Blog

  • 40 ათასი ადამიანის ანგარიშიდან 100 მილიონზე მეტი მოიპარეს

    40 ათასი ადამიანის ანგარიშიდან 100 მილიონზე მეტი მოიპარეს. დაზარალებულთა შორის არიან საქართველოს მოქალაქეები. ის პირები, ვინც კომპიუტერული ვირუსი შექმნეს და საბანკო ანგარიშებიდან დიდი ოდენობით თანხა მოხსნეს, საქართველოში დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მყოფი ჯგუფი ვირუსის საშუალებით ათასობით საბანკო ბარათზე წვდომას ახერხებდა და თანხას ხსნიდა. 

    საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში ჩართული იყო  როგორც ამერიკის შეერთებული შტატები ასევე  ევროპის სხვადასხვა ქვეყანა და  მათ შორის საქართველოც.

    კიბერთავდასხმის ორგანიზებული ჯგუფის წევრები საქართველოდან სპეციალური შექმნილი ვირუსით ახდენდნენ კომპანიებისა და პირების ანგარიშების თანხიდან მოპარვას.

    პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ორი ჰაკერი საქართველოში დააკავეს. მათ სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

    “საქართველოდან, აღნიშნულ ღონისძიებაში გენერალური პროკურატურასთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტრო მონაწილეობდა. ორი წლის მანძილზე, ამერიკელ კოლეგებთან ერთად ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები ტრანსნაციონალური ორგანიზებული კიბერდანაშაულის ქსელის იმ მონაწილეების გამოსავლენად და უტყუარი მტკიცებულებების მოსაპოვებლად, რომლებიც დანაშაულებრივ საქმიანობას საქართველოდან ახორციელებდნენ.ამერიკელ კოლეგებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად იდენტიფიცირებულია კონკრეტული დაზარალებული კომპანიები და საქართველოში მყოფი ორი პირი. GozNym-ის ქსელის ლიდერის და ორგანიზატორის – ა.კ.-ს (რომელიც ცნობილია ზედმეტსახელით “None”), აგრეთვე მისი მთავარი ასისტენტის, მ.კ.-ს (რომელიც ცნობილია ზედმეტსახელით “Phantom”) მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა.

    ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ა.კ. და მ.კ., საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლებმა 2019 წლის 8 მაისს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ იმავე დღეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა.კერძოდ, NONE-ს და PHANTOM-ს ბრალად ედებათ აშშ-ს ათამდე კომპანიის მიმართ ჩადენილ შემდეგ დანაშაულებზე: კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისთვის (საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლი); კომპიუტერული სისტემიდან კომპიუტერული მონაცემების უნებართვოდ მოპოვებისა და მათი უკანონოდ შენახვა-გავრცელებისთვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (158-ე მუხლი); კომპიუტერული მონაცემის და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისთვის (285-ე მუხლი); ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობისთვის, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია (177-ე მუხლი)”- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

  • ხორავას ქუჩის საქმე – ერთ-ერთი არასრულწლოვანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო

    ცრუ ჩვენების მიცემის გამო  არასრულწლოვანი   დ.ღ. საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე პროკურატურა დასკვნითი სიტყვით წარსდგა. 22 მაისს სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართება.
    დ.ღ.

    2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება.

    გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ სასამართლო სხდომამდე დ.ღ. შეხვდა გარდაცვლილი დავით სარალიძის მშობელს და ესაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, თუმცა, სასამართლო განხილვის სტადიაზე მსგავსი შეხვედრა უარყო.

    2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში დააკავეს. მოგვიანებით ის 5000 ლარიანი გირაოს საფუძველზე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. არასრულწლოვანს ექვსთვიანი საპატიმრო ვადა 19 იანვარს ეწურებოდა.

