Blog

  • “მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება” -აფგან მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

    თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა  გაუარესდა. 

    მუხთარლის მეუღლის ლეილა მუსტაფაევას ინფორმაციით, მას თვალის არეში გაუსაძლისი ტკივილები აწუხებს, აქვს საშარდე სისტემის სერიოზული პრობლემები, მაღალი წნევა და დიაბეტი.

    მუსტაფაევას თქმით, მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა მუხთარლი ექიმს ამ დრომდე არ გაუსინჯავს.

    „აფგან მუხთარლის მდგომარეობა აზერბაიჯანის ციხეში გაუარესდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ბუნებრივია არ უტარდება ყველა მკურნალობა, რაც ასეთ ტიპის ადამიანს უნდა ჰქონდეს. მის სიცოცხლეს ემუქრება რეალური საფრთხე და რა თქმა უნდა ამაზე პასუხს აგებს აზერბაიჯანის ხელისუფლება და ასევე საქართველოს ხელისუფლება,“-განაცხადა აფგან მუხთარლის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა.

    აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და  კონტრაბანდის ბრალდებით.

    მუხთარლი და მისი ადვოკატები  მიიჩნევენ, რომ თბილისიდან მის გატაცებასა და აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემაში  საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

    აფგან მუხთარლის ადვოკატებმა სტრასბურგის სასამართლოს პირველად 2018 წლის ივნისში მიმართეს, რათა ჟურნალისტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად გამოყენებული ყოფილიყო დროებითი ზომა პატიმრობიდან მის გასათავისუფლებლად.

    ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეს,  პრიორიტეტი მიანიჭა.

    ამის მიუხედავად, აზერბაიჯანის ყველა სასამართლო ინსტანციამ ის სამი მუხლით დამნაშავედ ცნო. 

    აფგან მუხთარლის ექვსწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

  • რუსთავში დაკარგული 15 წლის გოგონა იპოვეს

    15 წლის გოგონა, რომელსაც გუშინ რუსთავში ეძებდნენ, იპოვეს. 

    მოზარდი თავს კარგად გრძნობს და უკვე სახლში იმყოფება. 15 წლის გოგონას ოჯახის წევრებმა სამართალდამცავებს, მისი დაკარგვის თაობაზე გუშინ მიმართეს.

  • ბრიტნი სპირსმა ფსიქიატრიული კლინიკა ბოიფრენდთან შესახვედრად დატოვა

    37 წლის მომღერალი ბრიტნი სპირსი ნერვული სისტემის აღდგენის პროცესს ფსიქიატრიულ კლინიკაში გადის. თუმცა, ზოგიერთი დღესასწაული ღირს იმად, რომ მკურნალობის სერიოზული კურსი დროებით შეწყვიტო.
    კვირას, კათოლიკურ აღდგომაზე ჟურნალისტებმა მომღერალი ბევერლი ჰილზზე სასტუმრო Montage–დან გამოსვლისას შენიშნეს. ის ალისფერ კაბაში იყო ხელში კი ბოტასები და ნარინჯისფერი ჯემპრი ეჭირა. მასთან ერთად იყო 25 წლის ბოიფრენდი სემ ასგარი.
    მამაკაცმა ბრიტნი სპირსი ტაქსამდე მიაცილა. სასტუმროს პერსონალმა ჟურნალისტებს გაუმხილა, რომ შეყვარებულებმა ნომერში მთელი დღე გაატარეს. ამის შემდეგ როგორც ჩანს ბრიტნი კლინიკაში დაბრუნდა, სადაც კიდევ 30 დღე უნდა გაატაროს.
    მომღერლის თაყვანისმცემლები აღნიშნავენ, რომ ის დაღლილად გამოიყურებოდა. თუმცა მაინც უხარიათ რომ ის ქალაქში გამოვიდა. ცოტა ხნის წინ ვარაუდობდნენ, რომ ბრიტნი სპირსი მამამ, ჯეიმს სპირსმა კლინიკაში ძალით მოათავსა და იქ იძულებით ამყოფებს. მისი ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია კი გაზვიადებულია. ახლა კი ყველამ ნახა, რომ ბრიტნის კლინიკის დატოვება მაშინ შეუძლია, როცა მოისურვებს.
    მომღერალი ძალიან არის მამაზე დამოკიდებული. მას ბიპოლარული აშლილობა აქვს. მამა კი მისი ერთადერთი მეურვეა. ოფიციალური ვერსიით მომღერალი კლინიკაში სამუშაოსგან გადაღლილობის გამო წევს.
    2008 წელს ფსიქიკასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა ის გამოიწვია, რომ განქორწინებისას ბრიტნის შვილებზე მეურვეობა მის ქმარს, კევინ ფედერლაინს მისცეს. გასულ წელს კი მან ყოფილ ცოლს ალიმენტების გაზრდა მოთხოვა. თვითონ კი ბავშვების აღზრდაში ფულის ჩადება არ უნდა. ქმრის ადვოკატების ანაზღაურების გადახდაც კი ბრიტნის მოუწია. მან ქმრის სასამართლო ხარჯები – 110 ათასი დოლარი დაფარა.
  • მეცნიერებმა ადამიანის ქსოვილით 3D გული დაბეჭდეს. დაბეჭდილი ორგანოების ტრანსპლანტაცია მალე დონორებს ჩაანაცვლებს

