Blog

  • ტაო-კლარჯეთში ქართული ტაძრის, დოლისყანის კარიბჭეში, ტუალეტის მშენებლობა შეჩერებულია

    ტაო-კლარჯეთში X საუკუნის ცნობილი ქართული ტაძრის, დოლისყანის კარიბჭეში ტუალეტის მშენებლობის ფაქტს საქართველოს ელჩი ეხმაურება.

    საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთში, ალბანეთსა და ბოსნია და ჰერცეგოვინაში, გიორგი ჯანჯღავა აცხადებს, რომ თურქეთში სახელწმიფო უწყებებს დაუკავშირდნენ და გაირკვა, რომ მშენებლობასთან დაკავშირებით ოფიციალური ნებართვა არ არსებობს.

    ელჩი ამბობს, რომ მშენებლობა უკანონოდ მიმდინარეობდა, რის გამოც, ამ დროისთვის ადგილზე სამშენებლო სამუშაოები უკვე შეჩერებულია.

    „საელჩო დავუკავშირდით თურქულ მხარეს, რის შედეგადაც გაირკვა, რომ არავითარი ნებართვა არ იყო გაცემული სახელმწიფოს მხრიდან, ვინაიდან ეკლესია თურქეთის ტერიტორიაზეა და მათი პატრონაჟის ქვეშ იმყოფება, აქედან გამომდინარე, მიეცათ მითითება ადგილობრივებს, შეეწყვიტათ ყოველგვარი ღონისძიებები, რომელიც ტარდებოდა იქ. სავარაუდოდ, არანაირი ზიანი არ მიადგა,“ – განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.

    გუშინ ქართველმა ისტორიკოსმა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბუბა კუდავამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა და გამოაქვეყნა ფოტო-მასალა სადაც ჩანს რომ ტაო-კლარჯეთში, X საუკუნის ცნობილი ქართული ტაძრის დოლიყანის კარიბჭეში საპირფარეშო შენდებოდა.

    ფოტომასალაზე ჩანს, რომ კარიბჭეში უკვე ამოთხრილია ორმოები, ჩალაგებულია მილები, ტაძარში შეტანილია შესაბამისი მასალა და ბეტონის დასასხმელად ემზადებიან. ბუბა კუდავა ამბობს, რომ მომხდარის შესახებ, უკვე ინფორმირებულია საქართველოს საელჩო თურქეთში.

  • სტიქიის გამო გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელი გზა მეორედ დაიტბორა

    გადაუღებელი წვიმის შედეგად გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელი გზა მეორედ დაიტბორა. გურჯაანის მერის ინფორმაციით, მდინარე ალაზანი ადიდდა და დატბორილია გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

    ძლიერმა სტიქიამ ყვარელში, მდინარე დურუჯი დააზიანა. დანგრეულია ჯებირები და წყალი ადგილობრივების ნათესებს ანადგურებს.სტიქიის ზონაში ტექნიკა მხოლოდ წყლის დონის დაწევის შემდეგ შეძლებს მუშაობას.ჭარბი ნალექების გამო, სტიქია კახეთში ისევ განმეორდა და მოსახლეობის ასობით ჰექტარზე არსებული ნათესები გაანადგურა.განსაკუთრებით დატბორილია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გურჯაანელი მოსახლეობის საკუთრებაში მყოფი სახნავ-სათესი მიწები.შექმნილ ვითარებაში, ერთ-ერთ ძირითად პრობლემად, რასაც გლეხები ასახელებენ, ეს არის ისევ და ისევ შექმნილი ბარიერები სადაზღვევო კომპანიისგან.

  • “საყდარ–საყდარ ეგრე გამოწკეპილმა კი არ უნდა იარო“–ირაკლი ოქრუაშვილის ფოტოინსტრუქცია ივანიშვილს

    თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი ივანიშვილის აწყურის ღვთისმშობლის ტაძარში სტუმრობას ფეისბუქ სტატუსით და ფოტოალბომით ეხმაურება. ივანიშვილი აწყურის ტაძარს ორი დღის წინ ეწვია და განაცხადა, რომ ქართუ ფონდი ტაძრის რესტავრაციისთვის 12 მილიონს გამოყოფს.
    “გრიგოლიჩ! არჩევნები რომ მოახლოვდა და საყდარ-საყდარ დაიწყე სირბილი, ეგრე გამოწკეპილმა კი არ უნდა იარო, პიარშიც, რომ არ უქნიხარ ღმერთს. ხელები უნდა დაიკაპიწო, როგორც მე ვაკეთებ. მოკლედ, სურათებშია ინსტრუქცია, თორემ შენით ვერ ისწავლი.“ – წერს ირაკლი ოქრუაშვილი და იქვე აწყურში ივანიშვილის სტუმრობის ფოტოებთან ერთად აქვეყნებს ფოტოებს, სადაც ჩანს რომ ის ნიჩბით ხელში კლიკიჯვრის კომპლექსის ტერიტორიაზე მუშაობს. 

