Blog

  • ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება

    ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება.გაფიცულები “ჯორჯიან მანგანეზის” ოფისის წინ  არიან შეკრებილები და ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

    ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შეთანხმება  ამ დრომდე შეთანხმება მიღწეული არ არის.

    მაღაროელები გუშინ გაიფიცნენ, ისინი ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

  • ავტოავარიის შედეგად დაშავებული მოზარდებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა

    ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მოზარდებიდან ერთ-ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

    შედარებით მძიმეა კიდევ ერთი მოზარდის მდგომარეობა. გოგონა მუცლის ღრუს ორგანოების დაზიანებით შეიყვანეს და მას ოპერაცია ესაჭიროება.

    ექვსი მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია.

    სოფელ ახალ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რვა მოზარდი დაშავდა.

    ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი კერძო სახლის ეზოში შევარდა, სადაც სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ.

  • ტაივანში ერთნაირ სქესიანთა ქორწინება დაკანონდა

    ტაივანში გეი ქორწინება ოფიციალურად დაკანონდა. ტაივანის პარლამენტი პირველია აზიის კონტინენტზე, რომელმაც ერთსქესიანთა ქორწინებას მხარი დაუჭირა.

    2017 წელს, კუნძულის საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ერთნაირი სქესის მქონე პირებს უფლება აქვთ კანონიერად იქორწინონ.

    ამ გადაწყვეტილების შემდეგ პარლამენტს 2 წელი ჰქონდა ვადა (2019 წლის 24 მაისამდე), იმისთვის რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ოფიციალურად დაემტკიცებინა.

    ლგბტქ თემის ათასობით წევრი და უფლებადამცველი საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტის შენობასთან ელოდებოდა.

  • უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 მაისს გაიმართება

    უკრაინის პარლამენტმა 20 მაისი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის დღედ გამოაცხადა. 315 დეპუტატმა ამ თარიღს დაუჭირა მხარი, 2-მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა. თავად ვლადიმირ ზელენსკი ინაუგურაციის გამართვას 19 მაისს უჭერდა მხარს. მან პარლამენტის დათხოვის და ადრეული არჩევნების შესაძლებლობაზეც ისაუბრა და კანონმდებლები ინაუგურაციის თარიღის გამიზნულად გადავადებაში დაადანაშაულა.
    უკრაინის ახლადარჩეულმა 41 წლის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ქვეყანაში გაბატონებულ კორუფციას აღმოფხვრავს, და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან ომს ბოლოს მოუღებს უკრაინის აღმოსავლეთში.
  • სკანდალი რუსულ საბავშვო “Voice“–ში. ხმის მიცემისას მანიპულაციების გამო ფინალის შედეგები გაუქმდა

