Blog
-
რუსული დროშები ბათუმის ქუჩებში 26 მაისს
რუსეთის დროშები და ტრანსფარანტები წარწერით “RUSSIA” – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს- ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე მსვლელობა როსტოვიდან ჩამოსულმა ანსამბლმა გამართა.
ქორეოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელის განცხადებით, მისთვის ცნობილია რა დღეს აღნიშნავს დღეს საქართველო და ისინი ბათუმში ფესტივალის ორგანიზატორის მოწვევით ჩამოვიდნენ.
ფესტივალი, რომელშიც როსტოვის ანსამბლი მონაწილეობს, აჭარის განათლების სამინისტროს მიერ არის ორგანიზებული.
”ეს არის ბავშვთა ფესტივალი და არა პოლიტიკა”-განაცხადა მინისტრმა აჭარის განათლების მინისტრმა ინგა შამილიშვილმა.

-
ილჰამ ალიევმა სალომე ზურაბიშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მისალოცი წერილი ილჰამ ალიევის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
„ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით გულწრფელად გილოცავთ თქვენ და ვულოცავ თქვენ ხალხს ეროვნულ დღესასწაულს – დამოუკიდებლობის დღეს!
აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობები, ჩვენი ხალხის ნებიდან გამომდინარეობს, რომლებიც ისტორიულად მეგობრულ და კეთილმეზობლურ პირობებში ცხოვრობდნენ. მაღალი დონის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები, რომელიც ასეთ მტკიცე ნიადაგს ეფუძნება, კმაყოფილებას იწვევს.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი, სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ურთიერთნდობას და მხარდაჭერას ეფუძნება, მომავალშიც განვითარდება და გაფართოვდება, ჩვენი ხალხების ინტერესების გათვალისწინებით.
ამ შესანიშნავ დღეს გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას საქმეში, ხოლო მეგობრულ ქართველ ხალხს – კეთიდლღეობას და აყვავებას ვუსურვებ“, – წერია ილჰამ ალიევის მისალოც წერილში.
-
თელავში საზეიმო ღონისძიებისთვის აშენებული სცენის კონსტრუქცია ჩაინგრა
თელავში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის დამონტაჟებულ სცენაზე გადახურვა ჩაინგრა. ფოტომასალა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა. რკინის კონსტრუქცია იმ დროს ჩავარდა, როცა კონცერტის სამზადისი სცენის მიღმა მიმდინარეობდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. კულტურის სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ამ მიზეზით კულტურულ ღონისძიებებში ცვლილება შევიდა. პირველი კონცერტი პირველის ნახევარზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ის სცენის აღდგენამდე გადაიდო.ფიქრია ყურშიტაშვილის თქმით, შემთხვევა სავარაუდოდ, კონსტრუქციის მაღლა აწევის დროს ძლიერმა ვიბრაციამ გამოიწვია. ამ წუთებში სცენის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ქალაქის ცენტრში კი დამთვალიერებელი თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებაში არსებულ ტექნიკას, ადგილობრივი და აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას იხილავს. ქალაქის მთავარ მოედანზე განთავსებულია ღვინის კომპანიების მიერ წარმოდგენილი ღვინოები. დღევანდელი დღე მოწვეული მომღერლების კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდება. -
“დამოუკიდებლობა სრულყოფილი ვერ იქნება, სანამ საოკუპაციო ხაზი გაივლის ჩვენს ტერიტორიებზე” – სალომე ზურაბიშვილი
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს 5 რეგიონში 463-მა რეკრუტმა სამხედრო ფიცი დადო. ფიცის დადების ცერემონიას თბილისში, თავისუფლების მოედანზე მთავრობის წევრები და თავდაცვის ძალების სარდლობა, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.ფიცის დადებამდე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას.შესრულდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი. ფიცის დადების ცერემონიის დასრულების შემდეგ, სიტყვით ქვეყნის მთავარსარდალი გამოვიდა.