Blog

  • ბასიანის დამფუძნებლის დაკავების ვიდეოკადრები

    კლუბ ბასიანის დამფუძნებელი, ზვიად გელბახიანი წუხელ ბასიანის შესასვლელთან დააკავეს, სადაც პოლიცია კლუბში შემსვლელებს ჩხრეკდა. გელბახიანი დაინტერესდა, რატომ ატარებდა პოლიცია კლუბის წინ ჩხრეკას და რეიდებს, რის გამოც ის პოლიციამ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავა. გელბახიანი ღამის სამ საათზე დიდუბის პოლიციაში გადაიყვანეს და დაახლოებით საათნახევარში ხელწერილით გაათავისუფლეს. მისი ადვოკატი, ვალერი გელბახიანი აცხადებს რომ ზვიად გელბახიანს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.
  • შსს–მ სიჩქარის მზომი კამერები მცხეთა–მთიანეთში 6 ადგილზე დაამატა

    შინაგან საქმეთა სამინისტრო  რეგიონებში სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერების მონტაჟს განაგრძობს. ამჯერად  მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სიჩქარის მზომი სექციური რადარები დამატებით 6 ადგილზე ამოქმედდა, კერძოდ:

    1. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 0 კილომეტრიდან, მიმართულება ფასანაური (თბილისი-სენაკი-ლესელიძე ავტობანი) – მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-2 კილომეტრამდე მიმართულება ფასანაური (სოფელი ნატახტარი) – ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.

    2. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-2 კილომეტრიდან მიმართულება თბილისი (სოფელი ნატახტარი) – მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 0 კილომეტრამდე მიმართულება თბილისი (თბილისი-სენაკი-ლესელიძე ავტობანი) – ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.

    3. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-2 კილომეტრიდან მიმართულება ფასანაური (სოფელი ნატახტარი) – მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-5 კილომეტრამდე მიმართულება ფასანაური (სოფელი მისაქციელი) – ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

    4. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-5 კილომეტრიდან მიმართულება თბილისი (სოფელი მისაქციელი) – მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-2 კილომეტრამდე მიმართულება თბილისი (სოფელი ნატახტარი) – ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.

    5. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-5 კილომეტრიდან მიმართულება ფასანაური (სოფელი მისაქციელი) – მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-9 კილომეტრამდე მიმართულება ფასანაური (სოფელი ნაოზა) – ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.

    6. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-9 კილომეტრიდან მიმართულება თბილისი (სოფელი ნაოზა) – მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-5 კილომეტრამდე მიმართულება თბილისი (სოფელი მისაქციელი) – ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.

    საქართველოს მასშტაბით სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით უკვე 467 კმ. სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება. საქართველოს მასშტაბით სრული დატვირთვით ამოქმედებულია 2677 ვიდეოკამერა, რომელთაგანაც 944 ნომრის ამომცნობია, ხოლო 1733 ზოგადი ხედვის ვიდეოკამერაა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2019 წლის ბოლომდე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდება 5 000-მდე ვიდეოკამერა, მათ შორის 2 100 ე.წ. „ჭკვიანი“ ვიდეოკამერა, ხოლო სიჩქარის მზომი სექციური მოწყობილობებით გადაფარული იქნება საავტომობილო გზის 700 კმ-მდე მონაკვეთი.

    ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვის შესამცირებლად და მოძრაობის გასაუმჯობესებლად სამინისტრომ უკვე ერთი თვეა საგზაო უსაფრთხოების სოციალური კამპანია „მეტი სიცოცხლისთვის“ დაიწყო, რომელიც საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით მოქალაქეთა ცნობიერება ამაღლებას ემსახურება.

  • შსს–მ აჭარაში ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის სქემა გამოავლინა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1996 წელს დაბადებული ნ.მ. დააკავეს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    სამართალდამცველების მიერ ჩატარებული  საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ნ.მ. ბათუმში, სპეციალურად შერჩეულ ადგილებზე, სამალავებში ნარკოტიკულ საშუალებებს ათავსებდა და აღნიშნული სამალავების მისამართებს ნარკოტიკების შეძენის მსურველ პირებს ატყობინებდა, რაშიც თანხას დისტანციური არხებით იღებდა. პოლიციამ, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 34 შეკვრად დაფასოებული სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება, 326 აშშ დოლარი, მწებავი ლენტები და მცირე ზომის 2 სასწორი ამოიღეს.

