Blog

  • “სირცხვილია ეს მასკარადი”-სალომე სამადაშვილი კობახიძეს

    „ძალიან დიდი სირცხვილია ეს მასკარადი, თქვენი სირცხვილია, ბატონო ირაკლი“ – ასე მიმართა სამადაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს.

    პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიცია მწვავე პოლიტიკური განცხადებებით გამოდის. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილმა ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების ნორმების არარსებობის საკითხზე და ამ ნორმების დაუცველობით დაღუპულთა სტატისტიკაზე ისაუბრა.

    გარდა ამისა, სალომე სამადაშვილი სასამართლოს თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ „ოცნებისთვის“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კონტროლირებადი სასამართლო. „ძალიან დიდი სირცხვილია ეს მასკარადი, თქვენი სირცხვილია, ბატონო ირაკლი“ –  სამადაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა.

    დეპუტატის განცხადებითვე, ახლოვდება დრო, როდესაც „ქართულ ოცნებას“ არანაირი შესაძლებლობა აღარ ექნება დემოკრატიული არჩევნების გზით შეინარჩუნოს ხელისუფლება. „მართული სასამარრლო გჭირდებათ სწორედ იმისთვის, რომ მოიხმაროთ როგორც პოლიტიკური მართვის ინსტრუმენტი. საერთაშორისო თანამეგობრობა კარგად ხედავს ფარსს, დარწმუნებული ვარ, შესაბამის პასუხს მიიღებთ“ – განაცხადა  სამადაშვილმა პლენარულ სხდომაზე.

  • ტარიელ ონიანი შესაძლოა საქართველოში ჩამოვიდეს-კანონიერ ქურდი რუსეთის ციხეს ტოვებს

    “კანონიერი ქურდი“ ტარიელ ონიანი რუსეთის საპატიმროს მომავალ კვირას, 9 აპრილს დატოვებს. პოსტსაბჭოთა სივრცისა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირის ექსტრადირება შესაძლოა, რუსეთმა საქართველოში განახორციელოს- ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

    რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიღებულია გადაწყვეტილება ტარიელ მულუხოვის რუსეთის ტერიტორიიდან სამუდამო გაძევების თაობაზე.

    კრიმინალური სამყაროს გავლენიანი ფიგურა რუსეთში გამოძალვისა და ადამიანის გატაცების გამო 10-წლიან სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდის. დაგეგმილი დეპორტაციის განკარგულება პატიმარს რამდენიმე თვის წინ უკვე გააცნეს.

    2010 წელს რუსეთის ფედერალურმა სამსახურმა დაადგინა, რომ ტარიელ ონიანმა რუსეთის მოქალაქეობა არაკანონიერი გზით მიიღო, თუმცა ამასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერჯერობით  არ არსებობს. მოსალოდნელი იყო, რომ პატიმრობიდან გათავისუფლებულ ტარიელ ონიანს რუსი სამართალდამცავები ესპანეთს გადასცემდნენ, სადაც მას კრიმინალური დაჯგუფების შექმნასა და თანხების არალეგალური გზით მითვისებას სდებენ ბრალად. თუმცა რუსულ მედიაში, დეპორტაციის ერთ-ერთ ყველაზე რეალურ მარშუტად საქართველო განიხილება.მედიის ინფორმაციით, ახლა ტარიელ ონიანის ადვოკატები და ახლო გარემოცვა მუშაობს იმაზე, რომ “კანონიერმა ქურდმა“ მისთვის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაში მოახერხოს გადასვლა. ასეთად კი თურქეთი განიხილება, სადაც ბოლო წლებში “კანონიერი ქურდების” ყველაზე დიდი ნაწილია თავმოყრილი.

    მედია არ გამორიცხავს, რომ ტარიელ ონიანის გათავისუფლების შემდეგ კვლავ გააქტიურდება ქურდულ სამყაროში ნომერ პირველი “კანონიერი ქურდის“ არჩევის საკითხი, რამაც შესაძლოა, სისხლიანი დაპირისპირების ახალი ტალღა გამოიწვიოს.