„ბატონებო, გილოცავთ სამხედრო ფიცის დადებას. გილოცავთ დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს. გასულ წელს ჩვენ აღვნიშნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი, რამაც მოგვცა საშუალება გაგვეზიარებინა იმ გზის მნიშვნელობა, რომელიც ქართულმა სახელმწიფომ დღემდე გაიარა. ეს არის გზა საქართველოს დაპყრობიდან მის გათავისუფლებამდე. ეს არის გზა სახელმწიფოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბებისა. გასულ წელს ჩვენ გავიხსენეთ ისინი, ვინც წინ უძღოდნენ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას და საფუძველი ჩაუყარეს 1918 წელს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებას. დღეს მერაბ კოსტავას 80 წელი შეუსრულდებოდა. 31 მარტს ზვიად გამსახურდიას 80 წლის თავი აღვნიშნეთ. მათი ბრძოლის გარეშე, იმ ადამიანების გარეშე, ვინც საბჭოთა ოკუპაციის პირობებში იბრძოდა თავისუფლებისთვის, საქართველო ვერ დაიბრუნებდა წართმეულ დამოუკიდებლობას 1991 წელს. დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მთელი ისტორია შეგვახსენებს, რომ იგი მუდმივად დასაცავი მონაპოვარია. ჩვენ მუდმივად უნდა ვაშენოთ, გავაძლიეროთ, დავიცვათ ის მთავარი საყრდენები რაზეც სახელმწიფოებრიობა დგას. მისი გამტკიცებისთვის დღევანდელ გამოწვევების ფონზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოების გაძლიერება, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნება. ჩვენს საზოგადოებას დიდი დაღი დაასვა ტოტალიტარიზმმა. მისგან საბოლოოდ ყოველ მხრივ გათავისუფლება არის ერთ ერთი რთული გამოწვევა. ბევრად უფრო რთული ვიდრე დამოუკიდებლობის პირველ წლებში წარმოგვედგინა. საბჭოური აზროვნება, ნაშთები დღესაც გვაბრკოლებს უკან გვწევს და ხელს უშლის ჩვენს თავისუფალ ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. განსხვავებული აზრის მიუღებლობა შიდა მტრის მუდმივი ძებნა, შეთქმულების თეორიების შეთხზვა და გავრცელება საბჭოური აზროვნების მაგალითებია. მხოლოდ საკუთარ თავში დარწმუნებული შერიგებული საზოგადოება შეძლებს სახელმწიფოს გაძლიერებას, მის გაერთიანებასა და გამთლიანებას. იმისთვის, რომ მივაღწიოთ მთავარ მიზანს, ოკუპაციის დაძლევას, ოკუპაცია პირველ რიგში ჩვენს თავში უნდა დავძლიოთ,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში ცხოვრობს სხვადასხვა ეთნოსის ბევრი მოქალაქე, რომელიც უნდა ფლობდეს ქართულ ენას. მისი თქმით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველჰყოს, რომ ყველა მოქალაქემ მცირე ასაკიდან ისწავლოს ქართული ენა.საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა, რომ იმ დრომდე სანამ რუსული მავრთულხლართებია საქართველოში, მისი დამოუკიდებლობა სრულყოფილი ვერ იქნება.“დამოუკიდებლობა სრულყოფილი ვერ იქნება, სანამ საოკუპაციო ხაზი გაივლის ჩვენს ტერიტორიებზე. დამოუკიდებლობა სრულყოფილი ვერ იქნება, სანამ ჩვენი მოქალაქეები, რუსეთის ძალადობრივი რეჟიმის მძველები იქნებიან,”-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.საქართველოს პრეზიდენტი ასეე დავით გარეჯის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიესალმება კომისიის მუშაობის განახლებას. -
დამოუკიდებლობის დღე თბილისში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება
საქართველოს დამოუკიდებლობის 101 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მთელი დღის განმავლობაში თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე სხვადსხვა კულტურულ-ეკონომიკური ღონისძიებები გაიმართება.
გამოფენები, მუსიკალური ღონისძიებები, ჯამბაზები, წარმოდგენები, ინსტალაციები, კონცერტები – ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ სხვადასხვა გასართობი პროგრამებისა, რომელიც თბილისის ცენტრში მისულ მოქალაქეებს დახვდებათ.
„წლევანდელი კონცეფცია არის – გააზიარე ცოდნა და ცოდნა თავის აზრში რა თქმა უნდა თავისუფლებას გულისხმობს. წარმოდგენილი არის ისტორიის ლაბირინთი, სადაც ჩვენ ვყვებით თბილისის ისტორიას სხვადასხვა ფოტომასალით. ასევე წარმოდგენილები არიან ის ადამიანები, ვინც ასე აკინძეს თბილისი და მოიტანეს ქალაქი დღემდე. ასევე ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტი გაიმართა,“-განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ სოფო ხუნწარიამ.
