Blog

  • “ვატარებთ ხმების პარალელურ დათვლას” – ტიმოშენკო არჩევნების წინასწარ შედეგებს არ ენდობა

    “ვატარებთ ხმების პარალელურ დათვლას” – “ბატკივშინას” ლიდერი იულია  ტიმოშენკო არჩევნების წინასწარ შედეგებს არ ენდობა.

    უკრაინაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მეხედვით, მეორე ტურში აუტსაიდერია  იულია ტიმოშენკო.

    მსახიობი ვლადიმერ ზელენსკი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერია. თითქმის 13 პროცენტიანი უპირატესობით, მეორე ტურში ის პეტრო პოროშენკოს დაუპირისპირდება. ამ ეტაპზე ხმების 40 % დათვლილია.

    ტიმოშენკოს პარტიაში  ხმების პარალელურ დათვლას აწარმოებენ და შედეგებს მოგვიანებით გამოაცხადებენ.

    „დღეს ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს დემოკრატია და ნამდვილი სოციოლოგია. ამომრჩევლის მოსყიდვაზე მილიარდები იხარჯება. ჩვენ შეგვიძლია დავეყრდნოთ მხოლოდ ტერიტორიული და საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმოწერილი ოქმების მონაცემებს.

    ჩვენი გუნდი ატარებს ხმების პარალელურ დათვლას, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა საარჩევნო უბნიდან ოქმების ელექტრონულ ასლებს მივიღებთ, შედეგების გამოცხადებას მოგვიანებით დავიწყებთ,“ – განაცხადა იულია ტიმოშენკომ.

    საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში გუშინ, 31 მარტს გაიმართა.

  • შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შესწავლა დაიწყო

    ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შესწავლა დაიწყო. 
    მათი ინფორმაციით, ობიექტის შესწავლა დაწყებულია, ასევე გამოკითხულია პასუხისმგებელ პირთა ჯგუფი.

    შეგახსენებთ, ჭავჭავაძის გამზირზე, სამშენებლო ობიექტზე მიწის ჩამოშლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. 1993 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი მეხანძრე-მაშველებმა შემთხვევიდან მალევე  იპოვეს.  8 საათის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან 1979 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარიც ამოიყვანეს.

    საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ადგილზე  35 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

    მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

  • საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ქაღალდის პირადობის მოწმობა აქვთ, აიდი ბარათსა და პასპორტს უფასოდ მიიღებენ

    დღეიდან ერთი თვის განმავლობაში  საქართველოს იმ სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად ფლობენ უვადო, ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) ძველ პირადობის მოწმობას და ამ დრომდე მათ სახელზე არასდროს გაცემულა  პირადობის ელექტრონული მოწმობა, შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ აქციით და უფასოდ შეცვალონ ძველი, უვადო დოკუმენტი ელექტრონული პირადობის მოწმობით.

    მოქალაქეები ასევე უფასოდ მიიღებენ საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს.

    იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით,   ქაღალდის ე.წ. ლამინირებულ პირადობის მოწმობას 400 ათასამდე მოქალაქე ფლობს.

    „აღნიშნული აქციით სარგებლობის მსურველ მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს. აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემის, ისე ფოტოსურათის გადაღებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისგან“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

    „2014 წლიდან საქართველოში ფოტოსურათიანი საარჩევნო სია მოქმედებს და ის ბიომეტრიულ დოკუმენტებს ეფუძნება. შესაბამისად, ბიომეტრიული დოკუმენტის ქონა უზრუნველყოფს პრინციპს − „ერთი ამომრჩეველი − ერთი ხმა“, და გამორიცხავს არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე ე.წ. კარუსელს“, – აღნიშნავენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.

    მათივე ცნობით, საარჩევნო სიების სრულყოფის მიზნით იუსტიციის მინისტრის ინიციატივით განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში პოტენციურ ამომრჩეველთა ბაზები მნიშვნელოვნად დაიხვეწა და გაუმჯობესდა, კერძოდ: 2 600 000-ზე მეტ მოქალაქეზე გაიცა პირადობის ელექტრონული მოწმობა, აქედან – 1 470 000-მდე დოკუმენტი, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, გაცემულია უფასოდ ან შეღავათიან ფასად.

    იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საარჩევნო უფლების მქონე 2 850 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე პირადობის ელექტრონულ მოწმობას ფლობს, ხოლო, დამატებით, 360 000-მდე პირი – საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს.

  • დღეიდან ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვა სისხლის სამართლის წესით ისჯება

    დღეიდან სატრანსპორტო საშუალების ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა.
    სპეციალური ტესტების მეშვეობით მძღოლები ნარკოტესტირებას ადგილზე გაივლიან.სისხლის სამართლის წესით დაისჯება სატრანსპორტო საშუალებების მართვა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ.

    ტესტი ვიზუალურად ალკოტესტის მსგავსია და ის პოლიციის თანამშრომლებს უკვე დაურიგდათ. ნარკოტიკული თრობის დადგენა ნერწყვის მეშვეობით მოხდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც მარიხუანას მოხმარებაზე რეგულაციების დაწესებას ითვალისწინებდა, პარლამენტმა გასული წლის ნოემბერში მიიღო. ერთდროულად რამდენიმე კანონში განხორციელებული ცვლილებებით, მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცა.

    პორტატიული ნარკოტესტების შესაძენად შსს–ს ტენდერის ჩატარება და ტესტების შეძენა მოუწია. ამისათვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 550 000 ლარი გამოიყო.

    ნარკოტესტი ნერწყვის საშუალებით შემდეგი ნარკოტიკული საშუალებების კვალს გამოავლენს: მარიხუანა, კოკაინი, ოპიატები, მეტამფეტამინის და ამფეტამინის ჯგუფის ნარკოტიკები.

    ახალამოქმედებულ კანონთან დაკავშირებით ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გაავრცელა:

    “კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა, ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ასევე, 3 წლის ვადით სხვადასხვა უფლებების, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.

    კანონის აღსრულების მიზნით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორებმა უკვე გაიარეს შესაბამისი გადამზადება. ამასთან, დეპარტამენტი სრულად აღჭურვილია პორტატული გერმანული ნარკოტესტერებით, რომელიც ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედებას ნერწყვის საშუალებით ადგენს.

    კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, საპატრულო პოლიცია მძღოლს ნარკოტიკულ სიმთვრალეზე ნარკოტესტერით გადაამოწმებს. დადებითი პასუხის შემთხვევაში, პირის შემოწმება დამატებით შესაბამის საექსპერტო დაწესებულებაში მოხდება. ნარკოტიკული ნივთიერების კლინიკური ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, პირს დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

    ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალების მართვის სისხლის სამართლის წესით დასჯის მიზანია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა. ასევე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უკეთ უზრუნველყოფა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.

    ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადია ევროპის არაერთ ქვეყანაში – საფრანგეთში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, იტალიაში, პოლონეთში, პორტუგალიაში, ჩეხეთში, ხორვატიაში, ესტონეთში, რუმინეთშ, ფინეთში, შვედეთში და ა. შ.“–ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

  • დღეიდან პოლიეთილენის პარკების რეალიზაცია აიკრძალა

    პირველი აპრილიდან ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალა. 

    დღეიდან ამოქმედდა ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს საშუალება აქვთ მხოლოდ ​ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკი გამოიყენონ. ვიზუალურად ის ჩვეულებრივი ”ცელოფნის პარკისგან” არ განსხვავდება, განსხვავებულია მისი შემადგენლობა.  ის მთლიანად ან ნაწილობრივ ბიოლოგიური, განახლებადი ნედლეულით წარმოებული პარკია, რომელიც ბიოდეგრადაციასა ექვემდებარება.

    ახალი რეგულაციის მიხედვით, ბიოდეგრადირებად პარკებზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი სავალდებულო ინფორმაცია: პლასტიკის პარკის მწარმოებელი, პარკის სისქე და შემადგენლობა.