  • ტელეკომპანია “იმედის” დირექტორად ივანიშვილთან და ვანო ჩხარტიშვილთან დაახლოებული პირი დაინიშნა

    ტელეკომპანია “იმედის” დირექტორი გოგა კალანდარიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მის ნაცვლად ელდარ მდინარაძე დაინიშნა. ელდარ მდინარაძე წარსულში ბიძინა ივანიშვილის მე–9 არხის დირექტორი იყო. შემდეგ კი ვანო ჩხარტიშვილის ტელეკომპანია მზის დირექტორად მუშაობდა.
    გოგა კალანდარიშვილი 2017 წლიდან ლიბერთი ბანკის დირექტორია და პარალელურად ტელეკომპანია “იმედს” ხელმძღვანელობდა.  სწორედ ორი თანამდებობა და ინტერესთა კონფლიქტი შესაძლოა გამხდარიყო მისი თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი.  ნაციონალურმა მოძრაობამ ეროვნულ ბანკს კალანდარიშვილის საქმის შესწავლის მოთხოვნით 10 დღის წინ  მიმართა, მას შემდეგ,  პოლიტიკური ნიშნით არხიდან პროდიუსერ მაია სტეფნაძის გათავისუფლების საკითხი დადგა.გათავისუფლებული პროდიუსერის  მტკიცებით, ის სამსახურიდან გიორგი კალანდარიშვილმა  პოლიტიკური მოტივებით გაუშვა. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების განცხადებით სწორედ ამის შემდეგ გახდა მათთვის ცნობილი, რომ გიორგი კალანდარიშვილი ამავე დროს ტელეკომპანია იმედს ხელმძღვანელობდა.
  • 17 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებზე შსს განცხადებას ავრცელებს

    17 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, პოლიცია უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას, ისე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

    „ადამიანის უფლებების დაცვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სამინისტრო იცავს გამოხატვის თავისუფლებას ადამიანის პოლიტიკური და სხვა შეხედულების, სქესის, რელიგიური კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის და სხვა ნიშნის მიუხედავად. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 2019 წლის 17 მაისს თბილისში, სხვადასხვა ადგილზე გაიმართება ღონისძიებები.

    პოლიცია უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას, ისე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს. სამინისტრო მოუწოდებს ღონისძიებების ორგანიზატორებს და მონაწილეებს დაიცვან კანონი. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში. სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ  განაცხადებაში.

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში 3.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები  თბილისის დროით 14 საათსა და 08 წუთზე დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრი ავრცელებს.

    ეპიცენტრი წალკის მიმდებარე ტერიტორია იყო.

  • “ზვიად გამსახურდია არ ეკუთვნის არცერთ პოლიტიკურ ძალას”- ცოტნე გამსახურდია დედამისს დაუპირისპირდა

    “ზვიად გამსახურდია არ ეკუთვნის არცერთ პოლიტიკურ ძალას”- წერს  პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია. გამსახურდია  გმობს პირველი პრეზიდენტის სახელის პოლიტიკური  მიზნებისთვის გამოყენებას.

    “ვფიცავ ყველაფერს ცასა თუ მიწაზე, არ მინდოდა ამ საკითხებზე საუბარი. ზვიად გამსახურდია არ ეკუთვნის არცერთ პოლიტიკურ ძალას ან პარტიას, ისევე როგორც არ ეკუთვნის რომელიმე ჯგუფს ან თუნდაც საკუთარ ოჯახს. მის სახელს არ ეგების პოლიტიკურ ბრძოლაში ინსტრუმენტად ან პოლიტიკური თუ მატერიალური კაპიტალის მოსახვეჭად გამოყენება ამ ქვეყანაში. მას ამისგან მისი საქმეები და საქართველოს ისტორია იცავს, და მე, ამ სიტყვების ავტორი, სანამ შემეძლება და როგორც შემეძლება, ამის წინააღმდეგ ყველაფერს გავაკეთებ.

    არ მინდოდა-მეთქი ამ თემაზე საუბარი, ამ დღეებში ზუგდიდში სუსის მიერ ორგანიზებული მოვლენები რომ არ ყოფილიყო. ჯერ ჯიხაშკარში, უშიშროების სტაჟიანი აგენტის, ვინმე ვახო ზარანდიას მიერ ოპოზიციური კანდიდატის, სანდრა რულოვსის წინააღმდეგ სცადეს რაღაც კომიკური, სამარცხვინო კამპანიის აგორება. მინდა იცოდეთ, ხსენებული ვახო ზარანდია ფიგურირებს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეში, ფაქტობრივად, როგორც უშიშროების ინფორმატორი, რომელიც თვალის ასახვევად დაკავებული ჰყავდათ და მალევე გაათავისუფლეს გარკვეული ქმედების სანაცვლოდ 1993 წელს. იგივე ვახო ზარანდია სწორედ იგივე სიტუაციაში ფიგურირებს უკვე 1998 წელს, და მას მსგავსი მანერით იყენებენ გოჩა ესებუას წინააღმდეგ შევარდნაძეზე თავდასხმის შემდეგ, ისევ აკავებენ და რამდენიმე დღეში ათავისუფლებენ ზუსტად ისე, როგორც ზვიად გამსახურდიას დევნის ოპერაციის დროს.

