Blog

  • “პანორამა თბილისის” მშენებლობიდან ჩამოვარდნილი მუშების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

    პანორამა თბილისის მშენებლობიდან გადმოვარდნილი ორი მუშა ამტელ ჰოსპიტალში მკურნალობს, ხოლო ერთი ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება.

    ამტელ ჰოსპიტალის ექიმების განცხადებით, მათთან შეყვანილი ორი მუშის მდგომარეობა სტაბილურია, მათ მრავლობითი დაჟეჟილობები აღენიშნებათ, ისინი კონტაქტურები არიან და მათ სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.

    პაციენტებს გამოკვლევები უტარდებათ.ექიმების ინფორმაციით, ორივე ადამიანი 10 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა.

    როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიებასსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო. აღნიშნული გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.

  • ვიქტორია ბექჰემი და მეგან მარკლი განუყრელი მეგობრები გახდნენ

    გათხოვების შემდეგ მეგან მარკლი სულ უფრო იშვიათად ეკონტაქტება ამერიკელ მეგობრებს.სამაგიეროდ ინგლისში  ახალი, კარგი მეგობარი გამოუჩნდა – ვიქტორია ბექჰემი.
    ამერიკელ მსახიობს ადრეც ჰქონდა დევიდ ბექჰემის ცოლთან ურთიერთობა, თუმცა მეგანის ფეხმძიმობის პერიოდში ისინი განსაკუთრებით დაახლოვდნენ. ვიქტორია პრინცი ჰარის მეუღლისთვის ნამდვილი საყრდენი აღმოჩნდა. ის მეგანს ნეგატიურ გარემომცველ ფაქტორებთან გამკლავებაში ეხმარება.
    “ ბოლო თვეების განმავლობაში გოგონებს ძალიან ახლო მეგობრობა ჩამოუყალიბდათ. მათ ბევრი საერთო აქვთ: უყვართ მოდა, ორივე ცხოვრობდა ლოს ანჟელესში და ორივეს სქელკანიანობა მართებს, რომ გარშემო არსებული ნეგატიური რეაქციებისგან თავი დაიცვას“–უთხრა ბრიტანულ მედიას მეგანის ერთ–ერთმა ნაცნობმა.
    ვიქტორია იმდენად ახლოს არის მეგან მარკლთან, რომ მას ბავშვის ოთახის მოწყობასა და ახალშობილის ტანსაცმლის შერჩევაში დაეხმარა. ყოფილ მომღერალს თავად ოთხი შვილი ყავს, მეგობარს გამოცდილებას უზიარებს და დედობისთვის ამზადებს.
    მეგან მარკლის და პრინცი ჰარის შვილი აპრილის ბოლომდე დაიბადება.
  • შრომის ინსპექციის თანამშრომლები „პანორამას“ მშენებლობის ტერიტორიას ამოწმებენ

    ამ დროისთვის ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის თანამშრომლები „პანორამა თბილისის“ მშენებლობის ტერიტორიაზე იმყოფებიან და  ობიექტზე არსებულ პირობებს ამოწმებენ.

    „პანორამა თბილისის“ მშენებლობაზე,სადაც ცოტა ხნის წინ 3 მუშა გადმოვარდა,  შრომის ინსპექციის თანამშრომლებს არ უშვებდნენ. 
    ამის გამო  მოქალაქეებსა და ობიექტის დაცვის წევრებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება  მოხდა.

    ამ დროისთვის სამივე დაშავებული მუშა საავადმყოფოშია მოთავსებული, ექიმების განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

  • საქართველოს პატრიარქი რომის პაპს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძრის გამო თანაგრძნობის წერილს უგზავნის

    საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, ილია მეორემ რომის პაპს თანაგრძნობის წერილი გაუგზავნა. წერილს საპატრიარქო მის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს:

    “მის უწმინდესობას რომის პაპ ფრანცისკეს

    თქვენო უწმინდესობავ,

    გამოვთქვამთ ჩვენს გულისტკივილს და თანაგრძნობას გუშინ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მომხდარი ხანძრის გამო. მეტად დიდია ეს განსაცდელი, მაგრამ ვიმედოვნებთ, ყოველივე მალე აღდგება და განახლდება.

    შევთხოვთ ღმერთს, ყველა ადამიანშიც განახლდეს და აღდგეს რწმენა, სასოება და სიყვარული.“

    ლოცვასა შინა თქვენი მომხსენიებელი
    სრულიად საქართველოს კათოლიკს–პატრიარქი.

  • პანორამა თბილისთან ვითარება დაიძაბა

    პანორამა თბილისთან ამ დროისთვის იმყოფებიან საკრებულოს დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან ლევან ხაბეიშვილი, მთაწმინდის დამოუკიდებელი დეპუტატი გრიგოლ გეგელია.

    იქ მისული ადამიანები შემთხვევის ადგილზე შესვლას ითხოვენ, სადაც სულ ცოტა ხნის წინ 3 მუშა მშენებლობიდან  გადმოვარდა. 

    ადგილზე მისულ პირებს   შესვლის საშუალებას ობიექტის დაცვა არ აძლევს, ამის გამო ვითარება დაიძაბა და დაცვის წევრებთან ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

    ამ დროისთვის სამივე დაშავებული მუშა საავადმყოფოშია მოთავსებული, ექიმების განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

    თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს – დაახლოებით, 30 წლის ახალგაზრდას, ფეხი აქვს მოტეხილი.

    გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

  • “ვენეციის კომისიამ ორიანი დაუწერა საქართველოს ხელისუფლებას” – სამადაშვილი

    “ვენეციის კომისიამ ორიანი დაუწერა საქართველოს ხელისუფლებას” -ასე შეაფასა სალომე სამადაშვილმა „საერთო სასამართლოების“ შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა.

