Blog

  • ქუთაისში რკინიგზის სადგურთან ცხედარი იპოვეს

    ქუთაისში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ადამიანის ცხედარი იპოვეს. თვითმხილველების განცხადებით,სავარაუდოდ,  ცხედარი დიდი ხნის არის.

    “ცხედარი რამდენიმე თვის გარდაცვლილი მაინც იქნება, რადგან ძვლებია დარჩენილი,”– აცხადებს თვითმხილველი.

    ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

    მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რომლის მიხედვითაც დადგინდება გარდაცვლილის  ვინაობა და გარდაცვალების მიზეზები.

  • “მივიღეთ სიტუაცია, როდესაც ქვეყანაში ორი საპრეზიდენტო სასახლე გვაქვს, რომელსაც სახელმწიფო ინახავს”-დავით ბაქრაძე

    „ევროპული საქართველოს“  ლიდერი, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ქვეყანას ორი საპრეზიდენტო სასახლე აქვს, რომელსაც სახელმწიფო ინახავს. ბაქრაძე ფიქრობს,  რომ აქედან ერთის ფუნქცია სრულიად გაურკვეველია.

    „ეს არის თავმოუბმელობისა და მავნებლობის ტიპური მაგალითი „ქართული ოცნებიდან“. წლების განმავლობაში იყო საუბარი, თურმე პრეზიდენტის რეზიდენცია არის დიდი და მისი კომუნალური ხარჯები მაღალია. დღეს მივიღეთ სიტუაცია, როდესაც გვაქვს ორი სასახლე, სახელმწიფო ინახავს ორივეს და აქედან ერთ-ერთის ფუნქცია სრულიად გაურკვეველია. თურმე, ამხელა შენობა და რეზიდენცია მხოლოდ იმისთვის უნდა არსებობდეს, რომ წელიწადში ერთხელ მიღება მოეწყოს.

    ეს არის მაგალითი, როგორ მართავს ქვეყანას „ქართული ოცნება“, სადაც გადაწყვეტილებები ერთი ადამიანის პირადი სურვილების მიხედვით მიიღება და შემდეგ ხდება თითქოსდა რაციონალური ფორმისა და ახსნა-განმარტების მოძებნა ამ გადაწყვეტილებების უკან. თუ არ იცოდნენ, რაში გამოეყენებინათ პრეზიდენტის სასახლე, თავი დაენებებინათ ფართის დათვლისთვის, კომუნალურების დაანგარიშებისთვის, რადგან დღეს იგივე თანხას, ოღონდ გაორმაგებულად იხდის სახელმწიფო.

    პრეზიდენტი ყოფილიყო თავის რეზიდენციაში, რადგანაც ეს იყო სახელმწიფო სიმბოლო. ამ გადაწყვეტილებით, „ქართულმა ოცნებამ“ პრაქტიკულად სახელმწიფო სიმბოლოც დააზიანა და მეორე მხრივ, დატოვა სასახლე, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული რეზიდენციაა საქართველოში“, – განაცხადა  ბაქრაძემ.

  • დაბა ლაითურში 20 ჰექტარი ტერიტორია იწვის

    ოზურგეთში, დაბა ლაითურში შერეული ტიპის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. იწვის ბუჩქნარი, ხმელი ბალახი და ხეები. წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 20 ჰექტარი ფართობი. ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს, თუმცა ცეცხლი მიუდგომელ ფერდობებს უკიდია და ტერიტორია მისადგომად ძნელია. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და ცოცხალი ძალა.
    ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
  • რუსთაველის გამზირზე ხაბეიშვილს პრეზიდენტთან მიახლოების საშუალება არ მისცეს

    9 აპრილის მემორიალთან მყოფ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვლთან ვერც პოლიტიკოსებმა შეძლეს მიახლოება.

    “ნაციონალური მოძრაობის” წევრს ლევან ხაბეიშვილს შეკითხვა ჰქონდა, თუმცა მას პრეზიდენტთან მიახლოების საშუალება დაცვის სამსახურმა არ მისცა.

  • უსუსური და ცინიკური – შალვა შავგულიძე ივანიშვილის წერილზე

    „ევროპული საქართველოს“ და „რესპუბლიკური პარტიის“ საერთო კანდიდატი შუალედურ არჩევნებეში შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის წერილი ერთდროულად უსუსური და ცინიკური იყო. 
    შავგულიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ არსენალში მხოლოდ საზოგადოების ურთიერთდაპირისპირება, ადამიანების ურთიერთმტრობა, სიძულვილის და ამ მტრული ატმოსფგეროს მართვაა, რასაც საზოგადოება სათანადოდ შეაფასებს.

