Blog

  • ვენეციის ბიენალეზე ქართულ პავილიონს, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, ანნა კ.ე. წარმოადგენს

    ვენეციის 58-ე ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე, რომელიც ოფიციალურად 11 მაისს გაიხსნა, ქართულ პავილიონს ნიუ-იორკსა და ბერლინში მოღვაწე ქართველი ხელოვანი – ანნა კ.ე. თიბისი სტატუსის მხარდაჭერით წარმოადგენს.

    პროექტზე – “Rearmirrorview, Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation…“ ავტორმა კურატორ მარგო ნორტონთან ერთად იმუშავა. პროექტი ბიენალეზე გალერეა “სიმონ სუბალისა” და Project Artbeat-ის ორგანიზატორობით წარდგა.

    “Rearmirrorview, Simulation is Simulation, is Simulation, is Simulation…“-ის სტრუქტურის ზედაპირზე პოლირებული რკინისგან გაკეთებული, ონკანების მსგავსი სკულპტურული ობიექტები უსისტემოდაა განლაგებული, რომლებშიც წყალი განუწყვეტლივ ცირკულირებს. ანნა კ.ე. ამ ელემენტებით ადამიანის სიცოცხლისთვის აუცილებელ სუბსტანციას უსვამს ხაზს – წყალი მუდმივობას, განწმენდასა და ენერგიას გულისხმობს. ვერცხლისფერი ონკანების იეროგლიფური ფორმები ქართული ანბანის – ასომთავრულის პროტოტიპებია.

    ვენეციის ბიენალეს ისტორია მე-19 საუკუნის ბოლო ათწლეულიდან იღებს სათავეს და 1895 წელს ქალაქ ვენეციის პირველი საერთაშორისო გამოფენის ორგანიზებას უკავშირდება, რომელიც საგანგებოდ ბიენალესთვის აგებულ პალაცო dell’Espisizion-ში გაიხსნა და 224000 ვიზიტორს უმასპინძლა.

    წლევანდელი ბიენალე, რომლის კურატორიც რალფ რუგოფია, საერთო კონცეფციის ქვეშ გაერთიანდა – “გეცხოვროთ საინტერესო დროში” (May You Live in Interesting Times).

    ვენეციის ბიენალე 2019 წლის 24 ნოემბრამდე გაგრძელდება.

  • EBRD-მა თიბისი ბანკი საქართველოში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

    ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) თიბისი ბანკი საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსების კუთხით კიდევ ერთხელ დაასახელა ყველაზე აქტიურ ბანკად საქართველოში. აღნიშნული ჯილდო ბანკმა უკვე მეხუთედ მიიღო.

    დაჯილდოების ყოველწლიური ცერემონია ბოსნია და ჰერცოგოვინის დედაქალაქ
    სარაევოში გაიმართა, სადაც EBRD-ის წარმომადგენლებმა 2018 წლის წარმატებულ პარტნიორ ბანკებს უმასპინძლეს.

    „ვაჭრობის დაფინანსება ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ჩვენი პარტნიორი ბანკები აქტიურად უჭერენ მხარს კომპანიებს და ხელს უწყობენ მათ განვითარებას. ჩვენთვის დიდი პატივია მსოფლიოს სამი კონტინენტიდან ასეთ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. დღევანდელი დაჯილდოების ცერემონიით გვსურს, გამოვხატოთ მადლიერება და პატივისცემა ფინანსური ინსტიტუტების მიმართ“, – განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის მმართველმა დირექტორმა, ფრანცის მალიგმა.

    EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამა (Trade Facilitation Programme), რომელიც 1999 წელს დაფუძნდა, მიზნად ისახავს საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერას იმ ქვეყნებში, სადაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ინვესტიციებს ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, EBRD გასცემს გარანტიებს პარტნიორი ბანკებისთვის ადგილობრივი ექსპორტიორების, იმპორტიორებისა და დისტრიბუტორების დაფინანსების მხარდასაჭერად. დღეს ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამა 26 ქვეყნის 94 ბანკთან თანამშრომლობს, ხოლო 800-ზე მეტი ბანკისთვის გაცემული ფინანსური მხარდაჭერა 1.5 მილიარდ ევროს აღემატება.

    თიბისი ბანკი EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის წევრი 1999 წელს გახდა.

  • EBRD-მა თიბისი ბანკი საქართველოში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

    ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) თიბისი ბანკი საერთაშორისო ვაჭრობის დაფინანსების კუთხით კიდევ ერთხელ დაასახელა ყველაზე აქტიურ ბანკად საქართველოში. აღნიშნული ჯილდო ბანკმა უკვე მეხუთედ მიიღო.