    მეცნიერებმა ისრაელში ადამიანის ქსოვილით შექმნილი გული სამგანზომილებიან პრინტერზე დაბეჭდეს. მკვლევარები ფიქრობენ, რომ დაბეჭდილი ორგანოების ტრანსპლანტაცია რამდენიმე წელში დონორების მიწოდებულ ორგანოებს ჩაანაცვლებს.
    სამგანზომილებიან გულში პირველად არის ადამიანის ქსოვილით შექმნილი უჯრედები, სისხლძარღვები, ორი წინა გული და ორი პარკუჭი. თელავივის უნივერსიტეტში დაბეჭდილი გული მართალია მცირე ზომის არის, მაგრამ მას მაინც დიდ გარღვევად მიიჩნევენ მედიცინის დარგში.
    თელავივის უნივერსიტეტის მეცნიერები ამბობენ, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა მთელი გული თავისი ყველა უჯრედით და სისხლძარღვით დაიბეჭდა. თანაც პირველი შემთხვევაა, როცა ეს ყველაფერი პაციენტის ქსოვილით დამზადდა.
    გუნდმა ბიოფსიით აღებული ქსოვილი ისე დააპროგრამა, რომ მათგან ღეროვანი უჯრედები მიიღეს. მეორე ეტაპზე მოხდა მათი დიფერენციაცია სისხლძარღვების და გულის უჯრედებად.
    ბიომასალა, რომელიც ქსოვილშია ისეა დამუშავებული, რომ იღებ ბიომასალას გულისთვის და ცალკე ბიომასალას სისხლძარღვებისთვის. შემდეგ სამგანზომილებიანი პრინტერით მთლიან გულს ბეჭდავ. 
    ერთი გულის დაბეჭდვას, რომელიც 2.5 სანტიმეტრს არ აღემატება, სამი საათი დასჭირდა. მეცნიერების განმარტებით სრულფასოვნად ფუნქციონირებადი ბუნებრივი ზომის გულის დაბეჭდვას რამდენიმე წლიანი ტექნოლოგიური სამზადისი დასჭირდება. შეიძლება უახლოეს მომავალში არა, მაგრამ არცთუ ძალიან შორეულ მომავალში ეს გასაოცარი საშუალება ბევრ ადამიანს დაეხმარება, განსაკუთრებით გულის დაავადების მქონე პაციენტებს.
    მკვლევარებს იმედი აქვთ, რომ 10 წელში ყველა საავადმყოფოს ექნება საკუთარი ტრიდე პრინტერი, რომლითაც ადამიანის ქსოვილით დამზადებულ ორგანოებს დაბეჭდავს პაციენტების ორგანიზმში გადასანერგად.

  • აშშ ირანულ ნავთობზე სანქციებს ანახლებს

    შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ორშაბათს განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ირანის ნავთობზე დაწესებულ შეღავათებს აუქმებს. გადაწვეტილება გულისხმობს, რომ ქვეყნები რომლებიც ირანულ ნავთობს მოიხმარენ, აღარ იქნებიან გათავისუფლებული ამერიკული სანქციებისგან.
    პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეირანის წინააღმდეგ სანქციები გასულ წელს განაახლა, მას შემდეგ რაც 2015 წლის ირანის ბირთვული განიარაღების შეთანხმება დატოვა.
    სანქციების მიზანი, ადმინისტრაციის თქმით, ირანის „მავნე ქმედებების“ შეწყვეტაა, მათ შორის სირიაში, პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადის და იემენში ამბოხებული ჰუტების მხარდაჭერა.
    “მიზანი უბრალოდ უკანონო რეჟიმისთვის დაფინანსების შეზღუდვაა, რომელსაც ირანი ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაციისთვის იყენებს”, – განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.
    შეერთებულმა შტატებმა, მას შემდეგ რაც სანქციები განაახლა, ირანის ნავთობის მთავარი მომხმარებლებისთვის რამდენიმე გამონაკლისი დაუშვა. მათ შორის არიან ჩინეთი, ინდოეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაივანი, თურქეთი, იტალია და საბერძნეთი. მას შემდეგ რაც შეერთებულმა შტატებმა სანქციები განაახლა იტალიამ, საბერძნეთმა და ტაივანმა ირანული ნავთობის იმპორტი შეწყვიტეს.
    ჯერჯერობით ნათელი არაა, მოეთხოვებათ თუ არა ამ ქვეყნებს, 2 მაისს შეღავათების გაუქმებასთან ერთად, იმპორტის შეწყვეტა, თუ მათ დამატებითი დრო მიეცემათ შესყიდვების შესამცირებლად იქამდე, სანამ ჯარიმები დაწესდება.
    მაშინ, როცა შეერთებულმა შტატებმა ირანის ბირთვული შეთანხმება დატოვა, სხვა ხელმომწერები: ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, რუსეთი და გერმანია რჩებიან შეთანხმების ნაწილად.
  • ჰოლი ბერი აბაზანაში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

