Blog

  • “ცოტას კიდევ მოვითმენ”-საკაშვილი უკრაინაში ჯერ არ ბრუნდება

    საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ უკრაინაში ჯერ არ ბრუნდება.ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.

    “სანამ პოროშენკო პრეზიდენტია, მე სასაზღვრო სამსახურისგან სხვა პასუხს არც ველოდი. არაუშავს, კიდევ ცოტასაც მოვითმენ ამდენთვიანი ლოდინის შემდეგ,”-განაცხადა სააკაშვილმა.

    სააკაშვილმა უკრაინაში დაბრუნება რამდენიმე თვის წინ დააანონსა. მისი დაბრუნება ვლადიმერ ზელენსკის გამარჯვებას უკავშირდება.

    სააკაშვილმა უკრაინის უსაფრთხოებისა და სასაზღვრო სამსახურს განცხადებით მიმართა და მოუწოდა, გაეუქმებინათ აკრძალვა, რომლის მიხედვითაც მას უკრაინაში შესვლის უფლება არ აქვს.

    უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა სააკაშვილს ოფიციალური განცხადებით უპასუხა და ქვეყანაში მის შეშვებაზე უარი თქვა:
    “აღნიშნულმა პირმა 2017 წლის სექტემბერში უკანონოდ გადმოკვეთა საზღვარი პოლონეთიდან უკრაინაში, რაც ადგილობრივი და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებით დასტურდება,”- ნათქვამია განცხადებაში.

  • მეჯვრისხევიდან ოკუპანტების მიერ გატაცებული მწყემსი გათავისუფლდა

    სამდღიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევიდან ოკუპანტების მიერ გატაცებული მწყემსი გაათავისუფლეს.

    45 წლის გოჩა ფიდიური ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ადანაშაულებდნენ.

    ცხინვალიდან გათავისუფლების  შემდეგ ფიდიური პოლიციის სამხარეო სამმართველოში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

  • “ჩემი ხელით მოვუდუღებ ყავას” – ხოშტარია გახარიას მიმართავს

    „ევროპული საქართველო“ გიორგი გახარიას წინადადებას ეხმაურება და მინისტრს  ყავაზე ეპატიჟება. ელენე ხოშტარიას თქმით, ის მზადაა, გახარიას ყავა თავად მოუდუღოს, თუ მინისტრი შეკითხვებს უპასუხებს.

    „დღეს შინაგან საქმეთა მინისტრთან არის ძალიან სერიოზული კითხვები და მას მოუწევს, ძალიან სერიოზული პასუხების გაცემა. თუ მას აშინებს კომიტეტის კედლები, თუ მას აშინებს კომიტეტსა და პარლამენტში მოსვლა, მინდა შევთავაზო, ჩემი ხელით მოვუდუღებ ყავას, მობრძანდეს და გასცეს ყველა ამ კითხვას პასუხი. გიორგი გახარიამ ნებისმიერი ადგილი და დრო დაასახელოს, ერთადერთი ჩემი პირობაა , ჩემი ხელით მოდუღებული ყავა უნდა დალიოს და კითხვებს გასცეს პასუხი,’ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

    გახარიამ ევროპულ საქართველოს გუშინ მიმართა.

    “თუ “ევროპული საქართველოს” რომელიმე ლიდერს სურს დამატებით კიდევ ჩემი ნახვა, შეუძლიათ დამპატიჟონ ყავაზე და მივალ, დაველაპარაკები. ”-განაცხადა გიორგი გახარიამ.

    შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში 3 მაისს არის დაბარებული. “მინისტრის საათის” ფორმატში გახარია დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.

  • ბუნებრივი აირის გაჟონვის მორიგი შემთხვევა -გლდანში გაზის ონკანი ღია დარჩათ

    ბუნებრივი აირის გაჟონვის კიდევ ერთი შემთხვევა თბილისში, გლდანში ერთ-ერთ ბინაში გაზის ონკანი ღია დარჩათ.

    ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებლებმა  დღეს დილით სადარბაზოში გაზის სუნი იგრძნეს და “ყაზტრანსგაზს” მიმართეს.

    “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლები ადგილზე მალევე მივიდნენ და მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინეს.

