Blog

  • ოკუპირებულ ოტობაიაში გარდაცვლილი, ახლობლების ნაწილმა ისევ შორიდან დაიტირა

    ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ ოტობაიაში გარდაცვლილი მამაკაცი,  ახლობლების ნაწილმა ზუგდიდის სოფელ ოტობაიადან დაიტირა, თუმცა ამჯერად სოფლების დამაკავშირებელ ხიდთან ცხედარი არ გააჩერეს- ინფორმაციას ამის შესახებ რადიო “ათინათი” ავრცელებს. 

    როგორც გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, ბოლო პერიოდში ხიდზე მიცვალებულის დასვენების უფლებას რუსი სამხედროები აღარ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს აღარ აძლევენ.

    „რუსები რაც დადგნენ ე.წ. საზღვართან, მას შემდეგ გაჭირდა ძალიან, აფხაზები რომ იყვნენ, გადავდიოდით კიდეც. შვიდი წელია არ ვყოფილვარ სახლში“, -აცხადებს გარდაცვლილის ბიძაშვილი, რომლის სახლიც გამოღმა ნაპირიდან ჩანს.  ახლობლები სახლიდან მიცვალებულის გამოსვენებას რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდებოდნენ.

  • “არავის არ ვაგინებ”-გურამ პეტრიაშვილი პრეზიდენტის ტრიბუნასთან აიჭრა

    ზვიად გამსახურდიას მთავრობის წევრი გურამ პეტრიაშვილი, მოულოდნელად ტრიბუნასთან აღმოჩნდა და მოითხოვა, სალომე ზურაბიშვილი მისულიყო.

    „არავის არ ვაგინებ, უფლება მაქვს, ქალბატონ სალომეს მოვთხოვო, მომისმინოს, დაუძახეთ, სად არის ის ქალბატონი. პარლამენტის თავმჯდომარემ, პრეზიდენტმა და სხვებმა გვითხრან, რა ხელფასები აქვთ და ეს ხელფასები შეადარონ პენსიონერების პენსიას“ – განაცხადა გურამ პეტრიაშვილმა. 

  • “ტექსტის კითხვის დროს მოხდა ერთი ხაზიდან მეორეზე გადასვლა“– ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პრეზიდენტის შეცდომას განმარტავს

    პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია  დღევანდელ ინციდენტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

    ლაშა ჟვანიას ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს ჭოველიძის გვარი გამორჩა.

    „მხოლოდ და მხოლოდ, ტექნიკურად იყო გამორჩენილი არა სიაში, არამედ როგორც ჩანს, პრეზიდენტის მიერ ტექსტის წაკითხვის დროს მოხდა ერთი ხაზიდან მეორეზე გადასვლა. შეიძლება ამის გამო წაიკითხა პრეზიდენტის პრესსპიკერმა გვარები თავიდან. მე პირადად ვიცნობ ამ ადამიანს და ვწუხვარ, რომ ასე მოხდა ბუნებრივია, 9 აპრილიდან ყველა გვახსოვს, მაგრამ თუკი ვინმე მახსოვს ეს არის თამარ ჭოველიძე”, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

    1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპული თამარ ჭოველიძის მამამ, არკადი ჭოველიძემ სახელმწიფო ცერემონიების სასახლე პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვა, რაც სალომე ზურაბიშვილმა მისი შვილის გვარი 9 აპრილს  დაღუპულ გმირებში არ დაასახელა.

  • სალომე ზურაბიშვილისთვის იმის თქმა მსურდა, რაც მინდა მთელ ხელისუფლებას ვუთხრა – მაჩალიკაშვილი

    “მთელ ხელისუფლებას ეშინია ჩემი, ჩემი რცხვენიათ, ისე გაიქცა სალომე ზურაბიშვილი, ერთი სიტყვაც არ უთქვამს, პირდაპირ მანქანაში შევარდა” – ეს განცხადება პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც 9 რუსთაველის გამზირზე, აპრილის მემორიალთან მყოფ მთავრობის წევრებთან და პრეზიდენტთან გასაუბრება სცადა.

