Blog

  • RYANAIR სავარაუდოდ, თბილისისა და ქუთაისის აეროპორტების მიმართულებით იფრენს

    ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair ევროპის ქვეყნებიდან ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით სავარაუდოდ მალე  იფრენს -განცხადება ამის შესახებ აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა  გიორგი ჩოგოვაძემ გააკეთა.

    ჩოგოვაძის  თქმით, ირლანდიურ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და უახლოეს მომავალში ხელშეკრულება გაფორმდება.

    “დიდი ალბათობით კომპანია იფრენს როგორც თბილისის ასევე ქუთაისის აეროპორტების მიმართულებით”, – განაცხადა ჩოგოვაძემ.

    დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიის შემოსვლის ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.

  • ზუგდიდის საოლქო კომისიის სხდომა ხმაურით მიმდინარეობს

    ზუგდიდის საოლქო კომისიის სხდომა ხმაურით მიმდინარეობს.  გაერთიანებული ოპოზიციის წევრები  სხდომაზე დამატებით საკითხად იმ ვიდეო მასალის განხილვას ითხოვენ, რომელიც მათი მტკიცებით, უკანონო ფაქტს ასახავს ბეჭდების გაცემის შესახებ.

    ძალა ერთობაშიას წევრები აცხადებენ, რომ  ბეჭდები არ არის დალუქულ მდგომარეობაში და   კომისიის თავმჯდომარეების სახლებში ინახება. ოპოზიცია ასევე  მოითხოვს  საოლქო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის გადადგომის საკითხის განხილვას.

  • ყოფილი პრემიერი პოლიტიკურ პარტიას ქმნის -ელისო კილაძე

    ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკურ პარტიას ქმნის. 

    ინფორმაციას სოციალურ ქსელში „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ავრცელებს.

    “გიორგი ქობულია, შოთა შალელაშვილი, ბიძინა გეგიძე, ლევან კობერიძე, კობა ნარჩემაშვილი, ზაზა ხუციშვილი გიორგი კვირიკაშვილის ახალი პოლიტიკური პარტია?! სისხამ დილა მშვიდობისა, წილხვედრო“, – წერს კილაძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე.

  • ნიუ-იორკში ვერტმფრენი მდინარეში ჩავარდა

    ნიუ-იორკში ვერტმფრენი მდინარე ჰუდსონში ჩავარდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

    პილოტმა დროულად შეძლო ვერტმფრენიდან გამოსვლა,ხოლო  იქვე ნავზე მყოფმა ხალხმა მას დახმარება აღმოუჩინა. 

    ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. მაშველებმა მდინარიდან ვერტმფრენი ამოიყვანეს.

  • 250 ათასი ადამიანი პეტიციით ითხოვს რომ “სამეფო კარის თამაშები” ხელახლა გადაიღონ

    პოპულარული ამერიკული სერიალის “სამეფო კარის თამაშების” ფინალური სეზონით მაყურებელი უკმაყოფილოა. ფანების მრავალრიცხოვანი არმია უკმაყოფილოა სერიალში განვითარებული მოვლენებით, ეს უკმაყოფილება კი ძირითადად ფინალური სეზონის მე-5 ეპიზოდმა გამოიწვია.  ყველასათვის კარგად ცნობილი “დრაკონების დედა” დეინერის ტარგარიენი, რომელიც მთელი სერიალის განმავლობაში მონების გათავისუფლებით იყო დაკავებული, მოულოდნელად მონსტრად გადაიქცა და ათასობით უდანაშაულო ადამიანი დრაკონის ცეცხლით გაანადგურა. ფანები უკმაყოფილონი არიან ასევე პერსონაჟების განვითარების ხაზითაც. მათი აზრით სეზონის ერთადერთი დადებითი მხარე მხოლოდ სერიალის მუსიკალური გაფორმება და ლამაზად შერჩეული კოსტიუმებია.

    ამდენი იმედგაცრუების გამო ფანებმა სერიალის შემქმნელებს სამაგიერო გადაუხადეს და IMDB-ზე რეიტინგი მთლიანად გაუნადგურეს. მე-5 ეპიზოდს შეფასება მხოლოდ  6.8 აქვს, მე-4 ეპიზოდს კი 6.1.