  • სახელმწიფო ამ აუდიჩანაწერის გავრცელებით 19 წლის თემირლანის გარდაცვალების საქმის გადაფარვას ცდილობს-მაჩალიკაშვილის ოჯახი

    დატოვებდა თუ არა დაკითხვის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობას ტერორისტული თავდასხმის განზრახვაში მხილებული მალხაზ მაჩალიკაშვილი- პასუხს ოჯახის წევრები და ჟურნალისტები 7 საათის განმავლობაში ელოდნენ. პანკისის სპეცოპერაციის ფარგლებში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, რომელსაც გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ლიკვიდაციის განზრახვას ედავება, მოწმის სტატუსით გამოძიების კითხვებს რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდა. დღეს თავისუფალია, თუმცა ამბობს, რომ დაკავებას არ გამორიცხავს. 

    მალხაზ მაჩლიკაშვილი დაკითხვაზე მას შემდეგ დაიბარეს, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილს იოსებ გოგაშვილის განადგურების გეგმაზე ესაუბრება. შვილმოკლული მამა ამბობს, რომ აუდიოჩანაწერის თარგმანში უზუსტობებია, თუმცა კონკრეტულად რა უზუსტობაზეა საუბარი, მაჩალიკაშვილს არ დაუკონკრეტებია.

    დაკითხვისას, მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატი დაინტერესდა, ჩაუტარდა თუ არა აუდიჩანაწერს უწყვეტობასთან დაკავშირებით ექსპერტიზა. მარიამ კუბლაშვილის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, ხმის ნიმუში აუღეს. ადვოკატი ამბობს იმასაც, რომ მისთვის მიუღებელია, როცა საქმეში აქცენტი ტერორიზმზე კეთდება, რადგან აქ იარაღი არ ფიგურირებს.

    მალხაზ მაჩალიკაშვილის ოჯახი დარწმუნებულია, რომ მათ მიმართ მიზანმიმართული შეტევა მიმდინარეობს და სახელმწიფო ამ აუდიჩანაწერის გავრცელებით 19 წლის თემირლანის გარდაცვალების საქმის გადაფარვას ცდილობს. 

    მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად სუსის შენობასთან კანონი და სამართლის წევრები შეიკრიბნენ. თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ თუ ხელისუფლება შვილმოკლული მამის დაკავებას გადაწყვეტს, ძალიან დიდ შეცდომას დაუშვებს.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით- მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტულ აქტს – სუსის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის განადგურებას – გოგაშვილის მამის საფლავზე გეგმავდა. უწყებამ ამის მტკიცებულებად, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის მორის მაჩალიკაშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, რომელშიც მათი განცახდებით მაჩალიკაშვილი თავის ძმისშვილს სოფელ ზემო მაჩხაანში გოგაშვილის მამის საფლავზე მისვლას და გოგაშვილის გადაადგილების მარშრუტის დადგენას ავალებს, შემდეგ კი ამბობს, რომ საფლავზე ასულებს გაანადგურებს. სუსი აცხადებს, რომ უმძიმესი დანაშაულის თავიდან აცილება შეძლეს. აქვს თუ არა გამოძიებას მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ სხვა მტკიცებულებები უცნობია. მალხაზ მაჩალიკაშვილი კი 7 საათიანი დაკითხვის შემდეგ ისევ კარავში იმყოფება. ამბობს, რომ ბრძოლას აგრძელებს, სანამ არ მოისმენს, რომ საახლემწიფომ მისი შვილი სიკვდილისთვის შეცდომით გაწირა.

  • ყვარელში ადიდებულმა მდინარემ ვენახები დატბორა

    გადაუღებელმა წვიმამ თელავის, ლაგოდეხისა და ახმეტის შემდეგ ყვარელიც დააზიანა. ამჟამად ადიდებულია მდინარე დურუჯი, მონგრეულია დამცავი ჯებირები, დატბორილია  ადგილობრივების კუთვნილი სახნავ-სათესები და ვენახები. ადიდებული მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და სოფლებთან ახლოს მიედინება. გადაუღებელი წვიმის გამო, სალიკვიდაციო სამუშაოები ვერ ხერხდება.

