Blog

  • შრი-ლანკაში მომხდარ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

    შრი-ლანკაზე განხორციელებულ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

    შრი-ლანკის მთავრობის განაცხადებით,  ტაძრების აფეთქების მოტივი ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმას უკავშირდება.

    ტერაქტების სერია 21 აპრილს მოხდა. ბოლო მონაცემებით, ტერაქტების სერიას  320 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვმა კი 500-ს გადააჭარბა.

  • “ეს არის შალიკო ნათელაშვილის მოხდენილი ფრაზები”-მაჭავარიანი ბოკერიას

    საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე  ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ევროპული საქართველოს დეპუტატს, გიგა ბოკერიას ურჩია ლეიბორისტულ პარტიაში გადასულიყო, რადგან შალვა ნათელაშვილის ფრაზებით საუბრობდა. 

    კამათი დეპუტატსა და მინისტრს შორის, ფინანსთა მინისტრის შედარებამ გამოიწვია. მაჭავარიანმა მისი და  ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხედვებს შორის განსხვავებებზე ისაუბრა.

    “ვისაც თინეიჯერი შვილი გვყავს, მე მყავს შვილი, ჩვენ ყველანი ვნერვიულობთ, რომ გვიან არ მოვიდნენ, რამე არ დაუშავდეთ. აი, სხვაობა გინდათ დავიყვანოთ ბატონი კობას და ჩემს მიდგომებს შორის: ის ამბობს, რომ 10 საათზე მოვიდეს ბავშვი სახლში და მე ვამბობ, რომ 12-მდე დატოვეთ”, — განაცხადა მაჭავარიანმა.

    ფინანსთა მინისტრის მოსმენა  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში მიმდინარეობს. ფინანსთა მინისტრი  “ევროპულმა საქართველომ” დაიბარა. 

  • ცოლზე ძალადობისთვის ბრალდებული ძიუდოისტი სასამართლომ გაათავისუფლა

    ცოლზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ძიუდოისტი თავისუფალია.

    ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრი  თორნიკე ნაგლიაშვილი 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

    თორნიკე ნაგლიაშვილი,  ძალადობის ბრალდებით  მარნეულში, 5 მარტს დააკავეს.

    ძიუდოისტს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე და 126   მუხლებით წარედგინა, რაც გულისხმობს  მუქარასა და ოჯახში ძალადობას.

    გავრცელებული ინფორმაციით, თორნიკე ნაგლიაშვილს  შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, რომელიც რამდენჯერმე დაარღვია. 

  • მეტრო ღრმაღელეში მატარებლები მწყობრიდან გამოვიდა

    მეტროში ისევ შეფერხებაა. რამდენიმე წუთის წინ მეტროსადგურ ღრმაღელეში ორივე მიმართულებით მოძრავი მატარებლები მგზავრებისგან  დაცალეს.

    ხალხი ბაქანზე გამოიყვანეს და უთხრეს, რომ შემდეგ მატარებელს დალოდებოდნენ. თვითმხილველების ინფორმაციით, მანამდე რამდენიმე წუთის განმავლობაში მოძრაობა შეჩერებული იყო.

    ჯერჯერობით დაზუსტებით არ არის ცნობილი, ხარვეზი  კონკრეტული შემადგენლობის ტექნიკური გაუმართაობას უკავშირდება  თუ ტექნიკური შეფერხება მეტროპოლიტენის სავალ ნაწილზე მოხდა.

  • “დღეს ორიანი დაგიწერეთ”-კალაძე ჟურნალისტს

    „დღეს ორიანი დაგიწერეთ, არ ხართ კარგად მომზადებული”, – ასე უპასუხა კახა კალაძემ ჟურნალისტს, რომელმაც მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით თბილისის მერს შეკითხვა დაუსვა.

    გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი დაკავებისას კახა კალაძის სახელს ახსენებდა. ჟურნალისტის შეკითხვაც სწორედ ამ ფაქტს შეეხებოდა.

    ლევან ჯიბღაშვილის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ითვალისწინებს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით, 6 წლამდე.

  • ჟურნალისტ ზაზა სვანაძეს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

    ჟურნალისტ ზაზა სვანაძე  ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

    სვანაძეს მუქარის განხორციელებაში ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ნინო  ჯღარკავა ადანაშაულებს.

    ჯღარკავას თქმით, ზაზა სვანაძე მის შვილს სოციალური ქსელის მეშვეობით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. გარდა ამისა სვანაძეს პროკურატურა ერთ-ერთი ჟურნალისტის შეურაცხყოფას და მუქარასაც ედავება.

    სვანაძის ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

    „სასამართლომ ასე, აბსოლუტურად ულოგიკოდ მიიღო ძალიან ცუდი გადაწყვეტილება. კონტექსტიდან ამოგლეჯილი წინადადებიდან, რომელიც დაწერა ზაზა სვანაძემ „ფეისბუქ პოსტზე“, ამასთან დაკავშირებით მას ახლა 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ეს არის სრული მარაზმი,“-აცხადებს სვანაძის  ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.

    საქმის პროკურორის განცხადებით, სასამართლომ მუქარის საფრთხე რეალურად  მიიჩნია და აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.

  • “ყველა, ვინც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას ეწინააღმდეგება,ქვეყნის მტერია”-კალაძე ჰესების მშენებლობაზე

    “ყველა ის ადამიანი, ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას, ენერგეტიკულ განვითარებას, ქვეყნის მტერია.”-ეს განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.

    კალაძის თქმით, ჰესების აშენება პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყნის განვითარებასთან.

    “კამპანია, რომელიც ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ არის მიმართული, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ თუ გვინდა ქვეყანა განვითარდეს, წინ წავიდეს, მაქსიმალურად რაციონალურად უნდა იქნას ათვისებული წყლის რესურსი და შესაძლებლობები, რომელიც ქვეყანას გააჩნია. 5 წლის განმავლობაში ვიყავი ენერგეტიკის მინისტრი და ამდენი პროექტი – ჰიდროელექრტოსადგური, ქარის ელექტროსადგური, თბოელექტროსადგური, ქვესადგურების პროექტი, რომლებიც ევროპული სტანდარტებით გავაკეთეთ, არასდროს საქართველოში არ გაკეთებულა. გული მწყდება, რომ დღეს ამ მიმართულებით პროექტების განხორციელება არის შეფერხებული. ჩვენი ქვეყანა განვითარებადია, ყოველწლიურად ვითარდება, ეკონომიკური ზრდა გვაქვს და შესაბამისად, ელექტროენერგიაზე მოთხოვნაც მეტი იქნება. რატომ უნდა ვიყოთ დამოკიდებული სხვადასხვა ქვეყნებზე ელექტროენერგიის შემოტანით, რატომ უნდა გავიდეს თანხები სხვა ქვეყნებში? ისევ ჩვენს ეკონომიკაში ჩაიდოს და მოხმარდეს ეს თანხები. ყველა ის ადამიანი, ვინც ეწინააღმდეგება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას, ენერგეტიკულ განვითარებას, მარტივად რომ ვთქვა, ქვეყნის მტერია”,- განაცხადა კალაძემ.