    გავლენიანი ავტორიტეტი ტარიელ, ონიანი, იგივე “ტარო” 80-იან წლებში მოსკოვის  ყველაზე ავტორიტეტულ კანონიერ ქურდად მიიჩნეოდა. მის სახელთან არის დაკავშირებული  ევროპაში გახმაურებული სპეცოპერაციები.

    2005 წელს ესპანელმა სამართალდამცავმა ორგანოებმა განახორციელეს ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერაცია ევროპაში. 400-ზე მეტმა პოლიციელმა ჯავშანტექნიკისა და ვერტმფრენების გამოყენებით ჩაატარა დაახლოებით 50-მდე ჩხრეკვა ბარსელონაში, ალიკანტეში, მარბელიაში, ფუენხიროლაში, ბენალმადენასა და ტორემოლინოსში, სადაც განთავსებული იყო ონიანის ობიექტები. ონიანმა მიმალავა მოახერხა.

    2010 წლის 16 სექტემბერს მოსკოვში ტვერსკის ქუჩაზე განხორციელდა თავდასხმა კრიმინალურ ავტორიტეტ ასლან უსოიანზე. გავრცელებული ინცფორმაციით უსოიანზე თავდასხმა ონიანმა დაგეგმა. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ონიანი მონაწილეობდა „იაპონჩიკის“ მეტსახელით ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის ვიაჩესლავ ივანკოვის მკვლელობაში.

    2011 წლის მარტში ესპანეთის მთავრობის თხოვნით, ონიანი ექსტრადირებული იქნა რუსეთიდან ესპანეთში.

  • თბილისის ბაგა-ბაღებიდან დარღვევების გამო რძის პროდუქტები ამოიღეს

    საფრთხისშემცველი პროდუქტები საბავშვო ბაღებში დაფიქსირდა. დარღვევები  არაჟანში, ხაჭოსა და ყველში – რძის პროდუქტები თბილისის ბაგა-ბაღების კვების რაციონიდან ამოიღეს.

    “არაჟანში, ხაჭოსა და ყველში აღმოჩენილი შეუსაბამობების გამო, 27 მარტიდან თბილისის ბაგა-ბაღების კვების რაციონიდან აღნიშნული პროდუქტები ამოღებულია”,- ამის შესახებ ინფორმაციას  ბაგა-ბაღების სააგენტო ავრცელებს.

    სააგენტოს ინფორმაციით,  “ქობულეთურის” მიერ წარმოებულ არაჟანსა და ხაჭოში მცენარეული ცხიმი, ხოლო სასოფლო სამეურნეო კოოპერატივის მიერ წარმოებულ ყველში რძის შემცვლელი ფხვნილი აღმოჩნდა.

    სააგენტოში განმარტავენ, რომ პროდუქციის ან მიმწოდებელი უნდა შეიცვალოს, ან მიმწოდებელმა წარმოადგინოს ახალი დოკუმენტი, რომ პროდუქცია ბავშვების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოა.

    ბაღების მომმარაგებელ კომპანია “ნილში” შეუსაბამობის არსებობას გამორიცხავენ და ვარაუდობენ,რომ  ეს ლაბორატორიის მიერ  დაშვებული  შეცდომაა.

    “2019 წლის 7 მარტს ბაღების სააგენტომ სურსათის ეროვნული სააგენტოს კვლევაზე დაყრდნობით მოგვწერა, რომ ქვეკონტრაქტორი კომპანიების მიერ მოწოდებული რძის პროდუქტების – ყველის, ხაჭოს, არაჟნის მიწოდება შეგვეწყვიტა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თავისი ინიციატივით 13 ბაღში ჩაატარა კვლევა და არაჟნისა და ხაჭოს შემთხვევაში ერთ კონკრეტულ ბაღში აღმოჩნდა დარღვევა, ხოლო ყველის შემთხვევაში 10 ბაღიდან მხოლოდ ერთში. ეს ნიმუშები არის ერთსა და იმავე დღეს ამოღებული და ერთი და იმავე პარტიის ყველი. ჩვენ გამოვთქვამთ ვარაუდს, რომ ეს შეიძლება იყოს ლაბორატორიის მიერ დაშვებული შეცდომა, რადგან ერთი კონკრეტული თარიღითა და პარტიით მიწოდებული ყველი როგორ შეიძლება იყოს სხვადასხვა შემადგენლობით?”- აღნიშნა მან.

