Blog

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში დღეს,  11:30 საათზე მიწისძვრა მოხდა.

    სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტის ცნობით, 3.4 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრის ეპიცენტრი ონთან, სოფელ ნაკიეთში იყო.

    ამ დროისთვის მიწისძვრის მიერ მიყენებული ზიანის და დაზარალებულების  შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

  • 3-4 აპრილს დავით ზალკალიანი ვაშინგტონს ეწვევა

    3-4  აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიზიტს ვაშინგტონში გამართავს. საგარეო უწყების ხელმძღვანელი  ნატო-ს დაარსებიდან საიუბილეო, 70-ე წლისთავზე გასამართი საგარეო საქმეთა მინისტერიალის პარალელურად დაგეგმილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნატო-ს წევრ საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს 3 აპრილს აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს, აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდისა და მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის მიერ თანაორგანიზებულ ღონისძიებაში „NATO Engages: The Alliance at 70 Years“, სადაც სიტყვით გამოვა ალიანსის გაფართოების საკითხისადმი მიძღვნილ პანელზე „უსაფრთხოების გაფართოება სამეზობლოში: ნატო-ს პარტნიორობის მემკვიდრეობა და მომავალი“. ზალკალიანი ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

    ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის, აშშ-ის კონგრესში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ს დელეგაციის ხელმძღვანელ გერი კონოლთან.

    მინისტერიალის ფარგლებში მიმდინარე წლის 28 მარტს გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, სადაც საქართველოს მონაწილეობით მსჯელობა წარიმართა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე 24-25 მარტს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ნატო-ს გენერალური მდივანი ენს სტოლტენბერგი.

  • სოც მუშაკებმა გაფიცვა შეწყვიტეს

    სოციალური მუშაკები გაფიცვას წყვეტენ და სამუშაო პროცესს უბრუნდებიან. სოციალური მუშაკების განცხადებით, მათ აღნიშნული გადაწყვეტილება ბენეფიციარების მიმართ პასუხისმგებლობის გამო მიიღეს.

    “იქიდან გამომდინარე რომ სოციალური მუშაკები ვიაზრებთ საკუთარ მნიშვნელობასა და პასუხისმგებლობას ბენეფიციარების წინაშე, მივიღეთ გადაწყვეტილება 2019 წლის 02 აპრილიდან ვაგრძელებთ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას.” ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სოციალურმა მუსაკებმა ცოტა ხნის წინ გაავრცელეს. მათი თქმით, გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება უკვე მიღწეულია, თუმცა გადაუჭრელ პრობლემებად  რჩება ხელფასების გაზრდა და სხვა რიგი სისტემური გამოწვევები.

    „შეთანხმება მოხდა შემდეგ საკითხებზე: 1) სოციალური მუშაკის სამუშაო განიტვირთა ტექნიკური საქმიანობისგან. 2) სოციალური მომსახურების ცენტრებში გამოიყო 12 მანქანა და მაისის ბოლომდე იგეგმება კიდევ 18 მანქანის დამატება. ხოლო მაისის ბოლომდე დასრულდება მოლაპარაკებები ტაქსის კომპანიებთან, რათა საჭიროების შემთხვევაში მოხდეს სოციალური მუშაკების ტრანსპორტირება 2) 12 იურისტი დაემატება სოციალური მომსახურების ცენტრებს 3) გამარტივდა “ექსპერტიზის ბიუროსთან” ხელმოწერის პროცედურა. 4) დაემატა 1 ფსიქოლოგი თბილისში 5) დაიგეგმა ინსფრასტრუქტურისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით ტენდერის გამოცხადება. ამასთანავე 1 აპრილს განცხადებით მივმართეთ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, ასევე სოციალური საკითხებისა და ჯანდაცვის კომიტეტს და ვთხოვეთ პარლამენტს მისი საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში უზრუნველყოს ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებს შორის კოორდინაცია, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს სოციალური მუშაკებისა სამუშაო პირობების გაუმჯობესება. იმავე დღეს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 15 აპრილს ჯანდაცვის კომიტეტში დაბარებული არიან ფინანსთა და სოციალური დაცვის მინისტრები სოციალური მუშაკების სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად ფინანსების მობილიზების საკითხზე სამსჯელოდ.“