    სამართალდამცველებმა, ნ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ბათუმში, ათეულობით მისამართიდან, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, რომლებზეც შესაბამისი ექსპერტიზებია დანიშნული. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

  • კლუბ ბასიანის დამფუძნებელი გამთენიისას გაათავისუფლეს

    კლუბ ბასიანის დამფუძნებელი, ზვიად გელბახიანი დიდუბის პოლიციის განყოფილებიდან დაახლოებით დილის ოთხ საათზე გამოუშვეს. ის საათნახევარი ჰყავდათ დაკავებული. გელბახიანი ბასიანის წინ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. ის დაინტერესდა, რატომ ატარებდა პოლიცია ბასიანის სტუმრების ჩხრეკას და რეიდებს კლუბის წინ. ამ კითხვის დასმის გამო ის პოლიციამ წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დააკავა და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა. ზვიად გელბახიანის ადვოკატი, ვალერი გელბახიანი ამბობს, რომ მას პოლიციისთვის არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია. ზვიად გელბახიანი ხელწერილით გაათავისუფლეს, მის წინააღმდეგ საქმის წარმოება  დაწყებულია.
  • პროთეზით მოცეკვავე. პატარა ავღანელი ბიჭი ინტერნეტის ვარსკვლავი გახდა(ვიდეო)

    ხუთი წლის ახმედი ავღანეთში ცხოვრობს. ის ერთი წლისაც არ იყო, როცა დაიჭრა და ფეხის ამპუტაცია გაუკეთეს. ბოლო დღეებში ის ტვიტერის ნამდვილი ვარსკვლავი გახდა. ცოტა ხნის წინ ბიჭს ახალი პროტეზი გაუკეთეს. ეს მისი მეოთხე პროტეზია. პროტეზების ცვლა ბავშვის ზრდის პარალელურად აუცილებელია. ბიჭუნას ისე გაუხარდა ახალი პროტეზი, რომ ცეკვა დაიწყო. მისი ცეკვა ექიმმა ტელეფონით გადაიღო და ინტერნეტში გამოაქვეყნა.
    2018 წელს ავღანეთში კონფლიქტს თითქმის 4000 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. დაღუპულთა მეოთხედი ბავშვია.
  • მილიონერი საქართველოს მთავრობიდან. როგორ იშოვნა წულუკიანის მოადგილემ მრავალმილიონიანი ქონება

    სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე, ამჟამად კი იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ტაბატაძე  ოფიციალური მილიონერია. უკვე სამი კვირაა, ტაბატაძეს ციხეები ჩააბარეს და თეა წულუკიანის მოადგილედ დანიშნეს. „კურიერი“ დაინტერესდა, რა ქონება მოაგროვა ტაბატაძემ „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში.

    “კურიერის” მიერ მოპოვებული ოფიციალური დოკუმენტებით დასტურდება, რომ ტაბატაძის ქონება 2012 წლიდან დღემდე 3 მილიონით გაიზარდა.

    თუმცა, დეკლარაციაში მაღალჩინოსანს მხოლოდ ამ თანხის ნახევარი აქვს მითითებული. დანარჩენი აქტივები და ბიზნესები კი ახლო გარემოცვის სახელზეა გაფორმებული და გადამალული.

    ტაბატაძის ოჯახის საკუთრებაში ბოლო 7 წლის განმავლობაში თბილისსა და ბათუმში 1600 კვმ. საცხოვრებელი ბინები, კომერციული ფართები და თბილისში მანგლისსა და მცხეთაში 12 233 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთები გადაიფორმა.

    ალექსანდრე ტაბატაძის ქონების ნაწილი მისი მეუღლის ია იაძის სახელზე გაფორმებული. ბოლო შვიდ წელიწადში თბილისის ელიტარულ უბნებში მან არაერთი ძვირადღირებული უძრავ ქონება შეიძინა.

    ქონება, რომლიც მაღალჩინოსნის დეკლარაციაში ვერ მოხვდა, „კურიერმა” საჯარო რეესტრის ოფიციალურ მონაცემებში იპოვა, საიდანაც დასტურდება, რომ ტაბატაძის 67 წლის დედამ ძვირადღირებული ქონება ბოლო 5 წელიწადში დააგროვა.

    2018 წელს კი მან 113 კვადრატი ხოშარაულის 6 ნომერში იყიდა და მარკეტების ქსელ „ფუდმარტზე“ გააქირავა. 2014 წლიდან მის სახელზეა გაფორმებული ნუცუბიძის 14 ნომერში 159 კვადრატი კომერციული ფართიც, სადაც ტაბტაძეების სასურსათო მაღაზიათა ქსელი “სანმარი” საცხობი და სილამაზის სალონი მუშაობს.