    მონიტორინგის შედეგებში ეჭვი ეპარება კომპანია “ქობულეთურის” წარმომადგენელსაც. კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს, რომ პროდუქციის ნიმუშები თურქეთის ერთ-ერთი ლაბორატორიაში გაგზავნოს.

  • “ქურდული ტრადიციები გადმოსულია ქართული ტრადიციებიდან”-კვიციანი კანონმდებლობის შეცვლას მოითხოვს

    “ქურდული ტრადიციები გადმოსულია ქართული ტრადიციებიდან” – ეს განცხადება, “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ემზარ კვიციანმა ცოტა ხნის წინ პარლამენტის სხდომაზე გააკეთა. დეპუტატმა სიტყვით გამოსვლისას კანონმდებლობა გააპროტესტა, რომელის მიხედვითაც ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობა ისჯება. 

    კვიციანის თქმით,  კანონი უსამართლოა და  ქართველი ახალგაზრდების გენოციდს ემსახურება.

    “ხუთი ახალგაზრდა დაიჭირეს იმის გამო, რომ 20-20 ლარი ვიღაცა კანონიერი ქურდის დედას შეუგროვეს იმისთვის, რომ ჩავიდეს თავის შვილთან. ან რა არის ეს ქურდული ტრადიციები? ვინმე დაფიქრებულა ამაზე? ეს ქურდული ტრადიციები გადმოსულია ქართული ტრადიციებიდან, გადმოსულია კავკასიური ტრადიციებიდან და რატომღაც ქურდული დაარქვეს და ჩვენც ამ ქართული და კავკასიური ტრადიციების გულისთვის ციხეში გავუშვათ ყველა და ჩავჯდეთ მაშინ ჩვენც ციხეში.” განაცხადა კვიციანმა.

  • თბილისში შემოწმებული 51 კვების ობიექტიდან 15-ში კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა

    თბილისში შემოწმებული 51 კვების ობიექტიდან  15-ში კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა-  სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისისა და რეგიონული სამსახურების ინსპექტირების ჯგუფებმა, 18 სპეციალისტის შემადგენლობით, გასულ კვირას, თბილისის ცენტრალურ უბნებსა და ტურისტებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველ ადგილებში განთავსებული კვების ობიექტები შეამოწმა.
    სააგენტო აღნიშნავს, რომ უწყების მიერ განხორციელებული აქტიური შემოწმებებისა და ბიზნესოპერატორებთან ჩატარებული აქტიური სარეკომენდაციო სამუშაოების შედეგად, ვითარება მნიშვნელოვნად  გაუმჯობესებულია, შარშანდელთან შედარებით.
    „აღსანიშნავია, რომ უამრავ ობიექტში, სადაც შარშან შეუსაბამობები დავაფიქსირეთ, ვითარება დღეს რადიკალურად არის შეცვლილი უკეთესობისკენ. დღეისთვის, ტურისტებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველ ადგილებში უამრავი ობიექტია, რომელიც სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს აკმაყოფილებს“-აცხადებენ სააგენტოში.

  • მეხანძრე-მაშველებმა ჭაში ჩავარდნილი ძაღლი უვნებლად ამოიყვანეს

    საჩხერეში მეხანძრე-მაშველებმა ჭაში ჩავარდნილი ძაღლი უვნებლად ამოიყვანეს.

    ცხოველის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

    ადგილზე საჩხერის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ჯგუფი მუშაობდა.

  • 2018 წელს პერსონალური მონაცემების დარღვევის 266 შემთხვევა დაფიქსირდა

    „2018 წელს 266 სამართალდარღვევის ფაქტი დაფიქსირდა. მათგან 72 შემთხვევაში სამართალდამრღვევებს ჯარიმა და 61 გაფრთხილება დაეკისრათ“, – ამის შესახებ 2018 წლის ანგარიშის წარდგენისას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა განაცხადა.

    შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს თამარ ქალდანს მოუსმინეს.

    “კვლავ იკვეთება გამოწვევები, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. მათ შორის, მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადამოწმება, მონაცემების კანონდარღვევით გამჟღავნება, არასრულწლოვათა მონაცემების მიმართ მეტი სიფრთხილის გამოჩენის საჭიროება და სხვა. განსაკუთრებით აქტუალური იყო ამომრჩევლის მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული საკითხები, რასაც ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა. აპარატმა 2018 წელს საჯარო და კერძო ორგანიზაციების მიერ მონაცემთა დამუშავების სულ 470 პროცესი შეისწავლა.”- აღნიშნულია უწყების ანგარიშში.

    პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2018 წლის ანგარიში ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით მომზადდა.

  • ყალბი მართვის მოწმობის დამზადება-გასაღებისთვის ორი ადამიანი დააკავეს

    ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უკრაინული ყალბი მართვის მოწმობების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. მათი ცნობით, დაკავებული პირები ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობებს 600 აშშ დოლარად ყიდდნენ.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადეს უკრაინის რესპუბლიკის ავტომანქანის მართვის ყალბი მოწმობა, რომელიც შემდგომში, მოქალაქეზე 600 აშშ დოლარად გაასაღეს. გატარებული ღონისძიებების შედეგად, დამატებით ამოიღეს ავტომანქანის მართვის 6 ცალი ყალბი მოწმობა.

    საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას, შეძენას, შენახვა გასაღებას გულისხმობს. დანაშაული ჯარიმას ან სამ წლამდე თავისულების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ტყვიის შემცველობის საგანგაშო მაჩვენებელი სათამაშოებსა და საკვებში

    კვლევის მიხედვით, სურსათში, სუნელებში, საყოფაცხოვრებო ნივთებში, სათამაშოებში მაღალი შემცველობა გამოვლინდა.

    არასამთავრობო ორგანიზაციებმა ტყვიის შემცველობაზე იანვარ-მარტის თვეებში, კვლევა ჩაატარეს.  თბილისის სხვადასხვა უბანში, 17 ოჯახიდან   268 ყოველდღიური მოხმარების ნივთის სინჯები  ლაბორატორიული ანალიზის საფუძველზე აიღეს.  შედეგმა აჩვენა , რომ ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოჩნდა როგორც სამშენებლო მასალებში, ისე საყოფაცხოვრებო ნივთებსა და სურსათში.

    გამოკვლეული ოჯახების 77%-ს ბავშვები შეადგენდნენ, რომელთა სისხლში ასევე  დაფიქსირდა  ტყვიის  მაღალი კონცენტრაცია.

    მკვლევარების განცხადებით,  ტყვიის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია ფიქსირდება  სუნელებში, კერძოდ კი ყვითელ ყვავილში აღმოჩნდა.

    ” შედეგებიდან გამოიკვეთა, რომ უამრავ სინჯში აღმოჩნდა დამაბინძურებელი ტყვია. ამასთან, ტყვიის მაღალი კონცენტრაციით გამოირჩეოდა სათამაშოები, რომლითაც ბავშვები თამაშობენ. საკვები პროდუქტებიდან აღმოჩნდა სუნელებში. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოში გამკაცრდა რეგულაციები სუნელებთან დაკავშირებით, ჩვენ მაინც მივაგენით ყვითელ ყვავილში ტყვიის მაღალ კონცენტრაციას. ამასთან, ჩვენს მიერ გამოკვლეული ოჯახების 77%-ს ბავშვები შეადგენდნენ, რომელთა სისხლში საკმაოდ მაღალი იყო ტყვიის კონცენტრაცია”, – აღნიშნავენ გამოკვლევის ავტორები.

    ტყვიის სისხლში  მოხვედრა ინტოქსიკაციას და სხვა მძიმე დაავადებებს იწვევს.