    შემდგომ უკვე ზუგდიდში, გუშინ ოპოზიციის მერობის კანდიდატის წინააღმდეგ “ზვიადისტებთან” ერთად ერთვება სუსის კიდევ ერთი მოქმედი პირი, ვინმე გია მხეიძე, რომელიც ასევე მონაწილეობს ზვიად გამსახურდიას დევნისა და მკვლელობის საქმეში, როგორც იმჟამინდელი უშიშროების თანამშრომელი და რომლის მიმართ პროკურატურას წესით მრავალი კითხვა და ბრალდება უნდა ჰქონდეს. სხვათა შორის, ეს გია მხეიძე ჯერ კიდევ 2016 წელს ქართული ოცნების აქტივისტია ზუგდიდში და დაკავებულიც იყო ოპოზიციის დარბევისათვის, თუმც მოკლე ხანში გაათავისუფლეს.

    ახლა რაც შეეხება თავად სანდრა რულოვსს. მის წინააღმდეგ ზუგდიდის არჩევნებში იხსენებენ მის მიერ 20 წლის უკან დაწერილ არაადეკვატურ პასაჟს ზვიად გამსახურდიას შესახებ. იგი რამდენიმეჯერ დამიკავშირდა ამ ფრაზასა და მის ზვიად გამსახურდიასადმი დამოკიდებულებასთან დაკავშირებით და დიდი წუხილი თუ არაერთი ბოდიში მომისმენია მისგან ამ სიტყვების გამო. მიუხედავად ამისა, მე მასთან ძალიან დისტანციური და ოფიციალური დამოკიდებულება მაქვს და არასდროს მიხსენებია მისი ამ ნაბიჯების შესახებ, რადგან, როგორც ვთქვი ზემოთ, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ პოლიტიკურ პერიპეტიებში ზვიად გამსახურდიას სახელის გამოყენებისა ვინმეს სასარგებლოდ. ამიტომ ამ თემაზე არ მისაუბრია სამეგრელოს არჩევნების კონტექსტში, თუმცა, რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი პოლიტიკური მოსაზრება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. იმაშიც დარმწუნებული ვარ, რომ ზუგდიდში სახელისუფლებო კანდიდატის გამარჯვება იქნება მხოლოდ ბიძინეს კიდევ ერთი მონის გამდიდრების შანსი და ნულოვანი პერსპეტივა ზუგდიდელებისთვის. ამას ხიბულაში კუპიურების ფრიალით და სუსის აგენტების ხავილით ჩვენი დროის სოლომონ ისაკიჩი ვერ შეცვლის. თუმც ეს უკვე ცალკე საუბრის თემაა…

    აღარ ჩამოვთვლი გუშინ ამ ტრაგიკომედიაში მონაწილე პირებს, ვინც უნდა იყვნენ ისინი. რეალურმა გულშემატკივრებმა სჯობს ყურადღება გაამახვილონ, როგორ ჯიუტად აფარებს ხელს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის მონაწილეებს ივანიშვილის ხელისუფლება. შეიძლება ითქვას, რომ ის მცირე დათბობა და ძვრები, რასაც ჩვენ პროკურატურაში 14 დღიანი შიმშილობით, ისევ განულებულია და სისტემა კვლავ აგრძელებს ჩვენს მოტყუებას და საქმის ჩაფარცხვის მცდელობებს. ბრძოლა გრძელდება, ბრძოლას ვაგრძელებთ, და პირობას ვაძლევთ წარმავალ ხელისუფლებას, რომ ამ სიბინძურეში ძალიან ძვირის გადახდა მოუწევთ. იმდენად ძვირის, რომ “რასიისკი კრედიტის” ფული არ ეყოფათ!”-წერს სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდია.