    მაცხოვრებლების განცხადებით, ერთ-ერთ ბინაში მამაკაცს გაზის ონკანი ღია დარჩა, რამაც ბუნებრივი აირის დაგროვება გამოიწვია.

  • ზაზა ფაჩულიასთვის სეზონი დასრულებულია

    ზაზა ფაჩულიას დეტროიტ პისტონსი დღეს გამთენიისას მილუოკი ბაქსს მასპინძლობდა. დეტროიტისთვის ამ თამაშს სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა, რადგანაც ისინი სერიაში უშანსოდ 3-0 მარცხდებოდნენ და დღევანდელი წაგების შემთხვევაში პლეიოფს დაემშვიდობებოდნენ (როგორც მოგეხსენებათ, ენბიეის პლეიოფის სერია 4 მოგებამდე გრძელდება).

    სამწუხაროდ დეტროიტმა ვერც ამ მატჩში მოახერხა მეტოქისთვის წინააღმდეგობის გაწევა და საბოლოოდ ანგარიშით 127-104 დამარცხდნენ.

    მილუოკის რიგებში გამოირჩა მათი ლიდერი იანის ანტეტუკომპო: 31 წუთი, 41 ქულა (პლეიოფის პირადი რეკორდი), 9 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 4 დაფარება.
    დეტროიტის საუკეთესო კალათბურთელი რეჯი ჯექსონი გახდა: 31 წუთი, 26 ქულა, 7 შედეგიანი გადაცემა.

    ზაზას ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. შეგახსენებთ, ქართველ ცენტრს დეტროიტთან მიმდინარე კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და მისი მომავალი ჯერ-ჯერობით გაურკვეველია.

  • იტალიაში საქართველოს მოქალაქე ავტობუსში დაჭრეს

    იტალიაში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს. შემთხვევა რომში, სამგზავრო  ავტობუსში მოხდა. მაროკოელმა საქართველოს მოქალაქე ცივი იარაღით დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური პრესა ავრცელებს. 

    ადგილობრივი გამოცემის ინფორმაციით,მაროკოელმა საქართველოს მოქალაქეს ყელის არეში დანით ჭრილობა მიაყენა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

    სავარაუდო დამნაშავე პოლიციელებმა  დააკავეს.

  • მარტვილში ქვის საამქროში მუშა დაიღუპა

    მარტვილის რაიონში, სოფელ სალხინოში, ქვის საამქროში მომუშავე მუშა დაიღუპა.

    მამაკაცი სავარაუდოდ, ქვის დამშლელ მექანიზმში ჩავარდა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.

    დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 240-ე მუხლით, რაც სამთო – სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

  • დღეს პარლამენტში ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ

    პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ. ივანე მაჭავარიანი ოპოზიციურმა პარტიამ “ევროპულმა საქართველომ” დაიბარა.

    მაჭავარიანის საკომიტეტო მოსმენა კომპანია „ომეგას“, საბანკო რეგულაციების, საპენსიო რეფორმის, საგადასახადო წნეხის ზრდის, შრომითი ხელშეკრულებით და მუნიციპალურ ააიპ-ებში დასაქმებული პირების რაოდენობის  საკითხებს  შეეხება.

    კომიტეტის სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული.

  • ჭიაკოკონობასთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს

    აღდგომის დღესასწაულის წინა ოთხშაბათს ტრადიციული რიტუალი „ჭიაკოკონობა“ იმართება.

    ამასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის (მათ შორის, საბურავების, პლასტიკის მასალის, ფოთლების) ღია წესით დაწვა აკრძალულია.

    სამინისტროს ცნობით, ამ ნარჩენების დაწვისას, გამოიყოფა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებები და აირები. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ტრადიციულ რიტუალში.

    არსებული მონაცემებით, 1 ტონა რეზინის საბურავის ღია წესით დაწვისას ატმოსფეროში გამოიყოფა 270 კგ ჭვარტლი და 450 კგ სხვადასხვა ტოქსიკური აირი.

    ამასთან, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ყველა დამრღვევის მიმართ კანონმდებლობით დადგენილ ზომებს გაატარებს, რაც 200-დან 500 ლარამდე დაჯარიმებას გულისხმობს.