    რუსეთის პირველმა არხმა მიიღო გადაწყვეტილება საერთაშორისო პროექტის, „Voice –ბავშვების“ ფინალის შედეგების ანულირების შესახებ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კომპანია Group-IB–მ კონკურსის გამარჯვებულის, რუსი მომღერლის, ალსუს ქალიშვილის, მიკელა აბრამოვას სასარგებლოდ ხმების ხელოვნურად წამატება გამოავლინა.
    არხის განცხადების მიხედვით შემოწმების შუალედურმა შედეგებმა დაადასტურა, რომ ხმის მიცემისას გარე ჩარევა განხორციელდა, რამაც შოუს შედეგებზე იმოქმედა.
    “ტრაფიკის გაანალიზებამ გამოავლინა მოკლე ტექსტური შეტყობინებების მასირებული ავტომატიზირებული გაგზავნის ფაქტი პროექტის ერთ–ერთი მონაწილის კუთვნილ ტელეფონზე“ – ნათქვამია Group-IB–ს განცხადებაში.
    კომპანიის გათვლით, ხმების ხელოვნურად წამატებაში სულ 300 სატელეფონო ნომერი მონაწილეობდა. მათგან 8 ათასზე მეტი შეტყობინება გაიგზანა. ყველა ნომერი ერთ ოპერატორს ეკუთვნის და ერთ ტარიფს იყენებს. შემოწმების მომენტისთვის ყველა ნომერი მიუწვდომელი იყო.
    შემოწმება გრძელდება და თვის ბოლომდე დასრულდება. შემოწმების ფინალური შედეგების გამოქვეყნებამდე კომპანია არ ასაჯაროებს მონაცემების რეგიონების მიხედვით, სადაც ანომალურად მაღალი ხმის მიცემა დაფიქსირდა.
    აპრილში 10 წლის მიკელა აბრამოვამ მაყურებლის ხმის მიცემის შედეგად პროექტის მეექვსე სეზონის ფინალში გაიმარჯვა. მან ხმების 56.5 % მიიღო. შოუს ფინალი რუსული პირველი არხით გადაიცემოდა.
    აბრამოვას გამარჯვებამ დაუყოვნებლივ გამოიწვია აღშფოთების ტალღა და ეჭვები სოციალურ ქსელებში, რადგან ფინალში მასზე ბევრად უფრო ძლიერი მომღერლები მონაწილეობდნენ. ტელეკომანიამ მეორე დღესვე გადაწყვიტა ხმის მიცემის შედეგები გადაემოწმებინა, რადგან მათი თქმით შეინიშნებოდა ანომალური ხმის მიცემა და ერთ–ერთი მონაწილის მხარდამჭერი ზარებისა და შეტყობინებების რაოდენობამ მეტისმეტად გადააჭარბა სხვა კონკურსანტებისთვის მიცემულ ხმებს.
    ბავშვის მშობლები, მომღერალი ალსუ და მისი ქმარი, იან აბრამოვი შექმნილ აჟიოტაჟზე კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.
    ხუთშაბათს პირველმა არხმა განაცხადა, რომ 24 მაისს შოუს სპეციალურ გამოშვებას გააკეთებს.
    “არხი იღებს უპრეცედენტო გადაწვეტილებას პროექტის სპეციალური გამოშვება გააკეთოს ყველა ფინალისტის მონაწილეობით 24 მაისს, პირდაპირ ეთერში.“
    რუსული შოუ–ბიზნესის წარმომადგენელთა დიდი ნაწილი პირველი არხის გადაწყვეტილებას დადებითად შეხვდა და მას სამართლიანი უწოდა. არხი შეაქეს იმის გამო, რომ მან “მაყურებლის ინტერესები კორპორატიულ ინტერესებზე მაღლა დააყენა.“ ამბობენ იმასაც, რომ არხის მთავარი მიზანი საკუთარი რეპუტაციის გადარჩენაა. თუმცა არიან ისეთებიც, ვინც თვლიან რომ შედეგების გადახედვა არასწორი იყო, რადგან ზარები და შეტყობინებები ფასიანია და არ არის აკრძალული, ვისაც ფული აქვს ბევრი ზარი და შეტყობინება გაგზავნოს.
  • “ჩვენ გვკლავენ,გვდევნიან,მაგრამ არ გვინდა დამალვა. ჩვენ არ ვართ ცოტა“–ლგბტქ თემი ვიდეომიმართვას ავრცელებს

    თბილისი პრაიდმა ფეისბუქ გვერდზე ლგბტქ თემის წარმომადგენლების ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა სათაურით: “მოგვისმინეთ. თქვენთვის სათქმელი გვაქვს!“ მიმართვის მონაწილეები მათ პრობლემებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ დამალვას და გაქცევას არ აპირებენ.

    “ჩვენზე ძალადობენ ოჯახში, სკოლაში, ქუჩასა და სამსახურში. გვივარდებიან სახლებში, გვაგდებენ ოჯახებიდან, ჩვენ გვკლავენ, გვდევნიან, მაგრამ არ ვგინდა გაქცევა. ჩვენ გვინდა ღირსეული ცხოვრება. ჩვენ გვაწუხებს ქვეყანაში არსებული სიღარიბე, უმუშევრობა, ოკუპაცია, სოციალური უთანასწორობა. ჩვენ გვიყენებენ ამ და სხვა სოციალური პრობლემების გადასაფარად. საჯარო სივრცე გვეკუთვნის ჩვენც და არ დავთმობთ მას. ჩვენი ყოფა არ შემოიფარგლება იმით, რომ სახლში რაც გვინდა ის ვაკეთოთ, ის მოიცავს თავისუფლებას, რომ ვიყოთ საჯარო, ვიყოთ ისინი, ვინც ვართ. ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ მშვიდობიან, არაძალადობრივ, შემდგარ საზოგადოებაში, რომელშიც ყველა დაცულია. ჩვენ ვებრძვით უსამართლობას. ყველა ჩაგრული ადამიანის თუ ჯგუფის მიმართ ვართ სოლიდარულები. ჩვენ არ ვაპირებთ დამალვას. ასე ცხოვრება გაუსაძლისია. ჩვენ ვიბრძვით ღირსებისთვის. ჩვენ არ ვართ ცოტა. ჩვენ ვიცავთ და ვაშენებთ ქვეყანას. ვზურნავთ გარემოზე. ვმსახურობთ და ვიხდით გადასახადებს. ჩვენ ვართ თქვენი შვილები, დები, მშობლები, ძმები, ნათესავები, მეგობრები, თანამშრომლები და მეზობლები. ჩვენ ვართ თქვენ.“– ამბობენ ვიდეოს მონაწილეები

    17 მაისს, მთელს მსოფლიოში ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ, საქართველოში ჩაგვრას აქციით არ გააპროტესტებენ. თბილისში ამ დღეს მსვლელობას მხოლოდ ოჯახის სიმტკიცის დღეს მიუძღვნიან. 17 მაისს დედაქალაქის მასშტაბით, რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელიც საღამოს სამების ეზოში, დავითიანის კონცერტით დასრულდება.

