Blog

  • აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებას დღეს, 18:00 საათამდე შეძლებენ

    გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მიმართავს და დროული რეგისტრაციისკენ მოუწოდებს. 
    ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი დღეს, 18:00 საათზე დასრულდება,  ვადის ამოწურვის შემდეგ კი, მსურველები გამოცდებისთვის რეგისტრაციას ვეღარ შეძლებენ.

    გამოცდებში მონაწილეობის მსურველები რეგისტრაციას ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე (www.naec.ge და online.naec.ge) გადიან. რეგისტრაციის წარმატებით დასრულების შესახებ დადასტურებას ელექტრონულ ფოსტაზე იღებენ.

    ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის და საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაცია 12 მარტს დაიწყო.

    რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, აბიტურიენტმა აუცილებლად უნდა აირჩიოს ჩასაბარებელი გამოცდების ჩამონათვალი, მიუთითოს ქალაქი.

    7 მაისის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა შეეძლებათ. ამ დრომდე ექნებათ ტესტის ტიპის შეცვლის საშუალება საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დარეგისტრირებულ აპლიკანტებსაც.

  • პროკურატურა ია კერზაიას საქმეზე განცხადებას ავრცელებს

    “გამოძიება მოკლებულია შესაძლებლობას, ია კერზაიას რომელიმე ახლო ნათესავი ცნოს დაზარალებულად,”-პროკურატურამ ია კერზაიას საქმეზე ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა.

    “საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გრძელდება გამოძიება 2018 წლის ნოემბერში, ქ.ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირებისას სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით.
    პროკურატურა განმარტავს, რომ ვიდრე სიკვდილის მიზეზად დანაშაულებრივი ქმედება არ გამოიკვეთება, გამოძიება მოკლებულია შესაძლებლობას, ია კერზაიას რომელიმე ახლო ნათესავი ცნოს დაზარალებულად, რაც ბაჩანა შენგელიასთვისაც ცნობილია.
    ამ ეტაპზე გამოიკითხა ოცდაათამდე მოწმე, გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს ყველა გარემოების, მათ შორის ქ.ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირების ამსახველი სრულყოფილი დოკუმენტაციისა და ზუგდიდის რესურს-ცენტრთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლა. ჩატარებულია ბაჩანა შენგელიას მიერ წარმოდგენილი, ჟურნალისტების მიერ სხვადასხვა პირთა გამოკითხვის ამსახველი დაუმონტაჟებელი ვიდეომასალის დათვალიერება.
    ასევე განხორციელდა სკოლაში არსებული დარღვევების თაობაზე მიღებული საჩივარ-განცხადების ავტორის იდენტიფიცირების მიზნით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
    გარდა ამისა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ზუგდიდისა და ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებიდან ამოღებულია ია კერზაიას მკურნალობის დამადასტურებელი სრულყოფილი დოკუმენტაცია. ასევე, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ია კერზაიას გარდაცვალების მიზეზის და სხვა გარემოებების დადგენის მიზნით.
    ქ.ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირებისას სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტებზე, სრულყოფილად ტარდება ყველა შემხვედრი და აუცილებელი საგამოძიებო, თუ საპროცესო მოქმედება. მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ეცნობება საზოგადოებას.”- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

  • პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტში კვლავ ვრცელდება

    ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები  სოციალური ქსელის მეშვეობით კვლავ ვრცელდება.
    ვიდეომასალა არასამთავრობო ორგანიზაციის ”ძლიერი ერთიანი საქართველოს” თანადამფუძნებელმა გოჩა გორგაძემ გუშინ ღამე მიიღო.
    მომხდარის შესახებ  ადრესატმა სამართალდამცველ უწყებას  შეატყობინა.
    “ჩემს ფეისბუქზე გვერდზე ვნახულობდი კადრებს, ახლა ამომიხტა ლინკი, რომ მიიღე ვიდეოო. ინსტიქტურად გავხსენი, რომ გავხსენი დავინახე საწოლი და ქალის სახე. მივხვდი რაშიც იყო საქმე, დამაწერინეს განცხადება,ჩაიბარეს და გადააგზავნიან კრიმინალურ პოლიციაში,“-ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციის ”ძლიერი ერთიანი საქართველოს” თანადამფუძნებელი გოჩა გორგაძე.
    ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ადრესატებს გამიზნულად ეგზავნებათ.
  • “დირსში” შეჭრილი დევნილების ნაწილი ტერიტორიის დატოვებას არ აპირებს

    “დირსში” შეჭრილი დევნილების ნაწილი ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაზე არ მიდის და ტერიტორიაზე რჩება.

    დევნილებს, რომლებიც „დირსის“ კორპუსში იყვნენ შეჭრილი, ჯანდაცვის სამინისტრომ მოლაპარაკების რეჟიმსი ჩართვა შესთავაზა.