აწარმოე ქართულის პროექტის ფარგლებში რუსთაველის გამზირზე წარმოდგენილია ეკონომიკური სივრცეც, სადაც მცირე და მიკრო მეწარმეებმა საკუთარი პროდუქცია გამოფინეს.
„დღევანდელ დღეს ეკონომიკის სამინისტრო ეგებება მთელი საქართველოს მასშტაბით გაშლილი სამეწარმეო გემოფენებით. ჩვენ მოწყობილი გვაქვს ჩვენი მცირე და მიკრო მეწარმეების, ჩვენი პროგრამების ბენეფიციარების და პოტენციური ბენეფიციარების გამოფენები სხვადასხვა ქალაქში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს არამხოლოდ პროდუქციის გამოფენა და იმის წარმოჩენა თუ ჩვენი დახმარებით როგორ მუშაობენ, როგორ ამარაგებენ საქართველოს ბაზარს, როგორ გადიან ექსპორტზე,“-განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.
ღონისძიებაში მონაწილეობენ სტუდენტებიც სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან.
-
ხორუმი ლონდონის ქუჩაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს (ვიდეო)
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ლონდონში ქართული ცეკვების შემსწავლელი სტუდიის წევრები გაკვეთილზე ხორუმის ცეკვით მივიდნენ. ხორუმის ცეკვით გადაკვეთეს ზებრა გადასასვლელი აბი როუდზე. ვიდეოს სტუდიის ვებგვერდი აქვეყნებს. მოცეკვავეებს შორის არის ლონდონში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი ნათია აბრამია. -
ბრიტანეთის დედოფალი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოში ბრიტანეთის საელჩომ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორეს მისალოცი წერილი გამოაქვეყნა. მისი უდიდებულესობა დედოფალი ელისაბედ მეორე საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს:
“დიდი სიხარულით გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს და ბედნიერებას და წარმატებას ვუსურვებ საქართველოს მოსახლეობას.”
-
მერაბ კოსტავა არის მაგალითი, როგორ უნდა უყვარდეს სამშობლო საქართველოს ყველა მოქალაქეს–მამუკა ბახტაძე
პრემიერმა ბახტაძემ დილით მერაბ კოსტავას საფლავი მთაწმინდის პანთეონში ყვავილებით შეამკო და საქართველოს მოქალაქეებს 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.„დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს, მერაბ კოსტავას 80 წელი შეუსრულდებოდა. მის სახელთან ასოცირდება ეროვნული მოძრაობა, დიდი იდეა, რომელმაც ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა მოგვიტანა.მერაბ კოსტავა არის მაგალითი, როგორ უნდა უყვარდეს სამშობლო საქართველოს ყველა მოქალაქეს და როგორ უნდა იბრძოდეს მისი ეროვნული ინტერესებისთვის. ქედს ვიხრი მისი ნათელი ხსოვნის წინაშე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. -
“თუ გაბედავს მე შევხვდები” -მაჩალიკაშვილების ოჯახი სოსო გოგაშვილს პასუხობს
სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს ორი კვირის წინ შეხვედრა შეუთვალა.ამის შესახებ განცხადება მედიკო მარგოშვილმა შაბათის კურიერთან გააკეთა. მარგოშვილი თავს იკავებს, დაასახელოს იმ ადამიანის სახელი, ვისი პირითაც გოგაშვილმა ოჯახს შეხვედრა შეუთვალა.მარგოშვილის თქმით, გოგაშვილმა შეუთვალა, რომ თემირლანის მკვლელობის საქმეში ის უდანაშაულო იყო და შეეძლო ბიბლიასა და ყურანზე დაფიცება.„ორი კვირის უკან გოგაშვილმა გამომიგზანა კაცი ხეობაში… მიზანი იყო, რომ თემირლანთან არ იყო დამნაშავე, ყურანზეც დავიფიცებ, ჩვენებური ბიბლიითაც, რომ არ ვარ თემირლანის საქმეში გარეული. მე ამ კაცს ავუხსენი, მე არ ვამბობ, რომ იმ ღამეს იყო გოგაშვილი, გოგაშვილი იყო დილის 10:00 საათისთვის, მე რომ მეზობლის კარიდან გამოვედი და ჩემი შვილის ნახვას ვითხოვდი, მომიახლოვდა და მითხრა ზუსტად. მე არავინ არ მარიგებს, ჩემთვის არავის უთქვია, რომ გოგაშვილი მეხსენებინა იმიტომ, რომ ეს კაცი მე თვითონ ამოვიცანი სურათიდან, ზუსტად ეს კაცი იყო იმ დილით მე რომ დამელაპარაკა… მე ვუთხარი იმ კაცს, ვინც მომიგზავნა, იქნებ, რაღაც სურათებში ვცდები, იქნებ, წელიწადნახევარი გავიდა, რაც ამ კაცს ვთხოვ, თუ დამნაშავეა, რაღა ახლა გაახსენდა, ჩამოსულიყო, იქ ოცნების სახლთანაც ვიყავით, რომ ჩამოსულიყო და დამენახვე მეთქი თუ არ ხარ დამნაშავე, არ ჩამოვიდა არც იქ, წელიწადნახევარი გავიდა, ვადანაშაულებთ ამ პიროვნებას,“ – განაცხადა მარგოშვილმა.მედიკო მარგოშვილის თქმით, შეხვედრის თარიღის დაგეგმვის შემდეგ გოგაშვილი ოჯახს არ შეხვდა.„თანახმა ვიყავი და ველოდებოდი ერთი კვირა, რომ პასუხი არ მივიღე, დავურეკე იმ კაცს, რატომ არ შემხვდა ეს პიროვნება, ჩვენი შეხვედრა გაუქმდაო, არ ვიცი, რის გულისთვის, ან რა მიზეზით. მაშინ მე იმ კაცს ვუთხარი, ახლა უფრო ზუსტად დავრწმუნდი, რომ ეს თვითონ არის დამნაშავე და იმაზე არ უნდა ჩემთან შეხვედრა,“ – განაცხადა მარგოშვილმა.მაჩალიკაშვილების ოჯახი ამბობს, რომ გოგაშვილი ვერ გაბედავს მათთან შეხვედრას.“თქვენ როგორ გგონიათ, მაგის კაცობა აქვს მაგას, შემხვდეს? ის არ გაბედავს, რომ შემხვდეს, უიარაღოდ, შიშველ კაცს. არ გაბედავს, რომ შემხვდეს. თუ გაბედავს, მე შევხვდები,“ – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.მაჩალიკაშვილების ოჯახი შაბათის კურიერში მას შემდეგ ჩაერთო, რაც ეთერში გავიდა სოსო გოგაშვილის ინტერვიუ. ინტერვიუში სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე აცხადებდა:
„მაჩალიკაშვილს დაუდგა ერთ-ერთი პოლიტიკური ძალა გვერდში, ნაციონალური მოძრაობა და მე უბრალოდ ვთვლიდი, რომ ამ ადამიანს ისინი, სპეციალურად აძახებდნენ. შვილმკვდარ მამას იყენებდნენ ისინი.
ის ადამიანი ამას რომ იძახდა, იქამდე სანამ შევიტყობდი, რომ ის მკვლელობას გეგმავდა ჩემსას, ის ადამიანი, როცა ჩემს სახელს იძახდა ანუ მე ვთვლიდი, რომ მას ამას ეუბნებოდნენ და ის ამ შეკვეთას ასრულებდა და იძახდა ამ სახელს იმიტომ, რომ იქამდე ნაციონალურ მოძრაობას და მის წევრებს და მასთან ასოცირებულ ადამიანებს ძალიან ბევრი ცილი დაუწამებია ჩემთვის, თვითონ ნაცმოძრაობის წევრებსაც და მათ ახლობლებს და მეგობრებსაც და მე ვთვლიდი, რომ ის ადამიანიც ამას აკეთებდა იქამდე, სანამ მე არ დავრწმუნდი იმაში, რომ მან დაიჯერა ეს და დაგეგმა ჩემი მიკვლა და ჩემი ოჯახის. იმ ადამიანს მართლა დააჯერეს, რომ მე ვიყავი ბრძანების გამცემი,“ – განაცხადა გოგაშვილმა.
სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილმა დაიჯერა, რომ სპეცოპერაციაში მისი შვილის მკვლელობის ბრძანება მართლა გოგაშვილმა გასცა.