    “1)შეთანხმება ვერ მოხდა შემდეგ საკითხებზე არ შექმნილა მეურვეობისა და მზრუნველობის სისტემაში არსებული არსებულ გამოწვევებზე რეაგირების საბჭო ჩვენ მიერ მოთხოვნილი შემადგენლობით, სადაც უნდა შევიდნენ როგორც პრაქტიკოსი სოციალური მუშაკები ასევე დარგის ექსპერტები და არასამთავრობო ორგანზიაციები. 2) არ მომხდარა სოციალური მუშაკების ხელფასის განაკვეთის ზრდის განხილვა. 3) საპროცესო წარმომადგენლობასთან დაკავშირებით დაიგეგმა სხვა უწყებებთან მოლაპარაკებების წარმოება, ასევე უწყების შიგნით საკითზე მუშაობა, თუმცა, ჯერჯერობით საკითხი რჩება ღიად.” – აღნიშნულია განცხადებაში.

    სოციალური მუშაკები პროფესიული კავშირის დაფუძნებას გეგმავენ. მათი განმარტებით, დარჩენილი მოთხოვნების შესრულებაზე ისინი მოლაპარაკებების ფორმატში იმუშავებენ.

    სოც მუშაკები რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოსაც შეხვდნენ, მათი თქმით, შეთანხმება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ჯერ დოკუმენტურად არ გაფორმებულა.

  • „პირადი ცხოვრების შელახვა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა” – პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი

    „პირადი ცხოვრების შელახვა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა” – თამარ ქალდანის 2018 წლის ანგარიშში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად პირადი ცხოვრების შელახვა მოხვდა. 

    პერსონალურ მონაცემთა დაცვა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები  მთავარი პუნქტია იმ ანგარიშში, რომლის განხილვა ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტში  მიმდინარეობს. ანგარიშს წარადგენს. ქალდანის განცხადებით, აღნიშნული საკითხები კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება.

    ქალდანის  თქმით, ამ მიმართულებით კომპეტენცია გამოძიებას ეკუთვნის.

    ˜„პირადი ცხოვრების ისეთი შელახვა,რომელიც შეიძლება დანაშაულებრივი საქმიანობით იყოს გამოწვეული – ეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, ამ მიმართულებით იცით, რომ კომპეტენცია საგამოძიებო ორგანოებს განეკუთვნება. ჩვენი კომპეტენცია ეს არის, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორზე ზედამხედველობა პერსონალი მონაცემების დამუშავების კუთხით. ასევე იყო დანაშაულის ნიშნები და ვინაიდან გამოძიება ჩვენს კომპეტენციას არ წარმოადგენს ეს საქმე გადაგზავნილი იქნა პროკურატურაში,“-განცხადა  თამარ ქალდანმა ქალდანმა.

    ოპოზიციის შეფასებით, თამარ ქალდანის 2018 წლის ანგარიშში პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საკითხზე და ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების შესახებ შეფასება უფრო კრიტიკული უნდა ყოფილიყო. საპარლამენტო უმცირესობის შეკითხვები  ქალდანის მისამართით  სწორედ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ეხებოდა.

    შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს პარლამენტის წევრის ეკა ბესელია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტსივრცეში რამდენჯერმე მოხვდა, პასუხისგებაში მიეცნენ ვიდეოს ამტვირთავი და გამავრცელებელი პირები, შეკითხვები იმასთან დაკავშირებით,  ვინ დგას პარლამენტის წევრის მიმართ განხორციელებული დანაშაულის უკან, ამ დრომდე  პასუხგაუცემელია.

  • “პარლამენტარი ამბობს სიტყვებს, რომლის შინაარსი არ იცის”-ოხანაშვილი ბესელიაზე

    “სამწუხაროა, როდესაც პარლამენტის წევრი ამბობს ისეთ სიტყვებს, რომლის შინაარსი თვითონ არ იცის” – ანრი ოხანაშვილი ბესელიას პასუხობს.

