათვის და დადგინდა პასუხისმგელობა დანაშაულებრივი ჯგუფების შეკრებებში მონაწილეობისთვის. რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსს ახალი მუხლი დაემატა სახელწოდებით: “დანაშაულებრივ იერარქიაში უმაღლესი პოზიციის დაკავება“. ამ დანაშაულისთვის 8–დან 15 წლამდე პატიმრობა და 5 მილიონ რუბლამდე ჯარიმაა გთავალისწინებული.დანაშაულებრივი სამყაროს წევრობა, დაჯგუფების შექმნა ან მის შეკრებებში მონაწილეობა ““კანონიერი ქურდებისთვის“ 20 წლამდე პატიმრობით ისჯება. კანონპროექტი პარლამენტში თებერვალში თავად პუტინმა შეიტანა.
    განმარტებით ბარათში ნათქვამი იყო, რომ დანაშაულებრივი სამყაროს ლიდერები დანაშაულებრივ საქმიანობას ხელმძღვანელობენ და ამიტომ საზოგადოებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენენ, თუმცა დანაშაულებრივ იერარქიაში მათი მაღალი მდგომარეობის გამო, როგორც წესი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას თავს არიდებენ.
    დუმაში კანონპროექტის განხილვისას პრეზიდენტ პუტინის  წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა დოკუმენტის მსგავსებაზე საქართველოს კანონმდებლობასთან, სადაც 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ “ქურდულ სამყაროს“ შეურიგებელი ბრძოლა გამოუცხადეს.
    ბიბისი რუსული კანონმდებლობის ცვლილების შესახებ წერს და ქართულ გამოცდილებასაც იხსენებს. მათ შორის 2010 წელს მაშინდელი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ რუსული ფორბსისთვის მიცემულ ინტერვიუს, რომელშიც ის ამბობს: “ყველა ჩვენი ქურდი ახლა ან თქვენთან არის, ან ევროპაში.“

    ბიბისი წერს, რომ ეს რეფორმა მაშინდელი ხელისუფლების სიამაყის საბაბი იყო.ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კი წარსულში ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი მინისტრი – ვანო მერაბიშვილი ციხეში აღმოჩნდა. ის ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევების სიმბოლოა. წინა ხელისუფლების მხარდამჭერებისთვის კი, რომელმაც დამნაშავეთა სამყაროსთან ბრძოლის მკაცრი მეთოდები აირჩია, ის დამნაშავეთა სამყაროსთან შეურიგებელ მებრძოლად რჩება.
    ბიბისი წერს, რომ სააკაშვილის და მისი ხელისუფლების დანაშაულთან ბრძოლის მეთოდებთან დაკავშირებით კამათი კვლავ გრძელდება, თუმცა “ქურდულ სამყაროსთან“ ბრძოლაში ამჟამინდელი ხელისუფლება არათუ არ ამსუბუქებს კანონმდებლობას, არამედ ამკაცრებს კიდევაც და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას მნიშვნელოვან პრიორიტეტად აცხადებს.
  • მსოფლიოს პირველი ჰოლოგრაფული გეიმინგ ასისტენტი – NVIDIA-ს რევოლუციური ინოვაცია

    ყველასათვის ცნობილმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა NVIDIA-მ ვიდეო თამაშების მოყვარულებს საინტერესო ინოვაცია შესთავაზა.

    R.O.N – როგორც მას დეველოპერები უწოდებენ, ამიერიდან თქვენი ახალი დამხმარე იქნება. იგი დაუკავშირდება თქვენს კომპიუტერს, გაანალიზებს ვიდეო თამაშებში თქვენს შედეგებს და შემოგთავაზებთ იდეებს თუ როგორ გახდეთ უკეთესი მოთამაშე. მრავალფუნქციური ინოვაცია 18 ენაზე შეძლებს საუბარს. 

