Blog

  • უნდა ვიზეიმოთ ჩვენი გამარჯვება – სანდრა რულოვსი სოფელ ორულში და სოფელ კახათში ამომრჩეველთან

    გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ამომრჩეველთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.

  • თელავის ორ სოფელში საბავშვო ბაღები დაიკეტა

    თელავის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ფშაველსა და ლალისყურში საბავშვო ბაღები ერთი კვირით დაიკეტა.გადაწყვეტილება  თელავის მერიამ სტიქიის გამო მიიღო. სოფლებში სტიქიის დროს სასმელი წყლის სისტემა დაზიანდა.

    გადაუღებელი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარემ  სოფლების სასმელი წყლის სათავე ნაგებობა  და გაყვანილობის სისტემა დააზიანა. მოსახლეობას წყალი  ამ დროისთვის  რეზერვუარების დახმარებით მიეწოდება. თელავის  მერი შოთა ნარეკლიშვილი აცხადებს, რომ ბაღების დაკეტვა სწორედ წყლის პრობლემას უკავშირდება.

    “საბავშვო ბაღები ერთი კვირით დავკეტეთ, ამ დროში მდინარის დონეც დაიკლებს და გაირკვევა, რა სირთულის სამუშაო გვექნება ჩასატარებელი სასმელი წყლის აღსადგენად. რაც შეეხება სოფლის სკოლას, რესურსცენტრთან ერთად ამ საკითხს განვიხილავთ, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ბავშვებს ხელის დაბანა მაინც შეეძლოს”, – განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.

  • გახარია და „ქართული ოცნება“ ატარებს ოპერაციას „სვავი“ – ხაბეიშვილი საარჩევნო ზეწოლაზე

    „ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდში ამომრჩევლის დაშინების და ზეწოლის მორიგ შემთხვევებს ასაჯაროებს. პარტიის წევრის ლევან ხაბეიშვილის თქმით, ზუგდიდში და ზუგდიდის სოფლებში „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები ამომრჩევლებს აშინებენ და თუ მათ პირადობის მოწმობებს არ მისცემენ, სამსახურებიდან გათავისუფლებით ემუქრებიან. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ხელისუფლებას ეშინია, რადგან ზუგდიდში მერის არჩევნებს აგებს და ამიტომ ამომრჩევლებზე ზეწოლისთვის ყველა მეთოდს მიმართავს. საჯარო სექტორში დასაქმებულების გარდა, ხაბეიშვილის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება ბიზნესმენებს და კერძო პირებსაც ავიწროვებს.

  • ლატვიაში რუსმა გულშემატკივრებმა NBA-ის ვარსკვლავი სცემეს (ვიდეო)

    გავრცელებული ინფორმაციით, ლატვიაში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი ვარსკვლავი კრისტაპს პორზინგისი რუსმა გულშემატკივრებმა სცემეს. 

    კონფლიქტის მიზეზი გახდა ის, რომ კრისტაპსი ‘New-York Knick”-დან ”Dallas Mavericks”-ში გადავიდა, რამაც რუსი გულშემატკივრების უკმაყოფილება და პროტესტი გამოიწვია. აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. კლუბისგან ან მოთამაშისგან ამ დროისთვის სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.

  • მასწავლებლებს ანაზღაურება ეზრდებათ. რომელ კატეგორიას შეეხება ხელფასის მატება.

    2019 წლის სექტემბრიდან სკოლის მასწავლებლებს ანაზღაურება ეზრდებათ. ხელფასის მატება უფროსის, წამყვანის ან მენტორის სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს შეეხება.-ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

    „განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, სკოლებში სწავლების ხარისხის გაზრდის მიზნით, განათლების სამინისტრო ზოგადი განათლების მიმართულებით ცვლილებების შემდეგ ეტაპს იწყებს. რეფორმის მიზანია სკოლებში ისეთი საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც მოსწავლეებს XXI საუკუნის გამოწვევების მისაღებად საჭირო ცოდნასა და უნარებს შესძენს. ამ მიზნის მისაღწევად კი აუცილებელია მაღალკვალიფიციური, მოტივირებული, თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი, ძლიერი მასწავლებლები, რომელთაც ღირსეული ანაზღაურება ექნებათ.