    დაჯილდოების ყოველწლიური ცერემონია ბოსნია და ჰერცოგოვინის დედაქალაქ
    სარაევოში გაიმართა, სადაც EBRD-ის წარმომადგენლებმა 2018 წლის წარმატებულ პარტნიორ ბანკებს უმასპინძლეს.

    „ვაჭრობის დაფინანსება ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ჩვენი პარტნიორი ბანკები აქტიურად უჭერენ მხარს კომპანიებს და ხელს უწყობენ მათ განვითარებას. ჩვენთვის დიდი პატივია მსოფლიოს სამი კონტინენტიდან ასეთ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. დღევანდელი დაჯილდოების ცერემონიით გვსურს, გამოვხატოთ მადლიერება და პატივისცემა ფინანსური ინსტიტუტების მიმართ“, – განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის მმართველმა დირექტორმა, ფრანცის მალიგმა.

    EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამა (Trade Facilitation Programme), რომელიც 1999 წელს დაფუძნდა, მიზნად ისახავს საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერას იმ ქვეყნებში, სადაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ინვესტიციებს ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, EBRD გასცემს გარანტიებს პარტნიორი ბანკებისთვის ადგილობრივი ექსპორტიორების, იმპორტიორებისა და დისტრიბუტორების დაფინანსების მხარდასაჭერად. დღეს ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამა 26 ქვეყნის 94 ბანკთან თანამშრომლობს, ხოლო 800-ზე მეტი ბანკისთვის გაცემული ფინანსური მხარდაჭერა 1.5 მილიარდ ევროს აღემატება.

    თიბისი ბანკი EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის წევრი 1999 წელს გახდა.

  • მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაცია ელექტრონულად იქნება შესაძლებელი

    20 მაისიდან მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე რეგისტრაცია მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე, ან სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა.

    უწყების ინფორმაციით, მოქალაქეებს სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ დაგეგმონ გამოცდის ადგილი და დრო.

    “ელექტრონული რეგისტრაციის მსურველი პირები შეძლებენ სააგენტოს ვებ-გვერდ sa.gov.ge -ზე შეავსონ ელექტრონული განაცხადი, აირჩიონ სასურველი დრო და ქალაქი და გადაიხადონ სერვისის საფასური.
    ონლაინ დარეგისტრირებული პირი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, თეორიულ გამოცდაზე მინიმუმ 10 წუთით ადრე უნდა გამოცხადდეს. მოქალაქემ სააგენტოში უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა და საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (მოკლე ტექსტური შეტყობინება – SMS, ან ელექტრონული ქვითარი).
    მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე ელექტრონულად დარეგისტრირების გარდა, გამოცდაზე რეგისტრაცია მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ სერვისცენტრშია შესაძლებელი.
    დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ცხელ ხაზზე – 2 41 91 91, ასევე, ონლაინ საკომუნიკაციო არხებით: ვებგვერდზე www.sa.gov.ge, ან სააგენტოს Facebook-გვერდზე,”- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

  • კავაი ლეონარდის ფენომენალური სროლა – ტორონტო ფინალშია! (ვიდეო)

    გუშინ ღამით ფილადელფიაში გადამწყვეტი თამაში გაიმართა ფილადელფიასა და ტორონტოს შორის. მატჩის გამარჯვებული აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში მილუოკი ბაქსს დაუპირისპირდებოდა.

    სერიის ბედი კავაი ლეონარდის ურთულესმა ტყორცნამ გადაწყვიტა, რომელიც სროლის შემდეგ ფარს რამდენიმეჯერ მოხვდა და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაეშვა კალათში.

    კავაის ანგარიშზე 41 ქულა, 8 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა იყო. იგი საკუთარ გუნდში უპირობო ლიდერი იყო მთელი სერიის განმავლობაში. მასპინძლებიდან საუკეთესო ჯოელ ემბიდი გახდა, რომელსაც 45 წუთში 21 ქულა, 11 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მოუგროვდა.

    აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კავაი ლეონარდმა ამ სერიაში 243 ქულა ჩააგდო, რაც მაიკლ ჯორდანის შემდეგ საუკეთესო შედეგია.

  • ტოჩინოშინის 2 გამარჯვება საწყის 2 დღეში – ქართველი გოლიათი ფორმაშია!

    გუშინ, 12 მაისს იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში სტარტი აიღო სუმოში წლის რიგით მესამე ტურნირმა, ნაცუ ბაშომ. 

    როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნულ ტურნირზე ლევან გორგაძე დაქვეითებული რანგით, ”სეკივაკეს” წოდებით გამოდის და მას 10 გამარჯვება სჭირდება, რათა ოძეკობა დაიბრუნოს. ტურნირი ქართველმა გოლიათმა წარმატებით დაიწყო. საწყის ორ ბრძოლაში მან ორი დამაჯარებელი გამარჯვება მოიპოვა. პირველ დღეს ტოჩინოშინი რანგით მესამე მაეგაშირა ჩიოტაირიუს შეხვდა და მარტივად დაამარცხა. ხოლო დღეს, ტურნირის მეორე დღეს მეორე მაეგაშირა დაეიშოს შეხვდა და ვერც მან მოახერხა ქართველისთვის განსაკუთრებული წინააღმდეგობის გაწევა.

    ხვალ ლევანი მეოთხე მაეგაშირა ოკინოუმი იქნება. რანგის მიუხედავად ოკინოუმი ლევანისთვის უხერხული მეტოქეა. ისინი 12-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, საიდანაც ქართველი 5-ჯერ დამარცხდა. თუმცა უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ოკინოუმის ამ ბაშოზე ჯერ-ჯერობით გამარჯვება არ აქვს და ძალიან სუსტად გამოიყურება, ლევანი კი პირიქით ძალიან კარგ ფორმაში იმყოფება.

    შეგახსენებთ, ტურნირზე ტრავმის გამო ვერ ასპარეზობს ლეგენდარული სუმოისტი ჰაკუჰო.

  • გალის რაიონის მკვიდრს პასპორტში ეროვნების გრაფაში მეგრელი ჩაუწერეს

    გალის რაიონის მკვიდრს, რობერტ გაწერელიას, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პასპორტში, ეროვნების გრაფაში “მეგრელი” ჩაუწერეს.

    როგორც ადგილობრივ ტელევიზიასთან  “გალ TV-სთან” საუბარში  რობერტ გაწერელია ჰყვება, მას აფხაზური პასპორტი,ჰქონდა  სადაც ეროვნებად “ქართველი” ეწერა, თუმცა ეროვნების შეცვლა მოითხოვა.

    ”მივმართე საპასპორტო განყოფილებას და ისტორიული სამართლიანობის აღდგენა მოვთხოვე,”-განაცხადა გაწერელიამ.

    გაწერელიას განცხადებით, გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ  მისი პასპორტის ეროვნების გრაფაში სასურველი “ეროვნება” მეგრელი ჩაიწერა.

    “ ჩემი წინაპრების სულებმაც გაიხარეს. ისინი სულ ოცნებობდნენ, მეგრელებად ჩაწერილიყვნენ”, –განაცხადა  რობერტ გაწერელიამ.

  • ტატუს მოსაშორებლად სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 48 ათასი ლარი გამოიყო

    ყოფილ პატიმართა და  პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი არასრულწლოვნების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობისათვის   ტატუს მოსაშორებლად სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 48 ათასი ლარი გამოიყო. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

    „იუსტიციის სამინისტრო 48 ათას ლარს გასცემს არასამთავრობო ორგანიზაციაზე იმისათვის, რომ ყოფილ პატიმრებს, ან პატიმრებს, რომლებიც №2 და №11 საპყრობილეში იხდიან სასჯელს, მოაცილონ ტატუ, რომელიც  ხელს უშლის მათ რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაში. ტატუს ამოშლა არის უფრო და უფრო რთული, უფრო და უფრო ძვირი. მინდა მოვუწოდო, რომ არ დაიზიანონ ხელები, კანი. იმიტომ რომ ეს არ არის მარტივი მოსაშორებელი ამიტომ ჩვენ ამ თანხად 48 ათას ლარად მხოლოდ 60-მდე ბენეფიციარს შევძლებთ რომ მოვაშოროთ ტატუ. რესოციალიზაციისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ 2013 წლიდან 130-მდე ყოფილ პატიმარს მოვაშორეთ ტატუ, რამაც მათ საშუალება მისცა რომ ჩვენი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ეგრძნოთ თავი,”-განაცხადა თეა წულუკიანმა.

    ტატუს მოშორება ყოფილი პატიმრებისთვის რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროგრამა 2012 წელს თეა წულუკიანის ინიციატივით ამოქმედდა.

    “ყოფილ პატიმრებს სხეულზე გაკეთებული ნახატები სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ხელს უშლის საზოგადოებასთან ინტეგრაციაში, მათ უჭირთ სამუშაოს მოძიება, არიან ნაკლებად თავდაჯერებულნი, განიცდიან დისკომფორტს,”-აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ  ინფორმაციაში.