  • რა SMS მიწერა პროტოკოლის სამსახურმა პრეზიდენტის დაცვას

    9 აპრილის მემორიალთან მყოფმა ერთ-ერთმა მოქალაქემ “რუსთავი2”-ს ფოტო მიაწოდა, სადაც ჩანს, როგორ უგზავნის მოკლეტექტურ შეტყობინებას, საქართველოს პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახური, დაცვის სამსახურს. მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის მიზანი სავარაუდოდ, რუსთაველის გამზირიდან იმ მომენტში პრეზიდენტის გაყვანის გეგმა იყო, რაც ზურაბიშვილს არასასურველ შეხვედრას აარიდებდა.

    “მაჩალიკაშვილი დგას ჩვენს მანქანასთან, სხვა მხრიდან ხომ არ გავიყვანოთ”-ვკითხულობთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში.

    სწორედ ამ მოკლეტექსტური შეტყობინების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა ტერიტორია ისე დატოვა, რომ არც ჟურნალისტებისთვის გააკეთა კომენტარი და არც იმ ადამიანებს გასაუბრებია,რომლებიც მასთან კომუნიკაციას ითხოვდნენ.
    პრეზიდენტთან ერთად მემორიალთან იმყოფებოდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე.

    პრეზიდენტთან მიახლოებას ცდილობდა, ქალბატონი, რომელიც შვილის ავადმყოფობის გამო დახმარებას ითხოვდა, ასევე მასთან კომუნიკაცია სცადა  თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ  
    მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რომელსაც პრეზიდენტმა თვალი მოარიდა.

    “მივედი პირდაპირ ე.წ. პრეზიდენტთან და ვუთხარი რამე პასუხი გამეცით-მეთქი, მაგრამ ჩემთვის არც შემოუხედავს”-განაცხადა “რუსთავი-2″თან მაჩალიკაშვილმა.

  • “9 აპრილს გამოჩნდა ქართველი ხალხის შეუპოვრობა“–აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი

    ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი ოკუპაციის მუზეუმს ესტუმრა.

    “9 აპრილს ჩემთვის დიდი პატივია მოვინახულო თბილისის საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი, სადაც წარმოჩენილია ქვეყანაში მომხდარი ისტორიული მოვლენები და ადამიანები, რომლებმაც დიდი ტანჯვა გამოიარეს და ქვეყნისათვის თავი გაწირეს. ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მუზეუმის იმ ნაწილმა, რომელიც ეძღვნება 1989 წლის აპრილის მოვლენებს, რაც მე კარგად მახსოვს, რადგან იმ პერიოდში მოსკოვში, ამერიკის საელჩოში ვმსახურობდი. ის, რაც ამ მუზეუმშია წარმოდგენილი, ასახავს საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს პერიოდს, რა დროსაც გამოჩნდა ქართველი ხალხის შეუპოვრობა, ტრაგედიასთან გამკლავებისა და ჩაგვრიდან თავის დაღწევის უნარი – რაც ქვეყანაში საბჭოთა კავშირის შექმნის პირველი დღეებიდან, ადრეული1920-იანი წლებიდან გამეფდა.

    რა თქმა უნდა, დღესაც გრძელდება რუსეთთან სირთულეები სხვადასხვა ფორმით: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია, ზეწოლა მთავრობასა და პოლიტიკურ სისტემაზე, დეზინფორმაციის გავრცელება, პროპაგანდა და სხვა პრობლემები. ამერიკის შეერთებული შტატები სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს, რომელიც არ იშურებს ძალისხმევას საკუთარი დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის შენარჩუნებისათვის.

    მე ვურჩევ ყველა ქართველს, მოინახულოს ეს მუზეუმი, რათა უფრო მეტი შეიტყოს საკუთარი ისტორიის შესახებ. ასევე ვურჩევ ამერიკელებსაც, მოინახულონ მუზეუმი, რათა გაიგონ, რას წარმოადგენს ეს ქვეყანა და რატომ არის მისთვის ამერიკული ღირებულებები ესოდენ მნიშვნელოვანი. “- აცხადებს  როს უილსონი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში.

  • “ჩვენთვის 9 აპრილის მსგავსი ტკივილნარევი ერთიანობის განცდა კარგად არის ცნობილი”-ლიეტუვის საელჩო

    საქართველოში ლიეტუვის საელჩო 9 აპრილის დღესთან დაკავშირებით,სოციალურ ქსელში წერს, რომ მათი ქვეყნისთვის  9 აპრილის მსგავსი ტკივილნარევი ერთიანობის განცდა კარგად არის ცნობილი.