    52 წლის მსახიობმა ჰოლი ბერიმ თაყვანისმცემლებს ინსტაგრამზე საინტერესო ფოტო გაუზიარა და მოყვა, როგორ ისვენებს მძიმე სამუშაო კვირის შემდეგ.
    პირად ფოტოებს მსახიობი იშვიათად აქვეყნებს. უფრო ხშირად მის ბლოგში “ფიტნეს–პარასკევობები“ ქვეყნდება, ანუ ფოტოები, რომლებზეც ჰოლი ბერი ინსტრუქტორ პიტერ ტომასთან ერთად ვარჯიშისას არის გადაღებული. ვარჯიშის წყალობით ის შესანიშნავ ფორმას ინარჩუნებს.
    ინსტაგრამზე უკვე დიდი ხანია არსებობს თეგი SelfCareSunday (თავის მოვლა კვირაობით), რომლითაც მომხმარებლები აქვეყნებენ ფოტოებს, როგორ ისვენებენ კვირა დღეს და როგორ აღიდგენენ ძალებს. როგორც ირკვევა, მსახიობი ამას ყველაზე კარგად სააბაზანოში ახერხებს.
    ფოტოზე ვარსკვლავი ქაფით სავსე აბაზანაში ზის. თავზე აბრეშუმის ნაჭერი აქვს შემოხვეული, ხელში ქაფი უჭირავს და მხიარულად გამოიყურება.
    „მართლაც გრძელი და დამღლელი დღე იყო, მაგრამ მაინც გამოვნახე დრო #SelfCareSunday–სთვის ჩემს ქაფიან აბაზანაში“– მიაწერა ფოტოს კომენტარი ჰოლი ბერიმ.
  • მალხაზ მაჩალიკაშვილი ადასტურებს, რომ გუშინ მართლაც დააკავეს, თუმცა ეს ფაქტი დამალა

    მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც დღეს პარლამენტის წინ პანკისის სოლიდარობის აქციაზე მივიდა ამბობს, რომ გუშინ მართლაც იყო დაკავებული რამდენიმე საათის განმავლობაში.
    მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ პანკისში ვითარების დაძაბვის პარალელურად გავრცელდა, თუმცა მალევე ეს ინფორმაცია მაჩალიკაშვილმა უარყო.დღეს ის ამბობს, რომ არ უნდოდა ხეობაში ისედაც დაძაბული ვითარება მისი დაკავების გამო კიდევ უფრო დაძაბულიყო და ამიტომ მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია დამალა.
    “რაც გუშინ მოხდა ეს იყო თემირლანის ოპერაცია 2 .სუსი ცდილობს ერთი გასროლით ორი კურდღელი მოკლან.რაც კი ხდება დღეს ხეობაში ეს არის ყველაფერი სუსის ნამოქმედარი. გუშინდელი ამბავი იყო ისევ და ისევ სუსის ნამოქმედარი.გუშინ დავმალე და არ მივეცი საშუალება რომ გაეშუქებინათ ყველა ჟურნალისტს. ვიძახდი არ ვარ დაკავებული.დიახ, მე ვიყავი დაკავებული, მაგრამ მე შემეშინდა, რომ ჩემი დაკავება ხეობაში არ გაეგოთ და ამას ხეობაში არ მოყოლოდა დიდი ამბავი.
    ხეობაში მივდიოდი იმისთვის, რომ დამელაგებინა სიტუაცია, მაგრამ ამ დებილმა და დეგენერატმა მთავრობამ ეს არ განსაზღვრა. იმის ჭკუა ამათ არა აქვთ, ან მეორე – ჩემი დაკავებით ზუსტად ეგ ქონდათ გამიზნული რომ ხეობაში კიდევ უფრო დაიძაბებოდა სიტუაცია და ამით ისარგებლებდნენ.“ – ამბობს მაჩალიკაშვილი და ყვება, რომ ის გომბორის გზაზე, შუამთასთან დააკავეს, გადმოსვეს მანქანიდან და უთხრეს, რომ გურჯაანის პოლიციაში მიყავდათ. მაჩალიკაშვილმა ამ დროს თავის ადვოკატთან დაკავშირება მოასწრო, მისი დაკავების ამბის გახმაურების შემდეგ კი მის ორ ტელეფონზე, რომლებიც თან ქონდა უამრავი ზარი შევიდა სხვადასხვა უფლებადამცავი ორგანიზაციებიდან და ჟურნალისტებისგან.
    პირველად შევეცადე გამეწია წინააღმდეგობა, მაგრამ ჩემს თავს ეს არ ვაკადრე. რო შევეკითხე სად გადაგყევართ მიპასუხეს გურჯაანში. მე ვუთხარი რატომ გურჯაანში, თელავში გადამიყვანეთმეთქი.როცა გადავყავდი გურჯაანში, მოვახერხე რომ დამერეკა ჩემს ადვოკატთან. ვიგრძენი ეს საფრთხე – რატომ არა თელავში. ამასობაში შევეცადე გამეშვა მესიჯი მარიამ კუბლაშვილთან. სანამ გადავყავდი გურჯაანის პოლიციაში ჩემს ორ ტელეფონზე იმდენი ზარი შემოვიდა, პასუხს ვერ ვასწრებდი . მგონი იქ უკვე მიხვდნენ რომ ძალიან დიდ შეცდომას უშვებდნენ. გურჯაანიდან დამაბრუნეს ისევ თელავში უკან. სანამ მანქანა მომაკითხავდა, ვიყავი ამათთან ერთად მანქანაში. თავისუფლება აღკვეთილი. დაახლოებით სამი საათი გრძელდებოდა.
    მე ეს ფაქტიურად გუშინ დავმალე იმის გამო, ეს რომ გაეგოთ ხეობაში რომ მაჩალიკაშვილი ყავთ აყვანილი ამას მოყვებოდა ისეთი რამე, რომ ამის დალაგებას ვერც მე და ვერც ვერავინ ვერ შეძლებდა. როგორც თემირლანზე არ ქონდათ პასუხი, ისე არ ქონდათ პასუხი რატომ დამაკავეს.
    რაც შეეხება გიორგი გახარიას, მე გუშინ ძალიან არ მინდოდა მივსულიყავი გიორგი გახარიასთან და მაინც მივედი და ჩემი სათხოვარი იყო ერთი– გაეყვანათ ჯარი პანკისის ხეობიდან და გათავისუფლებულიყვნენ დაკავებულები. გაითვალისწინეს ჩემი თხოვნა თუ სხვა მიზეზების გამო მოხდა ეს, ჩემი თხოვნა შესრულდა.“ – ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.
  • არა ჰესებს და რეპრესიებს პანკისში-პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

    პარლამენტთან პანკისელების მხარდამჭერი და ჰესების საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.

    აქციის ორგანიზატორები 21 აპრილს პანკისში განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ და მოითხოვენ არ დააკავონ პანკისელები, რომლებიც გუშინდელ ინციდენტში მონაწილეობდნენ.

    აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლაშა ჩხარტიშვილი, პანკისში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავასა და შს მინისტრის გიორგი გახარიას პასუხისმგებლობას ხედავს და მათ გადადგომას მოითხოვს.

  • ზესტაფონში ტყვიის შემცველობა გაზომეს

    სპეციალისტებმა ქალაქ ზესტაფონში მე-7 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰაერის, ნიადაგისა და წყლის სინჯები აიღეს.ატმოსფერულ ჰაერში სინჯების აღება სპეციალური ხელსაწყოს საშუალებით განხორციელდა.

    აღებული სინჯები შემდგომი ანალიზისთვის გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში გადაიგზავნა და მიღებული შედეგები უახლოეს დღეებში ეცნობება საზოგადოებას.

    საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და ნიადაგში ტყვიის შემცველობის მონიტორინგის არეალს რეგიონებშიც აფართოებს.

    კვლევის შედეგები გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსდება.

  • რუსთავში 15 წლის გოგონას ეძებენ

    რუსთავში 15 წლის გოგონას ეძებენ. ოჯახმა გოგონას გაუჩინარების შესახებ პოლიციას მიმართა, შესაბამისად დაწყებულია სამძებრო სამუსაოები.

    ამ დროისთვის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.  მიმდინარეობს გამოძიება.