    ოფიციალური მონაცემებით, ალეკო ტაბატაძე სუპერმარკეტების ქსელს 2014 წლიდან ფლობდა, თუმცა ფორმალურად, 100-პროცენტიანი წილის მფლობელად მისი დის ქმარი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, ლაშა ტეფნაძე ჰყავდა გაფორმებული. კომპანია “სან მარის” დირექტორი კი ყოფილი პოლიციელი და ალეკო ტაბატაძის მარჯვენა ხელი, კახა ხახიშვილია.

    კიდევ ერთი ძვირადღირებული ბიზნესი, რომელიც სავარაუდოდ, ალეკო ტაბტაძემ ხახიშვილის სახელზე 2015 წელს გააფორმა, კომპანია “დიღომი ვილა გაზია.” გაზმომარაგების ქსელი 40-პროცენტიანი წილი კი 2015 წლიდან ხახიშვილის სახელზეა გაფორმებული. ამ ფაქტის შესახებ მისმა ოჯახმა არაფერი იცის.

    შაბათის კურიერის ინფორმაციით ალექსანდრე ტაბატაძეს, სავარაუდოდ, უძრავი ქონება და ბიზნესი სხვა ნათესავებზეც აქვს გადაფორმებული. მათ შორის ნუცუბიძის 14 ნომერში, სადაც მაღალჩინოსანი ცხოვრობს, უძრავ ქონებას ფლობს მისი სიდედრი, მზია იაძე და მისი და, იამზე ტაბატაძეც.

    იამზე ტაბატაძე ძვირად ღირებულ უძრავ ქონებას დედაქალაქის სხვა უბნებშიც ფლობს, მათ შორისაა, ვეკუას 1 ნომერში 800 000 დოლარის ღირებულების ფართი, რომელიც „ლიბერთი ბანკზეა“ გაქირავებული.

    უძრავი ქონებას ფლობენ ალეკო ტაბატაძის შვილები და დისშვილებიც. ცოტნე დადიანის გამზირზე კომერციული ფართი ტაბატაძის ვაჟმა 30 000 დოლარად შეიძინა და ობიექტი ახლა სუპერმარკეტების ქსელზე “ნიკორაზეა” გაქირავებული.

    ტაბატაძის დისშვილების საკუთრებაშია წინამძღვრიშვილის ქუჩაზე კომერციული ფართი, სადაც სუპერმარკეტების ქსელი „ფუდმარტი“ მუშაობს.

    მილიონერი მაღალჩინოსნის ქონების ეს მხოლოდ მცირედი ნაწილია. 2012 წლამდე ალექსანდრე ტაბატაძე სხვა ძვირადღირებულ ქონებებსაც ფლობდა

  • სუსი სოფელ ყარაფილიდან 2 მამაკაცის გატაცებას ორი დღე მალავდა

    დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია , რომ  რუსმა მესაზღვრეებმა, კასპის მუნციპალიტეტის სოფელ ყარაფილიდან 2 მამაკაცი გაიტაცეს. ადგილობრივები ვარაუდობენ რომ დიმიტრი სერგიშვილი და ვასილ პატარკაციშვილი ცხინვალის იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი.  ორივე მათგანი სოფელ ჭალაში ცხორობდნენ და  საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის დასამუშავებლად იყვნენ წასულები, სწორედ ამ დროს შეიარაღებული ფორმიანი რუსი მესაზღვრეები გამოჩნდნენ და ორივე მათგანი მოიტაცეს. 

    როგორც ირკვევა სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურმა ეს ინფორმაცია დამალა , რადგან ორივე ადგილობრივი  სინამდვილეში ოკუპანტებმა 9 მაისს გაიტაცეს. თუმცა 2 მამაკაცის გატაცების ფაქტი მხოლოდ დღეს დაადასტურეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ,  ოკუპანტების მიერ მოქალაქეების გატაცების ფაქტები ხშირად ხდება. 