    პროცესს მონიტორინგს  რამდენიმე სამსახური გაუწევს. პარკების წარმოებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, პარკების იმპორტს – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ხოლო პარკების რეალიზაციისას – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო გააკონტროლებს.

    კანონდარღვევის შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტი 500 ლარით დაჯარიმდება და შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციაც მოუწევს, განმეორებით ჩადენილი ქმედებისთვის  კი ჯარიმა გაორმაგდება და  მეწარმეს 1 000 ლარი დაუჯდება. 

    აკრძალვის ამოქმედებამდე რამდენიმე მსხვილმა სუპერმარკეტებმა და სააფთიაქო ქსელების ნაწილმა პლასტიკი მოხმარებიდან სრულად ამოიღო, ნაწილი კი მოქალაქეებს ალტერნატივის სახით მრავალჯერადი ჩანთების ყიდვას სთავაზობს. 

    შეზღუდვები ქვეყანაში ორ ეტაპად განხორციელდა. 1 ოქტომბრიდან მიმოქცევიდან ამოიღეს მხოლოდ თხელი, ერთჯერადი პარკები. დღეიდან კი აკრძალვა ნებისმიერი სისქის, არაბიოდეგრადირებადი პოლიეთილენის პარკების წარმოებას და გამოყენებასაც შეეხო.

    თუ პოლიეთილენის პარკის გარემოში დაშლას ასეულობით წელი სჭირდება, ბიოდეგრადირებადი პარკი 3-6 თვეში იწყებს დაშლას და 24 თვეში სრულად  ნადგურდება.

    სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ერთი ადამიანი 550-ზე მეტ ერთჯერად პარკს მოიხმარს. თუ ამ მონაცემებს მოსახლეობის რაოდენობაზე გადავამრავლებთ, ერთ წელში ბუნებაში 2 მილიარდამდე პოლიეთილენის პარკი ხვდება, რომლის დაშლას სულ მცირე 400 წელი სჭირდება.

  • იტალიაში ქართველი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს

    იტალიაში, ქალაქ მილანში, ქართველი სტუდენტი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს.

    ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

  • წინასწარი მონაცემებით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში შოუმენი ვლადიმერ ზელენსკი ლიდერობს

    უკრაინაში ამომრჩეველთა ხმების 40% დათვლილია, ხმების 30.23  %   შოუმენი ვლადიმერ ზელენსკიმ მიიღო.

    შედეგებს უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

    მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მეორე ადგილზეა ხმების  16.65%-ით. 

    ოპოზიციური პარტია “ბატკივშინას” ლიდერი იულია ტიმოშენკო  მესამე ადგილს იკავებს ამომრჩეველთა ხმების 13.14%-ით.

    წინასწარი მონაცემებით, არც ერთ კანდიდატს 50 %-ს პლუს 1 ხმა არ მიუღია, ამიტომ სავარაუდოა, რომ ორ კვირაში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

    უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ 31 მარტს ჩატარდა.

    ექსპერტები უკრაინის პრეზიდენტობას ვლადიმერ ზელენსკის უწინასწარმეტყველებენ, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამომრჩევლებს პირადად ხვდებოდა და სატელევიზიო აქტიურობით არ გამოირჩეოდა.

  • ჭავჭავაძეზე მიწის ქვეშ მოყოლილი მეორე მამაკაცის ცხედარიც ნაპოვნია

    მეხანძრე-მაშველებმა რვა საათიანი ძებნის შემდეგ თბილისში, ჭავჭავაძის 5 ნომერში მიწის მასის ჩამოშლის შედეგად გარდაცვლილი, 1979 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი იპოვნეს.
    სამშენებლო-გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას ჩამოშლილმა მიწის მასამ ორი ადამიანი მოიყოლა. 1993 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი მეხანძრე-მაშველებმა შემთხვევიდან რამდენიმე წუთში იპოვეს. მეორე გარდაცვლის კი რვა საათის განმავლობაში ეძებდნენ. ამ დროისთვის სამძებრო-სამაშველო ღონისძიება დასრულებულია.ადგილზე მუშაობდა 35 მეხანძრე-მაშველი.
    მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
    ჭავჭავაძის 5–ში მიმდინარე მშენებლობას კომპანია ტრანსმშენი აწარმოებს. მიწა შენობის საძირვკელი გამაგრებითი სამუშაოებისას ჩამოიშალა და მუშები ქვეშ მოიყოლა.
  • მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ნახატი გაუჩინარდა