    წარმოგიდგენთ ვიდეო რგოლს, სადაც საუბარია მის ყველა ფუნქციაზე:

  • დაპირისპირება წალკაში.მობილიზებულია პოლიციის ძალები

    წალკის რაიონში,სოფელ ბარეთში ერთმანეთს ახალგაზრდების ორი ჯგუფი დაუპირისპირდა. ვითარება ადგილზე  ფეთქებად საშიშია. ადგილობრივ სვანებსა და აზერბაიჯანელებს შორის მწვავე დაპირისპირების დროს ორი ახალგაზრდა დაშავდა, რომლებიც კლინიკაში მოხვდნენ.
    კონფლიქტი ორი თვის წინ დაწყებულ დაპირისპირებას უკავშირდება, რომლის შესახებაც პოლიცია და ადგილობრივი ხელისუფლება ინფორმირებული იყო, თუმცა რეაგირება მხოლოდ ვითარების უკიდურესად დაძაბვის შემდეგ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელში პოლიციის დამატებითი ძალები გადაისროლა. ბარეთს ახლა სამართალდამცველები აკონტროლებენ.
    ქართველ და აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს შორის კონფლიქტის რეალურ მიზეზებზე მხარეები არ ლაპარაკობენ, თუმცა ადასტურებენ რომ დაპირისპირება უკვე თვეები გრძელდება და სულ უფრო მწვავე ფორმებს იღებს.
    სოფელში დაპირისპირების დეტალებზე ლაპარაკს თითქმის ყველა გაურბის. მხოლოდ მცირე ნაწილი ადასტურებს იმას, რომ ჩხუბი ახალგაზრდებს შორის ეთნიკურ ნიადაგზე მოხდა.
    დაპირისპირებული ახალგაზრდების მშობლები და სოფლის უხუცესები კი ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზად სიგარეტს ასახელებენ.
    სოფელ ბარეთის გამგებელი ჰყვება რომ თავად მონაწილეობდა მოჩხუბართა გაშველებაში და შემდეგ ახალგაზრდების შერიგებაც სცადა, რასაც თავად ჩხუბის მონაწილეები არ ადასტურებენ.
    ხელჩართული ჩხუბის მიუხედავად პოლიციას საქმეზე გამოძიება არ დაუწყია. ძალოვანი უწყება დაპირისპირების განმუხტვას მხოლოდ სოფელში პატრულირებით ცდილობს.
  • გიორგი ანდრიაძემ კატაკომბური ეკლესია დაარეგისტრირა

    პატრიარქის საქველმოქმედო ფონდის მმართველი საბჭოს წევრი და მთაწმინდის ოლქში  შუალედური არჩევნების ერთ-ერთი კანდიდატი გიორგი ანდრიაძე აცხადებს, რომ გირჩის საპირწონედ შექმნა მართლმადიდებლური რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლებს.

    როგორც ანდრიაძე ამბობს, გირჩის რელიგიური ორგანიზაციიდან უკვე ასობით ახალგაზრდა გადავიდა მის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციაში. მაჟორიტარობის კანდიდატი ამბობს, რომ მის მიერ შექმნილი ორგანიზაცია წარმოადგენს თურქეთში არსებულ ისტორიულად ჩამოყალიბებულ კატაკომბურ ეკლესიას:

    “თავისი მრწამსით ეს არის მართლმადიდებლური ორგანიზაცია, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა საქართველოში. ამ ორგანიზაციის სახელით ჩვენ სწორედ იგივე პრივილეგია მივეცით ახალგაზრდებს და არ ვუშვებთ სამხედრო სამსახურში, ვინც მიმართავს ამ ორგანიზაციას. ამ მიმართულებით, ამ კუთხით გავათავისუფლეთ უამრავი ახალგაზრდა იმისაგან, რომ მიემართა სექტანტური, ანტიმართლმადიდებლური ორგანიზაციისათვის, რომელიც შექმნა ე.წ. პოლიტიკურმა ორგანიზაცია გირჩმა.
    ამის შემდეგ ჩვენ ვთხოვეთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც თავისი მრწამსით არიან მართლმადიდებლები და სიტუაციიდან გამომდინარე მოხვდნენ გირჩის ე.წ. რელიგიურ ორგანიზაციაში, რომელიც თავისი არსით არის სექტანტური ორგანიზაცია. ამ პიროვნებებს მივმართეთ, რომ “გადმოწერილიყვნენ” ჩვენს მართლმადიდებლურ ორგანიზაციაში. ამით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დავუბრუნეთ ასობით ადამიანი… ჯერჯერობით მხოლოდ ასობით. სამწუხარო ციფრი, რომელიც არის 15 ათასიდან 20 ათასამდე გირჩის ორგანიზაციაში მხოლოდ იმ მიზნით, რომ თავი დააღწიოს სავალდებულო სამხედრო სამსახურს. ამ ახალგაზრდებს ვაძლევთ საშუალებას, რომ დაუბრუნდნენ დედაეკლესიას, ანუ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას”.- აცხადებს ანდრიაძე ფეისბუქ ჩართვაში.