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ყოფილ კოლეგას, ეკა ბესელიას უპასუხა.

    „სამწუხაროა, რომ, როგორც ჩანს ამ სიტყვების ავტორს არ ესმის ის სიტყვები, რომელსაც წარმოთქვამს. აქედან გამომდინარე სამწუხაროა, როდესაც პარლამენტის წევრი ამბობს ისეთ სიტყვებს, რომლის შინაარსიც თვითონ არ იცის-ეს არის სამწუხარო ფაქტი,“ – განცხადა ანრი ოხანაშვილმა.

    შეგახსენებთ, მმართველი პარტიის ყოფილმა წევრმა ეკა ბესელიამ, პირადი ცხოვრების გავრცელებასთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადება გააკეთა და ყოფილ კოლეგებს საპარლამენტო  „კოლექტიური ტერორისტები“ უწოდა. “კოლექტიურ ტერორისტებში” დასახელებული იყო ანრი ოხანაშვილიც.

    ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ძალიან ბევრი საქმე გახსნილია ამაზე მიუთითებს სტატისტიკაც, თუმცა გამოწვევები არსებობს და ეს ბუნებრივიცაა, რადგან არც ერთ წარმატებულ ქვეყანაში გამოძიება საქმეთა 100% ვერ ხსნის.

    „ამ მიმართულებით გამოწვევები არის ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში, სამართალდამცველი ორგანოები ამას თვალს უსწორებენ და მუშაობენ, რომ ყველა შესაძლო გამოწვევა და ხარვეზი გამოსწორდეს,“- აცხადებს  ოხანაშვილი.

  • თაღლითობისთვის ქუთაისის მერიის თანამშრომელი დააკავეს

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო სამსახურის უფროსი, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს. სუსის ინფორმაციით, საქმე თაღლითობის ფაქტს ეხება. გამოძიებას სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.
    უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გოჩა მ. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ცდილობდა დაერწმუნებინა წვევამდელი, რომ მისი სამსახურებრივი უფლებამოვალეობების განხორციელებისას 400 ლარის სანაცვლოდ უზრუნველყოფდა წვევამდელის სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის 6 თვით გადავადებას. გოჩა მ-მ აიღო მის მიერ მოთხოვნილი 400 ლარი, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.
    გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
    თბილისის საქალაქო სასამართლომ   ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეუფარდა.
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი პარლამენტს ყოველწლიურ ანგარიშს აცნობს

    ამ წუთებში პარლამენტში მოხსენებით გამოდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი.

    2018 წლის ანგარიშს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უსმენენ. პარლამენტში წარდგენილი დოკუმენტი 2018 წელს ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობას და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ გაწეულ საქმიანობას აჯამებს.

    თამარ ქალდანის თქმით, მთავარ პრობლემად რჩება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საჯარო სივრცეში მოხვედრა.

    ოპოზიციის წარმომადგენლები თამარ ქალდანისთვის მწვავე შეკითხვების დასასმელად ემზადებიან, მათ აინტერესებთ რამდენად იცავს ქალდანის უწყება საჯარო პირების უფლებებს, როდესაც მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა უხეშად ირღვევა.

    პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის რანგში ეს თამარ ქალდანის ბოლო წარდგენაა პარლამენტში. ის მეორე ვადით არის არჩეული და უახლოეს დღეებში უფლებამოსილების ვადა ეწურება.

  • ადვოკატის ინფორმაციით, აქციაზე დაკავებულები ხელწერილით გაათავისუფლეს

    საია-ს ადვოკატის მიხეილ ჯახუას ინფრომაციით, საპროტესტო აქციაზე დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ. ადვოკატის განცხადებით, ის ჯერჯერობით არ იცნობს საქმის დეტალებს, შესაბამისად  არ იცის  კონკრეტულად რა მტკიცებულებები გააჩნია შსს-ს დაკავებულთა წინააღმდეგ.