    უკვე რამდენიმე წელია ლგბტ თემი და მათი მხარდამჭერები ძალადობის შიშით თბილისის ქუჩებში ვეღარ გამოდიან. თბილისი პრაიდი ღონისძიებების გამართვას ივნისში გეგმავს. 

  • 31 წლის ახალგაზრდას ოჯახი და პოლიცია მესამე დღეა ეძებს

    31 წლის ნიკა რუხაძეს ოჯახი მესამე დღეა ეძებს. ახალგაზრდა მამაკაცი სახლიდან 14 მაისს გავიდა და ამის შემდეგ აღარავის უნახავს. ის მამიდასთან ფონიჭალაში აპირებდა მისვლას, თუმცა დანიშნულების ადგილამდე არ მისულა.
    ოჯახისთვის ნიკას გაუჩინარების მიზეზები უცნობია, ახალგაზრდას უკვე პოლიციაც ეძებს.
    „14 მაისს, დაახლოებით 7 საათზე გავიდა სახლიდან, მიდიოდა მამიდასთან ფონიჭალის დასახლებაში და არ არის მისული იქამდე. მის მერე არ ჩანს, ტელეფონი გამორთული… ჩემმა მეორე ბიჭმა მითხრა, რომ დაველოდოთ, იქნებ გამოჩნდეს და მოვიდესო. ვუცადეთ, არ გამოჩნდა და განვაცხადეთ დღეს. ვთხოვ რომ მომაძებნინონ და მიშველონ, იქნებ უჭირს რამე“ – აცხადებს ნიკა რუხაძის დედა, ნატო რუხაძე.
  • “რუსმა ინვესტორებმა თბილისში ომი მოუგეს თურქებს და ემირატებს“–რუსული ტელეარხის სიუჟეტი საქართველოზე

    რუსულ ტელეარხ Россия 1 –ზე საქართველოს შესახებ მომზადებული სიუჟეტი გავიდა, რომელიც საქართველოს რეალობას ისტორიულ კონტექსტში მიმოიხილავს. სიუჟეტის ავტორი, მაქსიმ კისილიოვი ხაზს უსვამს, რომ საქართველოში რუსულმა ენამ დაკარგული პოზიციები დაიბრუნა:
    “რუსული ენა, რომელიც ათი წლის წინ აქ კინაღამ დაიღუპა, მაინც გადარჩა. რუსული ენა უცხოურ ენებს შორის ამ მიწაზე კვლავ ყველაზე მოთხოვნადია. იქ, სადაც ორასი წელი ისე ცხოვრობდა, როგორც სახლში, ეკონომიკამ დააბრუნა. სამიდან ორი ტურისტი, რომელიც აქაურობას აწყდება ჩვენს ენაზე საუბრობს.“– ამბობს ჟურნალისტი.
    სიუჟეტის რესპოდენტია მოსკოველი ელენა, რომელიც უკვე სამი წელია ძველ თბილისში უძრავ ქონებას ყიდის რუსებზე, ანუ როგორც სიუჟეტის ავტორი ამბობს “ ამჟამად უკვე მხოლოდ ჩვენებზე.“ ჟურნალისტის თქმით “რუსმა ინვესტორებმა ადვილად  მოუგეს ომი თბილისური ეზოებისთვის თურქეთს და ემირატებს. “
    ელენა ამბობს, რომ ყველაზე აქტიური მყიდველები რუსები არიან. ყველა სხვა დანარჩენმა ქვეყანამ პირველობა რუსეთს დაუთმო.
    სიუჟეტის ავტორი ამბობს, რომ ბაზარმა რეაგირება მოახდინა მოთხოვნაზე და რუსული მენიუ ახლა ყველა რესტორანშია.
    ჟურნალისტი მაქსიმ კისილიოვი რუსულენოვან გრიბოედოვის თეატრსაც ეწვია და მის სამხატვრო ხელმძღვანელთან ინტერვიუც ჩაწერა. გრიბოედოვის საფლავზეც ავიდა და მისი შემოქმედების, ცხოვრებისა და საქართველოსთან კავშირის შესახებაც ისაუბრა. ჟურნალისტი თბილისის ისტორიას რუსულ კონტექსტში მიმოიხილავს. იხსენებს ვორონცოვს, რომელიც მისი თქმით ყველაზე პოპულარული რუსია საქართველოში.
    სიუჟეტში საქართველოს სხვადასხვა კუთხე მოხვდა. მისი ნაწილი ქართულ ღვინოს დაეთმო, ნალილი კი ქართულ ჩაის, რომელიც რუსი ჟურნალისტის თქმით კავკასიური “ნამესტნიკების“ გარეშე საერთდ არ იარსებებდა.
    “რუსეთის არმიას მათ იმდენად დიდი რაოდენობით სჭირდებოდა ჩაი, რომ საზღვარგარეთ მისი ყიდვა მეტისმეტად ძვირი დაუჯდებოდათ და ამჯობინეს იმპერიის ნაწილი ჩაის პლანტაციად გადაექციათ.“– ამბობს ჟურნალისტი.
    რა თქმა უნდა, სიუჟეტში მოხვდა სტალინის სახლმუზეუმი გორში.