    რეფორმის ფარგლებში, 2019 წლის სექტემბრიდან უფროსის, წამყვანის ან მენტორის სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ანაზღაურება 150 ლარით და მეტით გაეზრდება. ხელფასის ზრდა ყოველწლიურად გაგრძელდება და 2022 წლისთვის პედაგოგის საშუალო ანაზღაურება 1500 ლარს და მეტს გაუტოლდება. სახელფასო ზრდა ასევე შეეხებათ რესურსცენტრების, სკოლების დირექტორებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს“, – განაცხადა ბატიაშვილმა.

    რეფორმის მიხედვით, პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებიც 2019 წლის ზაფხულში დაადასტურებენ მინიმალურ კომპეტენციას და აიმაღლებენ სტატუსს, ასევე მიიღებენ გაზრდილ ანაზღაურებას ახალი სასწავლო წლის დადგომისას, 2019 წლის სექტემბრიდან.

    პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისაღწევად მოთხოვნები ნაწილობრივ აქვთ შესრულებული, მიეცემათ შესაძლებლობა, აიმაღლონ სტატუსი დამატებითი კრედიტქულების მოპოვებით 2019 წლის ბოლომდე. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ გაზრდილ და მზარდ ანაზღაურებას.

    გარდა ამისა, მასწავლებლის სურვილის შემთხვევაში, პედაგოგების საჭიროებებიდან გამომდინარე, სახელმწიფო იზრუნებს პრაქტიკოსი საფეხურის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე შესაბამისი გადამზადების პროგრამებით და ამის შემდგომ, განმეორებით მისცემს მათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების შესაძლებლობას 2019 წლის შემოდგომაზე.

    ამასთან, საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია, მათი ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე 2019 წელს სახელმწიფოსგან მიიღონ ერთჯერადი ფულადი ჯილდო – ორი წლის ჯამური ხელფასი; ამასთან, შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი მთელი სიცოცხლის განმავლობაში (საჯარო სკოლების მასწავლებელთა ჯანმრთელობის სადაზღვევო ვაუჩერის პირობების შენარჩუნებით).

    ყველა ის პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელიც 2019 წლის ბოლომდე ვერც ერთი შესაძლებლობის ფარგლებში ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას და შესაბამისად, ვერ აიმაღლებს სტატუსს, შეძლებს პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე – დროებითი ხელშეკრულების საფუძველზე ხელფასის შენარჩუნებით.

    განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ზემოთ ჩამოთვლილ სიახლეებთან დაკავშირებით განხორციელდება შესაბამისი საკანონმდებლო და საბიუჯეტო ცვლილებები.

    მასწავლებელთა რეგისტრაცია კომპეტენციის დასადასტურებლად 2019 წლის 13 მაისს დაიწყება და 24 მაისს, 18:00 საათზე დასრულდება. პრაქტიკოს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის მიღება და დარეგისტრირების საშუალება ექნებათ შემდეგ ვებგვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge.

  • 200 ლარი 41 ნომრის შემოხაზვისთვის -ზუგდიდში ადგილობრივები “ოცნების” მოსყიდვის სქემაზე საუბრობენ

    სამეგრელოში მოქალაქეები “ქართული ოცნების” მხრიდან მათი მოსყიდვის მცდელობასა და დაშინებაზე საუბრობენ. მოქალაქეების ის ნაწილი ვინც ოპოზიციის მიმართ კეთილგანწყობილია ამბობს, რომ მათთან „ქართული ოცნების” წარმომადგენლები მიდიან და 150 ლარის სანაცვლოდ სთხოვენ გადასცენ პირადობის მოწმობა, რათა მათ ვერ შეძლონ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, თუმცა თუ ამომრჩეველი  მზად არის რომ 41 ნომერი შემოხაზოს, “ქართული ოცნება” მათ 200 ლარს სთავაზობს.  მოქალაქეები რომლებიც სოციალურ დაუცველთა სიაში არ არიან და არც დევნილი სტატუსი აქვთ მათ 41 ნომრის შემოხაზვის სანაცვლოს  850 ლარამდე თანხას სთავაზობენ.  ზუგდიდში მოქალაქეები მედიასთან საუბარს გაურბიან, მაგრამ პირად საუბრებში ისინი ადასტურებენ რომ “ოცნება” მათ მოსყიდვას ცდილობს. 