    საქმის განხილვა სასამართლოში გაგრძელდება. 6 პირის დაკითხვა ვაკის პოლიციის შენობაში აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

    როგორც ცნობილია, აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი წესრიგისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.

    არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებულების სახით სამხრე კამერების ჩანაწერები აქვს, რომელსაც , სავარაუდოდ, სასამართლო პროცესზე მტკიცებულის სახით წარმოადგენს.

    შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციაზე სულ 6 პირი დააკავეს, ექვსივე მათგანი ამ დროისთვის გათავისუფლებულია. მათ უფლებებს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია დაიცავს.

  • ზიარება გექმნას არა სასჯელად არამედ საკურნებელად, რა შუაშია კოვზი –  დეკანოზი ელიზბარ

    ზიარება გექმნას არა სასჯელად არამედ საკურნებელად, რა შუაშია კოვზი – დეკანოზი ელიზბარ

    “წერია, ზიარება გექმნას არა სასჯელად არამედ საკურნებელად, რა შუაშია კოვზი” – აცხადებს დეკანოზი ელიზბარ ოდიშვილი ტვ “მთავართან” საუბრისას. მისი  თქმით, ეკლესია სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით წინასწარ ვერაფერს იტყვის. მისი თქმით, ეკლესია მაშინ იტყვის  ყველაფერს, როცა ამის დრო დადგება.
    “მე 40 წელია ვაზიარებ ამას, მე გამოვიარე ბევრი ვირუსები საწამლავიც რომ შემოუგდიათ ეკლესიაში. კოვზით ზიარება სასჯელია, ვინც არასწორად მიიღებს, იქ წერია თვითონ ლოცვაში, რომ ზიარება გექმნას არა სასჯელად არამედ საკურნებელად სულისა და ხორცისა, რა შუაშია კოვზი”, –  თქვა დეკანოზმა ელიზბარმა.
    პირველ აპრილს პატრიარქმა ილია მეორემ გაავრცელა მიმართვა, რომლის მიხედვითაც, ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს.
    კორონავირუსის დროს ტაძრებში წირვა-ლოცვების ჩატარებისთვის საპატრიარქო სასულიერო პირებს დღეს, 3 აპრილს სმს-ით სამ რეკომენდაციას გაუგზავნის.
  • საპროტესტო აქციის დროს დაკავებული 6 პირი გაათავისუფლეს

    ჭავჭავაძის გამზირზე გამართულის აქციის დროს,დაკავებული 6-ვე პირი გაათავისუფლეს, მათ შორის კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე და მოძრაობა “თეთრი ხმაურის” წევრი დავით სუბელიანი.

    ვახუშტი მეანაბდემ  ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საპროტესტო აქციები შრომითი უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით სამომავლოდაც გაგრძელდება. ამასთან, მისი თქმით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე სასამართლო სხდომა გაიმართება, თუმცა როდის, მისთვის უცნობია.

    „ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანები ყოველდღიურად იხოცებიან სამსახურში.ეს ხდება იმიტომ, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია ნება დაიცვას ისინი და უზრუნველყოს მათი ღირსეული უსაფრთხო შრომის პირობები. ჩვენ ამას ვაპროტესტებთ და სახელმწიფოსგან ვითხოვთ, რომ აიღოს სოციალური პასუხისმგებლობა და არ ითვალოს მსხვერპლის სტატისტიკა. ამ ქვეყანაში ყველას აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი პასუხისმგებლობა. ჩვენ ამას გავაგრძელებთ, თუნდაც ამისთვის დაგვჭირდეს ყველა იმ პროცედურის გავლა, რაც გავიარეთ”, – განაცხადა ვახუშტი მენამდემ.

    შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები, ჭავჭავაძის გამზირზე იმ დროს დააკავეს, როდესაც გზის გადაკეტვას ცდილობდნენ.ისინი მალევე სახალხო დამცველის მოადგილემ მოინახულა. პოლიციის შენობასთან იმყოფებოდნენ აქციის მონაწილეებიც. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და დემონსტრაციები უახლოეს დღეებში გაგრძელდება.