    შეგახსენებთ, რომ გუშინ პირველი პრეზიდენტის ქვრივი მანანა არჩვაძე-გამსახურდია ზუგდიდში ჩავიდა და ზვიად გამსახურდიას მომხრეებს მიმართა. არჩვაძემ საზოგადოებას მოუწოდა ხმა არ მისცენ ზუგდიდის მერობის კანდიდატს, სანდრა რულოვსს.

  • მთავარი ამოცანაა, შევძლოთ, პირველივე ტურში დამთავრდეს არჩევნები – კალაძე

    ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადეს, რომ, ყველას მიმართ, ვინც საარჩევნო პროცესს ხელს შეუშლის, კანონის შესაბამისი ზომები განხორციელდება.

    „ყოველთვის ერთნაირად ხდება ხოლმე, არჩევნებისას მაქსიმალურად ხდება ხოლმე ვითარების დაძაბვა, შესაძლოა, ეს ხელოვნურადაც ხდებოდეს. მთავარი და მნიშვნელოვანია არჩევნები ჩატარდეს მშვიდ გარემოში, რასაც ჩვენ უზრუნველვყოფთ. მთავარი ამოცანაა, მოსახლეობასთან, საზოგადოებასთან ერთად, შვძლოთ, პირველივე ტურში დამთავრდეს არჩევნები“ – აცხადებს კახა კალაძე

  • „ოცნებამ“ საარჩევნოდ ჯიხაშკარი ზვიად გამსხურდიას ლიკვიდაციაში მონაწილე გია მხეიძეს ჩააბარა

    გაერთიანებული ოპოზიციის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნოდ ჯიხაშკარი ზვიად გამსხურდიას დევნასა და ლიკვიდაციაში მონაწილე გია მხეიძეს ჩააბარა. ნუგზარ წიკლაურის თქმით, გია მხეიძის ზუგდიდში ჩამოყვანა მიმდინარე დაძაბულობის ფონზე ადასტურებს, რომ ხელისუფლებას ძალადობრივი გზა აქვს არჩეული. ვინაიდან წიკლაურის განმარტებით, მხეიძე 1993-94 წლებში უშუალოდ მონაწილეობდა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დევნისა და ლიკვიდაციის ოპერაციაში. წიკლაურის თქმით, მხეიძე ასევე ცნობილია 2016 წელს ჯიხაშკარის საარჩევნო უბნების დარბევით, რისთვისაც იხდიდა სასჯელს. წიკლაურის თქმითვე, მთავრობის წევრების მხრიდან გაკეთებული განცხადებები გამსახურდიას ხსოვნის პატივისცემესთან დაკავშირებით, ფარისევლობაა.

  • 5-0!! – ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოს დაუმარცხებლად განაგრძობს (video)

    ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე მეტსახელად ”ტოჩინოშინი” ნაცუ ბაშოს წაუგებლად განაგრძობს.

    დღეს მან რანგით პირველი მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი დაამარცხა. იაპონელი რიკიში ლევანისთვის საკმაოდ უხერხული მეტოქე იყო, თუმცა ქარველმა გოლიათმა შეხვედრა მარტივად მოიგო, მეტოქე ძალის ხარჯზე აჯობა, კიდესთან მიიყვანა და იორიკირის ილეთით დაამარცხა.

    ხვალ ტოჩინოშინი სეკივაკე იჩინოჯოს დაუპირისპირდება. იჩინოჯოსთან ლევანს დიდი უპირატესობა აქვს. 20 დაპირისპირებიდან ლევანმა მას 15 მოუგო.

    შეგახენებთ ლევანი ამ ბაშოზე სეკივაკეს წოდებით გამოდის და მას ამ ბაშოზე მინიმუმ 10 გამარჯვება სჭირდება, რათა ოძეკის ტიტული დაიბრუნოს. ჯერ-ჯერობით იგი შეუდარებლად გამოიყურება და ამას იაპონური მედიაც ამჩნევს. მათი თქმით, ქართველ გოლიათს ”მისტიური” ძალები დაუბრუნდა.