    „ეს არის პირდაპირ განაცხადი ვენეციის კომისიის, რომ მათთვის ნათელია, დღევანდელი პარლამენტის პირობებში ურავლესობა უზენაეს სასამართლოში დამოუკიდებელ მოსამართლეებს არ დანიშნავს და ეს არის რეალურად განაცხადი ვენეციის კომისიის ამ რეკომენდაციის, რომლითაც არის ყველაფერი ნათქვამი. შეფასებულია დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებაში. ვენეციის კომისიამ დღეს, ფაქტობრივად, მე ვიტყოდი, რომ ორიანი დაუწერა საქართველოს ხელისუფლებას,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

    ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ის რაოდენობა აირჩიოს, რომელიც აუცილებელია უზენაესი სასამართლოს სამუშაოს სამართავად. რეკომენდაციების მე-16 პუნქტში ნათქვამია, რომ მათი რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს პოზიციის ნახევარს, რომელიც ვაკანტური იქნება.

    დანარჩენს შემდეგი არჩევნების გზით არჩეული ახალი პარლამენტი დანიშნავს.

    უზენაესი მოსამართლეთა დანიშვნის წესებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები 14-გვერდიანია და 68 პუნქტს მოიცავს.

  • ფრესკოს დამფუძნებლის მორიგი სკანდალური განცხადება. სოფრომაძე ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს

    ფრესკოს მფლობელი, ვასილ სოფრომაძე ფეისბუქზე მორიგ სკანდალურ განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს. 

    ბიზნესმენი ამტკიცებს, რომ ახალი ჰიპერმარკეტის მშენებლობის სანაცვლოდ, მერიის მაღალჩინოსნები მას აიძულებენ, იმ კონკრეტული მიწის ნაკვეთის შეძენას, რომელიც კალაძის მოადგილის ოჯახს ეკუთვნის. თუმცა, ვასილ სოფრომაძე მიმართვაში კონკრეტულ ჩინოვნიკს არ ასახელებს.

    ფრესკოს დამფუძნებელი ყვება, რომ მას დიდუბეში, წერეთლის ქუჩაზე, სუპერმარკეტის გახსნა სურდა, მაგრამ დედაქალაქის მერიიდან ოფიციალური წერილი მიუვიდა, სადაც რეკომენდაციის სახით წერია, რომ კომპანიამ სხვა ნაკვეთი შეიძინოს.

    სავარაუდოდ  ვასილ სოფრომაძე თბილისის ვიცე მერის, ირაკლი ხმალაძის, სიმამრის მიწის ნაკვეთის შესახებ საუბრობს. სწორედ გივი მცხვეთაძის სახელზეა რეგისტრირებული ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე კონკრეტული ფართი.

    სოფრომაძე ბიძინა ივანიშვილსაც აკრიტიკებს  და ამბობს, რომ მას ხელისუფლებასთან გარკვეული პრობლემების შექმნის გამო, მისმა ერთ-ერთმა პარტნიორმა 15-მილიონიან ინვესტიციაზე უარი თქვა და შესაბამისად, ეს თანხა ქვეყანაში არ შემოსულა.

  • პანორამა თბილისის მშენებლობაზე მუშები სიმაღლიდან გადმოვარდნენ და ორ ყრუ კედელს შორის ჩავარდნენ

    პანორამას მშენებლობიდან    3 მუშა გადმოვარდა. ისინი  ორ ყრუ კედელს შორის ნახევარ მეტრიან სივრცეში ჩაცვივდნენ.

    წინასწარი ინფორმაციით, მუშები  ყოველგვარი დამცავი მოწყობილობების, ბაგირისა და ჩაფხუტის გარეშე მუშობდნენ.

    ვიდეომასალას სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი კუპრაძე აქვეყნებს.

    თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს – დაახლოებით, 30 წლის ახალგაზრდას, ფეხი აქვს მოტეხილი.

    სამივე მუშა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ერთი დაშავებული ინგოროყვას სახელობის კლინიკაში, ხოლო ორი კი ამტელში. წინასწარი ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

    ვიდეოკადრებში, რომელიც Facebook–ზე გავრცელდა  ჩანს, რომ მუშებს არ ჰქონდათ სპეციალური აღჭურვილობა.

    ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.შინაგან საქმეთა  სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

  • ტაძარში ხანძარი შემთხვევით გაჩნდა-პარიზის პროკურატურა

    არანაირი ნიშანი არ არსებობს, რომ ხანძარი განზრახ გაჩნდა- ამის შესახებ განცხადება  ცოტა ხნის წინ პარიზის პროკურორმა რემი ჰეიტზმა გააკეთა.
    სააგენტო როიტერსის ინფორმაციით, მთავარ ვერსიად გამოძიება უბედურ შემთხვევას განიხილავს.

    პროკურორის  თქმით, შემთხვევის ადგილზე პროკურატურის 50 თანამშრომელი იმყოფება, რომელიც ამ საქმეს გამოიძიებს.ჰეიტზის თქმით, ამჟამად იმ მუშების დაკითხვა მიმდინარეობს, რომლებიც  პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოებში მონაწილეობდნენ.

    ხანძრის შედეგად ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის გადარჩენა შეძლეს.

    როგორც ცნობილია, გადარჩა ტაძრის რელიქვიები, მათ შორის იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი.

    ხანძარი პარიზის დროით საღამოს 7 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად ჩამოინგრა ტაძრის სახურავზე აღმართული სვეტი და საათი.