    „რამდენი დღე გავიდა და არ გაახმაურეს. საკვირველი არ იყო? როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე, ტყეში ვერ შესულხარ, მავთულხლართს ვერ გაჰკარებიხარ, არაფერი ყურადღება არ არის,” – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

    “ჩვენი საფიქრალი ის არის, რომ ჩვენი შვილები ასე აღარ დაიჭირონ და არ წაიყვანონ იქით, რომ უბრალოდ ფეხი ვეღარ გადაუდგამთ, ერთ ნაბიჯს გადადგამენ და მიჰყავთ,“ – ერთ-ერთი ადგილობრივი

  • ყოფილი პირველი ლედი “ჩემი ცოლის დაქალებში” ითამაშებს

    ყოფილი პირველი ლედი და მსახიობი მაკა ჩიჩუა სერიალ ‘ჩემი ცოლის დაქალებში” ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჩემი ცოლის დაქალების დღევანდელი სერიის პრომოდან ვიგებთ. ყოფილი პირველი ლედი ჟურნალის მფლობელის, დადუკა დადვანის როლს მოირგებს.  მაკა ჩიჩუას მონაწილეობით სერია დღეს, 11 მაისს გავა ეთერში.

    მაკა ჩიჩუა მონაწილეობს ფილმებში: “გაიღიმეთ,” “დღე,” “ტრასა”, “ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი”, “აღდგომის ბატკანი”.

  • “სვაბოდა მამიდას” – ამ შეძახილებით გამოაცილეს პატიმრებმა როენა ხუცურაული

    როენა ხუცურაულმა წინასწარი დაკავების იზოლატორი 30 0000 ლარიანი გირაოს  სანაცვლოდ შემდეგ დატოვა. “სვაბოდა მამიდა” – ამ შეძახილებით გამოაცილეს პატიმრებმა როენა ხუცურაული.

    მან დუმილი დაარღვია და სასამართლო დარბაზში ბრალი აღიარა.  განცხადება, რომელიც როენა ხუცურაულმა დარბაზში გააკეთა, ბრალდების მხარისთვის და მოსამართლისთვისაც სრული მოულოდნელობა იყო – მან განაცხადა, რომ სასტუმროს შენობაში კათარზისის გახსნას გეგმავდა.

    პროსტიტუციის ხელშეწყობით ბრალდებით დაკავებულმა როენა ხუცურაულმა და მასთან ერთად დაკავებულმა ბრალი დარბაზში იმ დროს აღიარეს, როდესაც მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად ემზადებოდა.

    გამოძიება პროსტიტუციის ხელშეწყობის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სასტუმროს ნომრების პროსტიტუციისთვის გადაცემის ფაქტებზე მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • სააკაშვილი უკვე მიუნხენშია და ხვალისთვის ემიგრანტებს ელოდება. სელფი აეროპორტიდან

    მიხეილ სააკაშვილი უკვე ჩავიდა მიუნხენში, სადაც ხვალ ემიგრანტებთან მორიგი შეხვედრა გაიმართება. 

    ქალაქის ცენტრში მდებარე ხელოვნების ცენტრში  მოძრაობის “ერთად სახლში“  ევროპის კონფერენცია 12 მაისს 16 საათზე გაიმართება. სააკაშვილმა შეხვედრის წინ ვიდეომიმართვა ერთი კვირის წინაც ჩაწერა,  რომელშიც ამბობდა,  რომ მთელი ევროპიდან ჩასული ქართველები იმსჯელებენ ბევრ თემატურ საკითხზე, რომელიც ეხება საქართველოს გადარჩენას.

    “როგორ პრაქტიკამ გვაჩვენა ივანიშვლის შნირები, მათივე ტერმინებით რომ ვილაპარაკოთ, ვერ გულაობენ ესეთ ადგილებში. გერმანული პოლიცია ძალიან მაგრად იცავდა შეხვედრებს ჰანოვერში, ბერლინში და განსხვავებით ბელგიისგან და საფრანგეთისგან იქ იქნება აბსოლუტური წესრიგი, რომ კარგად ვიმუშაოთ. “ – ამბობდა სააკაშვილი.

    დღეს კი სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მორიგი ვიდეოსელფი გამოაქვეყნა, რომელიც მიუნხენის აეროპორტშია ჩაწერილი.

    “მრავალი ასეული ჩვენი მემამულე ჩამოდის მთელი ევროპიდან და ამერიკიდანაც, რათა განვიხილოთ ეკონომიკის საკითხები, დემოგრაფიის საკითხები, კულტურა. ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი იქნება და კონცეპტუალურად გამართული დისკუსია გვინდა გვქონდეს საქართველოს გადარჩენაზე, საქართველოს მომავალზე. “– ამბობს სააკაშვილი