    დევნილებმა დაპირების მიღების შემდეგ, ტერიტორია გუშინ დატოვეს, თუმცა რამდენიმე ათეული ოჯახი ადგილზე მაინც რჩება. ისინი დარწმუნებული არიან, რომ მოლაპარაკებებს აზრი არ არ აქვს.

    ჯანდაცვაში განმარტავენ, რომ ყველა ოჯახის საჭიროების  საკითხი ინდივიდუალურად გავლილი აქვთ და დეტალებზე მსჯელობა
    დღეს უკვე სამინისტროში მოხდება.

  • „ვანოს არგადაყენება იყო შეცდომა“ – სააკაშვილი გირგვლიანის საქმეზე

    „ვანოს არგადაყენება იყო შეცდომა,“ – ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში  სანდრო გირგვლიანის საქმეზე საუბრისას გააკეთა.

    მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გირგვლიანის მკვლელობა გაუფრთხილებლობით მოხდა, რის შემდეგაც ყველა მონაწილე დააკავეს.

    „ვანოს არგადაყენება იყო შეცდომა იმიტომ, რომ მაშინ ვაპირებდი ვანოს გადაყენებას, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა და თქვა, რომ არ შეიძლება, ასეთი სიტუაციაა. სიტუაცია მართლაც იყო და ორ-სამდღიანი იმის შემდეგ, ავიღე ეს დარტყმა. ის ხალხი დააპატიმრეს,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

    მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ეს თემები „ხელოვნურად გაბერილი“ და მისივე თქმით, „არც გირგვლიანის მკვლელობაში მიმიღია მონაწილეობა, არც რობაქიძის თემასთან არაფერი კავშირი მე არ მაქვს და დიდი ღორობაა ამის დაბრალება პრეზიდენტზე“.

  • “რომ დავინახე აჩაჩული ქალი, ჩექმებიანი კატა, შემრცხვა” – სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილზე

    მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილს ჩაცმის სტილს უწუნებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ზურაბიშვილს “აჩაჩულ ქალად” მოიხსენიებს.

    ის აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ჩაცმულობის გამო მას რცხვენია.
    „მე შეიძლება, არავის არ უნდა ვეძახდე აჩაჩულს, მაგრამ რომ დავინახე შტაინმაიერთან და წარწერა რომ იყო გერმანულ გაზეთში “ჩექმებიანი კატა”, ამას არ მოუთხოვია თავშესაფარიო, შემრცხვა ჩემს ქვეყანაზე მართლა,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
  • “პუტინს ყოველთვის ჰქონდა ჩემ მიმართ რაღაც სიმპათია“ – მიხეილ სააკაშვილი

    „საქართველო იყო ზედმეტად წარმატებული მათთვის,“ – ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა აგვისტოს ომის გამომწვევ მიზეზებზე საუბრისას ნიკა გვარამიასთან ინტერვიუს დროს გააკეთა.
    მიხეილ სააკაშვილის თქმით, რუსეთმა მეზობელ ქვეყნად წარმატებული სახელმწიფო ვერ აიტანა, რასაც ომი მოჰყვა.
    „მათ უკანა ბოსტანში, ეზოში უცებ გაიზარდა რაღაც, სადაც კორუფცია არ იყო, სადაც ყოველგვარი ნავთობის და გაზის გარეშე ვაშენებდით ქალაქებს, სადაც მთელი მსოფლიო შეგვნატროდა, აშშ-ის პრეზიდენტი ჩამოდიოდა და ცეკვავდა, სადაც CNN-ზე გატრიალებდნენ, ლამაზი სურათები იყო და ა.შ. წარმატება რუსეთის ბოსტანში ვერ გვაპატიეს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
    ნიკა გვარამიას კითხვაზე, იყო თუ არა ომის გამომწვევი პირადი ფაქტორი, აღნიშნა, რომ „მე მქონდა თანასწორუფლებიანი დამოკიდებულება (პუტინთან), მაგრამ ძალიან ზრდილობიანი. პუტინს ყოველთვის ჰქონდა ჩემ მიმართ რაღაც სიმპათია“.
  • “კაბუ“ საფრანგეთის ციხიდან გაათავისუფლეს

    საფრანგეთში ქურდობის ბრალდებით დაკავებული ქართველი მსახიობი, კახა აბუაშვილი, იგივე “კაბუ“ პატიმრობიდან გააავისუფლეს. ამ ინფორმაციას მისი მეგობარი ავრცელებს და ოჯახი ადასტურებს.
    საფრანგეთში 2018 წლის 18 აპრილს დაკავეს. მას ბრალად ქურდობა ედებოდა. მასთან ერთად საფრანგეთსა და საბერძნეთში დააკავეს კრიმინალური დაჯგუფების წევრები და ე.წ. კანონიერი ქურდები: ლაშა შუშანაშვილი, მეტსახელად „ლაშა რუსთავსკი“; ალექსანდრე კობალაძე, იგივე რამაზ ღუღუნიშვილი, მეტსახელად „სიუ“. ნოდარ შუკაკიძე, მეტსახელად „ნოდო გლდანსკი“ და მერაბ ასანიძე, მეტსახელად „ჩიკორა“.
    კაბუ სასჯელს საფრანგეთის ციხეში იხდიდა.