  • ზვიად გამსახურდია – საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება (ვიდეო)

    1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის დროსაც მოსახლეობას პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე, სურდა თუ არა დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო მოსახლეობის საერთო რაოდენობის 90,3-მა პროცენტმა, რომელთაგან 98,9 პროცენტმა კითხვას დადებითად უპასუხა. ამის საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს მიღებულ იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

  • 9 აპრილს დაღუპული თამარ ჭოველიძის მამამ პრეზიდენტის მიღება პროტესტის ნიშნად დატოვა

    9 აპრილს დაღუპული თამარ ჭოველიძის მამამ პრეზიდენტის მიღება პროტესტის ნიშნად დატოვა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილს სიტყვით გამოსვლისას და ცხრა აპრილს დაღუპულთა გვარების ჩამოთვლისას თამარ ჭოველიძის გვარი არ უხსენებია.
    როგორც თამარ ჭოველიძის მამა ამბობს, შეხვედრა სწორედ იმის გამო დატოვა, რომ პრეზიდენტმა მისი შვილის არც გახსენებია.
    „როგორ რატომ მივდივარ? ჩემი შვილი არ ახსენეს საერთოდ. თამრიკო ჭოველიძის მამა ვარ მე და წავიდნენ საერთოდ, ვინ არის ეს მართლა… ჯერ ერთი, დაგვიძახეს, სკამი არ იყო, პუჩისტები ჰყავდათ დამსხდარი იქ და მეორე კიდევ, ჩემი შვილი თუ არ ახსენეს, რისთვის დაგვიძახეს. მე ვინ ვარ, არავინ ვარ ცხოვრებაში, მე არც 9 აპრილს ვყოფილვარ, აქ არ ვიყავი საერთოდ და ჩემი შვილი საერთოდ არ ახსენეს. მე რა ვიცი, რატომ არ ახსენეს, რამე დავაშავეთ, ეტყობა, ჭოველიძეებმა,“ – უთხრა ჭოველიძის მამამ რუსთავი2–ის ჟურნალისტს ავლაბრის სასახლის დატოვებისას.
    16 წლის თამარ ჭოველიძე 2009 წლის 9 აპრილის ღამეს დაიღუპა.
    თავად პრეზიდენტმა მიღება ისე დატოვა, რომ ინციდენტის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.
  • ტარიელ ონიანი ციხიდან გამოსვლისთანავე ისევ დააკავეს

    რუსეთის ქალაქ სოლ-ილეცკის სასამართლოდან  დღეს გათავისუფლებული კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი გამოსვლისთანავე   დააკავეს. ამის შესახებ მედიას სოლ-ილეცკის სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწემ, ლინიზეც შევჩიკმა განუცხადა.

    ტარიელ ონიანს ამჯერად 40 დღე მოუწევს ციხეში ყოფნა.

    “ის პირდაპირ კოლონიის კართან აიყვანეს. რაიონული პროკურორის შუამდგომლობით, სასამართლომ მას 40-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა, ციხეში 19 მაისამდე დარჩება” – განაცხადა შევჩიკმა.

    გავრცელებული ინფორმაციით, ტარიელ ონიანი, გათავისუფლების შემდეგ, რუსეთიდან უნდა დაედეპორტებინათ. სასამართლოს დოკუმენტების მიხედვით ის არის პიროვნება მოქალაქეობის გარეშე. იუსტიციის სამინისტრომ რუსეთში მისი ყოფნა არასასურველად ცნო. დეპორტაციის ერთ–ერთი სავარაუდო მიმართულება ესპანეთია. იქ ტარიელ ონიანს უკვე ელოდებიან რათა ბრალი წაუყენონ ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და თანხების უკანონო ლეგალიზაციაში. მეორე ვარიანტი რუსული მედიის მიხედვით ცალმხრივი ბილეთია საქართველოსკენ. თუმცა რუსული მედია აღნიშნავს, რომ საქართველოში 2005 წლიდან კრიმინალური დაჯგუფებების ლიდერთა წინააღმდეგ კანონი მოქმედებს და შესაძლოა კრიმიანლური ავტორიტეტი კიდევ ერთხელ დააპატიმრონ, თუ სასამართლოში დანაშაულებრივ იერარქიაში მის მაღალ სტატუსს დამტკიცდება.

  • შსს-მ ნატოში მეკავშირე ოფიცრად ნიკოლოზ ქავთარაძე მიავლინა

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნატოს  შტაბ-ბინაში მეკავშირე ოფიცერი მიავლინა. დღეს,  ნიკოლოზ ქავთარაძის აკრედიტაციის შესაბამისი პროცედურა ნატომ ოფიციალურად დაასრულა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს მეკავშირე ოფიცერი, ალიანსში ინტეგრაციის გზაზე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით, უზრუნველყოფს მუდმივ კომუნიკაციასა და კოორდინაციას ნატოს საზღვაო ძალების სარდლობასთან, ნატოს გაერთიანებული ძალების უზენაეს სარდლობასთან და ნატოს შტაბ-ბინასთან. აღნიშნული მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია და ხაზს უსვამს საქართველოს და ალიანსის შესაბამის ინსტიტუტებს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას.

    აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ვარშავის სამიტის შემდეგ, საქართველო-ნატოს ურთიერთობებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საზღვაო უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას, რომელთა განხორციელებაც შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციის სფეროს წარმოადგენს. აღნიშნული მზაობა 2018 წელს ნატოს ბრიუსელის სამიტის დეკლარაციითაც დადასტურდა, სადაც საზღვაო უსაფრთხოების მიმართულებით მთელი რიგი მნიშვნელოვანი ინიციატივები განისაზღვრა.

  • სალომე ზურაბიშვილის მიმართვა 9 აპრილთან დაკავშირებით

    სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილთან დაკავშირებით საზოგადოებას   სახელმწიფო ცერემონიების სასახლიდან მიმართა. მიღება 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისათვის ყოფილ ავლაბრის რეზიდენციაში გაიმართა. 

    შეგახსენებთ, რომ 9 აპრილის მემორიალთან მისულმა პრეზიდენტმა ტერიტორია ისე დატოვა, რომ  ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

  • ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე ქალთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

    საქართველოს ნაკრების ძალოსანმა, თათია ლორთქიფანიძემ მისი საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან გარიცხვის მიზეზებზე პირად მწვრთნელთან და მამასთან ერთად კვირას პრესსკლუბში ისაუბრა.

    სპორტსმენიც და მისი მწვრთნელიც ამტკიცებენ,  რომ ის არაერთხელ გახდა ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას მხრიდან  შეურაცხყოფის და თავდასხმის მსხვერპლი.

    თათია ლორთქიფანიძე განმარტავს, რომ მწვრთნელმა თემურ ჯანჯღავამ მას ფეხმძიმობა დააბრალა.

    „იყო ტრენერის მხრიდან ძალიან დიდი ზეწოლა ჩემს მიმართ. ორსულობის თემა დამაბრალა, რაც ჩემთვის ძალიან აღმაშფოთებელი იყო. გაურკვეველ ვითარებაში ვიყავი და ამისათვის ხერხს მივმართე, რომ მშობელი ჩამერია. რა თქმა უნდა, ტრენერისთვისაც უნდა მეთქვა და ამავდროულად ბატონმა კახი კახიაშვილმა ხელწერილი დააწერინა გელას, რომ ვალდებული იყო, თვითონ ჩარეულიყო ამ საქმეში,“ – განაცხადა თათია ლორთქიფანიძემ.

    ძალოსნის მამისა და უფლებადამცველის დიმიტრი ლორთქიფანიძის, განცხადებით, მან უკვე მიმართა  სახალხო დამცველის აპარატს, რომელმაც ამ საქმის შესწავლა დაიწყო.

    “შეურაცხყოფის ფაქტებს, რომელსაც უხვად ჰქონდა ადგილი თემურ ჯანჯღავას მხრიდან თათია ლორთქიფანიძის მისამართით, იქნებოდა ეს აგრესიის გამოვლინება მის მიმართ, ფეხებთან დაფურთხება თუ სხვადასხვა ტიპის ისეთი შეთავაზებები ქალის მიმართ, რომელიც, ალბათ, აბსოლუტურად მიუღებელი იქნებოდა ნებისმიერი ქალბატონისთვის და რასთან დაკავშირებითაც ფორმალურადაც კი, კახი კახიაშვილს არ გაუტარებია არანაირი ზომები,“ – აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

    „როდესაც არჩევნები ჩატარდა, გია ასანიძის და მაჭავარიანს შორის, მე მივეცი მაჭავარიანს ხმა, ერთმა ხმამ გადაწყვიტა ეს და იმის მერე არის ეს დაძაბულობა. მე დოპინგი არასდროს არ მიმიცია თათიასთვის. მე მოვითხოვ, ხვალ გასინჯონ, ვითომ შეჯიბრზე გამოვიდა და დავამტკიცებ, რომ თათია სუფთაა,“ – განაცხადა ლორთქიფანიძის პირადმა მწვრთნელმა  გელა მახარაშვილმა.