    ფანების არმიამ არ იკმარა მხოლოდ რეიტინგის განადგურება და ერთ-ერთმა მაყურებელმა,  ჩათვალა რომ “სამეფო კარის თამაშები” ახალ ფინალურ სეზონს იმსახურებს  და შექმნა პეტიცია ამ მოთხოვნით.

    “დევიდ ბენიოფმა და დ.ბ ვაისმა დაამტკიცეს, რომ არიან არაკომპეტენტური სცენარისტები. მათ არ შეუძლიათ წერა, როცა არ აქვთ  (წიგნები), რომელსაც დაეყრდნობიან. ეს ისტორია იმსახურებს ფინალურ სეზონს, რომელსაც უფრო დიდი აზრი ექნება, მოაწერეთ ჩემს პეტიციას ხელი და ვაქციოთ ყოველივე ეს რეალურად”, — წერს ავტორი.

    ამჟამად პეტიციას ხელს 249,783 – ადამიანი აწერს. სულ კი 300 ათასი ადამიანის ხელმოწერაა საჭირო რომ პეტიცია გაიგზავნოს.

    იხილეთ პეტიცია

  • იტალიის ქალაქ ტურინის მერს კონვერტით ტყვია გაუგზავნეს

    იტალიის ქალაქ ტურინის მერს კიარა აპენდინოს ქაღალდის კონვერტით ტყვია გაუგზავნეს. ამის შესახები ტურინის მერი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს და ამბობს რომ მან არ იცის ვინ გაუგზავნა კონვერტი და რა იყო მისი მიზანი, ასევე ამბობს რომ კონვერტით გაგზავნილი ტყვია ნიშნავს იმას რომ ვიღაც ცდილობს მის დაშინებას თუმცა მას ვერ შეაშინებს და ისევ განაგრძობს  მერის მოვალეობების შესრულებას.

  • რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მუშები გაიფიცნენ

    რუსთავის  მეტალურგიულ ქარხანაში დასაქმებულთა ნაწილი გაიფიცა.

    150-მდე თანამშრომელი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ხელფასის 1000 ლარამდე გაზრდას და  8 საათიან სამუშაო დღეს ითხოვს.

    გაფიცულები აცხადებენ, რომ მათი ხელფასი 570 ლარია და 10 წელზე მეტია მათი ანაზღაურება არ გაზრდილა.

  • თბილისის ზოგიერთ უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

    გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს, თბილისის ზოგიერთ უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

    საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კანდელაკის ქუჩის მცხოვრებლებს. 10 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, ვეფხისტყაოსნის და მეფე მირიანის ქუჩების მცხოვრებლებს.10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაჟა-ფშაველას II კვარტლის მცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის V მიკრორაიონის მცხოვრებლებს. 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის VI მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ვარკეთილი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ვარკეთილის III დასახლების II, III, IV მიკრორაიონების, გარდაბნის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის, სამხედრო დასახლების, ნავთლუღის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, აფრიკის დასახლების, ლილოს დასახლების, ქინძმარაულის, გიორგი მაჩაბელის, გიორგი გურჯიევის, ირინა შტენბერგის, ქიზიყის, ჯამბულ წურწუმიას, ჭიჭინაძის, გიორგი გვაზავას, ილია ბახტაძის, მერაბ ქვილითაიას, ველის, ალადასტურის, კორნელი სანაძის, ირინე ალექსიძის, ემა ლალაევა-ედიბერიძის, ენუქიძის, გუმათჰესის, გიორგი ოდიშელიძის, გიორგი გურგენიძის, იდუმალის, ცისკარიშვილის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ორხევის, ენგურჰესის, მოსტკოვის, ჯავახეთის, თურაშაულის, ნიკოლოზ აფხაზის, ლევან რაზიკაშვილის, მებაღეობის, სესილია თაყაიშვილის, კუპრაძის, ნაზი შამანაურის და გახოკიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ისნის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება რაზიკაშვილის, კვალეთის, საინგილოს, გუმბრის, კაიშაურის, სამრეკლოს, ახალუბნის, ხივინის, ოძისის და შაქრიანის ქუჩების მცხოვრებლებს. 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II მიკრორაიონის, ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის, იოზეფ პილსუდსკის გამზირის და პატარიძის ქუჩის მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრომშენის დასახლების, საბანაკოს დასახლების, არველაძის, კალანდაძის, ამირეჯიბის, შერვაშიძის, წალენჯიხის, ნანეიშვილის, ონიანის, მიქელაძის, დურმიშიძის, აშშ პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის, აფანასიევის, ხაჩატურიანის, გელა მებაღიშვილის, ტოლენჯის და გიორგი ანწუხელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რიყის მიმდებარე ტერიტორიის და წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის მაცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიის, ილია ჭავჭავაძის გამზირის, გივი სვანიძის, გიორგი წერეთლის, ყიფშიძის, გაბაშვილის და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    კრწანისის რაიონში 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გრიშაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს. 13:30 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გორგასლის ქუჩის მცხოვრებლებს.