    “30 წელი გავიდა 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, როცა საქართველო შეეჭიდა საბჭოთა რეპრესიებს და მტკიცედ დადგა თავისუფლებისათვის, რაც აღმოჩნდა კიდეც საბჭოთა კავშირის დასასრულის დასაწყისი – სამწუხაროდ ამ ყველაფერს 21 მამაცი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
    მათი მსხვერპლი უშედეგო არ ყოფილა – 2 წლის თავზე საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
    ლიეტუველებისათვის მსგავსი ტკივილნარევი ერთიანობის განცდა კარგად ნაცნობია, რადგან 1991 წლის 13 იანვარს, ლიეტუვაც მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდა და მასაც მოუწია მსხვერპლის გაღება თავისუფლების სადარაჯოზე. ამ მოვლენებიდან ათეულობით წლის შემდეგ მნიშვენლოვანია ერთი რამ – მუდმივად გვახსოვდეს, თუ ვის უნდა ვუმადლოდეთ დღევანდელ თავისუფლებას ” -ნათქვამია ლიეტუვის საელჩოს განცხადებაში.

    საელჩოს წარმომადგენლები დღეს 9 აპრილის მემორიალთან მივიდნენ. გუნდმა  “ვილნიუსმა” 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას ძველი ლიეტუვური საომარი სიმღერის შესრულებით მიაგო პატივი.

  • დიღმის მასივში აფეთქებისას დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდება

    დიღმის მასივში, აფეთქების შედეგად დაშავებულ ახალგაზრდა მამაკაცს ხელის მტევნებზე კანის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა.

    ექიმების განცხადებით, პაციენტის  მდგომარეობა სტაბილურია.

    ახალგაზრდა მამაკაცს სხეულის 35 პროცენტი აქვს დამწვარი. მამაკაცმა სხეულის დაზიანება დიღმის მასივში გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარი აფეთქების დროს მიიღო.

  • ტარიელ ონიანი რუსული ციხიდან გათავისუფლდა. შესაძლოა საქართველოში მისი დეპორტაცია მოხდეს

    რუსული მედიის ცნობით კრიმინალურმა ავტორიტეტმა, ტარიელ მულუხოვმა (ონიანმა) მეტსახელად ტარო საგანგებო რეჟიმის კოლონია დატოვა, სადაც ბიზნესმენის მოტაცების ბრალდებით 10 წელი გაატარა. ტარო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ–ერთ ყველაზე გავლენიან კანონიერ ქურდად ითვლება.

    გამოძიების ვერსიით ტარიელ ონიანმა და მისმა თანამზრახველებმა ქართული წარმოშობის რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი, ჯონი მინაძე დაიჭირეს, მოსკოვში სმოლენსკის მოედანზე ერთ–ერთ რესტორანში მიიყვანეს და ბეისბოლის ჯოხით სასტიკად სცემეს. ეს 2009 წლის მარტში მოხდა.
    გამოძიების ვერსიით ტარიელ ონიანი მსხვერპლის ნათესავებს 500 000 დოლარს სთხოვდა. გამოსასყიდის მოლოდინში კი მინაძე ბინაში ჰყავდათ გამოკეტილი. თანხის ნახევრის გადახდის შემდეგ გატაცებული გაათავისუფლეს. მან პოლიციას მიმართა, ონიანი და მისი თანამზრახველები კი დაიჭირეს.

    2010 წელს ტარიელ ონიანს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მოგვიანებით სასჯელის ვადის 2 თვით შემცირებას მიაღწია. თავიდან სასჯელს ელეცკის კოლონიაში იხდიდა, შემდეგ კი “შავი დელფინის“ კოლონიაში გადაიყვანეს, რომელიც რუსეთის ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეა და სადაც სასჯელს ძირითადად სამუდამო პატიმრობა მისჯილები იხდიან. კოლონიაში ონიანი რეჟიმს მუდმივად არღვევდა. მის ანგარიშზეა 253 დარღვევა–დანაშაული, რის გამოც არაერთხელ გადაიყვანეს ე.წ. შიზოში და კარცერში.