    „ჩვენთან იყო მოსული ოცნების წარმომადგენელი. ხმის მიცემის სანაცვლოდ გვითხრეს, დაგვპირდნენ, რომ ჩაგვირიცხავდნენ, ჩვენს ბარათებზე, დევნილის ბარათებზე 150 ლარს. ჩემთან, რომ მოვიდნენ მითხრეს, რომ სჭირდებოდათ პირადობა ჩემი და 150 ლარი ჩამერიცხებოდა ჩემს ბარათზე თუ 41 ნომერს შემოვხაზავდი. როგორც ვიცი იყვნენ ბევრთან მისულები,“-აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე. 

    „სოციალურად დაუცველები ჩვენ არ ვართ და არაფერი. გვითხრეს რომ 850 ლარამდე თანხა დაგვერიცხებოდა იმ შემთხვევაში თუ მივცემდით ხმას. ანუ პირადობის მოწმობა უნდა წაეღო თვითონ იმას ვინც იყო ჩვენთან მოსულ, ის პიროვნება უნდა მოსულიყო, იმ პიროვნებას უნდა წავეყვანეთ და ხმას მივცემდით თვითონ როგორც უნდოდათ. ხალხი არის ქვეყანა, დევნილების ბინაში, რომ მიხვიდეთ პირდაპირ სახეში გეტყვიან მაგრამ კამერაში არ გეტყვიან იმიტომ, რომ ხალხს ეშინია ბინებს დაკარგავენ, სოციალურს დაკარგავენ,“-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი

  • “თითოეულ ნიუანსში პირადად გავერკვევი და შესაბამისი რეაქციაც მექნება“ -ბახტაძე

    პრემიერ-მინისტრის გუშინდელი გამოსვლა მახათას მთაზე აზრთა სხვადასხვაობის საგანი გახდა.  ბახტაძის სიტყვით გამოსვლისას ხმა შენელებული იყო და წყდებოდა. საზოგადოების ნაწილმა ეს ფაქტი ტექნიკურ ხარვეზს დააბრალა, ხოლო დანარჩენებმა პრემიერის შესაძლო არაფხიზელ მდგომარეობაზე გაამახვილეს ყურადღება.

    პრემიერის გამოსვლის ტრანსლირებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ახდენდა. მაუწყებელმა განცხადება გაავრცელა, სადაც აგანმარტა, რომ ტრანსლაციის დროს ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა.

    მამუკა ბახტაძის თქმით, მომხდარ ფაქტზე მოკვლევის შემდეგ და შესაბამისი რეაგირება ექნება. 

    “აუცილებლად გავერკვევი და შესაბამისი რეაქციაც მექნება, როდესაც დასრულდება მოკვლევა. მოკვლევა მიმდინარეობს და მე გარწმუნებთ, რომ თითოეულ ნიუანსში პირადად გავერკვევი და შესაბამისი რეაქციაც მექნება“ – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

    მამუკა ბახტაძემ მომხდართან დაკავშირებით, განმარტება გუშინ სპეციალურ ბრიფინგზეც  გააკეთა. მან ტექნიკურ ხარვეზებზე ისაუბრა. 

