Blog

  • სანდრა რულოვსმა ზუგდიდში 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო

    სანდრა რულოვსი ზუგდიდში 9 აპრილის მემორიალთან  მივიდა და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. 

    „არა მარტო გლოვის და ხსენების დღეა, ასევე არის გამარჯვების დღე და თავისუფლების დღე, სიმტკიცის დღე და ჩენ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება,“ – განაცხადა ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სანდრა ელისაბედ რულოვსმა.

    მემორიალთან გაერთიანებული ოპოზიციის წევრებიც იმყოფებოდნენ, მათი თქმით, დღეს საფრთხის ქვეშაა სწორედ ის იდეალები, რასაც 30 წლის წინ 21 ადამიანი შეეწირა.

    „ერთდროულად ეს იყო ჩვენთვის დიდი ტკივილის დღე, რომელიც მოგვაყენა იმპერიამ და საბჭოთა კავშირმა ჯერ კიდევ მაშინ დაშლილი არ იყო იმ მსხვერპლით, რომელიც ქართველმა ხალხმა გაიღო, მაგრამ ამავდროულად ჩვენ პრაქტიკულად მყისიერად ვიგრძენით, რომ ქართველი ერი გაიზარდა, თავისუფლებამდე მივიდა სამწუხაროდ აი ამ მსხვერპლით,“ – აცხადებს გიორგი ბარამიძე.

  • ირაკლი კობახიძე კატარის ემირს შეხვდა

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დოჰაში ვიზიტით  კატარის ემირს, შეიხ თემიმ იბნ ჰამედ ალ თანის შეხვდა.

    შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

    ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებასა და მაღალი დონის გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობაზე.

    ირაკლი კობახიძე, თანხმლებ დელეგაციასთან ერთად, საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის რიგით 140-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას.

  • დამატებით 23 ათასი ვეტერანი მაისიდან 22-ლარიან დახმარებას მიიღებს

    მაისის თვიდან დამატებით 23 000 ვეტერანი  22-ლარიანი საყოფაცხოვრებო სუბსიდიით ისარგებლებს-ამის შესახებ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გასულ თვეში მიიღო. 

    ცვლილებას გამოეხმაურა სახალხო დამცველი, რომლის განცხადებითაც მისასალმებელია მთავრობის გადაწყვეტილება 22-ლარიან სუბსიდიასთან დაკავშირებით. სუბსიდია ვეტერანთა გარკვეული ჯგუფისთვის შეჩერებული იყო, 2009 წლიდან ამოქმედებული რეგულაციებით.

    “2015 წლიდან მოყოლებული, საქართველოს სახალხო დამცველი თავის ანგარიშებში აღწერდა კონკრეტულ პრობლემას და გასცემდა რეკომენდაციას შესულიყო ცვლილება საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის N4 დადგენილებაში, რათა გათანაბრებულიყო საყოფაცხოვრებო სუბსიდიით მოსარგებლეთა მდგომარეობა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიით სარგებლობა შეძლებოდა ვეტერანის სტატუსის მქონე ყველა პირს, როგორც ეს იყო განსაზღვრული ამავე დადგენილებით, 2012 წლის 1 სექტემბრამდე არსებული მდგომარეობით.

    „2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე 2018 წლის საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში შეტანილი იქნა აღნიშნული რეკომენდაცია, ხოლო 2018 წლის ოქტომბერში სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, 2007 წლის 11 იანვრის N4 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობისა და ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

    იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს მთავრობის პოლიტიკური გადაწყვეტილება დროულად აისახება შესაბამის ნორმატიულ აქტში და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღებას ყველა ვეტერანი შეძლებს დისკრიმინაციის გარეშე.”- აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

  • 9 აპრილის მემორიალთან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მივიდა

    9 აპრილის მემორიალთან  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მივიდა. ილია მეორემ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მათი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

    პატრიარქთან ერთად 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ზურაბიშვილმა ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა.

    9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 30 წელი გავიდა.1989 წლის 9 აპრილს   რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილი ათასობით ადამიანი საბჭოთა არმიამ დაარბია, რის შედეგადაც, 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით მოქალაქე დაიჭრა და სხვადასხვა დაზიანება მიიღო.

  • “არ გვჭირდება ხალხი, რომელიც კრედიტს მაცივრისთვის აიღებს”-ქობულია

    “დაკვირვების შედეგებზე დამყარებით, შევიტანთ კორექტირებას თუ იქნება ეს საჭირო ამ რეგულაციებში. რაც მთავარია, ჩვენი თვითონ რეგულაციების ვექტორი არ შეიცვლება, გენერალური მიმართულება იქნება ისეთი, როგორიც არის დღეს. რა გადაწყვეტილებაც მივიღეთ, ჩვენ ამას არ გადავუხვევთ. ჩვენ არ გვჭირდება ხალხი, რომელიც კრედიტს მიიღებს იმისთვის, რომ მაცივარი იყიდოს ან ტელევიზორი იყიდოს და ამის მერე შავ სიაში მოხვდეს ”-განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ საბანკო რეგულაციების თემაზე ტელეკომპანია იმედთან საუბრისას.

  • პრეზიდენტის ყოფილ სასახლეს სახელმწიფო ცერემონიების სასახლე ეწოდა-პრეზიდენტის ადმინისტრაცია

    პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის შეთანხმებით პრეზიდენტის ყოფილი სასახლე სახელმწიფო ცერემონიების სასახლე გახდა-  ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაადასტურეს.

    პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის შეთანხმების საფუძველზე პრეზიდენტის ყოფილი სასახლისათვის ახალი ფუნქცია უკვე განისაზღვრა და დღეიდან  სახელმწიფო ცერემონიების სასახლე გახდა.