  • აშშ–მ Huawei ნაციონალური უსაფრთხოებისთვის საფრთხედ ცნო და შავ სიაში შეიტანა

    აშშ–ს ვაჭრობის სამინისტრომ გადაწყვიტა ჩინური სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების მწარმოებელი კომპანია Huawei შავ სიაში შეიტანოს “ქმედებების გამო, რომლებიც აშშ–ს ნაციონალური უსაფრთხოების ინტერესებს ეწინააღმდეგება.“
    Huawei–სთან ერთად შავ სიაში მოხვდება მასთან დაკავშირებული კიდევ 70 კომპანია. ამერიკელ კომპანიებს, რომლებიც Huawei–ს რომელიმე მოწყობილობას ყიდიან ხელისუფლების სპეციალური ლიცენზია დაჭირდებათ. “ეს ნაბიჯი ხელს შეუშლის უცხოელების კუთვნილ კომპანიებს ამერიკული ეტქნოლოგიები ქვეყნის ნაციონალური უსაფრთხოების ხელყოფისთვის გამოიყენონ“– ნათქვამია ამერიკის ვაჭრობის მინისტრის განცხადებაში.
    ამერიკული ხელისუფლება ჩინურ კომპანიას ირანისთვის აკრძალული მომსახურების გაწევაში სდებს ბრალს ამერიკული სანქციების გვერდის ავლით, ასევე აშშ–ში ამ დარღვევების გამოძიების მსვლელობისას მართლმსაჯულების განხორციელების ხელშეშლაში ადანაშაულებს.
    გუშინ აშშ–ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ამერიკული საინფორმაციო– საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის უცხოური საფრთხეებისგან დასაცავად საგანგებო რეჟიმს აწესებს.
    თუმცა, ბრძანებაში არცერთი კონკრეტული კომპანია ნახსენები არ არის.გასული წლის აგვისტოში კი ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც აშშ–ს სახელმწიფო უწყებებს აეკრძალათ ჩინური Huawei–ს და კიდევ ერთი ჩინური კომპანია ZTE–ს მიერ წარმოებული მოწყობილობების გამოყენება.
    ტრამპის ბრძანებას ხელი იმ მომენტში მოეწერა, როცა ვაშინგტონი და პეკინი მოლაპარაკებებს განაგრძობენ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ომის შესაწყვეტად.ვაშინგტონი თვლის, რომ Huawei–ს ტექნოლოგიები შესაძლოა ჩინეთის სპეცსამსახურების მიერ იქნას გამოყენებული . თავად კომპანია მსგავს ბრალდებებს უარყოფს.
    ცოტა ხნის წინ აშშ–მ განაცხადა, რომ ხელს შეუშლის 5G ქსელების შექმნისას Huawei–ს მოწყობილობების გამოყენებას როგორც აშშ–ში, ისე სხვა ქვეყნებში.
  • ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ შეურაცხმყოფელი პოსტისთვის ბოდიში მოიხადა

    ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თაზო ფაცაციამ მის მიერ დაწერილი პოსტისთვის ბოდიში მოიხადა. 

    “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ჩადენილი პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებების გამო, როდესაც ადგილი ქონდა საკრებულოში შეჭრის მცდელობას, ვიყავი აღშფოთებული და ემოციურ ფონზე, ფეისბუქის პირად გვერდზე გამოვაქვეყნე მიუღებელი სტატუსი, რის გამოც, მინდა ბოდიში მოვუხადო ადრესატს და საზოგადოებას”, – წერს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ფეისბუქზე.

    თინა ბოკუჩავას შესახებ სექსისტური და შეურაცხმყოფელი შინაარსის პოსტი მან დღეს განათავსა.