Blog

  • “დაურეკეთ ბიძინა ივანიშვილს, შეუთანხმდით და გადადეთ ეს საკითხი“ – ხოშტარია

    „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, პარლამენტის თავმჯდომარეს  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობის გადადება მოსთხოვა.

    ხოშტარიას თქმით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ბოლო პერიოდია, მთელი არასამთავრობო სექტორი და საერთაშორისო თანამეგობრობა მსჯელობს.

  • ქარელში მატარებლის შეჯახების შედეგად მამაკაცი დაიღუპა

    ჩქაროსნული მატარებლის შეჯახების შედეგად 40-წლამდე მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვედურეთთან მოხდა. შეჯახების შედეგად მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.

    გამოძიება 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • “შიში თქვენკენ მოიკითხეთ”-კობახიძემ ბესელიას მიკროფონი გამოურთო

    პარლამენტის სხდომაზე ეკა ბესელია სიტყვით გამოდიოდა, როდესაც მან პარლამენტის თავმჯდომარეს შენობით მიმართა. ამის საპასუხოდ კობახიძემ დეპუტატს მიკროფონი გამოურთო.

    “პარლამენტის თავმჯდომარეს თქვენობით უნდა მიმართოთ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე მოგმართავთ თითოეულ თქვენგანს და შემდეგზე, როცა ამ შეცდომას გამოასწორებთ, მერე მოგცემთ ხოლმე სიტყვას“,- მიმართა კობახიძემ ბესელიას.

    რამდენიმე წამში ბესელია კობახიძის ტრიბუნასთან აიჭრა და კობახიძეს მიმართა სიტყვებით “ხო არ შეგეშინდა?”

  • კვიპროსმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა

    “კვიპროსმა აღიარა საქართველო როგორც უსაფრთხო ქვეყანა”,– ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ნიკოს ანასტასიადისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

    „ძალიან ნიშანდობლივია ფაქტი, რომ კვიპროსმა აღიარა საქართველო როგორც უსაფრთხო ქვეყანა და ამის შესახებ დღეს ითქვა. საერთოდ, ყველანაირი დახმარება – მეტი ევროპა საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში გაზიარებულია კვიპროსის, როგორც ევროკავშირში ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის მიერ“, – განაცხადა  ზურაბიშვილმა.

    „კვირპოსი გააძლიერებს თავის მხარდაჭერას, საქართველოს დახასიათებას, როგორც დაცული სახელმწიფოსი“, – განაცხადა კვირპოსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისმა.

    კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ნიკოს ანასტასიადისი საქართველოს პირველი ვიზიტით გუშინ ეწვია.

    ორდღიანი ოფიციალური  ვიზიტის ფარგლებში, კვიპროსის პრეზიდენტი ასევე პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესა და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შეხვდება. დაგეგმილია ვიზიტი საპატრიარქოშიც, სადაც კვიპროსის პრეზიდენტი პატრიარქს შეხვდება.

    ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ბიზნესფორუმიც, სადაც საქართველოსა და კვიპროსს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრებენ.

  • გირჩი მთაწმინდის მაჟორიტარულ არჩევნებში მოქალაქეებს ხმის სანაცვლოდ ანაზღაურებას სთავაზობს

    გირჩი მთაწმინდის მაჟორიტარულ არჩევნებში მოქალაქეებს ხმის სანაცვლოდ  ანაზღაურებას სთავაზობს.ზურა ჯაფარიძის თქმით,ისინი გეგმავენ  ამომრჩევლის ხმები  თავიანთი კრიპტოვალუტით  იყიდონ.ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ბრიფინგზე გააკეთა.

    კრიპტოვალუტის მისაღებად კი ამომრჩეველმა უნდა წარადგინოს ბიულეტენის ფოტო, სადაც მათი კანდიდატი  იქნება შემოხაზული.

    გარდა ამისა, გირჩი კრიპტოვალუტას გადაუხდის მათ, ვინც მათი მაჟორიტარი კანდიდატის, ჰერმან საბოს მხარდასაჭერად მთაწმინდაზე გადაეწერება ან არჩევნების დღეს მათ დამკვირვებლად იმუშავებს.

  • “ვენეციის კომისიის მხრიდან სათაურის გარდა, ყველაფერი კრიტიკის ქარცეცხლშია გატარებული” ბესელია

    ეკა ბესელიამ საგანგებოდ  ბრიფინგზე განაცხადა, რომ  ვენეციის კომისიის დასკვნა მოსამართლეების არცევის კანონპროექტთან დაკავშირებით მწვავე და კრიტიკულია.

    მისი თქმით, დასკვნის მიხედვით, გაკრიტიკებული არ არის მხოლოდ კანონპროექტის სათაური, დანარჩენი ყველაფერი კრიტიკულადაა შეფასებული.