  • „არასოდეს ჩემს დროს არც ერთი პირადი ცხოვრების კადრი არ გასულა,“-მიხეილ სააკაშვილი

    „არასოდეს ჩემს დროს არც ერთი პირადი ცხოვრების კადრი არ გასულა,“ – ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში გააკეთა.

    კითხვაზე, რომ სცოდნოდა მას რომ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრები, გადაუღეს, რას იზამდა, მიხეილ სააკაშვილი პასუხობს: „თავს მოვაძრობდი ყველას ვინც ჩაწერდა”

    სააკაშვილის თქმით მისი მთავრობა  მსგავს მეთოდებს არ იყენებდა.

    „შეიძლება, ვიღაც იღებდა. ამის გაკონტროლება შეუძლებელია. არავის დონეზე მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ეს არ კონტროლდება. თუ ვიღაცა რაღაცას ჩათლახობს, ეს არსად არ კონტროლდება და ეს ხდება მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

    სააკაშვილმა  ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში  მაგალითი გაიხსენა, როდესაც პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟი შესთავაზეს. მისი განცხადებით, იყო ფაქტი, როდესაც ქართველმა ძალოვანმა გაიცნო გრუს მოქმედ ოფიცერი ქალი, დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი და თან გადაიღო. მიხეილ სააკაშვილის თქმით მას შესთავაზეს, რომ ამ ქალისთვის ინფორმატორად მუშაობა კადრების შანტაჟით ეიძულებინათ. თუმცა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ მან უარი თქვა ამგვარი მეთოდების გამოყენებაზე. 

    “ჩვენი პრინციპია, რომ ეს არ კეთდება,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ივანიშვილის  როგორც ოლიგარქის მართვის სტილია ის, რომ ის ჭორაობს სხვის პირად ცხოვრებაზე. მან ირაკლი ალასანიას მაგალითიც გაიხსენა, რომლის პირად ცხოვრებაზე ივანიშვილმა არაერთხელ ილაპარაკა.

  • “ჩაუდეს ბესელია”-სააკაშვილის თქმით, ხელისუფლება ოპონენტებს პირადი ცხოვრების კადრებით იშორებს

    მიხეილ სააკაშვილმა კვირის აქცენტების სპეციალურ გამოშვებაში პირადი ცხოვრების ამსახველ ფარული ვიდეო კადრების გავრცელებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ეს ოპონენტების ჩამოსაშორებლად გამოიყენა.

    სააკაშვილის თქმით, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებთან შეხვედრის დროს გორგასლის ორდენით დაჯილდოებულ პირს შეხვდა, რომელსაც ბესელიას კადრები გადაუგზავნეს, რის გამოც ქვეყნის დატოვება მოუწია.

    „რობაქიძე თავშესაფარში ათენებს ღამეებს გერმანიაში. რატომ? ჩაუდეს ბესელია… რობაქიძე არის კაცი, რომელმაც ჩამოაგდო პირველი რუსული საბრძოლო თვითმფრინავი. მსოფლიოში, ავღანეთის ომის შემდეგ არავის არ ჩამოუგდია იმდენი საფრენი აპარატი რუსეთის, როგორც ჩვენ ჩამოვაგდეთ 2008 წელს,“ – ამბობს სააკაშვილი.

    მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ყველა იმ მებრძოლს გადაუგზავნეს ბესელიას კადრები, ვინც აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მიერ შედგენილ სიაში იმყოფება.

    „გაუგზავნეს Facebook-ზე და კიდევ სამ მონაწილეს, რუსეთის სიაში მყოფს, რუსეთს ხომ სია აქვს, 2008 წლის ომის დროს ვინ აუშალა ყველაზე მეტად ნერვები, კიდევ 4 დაუმატეს ამ სიას… ბათუმში სპეცრაზმის გაანადგურეს, შალვა თათუხაშვილი მოკლეს, სხვა სპეცრაზმელები კოდორის ოპერაციის, მამჩუნი მოკლეს უკრაინაში და ესენი გადარჩნენ, არ გაანადგურეს, ჩაუდეს ბესელია, ბესელიას კადრები. აქ არის საუბარი იმაში, რომ სისტემაში, სადაც ბესელიამაც დიდი როლი ითამაშა, რომ შეექმნა, ყველა დანარჩენმა რომ შექმნეს ეს სისტემა, ეს სისტემა თავის ხალხს თავს უჭამს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.