    “საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის შეთანხმების მიხედვით, აბდუშელიშვილის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის სასახლისათვის ახალი ფუნქცია განისაზღვრა – ეს არის სახელმწიფო ცერემონიების სასახლე“- განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

    აღსანიშნავია, რომ დღეს, 17:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტის სახელით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისათვის მიღება გაიმართება. პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრელებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ მიღება აბდუშელიშვილის ქუჩა 1-ში მდებარე „სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში“ გაიმართება. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მისამართზე პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაა განთავსებული,

  • მარიამ ჯაში არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ავლაბრის რეზიდენციას „სახელმწიფო ცერემონიების სასახლე“ ეწოდა

    მარიამ ჯაში მედიაში გავრცელებულ  ინფორმაციას, რომ პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციას “სახელმწიფო ცერემონიების სასახლე ეწოდა”, არასწორს უწოდებს.

    განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშის განცხადებით, საუბარია, რომ პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია საქართველოს კულტურის ეროვნულ სასახლედ გადაკეთდეს, რასთან დაკავშირებითაც შექმნილი სამუშაო ჯგუფის პრეზენტაცია უახლოეს დღეებში გაიმართება.

    “ჩვენ უახლოეს დღეებში ვგეგმავთ პარლამენტის სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციის პრეზენტაციას. თავად ამ სასახლის არქიტექტორის, გიგა ბათიაშვილის იდეა გახლდათ, რომ ეს იყოს საქართველოს კულტურის სასახლე. სწორედ ამ იდეის აღდგენაზეა საუბარი. ავლაბრის რეზიდენცია უნდა გახდეს საქართველოს კულტურის მთავარი სავიზიტო ბარათი. კონცეპტუალურად ეს გახლავთ საქართველოს კულტურის ეროვნული სასახლე და ამის დეტალური პრეზენტაცია უახლოეს დღეებში იქნება,” – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

    დღეს, 17:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტის სახელით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისათვის მიღება გაიმართება. პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრელებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ მიღება აბდუშელიშვილის ქუჩა 1-ში მდებარე „სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში“ გაიმართება. აღნიშნულ მისამართზე პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაა განთავსებული.

  • “ეს დღე გვაერთიანებს, როგორც ერს დამოუკიდებლობის იდეის გარშემო”-ნინო ლომჯარია

    “9 აპრილი არის დიდი ტრაგედია მთელი ერისთვის, მეორე მხრივ, ეს დღე გვაერთიანებს დამოუკიდებლობის იდეის გარშემო,” – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილი მემორიალთან განაცხადა.

    „30 წლის წინ, მშვიდობიანი ანტისაბჭოთა დემონსტრაცია იყო დარბეული საბჭოთა სამხედროების მიერ. ეს არის დიდი ტრაგედია მთელი ერისთვის, თუმცა მეორე მხრივ, ეს დღე გვაერთიანებს, როგორც ერს დამოუკიდებლობის იდეის გარშემო. ვფიქრობ, თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, მოვიდეთ, გავიხსენოთ ეს დღეები და პატივი მივაგოთ გარდაცვლილთა სულებს. მათი სახელები არასდროს უნდა იყოს დავიწყებული ამ ქვეყანაში. სამწუხაროდ, დღემდე ზუსტი რაოდენობა ამ დარბევის მსხვერპლის, დაზარალებულების, მოწამლული ადამიანების არ არის და დღემდე, ეს ადამიანები განიცდიან ამ სასტიკი დარბევით გამოწვეულ ზიანის ძალიან ცუდ შედეგებს. მეორე მხრივ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის დღე, რომელმაც დამოუკიდებლობა მოგვიტანა და ყოველთვის შეგვახსენებს, რამხელა მსხვერპლი დაუჯდა ქართველ ერს დამოუკიდებლობის მოპოვება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

  • საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭება

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით,  საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭება.

    „ზუსტად 28 წლის წინ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. ამ აქტით ახდა თავისუფლებაზე მეოცნებე ქართველების არაერთი თაობის ოცნება და საფუძველი ჩაეყარა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობას.

    სახელმწიფოებრივი სიმბოლოების პატივისცემა ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობის აუცილებელი პირობაა. ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიმბოლოა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, 9 აპრილი, ისევე, როგორც საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია, რომელსაც წელს 80 წელი შეუსრულდებოდა.

    9 აპრილის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი ზვიად გამსახურდიამ საქართველოს პარლამენტის სასახლის პლენარულ სხდომათა დარბაზში გამოაცხადა. ამ ისტორიული მოვლენის და სახელმწიფოებრივი სიმბოლოების პატივისცემით ნიშნად, მივიღე გადაწყვეტილება, საქართველოს პარლამენტის ბიუროს მივმართო წინადადებით, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს მიენიჭოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელი“, –განაცხადა  ირაკლი კობახიძე.

  • ბათუმში ტრაილერი დაეჯახა მანქანას, რომელშიც 8 თვის ორსული იჯდა

    ავტომანქანას, რომლის უკანა სავარძელზე რვა თვის ფეხმძიმე ქალი იჯდა, ტრაილერი დაეჯახა. შემთხვევა ბათუმში, ანგისის დასახლებაში, ბავშვთა საავადმყოფოსთან ახლოს მოხდა.

    დაშავებული ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების  ინფორმაციით, ავარიის შედეგად  ქალს ემოციურ  ფონზე  წნევამ აუწია. შემთხვევის შედეგად სხვა  არავინ დაშავებულა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.