    აბუ დაბის ახალ მუზეუმში ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე უნდა გამოეფინათ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ნახატი – “სამყაროს გადამრჩენელი“, თუმცა როგორც გაზეთ New York Times–ს მუზეუმის თანამშრომლები უყვებიან, არ იციან სად არის ტილო.
    2017 წლის დეკემბერში აბუ დაბის ლუვრმა ტვიტერში დააანონსა, რომ ნახატ “სამყაროს გადამრჩენელს“ გამოფენდნენ. ნახატის გარშემო ხანგრძლივი დავის შემდეგ 2011 წელს ხელოვნებათმცოდნეთა და მკვლევართა კონსორციუმი მივიდა დასკვნამდე, რომ ეს არის ლეონარდო და ვინჩის ნახატი.
    ის აბუ დაბიში 2018 წლის 18 სექტემბერს უნდა გამოეფინათ, თუმცა მუზეუმმა გამოფენა გადადო, ისე რომ მიზეზი არ აუხსნია.
    20 მარტს გაზეთმა New York Times–მა აბუ დაბის ლუვრის თანამშრომლებზე დაყრდნობით დაწერა, რომ მათ უბრალოდ არ იციან სად არის ნახატი: პარიზის ლუვრმა, რომელმაც აბუ დაბის მუზეუმს მისი სახელწოდების გამოყენების უფლება მისცა, ასევე არ იცის სად არის ნამუშევარი.

    ფოტო: აბუ დაბის ლუვრი
    საფრანგეთის ხელისუფლება კვლავ გეგმავს “სამყაროს გადარჩენელის“ ჩართვას ლეონარდოს გადაცვალების 500 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენაში, რომელიც 2019 წლის შემოდგომაზე გაიმართება.ხელისუფლების წარმომადგენლები ძველებურად იმედოვნებენ, რომ მანამდე ნამუშევარი სადმე გამოჩნდება.
    როგორ აღმოჩნდა ლეონარდო აღმოსავლეთში:
    2017 წლის ნოემბერში ნახატი კრისტის აუქიონზე, ნიუ იორკში 450 მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს არის ყველაზე დიდი თანხა, რაც კი კერძო პირს ნახატში ოდესმე გადაუხდია.მყიდველი აუქციონში ტელეფონით მონაწილეობდა და ანონიმურობის შენარჩუნება არჩია. New York Times–ის ინფორმაციით რეკორდული თანხა და ვინჩის შედევრში საუდელმა პრინცმა ბადერ ბინ აბდულა ბინ მუჰამედ ბინ ფარხან ალ–საუდმა გადაიხადა. ის მემკვიდრეობითი პრინცის, მუჰამედ ბინ სალმანის მეგობარი და ბიზნეს პარტნიორია.

    არსებობს სხვა ვერსიაც, რომლის მიხედვით ორმა საინვესტიციო ფირმამ რამდენიმე მსხვილ მუზეუმთან გარიგება დადო და ნახატი გამოიყიდა. ისინი თითქოსდა ნახატის არენდით გაცემას ან ახლო აღმოსავლეთის ან აზიის მუზეუმებისთვის მიყიდვას აპირებდნენ. ამ ფონზე, უცნობია, როგორ აპირებდა აბუ დაბი ნახატის მოპოვებას გამოფენისთვის.