  • ახალი სახეები მმართველ გუნდში-მაია მიმინოშვილი “ქართული ოცნების” წევრებს გადაამზადებს

    გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი მუშაობას პარტია „ქართულ ოცნებაში“ განაგრძობს.

    როგორც ცნობილი გახდა, პარტიაში მიმინოშვილი პარტიის წევრების გადამზადების მიმართულებით იმუშავებს და ახალ სახეებს ტრენინგებს ჩაუტარებს. სხვა დეტალზე “ქართულ ოცნებაში” ამ დროისთვის არ აკონკრეტებენ.

    პარტიის ახალი სახეების დატრენინგებაზე კომენტარი  მამუკა მდინარაძემ გააკეთა და განაცხადა, რომ პარტიაში ცვლილებები ჯანსაღი პროცესია.

    “როგორც მოქმედი წევრების ასევე ახალი სახეების მომავალში პოტენციურად ტრენინგებზე საუბარი არ უნდა გაგვიკვირდეს, კარგია ძალიან რომ ჩვენ ამ საკითხს მეტ და განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ. პარტიის გაჯანსაღების პროცესი გაგრძელდება,”-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

  • 1 წელი თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული საპოლიციო ოპერაციიდან – EMC განცხადებას ავრცელებს

    ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ერთი წლის წინანდელი მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ  პროკურატურაში შეტანილი მათი ყველა განცხადება აქციის მონაწილეთა უკანონოდ დაკავებისა და პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, რეაგირების გარეშეა დარჩენილი.

    “ერთი წელი გავიდა თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ოპერაციიდან, რომელმაც საზოგადოებაში დიდი მღელვარება და მასშტაბური საპროტესო აქციები გამოიწვია. 2018 წლის 12 მაისს, ღამის საათებში, თბილისის ორ ღამის კლუბში შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოულოდნელად, თანადროული და ფართომასშტაბიანი, საპოლიციო ოპერაცია დაიწყო.

    ღამის კლუბების ტერიტორიაზე შევიდა პოლიციელთა დიდი რაოდენობა, მათ შორის, სპეციალური დანიშნულების რაზმი. საპოლიციო ღონისძიება დაიწყო პარასკევს ღამით, როდესაც ორივე კლუბში წინასწარ დაგეგმილი ღონისძიებები უნდა ჩატარებული. პოლიციელთა განსაკუთრებულმა მობილიზაციამ, რაოდენობამ და აღჭურვილობამ კლუბებში შეკრებილ ადამიანებში დაუცველობის და შიშის განსაკუთრებული გრძნობა გააჩინა.

    ფართომასშტაბიანი საპოლიციო ოპერაციის დაწყებას, კლუბების მიმდებარე ტერიტორიებზე მოქალაქეთა სპონტანური შეკრების ორგანიზება მოჰყვა. საპოლიციო მოქმედებების გასაპროტესტებლად და მხარდაჭერის გამოსაცხადებლად კლუბ “ბასიანთან” შეკრებილ აქციის მონაწილეებს პოლიციამ ფიზიკური ძალის გამოყენებით დაატოვებინა ტერიტორია და არ მისცა მშვიდობიანი შეკრების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა. წინააღმდეგობის განეიტრალებისა და პროტესტის შესუსტების მიზნით, პოლიცია აკავებდა აქციის ორგანიზატორებსა და ლიდერებს. 12 მაისის ღამეს, საერთო ჯამში, ადმინისტრაციული წესით აქციის 40-მდე მონაწილე დააკავეს.

    12 მაისის მოვლენები დაკავებული პირების რაოდენობითა და საპოლიციო ოპერაციაში ჩართული საპოლიციო ძალების გათვალისწინებით, ბოლო წლების ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი საპოლიციო ოპერაცია აღმოჩნდა, რომელსაც შედეგად ათეულობით მოქალაქის დაკავება, მშვიდობიანი შეკრების უფლების დარღვევა და ფართო საზოგადოებრივი მღელვარება მოჰყვა. შემდგომი ორი დღის განმავლობაში, თბილისის ცენტრალური გამზირი საპროტესტო აქციაზე შეკრებილ ათასობით მოქალაქეს ჰქონდა დაკავებული. აქციის მონაწილეები მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებას, საპოლიციო სისტემის და ნარკოპოლიტიკის ძირეულ რეფორმას მოითხოვდნენ.

    12 მაისის მოვლენებიდან ერთი წლის თავზე კიდევ უფრო მეტი დამაჯერებლობით შეიძლება ითქვას, რომ ჩატარებული საპოლიციო ოპერაციის დასაბუთებულობა და მიზანშეწონილობა მნიშვნელოვანი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. 12 მაისის ღამესვე ცნობილი გახდა, რომ უშუალოდ კლუბების შიგნით, საპოლიციო ოპერაციის შედეგად არავინ დაუკავებიათ, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა უნდობლობა და კითხვები პოლიციის მოქმედების მიმართ.