    “შესაბამისი ტექნიკის მდინარეში შეყვანა მხოლოდ წყლის დონის დაწევის შემდეგ იქნება შესაძლებელი,” – განაცხადა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ სესიაშვილმა.

  • ოკუპანტებმა სოფელ ყარაფილასთან 2 ადამიანი გაიტაცეს

    კასპში, ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ყარაფილასთან, რუსმა  მესაზღვრეებმა სოფელ ქვემოჭალის მცხოვრები ორი მამაკაცი გაიტაცეს.

    როგორც კასპის მუნიციპალიტეტის მერი სტეფანე მესროფაშვილი აცხადებს, ორი მამაკაცი  დიმიტრი ისერგიშვილი და ვასილ პატარკაციშვილი,  სატაცურის საკრეფად წავიდნენ,   ამ დროს გამოჩნდნენ შეიარღებული ფორმიანი მესაზღვრეები და ორივე მათგანი დააკავეს.

    ისერგიშვილი 50 წლამდე ასაკისაა, პატარკაციშვილი კი – 35 წლის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს,რომ დაკავებულებს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთა ედებათ ბრალად.ადგილობრივების  ინფორმაციით, დაკავებულები ოკუპირებული ცხინვალის მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

  • ზელენსკი პოროშენკოს ხელისუფლების გადაცემის პროცესის გაჭიანურებაში ადანაშაულებს

    უკრაინის არჩეული პრეზიდენტი ქვეყნის მოქმედ ლიდერს ხელისუფლების გადაცემის პროცესის გაჭიანურებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ  ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. მან უმაღლეს რადას მოუწოდა, ინაუგურაციის თარიღად 19 მაისი დაამტკიცოს.პეტრო პოროშენკო ზელენსკიმ ეგვიპტეში მყოფ ტურისტს შეადარა, რომელსაც გამგზავრების წინ ჩემოდანში სასტუმროს ნივთებს ალაგებს.
    ზელენსკის ბრალდებას პოროშენკოს ადმინისტრაციაში უპასუხეს. მათი თქმით, უკრაინა სასტუმროს ნომერი არაა და ხელისუფლების გადაბარება საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო პროცესია.

  • თელავის სოფელ აკურაში სტალინის ბიუსტი აიღეს

    თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში სტალინის ბიუსტი  აიღეს. მუნიციპალიტეტის რეაგირება მასალის  გაშუქებას მოჰყვა. როგორც თელავის მერი, შოთა ნარეკლიშვილი აცხადებს, ბიუსტი სწორედ მისი დავალებით აიღეს და მას აღარ დადგამენ. 

    ბიუსტი სოფელ აკურის ცენტრალურ პარკში, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალის გვერდით, 9 მაისთან დაკავშირებული ღონისძიების დროს ადგილობრივების ერთმა ჯგუფმა დადგა.

  • შუალედური არჩევნების თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად გახარიამ ბრძანება გამოსცა

    შინაგან საქმეთა მინისტრმა 19 მაისის შუალედური და რიგგარეშე არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური ბრძანება გამოსცა.

    ბრძანების თანახმად, ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედი შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფები, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას და უშუალოდ არჩევნების დღეს, თავიანთ სამოქმედო არეალში, სამართალდარღვევათა პრევენციას და მათზე დროულ რეაგირებას უზრუნველყოფენ.

    გარდა ამისა, ბრძანება ყველა პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის მკაცრად დაცვას ავალდებულებს.

    კიდევ ერთი ღონისძიება, რომელიც შინაგან საქმეთ სამინისტრომ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად უკვე გაატარა, ეს არის მემორანდუმის გაფორმება ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან.

    დოკუმენტს ხელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა – გიორგი გახარიამ და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ – თამარ ჟვანიამ მოაწერეს.

    მემორანდუმით განისაზღვრა საარჩევნო პერიოდში მხარეთა შორის თანამშრომლობისათვის დამატებითი ფორმები და შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩო.

    დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად მხარეთა თანამშრომლობას, ერთობლივი ღონისძიებებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას.

  • პოლიციამ გარდაბანში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული თ.ა. დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 45 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.