    ქართველი “ნათლიმამა“

    ტარიელ ონიანი 1952 წელს ტყიბულში დაიბადა. მამამისი შახტაში მომხდარი შემთხვევის დროს დაიღუპა, როცა ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო. პირველი პატიმრობა 17 წლის ასაკში მიუსაჯეს შეიარაღებული ძარცვისთვის, შემდეგ იყო ნასამართლეობები ქურდობის, დარბევისა და გამოძალვისთვის. ამასობაში კრიმინალურ სამყაროში ავტორიტეტი მოიპოვა და გავლენიანი ქუთაისური დაჯგუფების ლიდერი გახდა.

    1980–იანი წლებიდან ტარიელ ონიანი მოსკოვში დაფძნდა. ექსპერტების განცხადებით ის მკაცრად აკონტროლებდა დაჯგუფების წევრებს და სრულ მორჩილებას ითხოვდა. 1990–იანებში საფრანგეთში გადავიდა, შემდეგ ესპანეთში და ქუთაისურ დაჯგუფებას დისტანციურად აკონტროლებდა. ევროპაში ადგილობრივი ძალოვანების აზრით დანაშაულებრივი ფულის გათეთრების ბიზნესის ორგანიზება მოახერხა.

    2005 წლის ივნისში ესპანურმა სპეცსამსახურებმა მაშტაბური ოპერაცია ჩაატარეს და რამდენიმე ათეული ადამიანი დაიჭირეს ე.წ. რუსული მაფიიდან. ზოგიერთი მოგვიანებით გაუშვეს, დანარჩენებს კი ბრალი წაუყენეს დანაშაულებრივი სინდიკატის შექმნაში. მაშინ მედია აცხადებდა, რომ სპეცოპერაციის მთავარი მიზანი სწრედ ტარიელ ონიანი იყო. თუმცა მან მოახერხა ესპანურ სასამართლოს დასხლტომოდა და რუსეთში დაბრუნდა.

    კრიმინალური ომები

    2006 წელს ონიანი ერთდროულად ორ დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერს დაუპირისპირდა: ვიაჩესლავ ივანკოვს, მეტსახელად იაპონჩიკს და ასლან უსოიანს, მეტსახელად ძედ ჰასანს. შედეგად ორივე მოკლეს: იაპონჩიკი 2009 წელს, ძედ ჰასანი კი 2013 წელს. ონიანი დანაშაულის ერთ–ერთ შესაძლო შემკვეთად ითვლებოდა, თუმცა ოფიციალური ბრალდებები მისთვის არ წაუყენებიათ. თავად ტარო კატეგორიულად უარყოფდა ამ მკვლელობებთან მის კავშირს.

    2008 წლის ივლისში ძალოვანებმა ერთ–ერთი ყველაზე მაშტაბური ქურდული შეკრება ჩაშალეს. კანონიერი ქურდები ერთ–ერთ ხომალდზე იკრიბებოდნენ, როცა ბორტზე სპეცრაზმი და პოლიცია მივიდა. სულ ადგილზე 37 კანონიერი ქურდი იყო. მათ შორის ტარიელ ონიანი.
    რუსეთის შსს–ს ოფიციალური ვერსიით შეკრების მიზანი დაძაბული საქმის გარჩევა და კონფლიქტის მოგვარება იყო ძედ ჰასანსა და შაქრო მალადოის შორის. შაქროს დაკავების შემდეგ მისი აქტივების მართვა ძედ ჰასანის სანდო პირმა, ლაშა შუშანაშვილმა დაიწყო, რაც ტარიელ ონიანს არ მოეწონა და კლანებს შორის ნამდვილი ომი დაიწყო. კონფლიქტი 2009 წელს ტარიელ ონიანის დაკავების შემდეგ დასრულდა.
    ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ტარიელ ონიანს დეპორტაცია ემუქრება. სასამართლოს დოკუმენტების მიხედვით ის არის პიროვნება მოქალაქეობის გარეშე. იუსტიციის სამინისტრომ რუსეთში მისი ყოფნა არასასურველად ცნო. დეპორტაციის ერთ–ერთი სავარაუდო მიმართულება ესპანეთია. იქ ტარიელ ონიანს უკვე ელოდებიან რათა ბრალი წაუყენონ ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და თანხების უკანონო ლეგალიზაციაში. მეორე ვარიანტი რუსული მედიის მიხედვით ცალმხრივი ბილეთია საქართველოსკენ. თუმცა რუსული მედია აღნიშნავს, რომ საქართველოში 2005 წლიდან კრიმინალური დაჯგუფებების ლიდერთა წინააღმდეგ კანონი მოქმედებს და შესაძლოა კრიმიანლური ავტორიტეტი კიდევ ერთხელ დააპატიმრონ, თუ სასამართლოში დანაშაულებრივ იერარქიაში მის მაღალ სტატუსს დამტკიცდება.