    მთაწმინდის რაიონში 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება რუსთაველის გამზირის, რევაზ ლაღიძის, ჩიტაძის, ბესიკის, გრიბოედოვის, ვასო აბაშიძის, ზურაბ ჟვანიას, მიტროფანე ლაღიძის, ლესია უკრაინკას, ძმები ზუბალაშვილების, ჭანტურიას, შევჩენკოს, ინგოროყვას და ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „დიდუბე“-ს მიმდებარე ტერიტორიის, რობაქიძის გამზირის, აკაკი წერეთლის გამზირის, აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის, ბაქოს და ესმა ონიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თორნიკე ერისთავის, ქსნის და კარალეთის ქუჩების მცხოვრებლებს. 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, ცოტნე დადიანის, მახინჯაურის, ჭყონდიდელის, ალექსანდრე მრევლიშვილის, დეპოს, საყვირის, კავთისხევის, წმინდა მელქისედეკ-I, კოხრეიძის, სვანეთის, ილურიძის და ეკა ბეჟანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ერწოს და ხევისუბნის ქუჩების მცხოვრებლებს.

    კომპანია  ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

  • დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები არჩევნების ჩაშლით იმუქრებიან

    გვიან ღამემდე იყვნენ შეკრებილნი ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები და ახლობლები ზუგდიდის სამხარეო პოლიციასთან. 

    ისინი ბესიკ დგებუაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვდნენ. მათი თქმით ბესიკ დგებუაძე უდანაშაულოა და ყურადღებას მისი ჯანმრთელობის  გაუარესებაზე ამახვილებენ.

    ძმები ბესიკ და ჯონი დგებუაძეები შსს-ს ზუგდიდის სამმართველოს თანამშრომლებმა 4 აპრილს გამთენიისას დააკავეს. როგორც ოჯახი ამბობს, დაკავება სასამართლო განჩინების გარეშე მოხდა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ორივეს ერთად გირაო შეუფარდა, რაც პროკურატურამ გაასაჩივრა.  ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბესიკ დგებუაძე პატიმრობაში დარჩა, რაც შეეხება მის ძმას ჯონი დგებუაძეს, მას 30 ათას ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

    ბესიკ დგებუაძეს, ქალაქის ცენტრში ბიზნეს მეწილეების ფიზიკური დაპირისპირების გამო, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს.

    დაკავებულის ახლობლები  ამბობენ, რომ 19 მაისს დაგეგმილი მერის არჩევნებს სოფელში არ ჩაატარებინებენ.

    “გირაოთი ჩემი შვილი გაანთავისუფლონ, ჩემ შვილზე არ ვრცელდება ეს იმიტომ რომ აქ ზის დიასამიძე, რომლის პირადი პატიმარია ჩემი შვილი,”-აცხადებს ბესიკ დგებუაძის მამა, ზაქრო დგებუაძე

  • 26 მაისს, 17:10 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ავტობუსებსა და მატარებლებში საქართველოს ჰიმნი შესრულდება

    საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, 17:10 საათზე, ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ჰიმნი შესრულდება.

    ღონისძიებების ორგანიზატორების განცხადებით, ჰიმნი მთელი ქვეყნის მასშტაბით – მოედნებზე, მატარებლებსა და ავტობუსებში გაჟღერდება.

    დრო სიმბოლურად შეირჩა, 17:10 საათი არის დრო, როდესაც 1918 წელს ნოე ჟორდანიამ საზოგადოებას საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნა მიულოცა და შესაბამის აქტს ხელი მოაწერა.

    ორგანიზატორები საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებენ, 26 მაისს ქალაქების მთავარ მოედნებზე შეიკრიბონ, რათა 17:10 საათზე, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი ყველამ ერთად შეასრულოს.