    სამართალდამცავი ორგანოები ცდილობდნენ, ჩატარებულ საპოლიციო ღონისძიებასთან კავშირში ეჩვენებინათ 12 მაისს დაკავებული 8 პირის საქმე, რომლებიც საპოლიციო ოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე, კლუბების გარეთ, სრულიად სხვადასხვა ლოკაციაზე დააკავეს. მოგვიანებით ასევე ცნობილი გახდა, რომ დაკავებულების მიმართ საგამოძიებო მოქმედებები 12 მაისამდე გაცილებით ადრე დაიწყო და მათ მიმართ მტკიცებულებები თვეებით ადრე ჰქონდა მოპოვებული გამოძიებას. ამ პირობებში, კიდევ უფრო საეჭვო გახდა, რატომ დაამთხვია პოლიციამ მათი დაკავება სწორედ 12 მაისის ოპერაციას.

    ერთი წლის წინ საპოლიციო ოპერაცია ჩატარდა სწორედ იმ დროს, როდესაც ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკითხი უკიდურესად პოლიტიზირებული და დამძიმებული იყო. ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდამჭერი ჯგუფებისა და აქტივისტების წინააღმდეგ დისკრედიტაციის ორგანიზებული და შეთანხმებული კამპანია მიმდინარეობდა, გარკვეული ჯგუფები ავრცელებდნენ არსებითად მცდარ ინფორმაციას რეფორმის მიზნებსა და შინაარსზე, ნარკოტიკული ნივთიერებებით ზედოზირებისა და დაღუპვის შემთხვევებს კი საზოგადოების დამატებითი პოლარიზაციისთვის იყენებდნენ. სწორედ ამ კონტექსტში, დაუსაბუთებელი და სამართლებრივად საკამათო საპოლიციო ოპერაციის ჩატარებამ, თითქოს ლეგიტიმაცია მისცა დისკრედიტაციის კამპანიას და ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდამჭერი ჯგუფების რეპუტაციაზე განზრახ მძიმე იერიში მიიტანა.

    12 მაისის მოვლენებზე ნათელი და დამაჯერებელი პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხები ამ დრომდე არ არის გაცემული. ერთი წლის თავზეც კი, რეაგირების გარეშეა დარჩენილი EMC-ის მიერ პროკურატურაში შეტანილი ყველა განცხადება, რომელიც 12 მაისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეთა უკანონოდ დაკავებისა და პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე გამოძიების დაწყებასა და მის ეფექტიანად წარმართვას ეხებოდა.

    რაც მთავარია, მიუხედავად შინაგან საქმეთა მინისტრის ცალსახა პოლიტიკური დაპირებისა, რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკითხი “უახლოეს დღეებში” გადაწყდებოდა, სწორედ 12 მაისის მოვლენების შემდეგ, ეს საკითხი საბოლოოდ მოიხსნა პოლიტიკური და საკანონმდებლო დღის წესრიგიდან. 12 მაისიდან დღემდე ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკითხზე არ ჩატარებულა არცერთი შეხვედრა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ერთი წელია არ დაუნიშნავს საკომიტეტო მოსმენა ინიცირებულ კანონპროექტზე. ხელისუფლებას არ გამოუხატავს მზაობა გამოეყენებინა რომელიმე პლატფორმა ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდამჭერ ჯგუფებთან კომუნიკაციისა და საკითხის საბოლოო გადაწყვეტისთვის. უფრო მეტიც, ხელისუფლება აგრძელებს ტრადიციას, ამ სფეროში სამართლიანი და პროგრესული გადაწყვეტილებს მიღების პოლიტიკური ტვირთი საკონსტიტუციო სასამართლოზე გადაიტანოს.

    დღეს ნარკოპოლიტიკის სფეროში არსებული ვითარება სამართალდამცავი ორგანოების სტრატეგიებსა და “კეთილ ნებაზეა” მინდობილი. ცალკეული მიმართულებებით, სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს პრაქტიკაში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის ტენდენციას, თუმცა პოლიტიკური და საკანონმდებლო გადაწყვეტის გარეშე, ეს ტენდენციები მყიფე და არასაკმარისია. რაც მთავარია, ნარკოპოლიტიკის ძირეული რეფორმის გარეშე, უპასუხოდ რჩება ადამიანების ის ჯგუფი, რომელიც რეფორმის შედეგებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ელოდებოდა.”-ნათქვამია Emc-ის განცხადებაში.