  • შვედეთმა ასანჟის წინააღმდეგ გაუპატიურების საქმე განაახლა

    შვედეთის საგამოძიებო ორგანოებმა განაახლეს ძიება WikiLeaks–ის დამფუძნებლის, ჟულიან ასანჟის წინააღმდეგ რომელიც სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულშია ეჭვმიტანილი.
    “მივიღე გადაწყვეტილება საქმის განახლების შესახებ. არსებობს სერიოზული საფუძველი ვივარადოთ, რომ ასანჟი დამნაშავეა. ძიების შეწყვეტის გადაწყვეტილება წარსულში იმის საფუძველზე მივიღეთ, რომ შეუძლებელი იყო სასამართლოში ასანჟის წარდგენა და არა საქმის გარემოებების გამო“– განაცხადა ქვეყნის მთავარი პროკურორის მოადგილემ, ევა–მარია პერსონმა.
    ასანჟს გაუპატიურებაში ბრალი ორმა ქალმა შვედეთში 2010 წელს დასდო. ისინი მას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ იმის გამო, რომ პრეზერვატივის გარეშე სექსი აიძულა. მალე გამოძიება შეწყდა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ კვლავ განახლდა.
    პროკურორის მოადგილის თქმით შვედეთის პროკურატურა აპირებს ასანჟის შვედეთისთვის გადაცემის მოთხოვნა დააყენოს.
    “ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ბრიტანეთის ხელისუფლება მიიღებს ექსტრადიციის გადაწყვეტილებას 2019 წლის აგვისტომდე, როცა საქმის ხანდაზმულობის ვადა იწურება.“ – განაცხადა ევა–მარია პერსონმა.
    განახლებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურა ხელახლა დაკითხავს საქმის მოწმეებს და არ გამორიცხავს თავად ასანჟის დაკითხვას ვიდეოკავშირის მეშვეობით.
    WikiLeaks–ის მთავარი რედაქტორი, კრისტინ ჰრაფნსონი თავის მხრივ აცხადებს, რომ საქმის განახლება ასანჟს შესაძლებლობას აძლევს საკუთარი რეპუტაჟია აღიდგინოს.
    “2019 წლის 11 აპრილს ასანჟის დაპატიმრების მომენტიდან შვედეთზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდებოდა ამ გამოძიების განახლების მიზნით. ამ საქმეს ყოველთვის ახლდა პოლიტიკური ზეწოლა“– ამბობს ჰრაფნსონი.
    ასანჟის ადვოკატმა შვედეთის გამოძიების გადაწყვეტილებას უგუნურება უწოდა.“მას ყოველთვის უნდოდა შვედეთში დაწყებული საქმის გარკვევა, მაგრამ მის მდგომარეობას ართულებს ის, რომ არსებობს რისკი აშშ–ს გადასცენ მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო“ – ამბობს ადვოკატი.
    2012 წელს, მას შემდეგ, რაც ბრიტანულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ასანჟის დაპატიმრებისა და შვედეთის ხელისუფლებისთვის გადაცემის შესახებ, ასანჟმა ლონდონში ეკვადორის საელჩოს შეაფარა თავი და 2019 წლის 11 აპრილამდე იქ რჩებოდა, სანამ საელჩოს ტერიტორიაზე შემდგომ დარჩენაზე უარი არ მიიღო. ის ლონდონის პოლიციამ იმავე დღეს დააკავა.
    1 მაისს ლონდონის სამეფო სასამართლომ ასანჟს 50 კვირიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის დამნაშავედ სცნეს სასამართლოს შვიდი წლის წინანდელი გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობაში, რადაგან გირაოთი გამოშვების შემდეგ ეკვადორის საელჩოში დაიმალა.

  • ბათუმში მიქელაძეების 14 წევრიან ოჯახს ასახლებენ

    ბათუმში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე აღსრულების ბიუროს წარმომადგენლები მივიდნენ. დღეს, მიქელაძეების 14 წევრიანი ოჯახის გამოსახლებაა ჩანიშნული. მევახშე უძრავი ქონების დათმობას ითხოვს. ამბობს, რომ ოჯახმა საცხოვრებელი სახლი უნდა დაცალოს. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

    მიქელაძეების თქმით, დაახლოებით სამი წლის წინ, 37 ათასი დოლარი აიღეს, რომლის დროულად დაბრუნება ვერ შეძლეს. დღეს ისინი მევახშეს გაორმაგებულ თანხას სთავაზობენ, თუმცა ირწმუნებიან, რომ ის პირობებს არ თანხმდება და 85 ათას დოლარს ითხოვს.

    ”ამხელა ფულს ვერ გადავუხდით, ფიზიკურად არ გვაქვს. მევახშეს 50 000 დოლარს გადავუხდით. იქნებ მთავრობა რამეში დაგვეხმაროს, ან მოლაპარაკების პროცესში ჩაერთოს, ან ბანკთან შუამდგომლობა გაგვიწიონ” -განუცხადა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ჯაბა მიქელაძემ.

    მაუწყებლის ცნობით,ადგილზე უფლებადამცველებიც იმყოფებიან.

    ​”თუ ხელისუფლება დაპირებას არ შეასრულებს, მსგავსი პრობლემის წინაშე ოჯახები კვლავ დადგებიან. ამ ხალხს დახმარება სჭირდება” – აცხადებს  უფლებადამცველი.

    გამოსახლება ერთი წლის წინაც იგეგმებოდა, თუმცა მაშინ გადაიდო. ოჯახის ერთ-ერთ წევრს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

    ადგილზე  საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

  • 14 მაისს სასტუმრო „რუმსში“ თიბისი დაზღვევის შესახებ კონფერენცია გაიმართება

    14 მაისს, 12.00 საათზე სასტუმრო „რუმსში“ გაიმართება პრესკონფერენცია.

    პრესკონფერენციის თემა: თიბისი დაზღვევა ჯანმრთელობის დაზღვევას იწყებს.

    გთხოვთ, გვეწვიოთ.

    მისამართი: კოსტავას ქ. #14, სასტუმრო „რუმსი“