    ნახატის გაურკვეველი ადგილმდებარეობა და ბუნდოვანი მომავალი და ვინჩის შემოქმედების მკვლევარებს ძალიან აწუხებს და კვლავ დგება საკითხი მისი ნამდვილობის შესახებ.
    ექსპერტმა ჟაკ ფრანკმა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს წერილი გაუგზავნა დე ნახატის ნამდვილობა ეჭვქვეშ დაყენა.

    ეს ნამუშავერი ერთადერთია და ვინჩის ორი ათეული ნახატიდან, რომელიც დღემდე კერძო კოლექციებში რჩება. სავარაუდოდ ის 1505 დაიხატა. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე ის ინგლისის მეფეს, კარლ პირველსაც ეკუთვნოდა.
    ექსპერტთა ნაწილი კვლავ ეჭვქვეშ აყენებს, რომ ეს ნახატი ნამდვილად ლეონარდოს დახატულია.
    “სამყაროს გადამრჩენლის“ გაყიდვების ისტორია 1958 წლიდან იწყება, როცა ის ლონდონში აუქციონზე 60 ათას დოლარად გაიყიდა, რადგან და ვინჩის ერთ–ერთი მიმდევრის ნახატად ითვლებოდა.
    ნახატის ისტორია ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე ნაკლებად არის ცნობილი. მხოლოდ 2005 წელს ნახატი კვლავ გამოჩნდა ბაზარზე და უზარმაზარი ინტერესი გამოიწვია, როგორც “დაკარგულმა ლეონარდომ“. 2011 წლამდე ოფიციალურად ითვლებოდა, რომ ეს იყო იტალიელი ხელოვანის დაკარგული ნახატის ასლი, რომელიც მისმა მოწაფემ დახატა. თუმცა 2011 წელს მკვლევარები შეთანხმდნენ, რომ ნახატი მართლაც ლეონარდოს დახატული იყო. იმავე წელს ის ლონდონში, ნაციონალურ გალერეაში გამოიფინა.
    2013 წელს ის რუსმა მილიარდერმა კოლექციონერმა, დიმიტრი რიბოლოვლევმა იყიდა და 127.5 მილიონი დლარი გადაიხადა. 2017 წელს ბიზნესმენის ოჯახურმა ტრასტმა ის ნიუ იორკში აუქციონზე გაიტანა.
    New York Times ნახატის ადგილსამყოფელის კიდევ ერთ ვერსიას ყვება. გაზეთი ინფრმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ყიდვის შემდეგ ის ევროპაში გაიგზავნა. ერთ–ერთი ექსპერტის თქმით მას ნახატის შეფასება გასული წლის შემოდგომაზე ციურხში სთხოვეს. მას შემდეგ ნახატის კვალი დაიკარგა.
  • უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კომედიანტი და მოქმედი პრეზიდენტი გადიან

    უკრაინაში საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ეგზიტპოლების შედეგები გამოქვეყნდა. “ნაციონალური ეგზიტპოლის“ მონაცემებით მერე ტურში კომიკოსი ვლადიმირ ზელენსკი და მოქმედი პრეზიდენტი, პეტრე პოროშენკო გადიან. ტიმოშენკო კი მესამე ადგილზე გავიდა.
    ფონდ “დემოკრატიული ინიციატივის“ მიერ ორგანიზებული ეგზიტპოლების მიხედვით 30.4%–ით პირველ ადგილზე გავიდა ვლადიმირ ზელენსკი, მოქმედ პრეზიდენტს, პეტრ პოროშენკოს ხმა მისცა ამომრჩეველთა 17.8%–მა, იულია ტიმოშენკომ კი 14.2% აიღო.
    ეს იმას ნიშნავს, რომ მეორე ტურში პოროშენკო და ზელენსკი გადადიან.
    უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პროგნოზირება ბოლო მომენტამდე შეუძლებელი იყო. სოციოლოგიური კვლევებით ამომრჩეველთა 20%–ს საკუთარი არჩევანი ჯერ არ ქონდა გაკეთებული.
    ზელენსკი კვლევების უმრავლესობაში პირველ ადგილს იკავებთა, თუმცა მეორე ნომრის მფლობელის ვინაობის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.