    ბესელიას განცხადებით, ვენეციის კომისიის მიერ გაკრიტიკებულია კრიტერიუმები, კენჭისყრის პროცესი, ინტერესთა კონფლიქტის არსებული მოდელი.

    „ვენეციის კომისიის მიერ მომზადებული დასკვნა და რეკომენდაციები უკვე მომზადებული და გასაჯაროებულია, ყველა ის ადამიანი, ვინც ამბობს, რომ დასკვნა არის დადებითი მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილი პროექტისთვის, ცრუობს ან საკუთარ თავს იტყუებს, დასკვნა საჯაროა და ყველას შეუძლია, ნახოს, არის უმძიმესი, უმკაცრესი, ძალიან კრიტიკული შეფასებები. ის, რაც არ არის გაკრიტიკებული არის კანონპროექტის სათაური, დანარჩენი ყველაფერი კრიტიკის ქარცეცხლშია გატარებული, დარჩენილია მხოლოდ კანონპროექტის ყდა,“ – აღნიშნა ბესელიამ.

  • “დიღმის მიმართულებით შესაძლებელია მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელება”-კახა კალაძე

    “არის სერიოზული მოსაზრება რომ დიღმის მიმართულებით შეიძლება გაკეთდეს მიწისზედა მეტრო”-ეს განცხადება კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა, სადაც საუბარი ტრანსპორტის განვითარების პროექტს შეეხო.

    კალაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდება.

    “ჩატარდება კვლევა და რაიონებში, სადაც ტრანსპორტის ნაკლებობაა, კვლევის შედეგად მივიღებთ სრულ სურათს, თუ რისი გაკეთება შეიძლება – შეიძლება ეს იყოს ტრამვაი, მეტრო. მაგალითად, დიღმის მიმართულებით სერიოზული მოსაზრებაა იმის, რომ შესაძლებელია მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელება. კვლევა გვაჩვენებს ყველაფერს თუ როგორ შეიძლება ამ მიმართულებით განვვითარდეთ. კვლევითი ღონისძიებები რამდენიმე კვირაში დაიწყება”, – განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

  • თბილისში 2021 წლიდან მარჯვენასაჭიანი ტაქსები აიკრძალება

    მარჯვენასაჭიანი ტაქსები 2021 წლის 1 იანვრიდან აიკრძალება -ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის სხდომაზე განაცხადა.

    მანამდე კი   მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებს B კატოგორიაში ჩართვა შეეძლებათ – კალაძის თქმით, მერიამ გაითვალისწინა მძღოლების თხოვნა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ტაქსის სქემაში ჩართვასთან დაკავშირებით.

    ” მძღოლების თხოვნას დავთანხმდით, რადგან მათ ვერ მოასწრეს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ჩანაცვლება მარცხენასაჭიანი ამიტომ მათთვის გავახანგრძლივეთ ვადა.

    ამიტომ 2021 წლის პირველი იანვრიდან მარჯვენასაჭიანი ტაქსები აიკრძალება B კატეგორიაშიც.  მათ აქვთ წელიწადნახევარი იმისთვის რომ მოახდინონ ავტომანქანების ჩანაცვლება და შემდეგ სურვილისამებრ, გადაწვიტონ ჩაერთონ A კატეგორიაში ან B კატეგორიაში.” განაცხადა კალაძემ

  • “ტაქსების რეფორმა აუცილებლად განხორციელდება”-კახა კალაძე

    თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა მიმდინარეობს.

    კახა კალაძემ სხდომა ტაქსების რეფორმის შესახებ არსებული პრობლემებით დაიწყო.

    კალაძისთვის ტაქსის რეფორმასთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიების განცხადებები მიუღებელია. მისი თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა მაღალია.

    “სამწუხაროდ, ამ რეფორმამ არასწორი ინტერპრეტაციები მიიღო პოლიტიკური პარტიების მხრიდან რაც გულდასაწყვეტია, რადგან შეიძლება პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდეთ განსხვავებული შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე, მაგრამ ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ და როდესაც ხალხისთვის მნიშვნელოვანი რეფორმა ხორციელდება უნდა იყოს მხარდაჭერა”-აცხადებს კალაძე 

    ” რეფორმა აუცილებლად განხორციელდება, როგორც დაანონსებული იყო, თეთრი ფერი, მანათობლების გადაცემა, პარკირების ადგილების გამოყოფა ყველაფერი ტაქსის მძღოლებისთვის უფასო იქნება, ასევე ინტერიერის ქიმიური წმენდა.”

    კალაძის თქმით, მძღოლებს სურვილის შემთხვევაში მანქანის გადაღებვის მაგივრად შეუიძლიათ  ავტომობილს  ფირი გადააკრან.