Blog

  • ქართული ფილმი კანის კინოფესტივალზე საუკეთესოთა შორის მოხვდა

     

    ქართული ფილმი კანის კინოფესტივალის ერთ-ერთი ფავორიტია. ლევან აკინის “და ჩვენ ვიცეკვეთ” 70-მდე კინოკრიტიკოსის მაღალი შეფასებით საუკეთესოთა შორის მოხვდა და რეიტინგში მეშვიდე ადგილიც დაიკავა. შემოქმედებითი ჯგუფისთვის, რომელიც საქართველოში კანის კინოფესტივალის დასრულების შემდეგ დაბრუნდა, აღიარება მოულოდნელი აღმოჩნდა.
  • სამეფო კარის თამაშების მსახიობების რეაქცია ფინალის სცენარის წაკითხვისას. ინტერნეტში ვიდეო გამოჩნდა

    როგორც გაირკვა, საკულტო სერიალის ფინალი შოკის მომგვრელი არა მხოლოდ მაყურებლისთვის, არამედ მსახიობებისთვისაც აღმოჩნდა. ინტერნეტში გამოჩნდა ემილია კლარკის და კიტ ჰარინგტონის რეაქციის ამსახველი ვიდეოკადრები, როცა მათ სამეფო კარის თამაშების ფინალის სცენარი წაიკითხეს. კადრების მიხედვით სამსახიობო შემადგენლობა ფინალის სცენარმა აშკარად გააოგნა.
    სერიალის ტვიტერის გვერდზე გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც ჯონ სნოუს როლის შემსრულებელი კიტ ჰარინგტონი იგებს, რომ მას საკუთარი დეიდის, ასევე შეყვარებულის, დეიენერის ტარგარიანის მოკვლა მოუწევს.
    კიტმა თავში ხელები წაივლო და ცრემლები ძლივს შეიკავა. ხან პირზე ხელს იფარებდა და ემილიას უყურებდა, რომელიც ამ დროს სკამზე ჩაცურდა.
    {{VIDEO}}

    ვარისის როლის შემსრულებელმა, კონლეტ ჰილზმა იმის წაკითხვის შემდეგ, რომ მის გმირს მეხუთე, ბოლოს წინა ეპიზოდში მოკვლას უპირებდნენ, საერთოდაც შეწყვიტა სცენარის კითხვა. მოგვიანებით აღიარა, რომ სიუჟეტის ასეთი შემობრუნება გულთან მეტისმეტად ახლოს მიიტანა.

    {{VIDEO}}
    სამაგიეროდ არია სტარკის მიერ ღამის მეფის და მისი არმიის განადგურების ამბავი მსახიობებმა სიხარულით მიიღეს. ამავე ვიდეოში ჩანს, რომ კლარკი განაწყენდა, როცა გაიგო რომ ბრძოლაში დეიენერისის დაცვისას მისი ერთგული ჯორაჰ მორმონტი იღუპება(მსახიობი იენ გლენი).
    {{VIDEO}}
  • “პროვოკაციებს არ უნდა ავყვეთ”-საქართველოს პატრიარქი განცხადებას ავრცელებს

    საქართველოს პატრიარქი დავით გარეჯში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

    “ბოლო დროს გარეჯის მრავალმთის უდაბნოსთან დაკავშირებით, განვითარებული მოვლენების ანალიზი ტოვებს შთაბეჭდილებას იმისა, რომ, საეკლესიო თემიდან გამომდინარე, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სერიოზული პრობლემების შექმნა სურს სხვა ძალას, რომელიც თავისი მიზნის განხორციელებისთვის, სამწუხაროდ, დასაყრდენს პოულობს როგორც ერთ, ისე მეორე ქვეყანაში.

    მაგრამ პროვიკაციებს ადვილად არ უნდა ავყვეთ!

    მაშინ, როდესაც სახელმწიფოთა შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება, როდესაც ეკლესია ჯერ არ ჩართულა განხილვებში, როდესაც არსებობს აზერბაიჯანულ მხარესთან ურთიერთობის არაერთი საშუალება, როდესაც შესაძლებელია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მეგობარი ქვეყნების დახმარებით პრობლემის ცივილურად და სამართლიანად გადაწყვეტა, ამ რესურსების უგულვებელყოფა და მკვეთრი განცხადებებისა და ქმედებების განხორციელება სწორედაც, რომ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ვფიქრობთ, დაძაბულობის კერის შექმნა აზერბაიჯანული მხარისთვისაც მიუღებელი უნდა იყოს.

    მივმართავთ ყველას, ვისთვისაც მტკივნეულია ეს პრობლემა, აუცილებელია შევინარჩუნოთ სიმშვიდე; აუცილებელია გამოვიჩინოთ მეტი კეთილგონიერება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით მოვუწოდებ სასულიერო პირებს და მრევლს.

    ასევე მივმართავთ როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის ხელისუფალთ, წარმართონ ინტენსიური მოლაპარაკებები სამართლიანობის დასადგენად, რათა ჩვენს ხალხებსა და ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა შენარჩუნდეს და გაღრმავდეს.

    თავის მხრივ, საქართველოს ეკლესია გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში და ვიმედოვნებთ, ორივე მხარე ღვთის წყალობით, შევძლებთ პრობლემების დაძლევას.

    ამასთან აზერბაიჯანის ხელისუფლებასა და ხალხს ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებთ მშვიდობასა და კეთილდღეობას”,-აღნიშნულია პატრიარქის  განცხადებაში.

  • „რუსთავი 2 ამით არაფერს წააგებს,უბრალოდ თქვენი აქციები აღარ გაშუქდება“ – გვარამია მაღაროელებს

    „რუსთავი 2 ამით არაფერს წააგებს,უბრალოდ თქვენი აქციები აღარ გაშუქდება“ -ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში მოშიმშილე მარაროელებს ვიდეომიმართვით ეხმაურება.
    გვარამიას თქმით, მაღაროელებმა უნდა აღიარონ რომ ბიძინა ივანიშვილის გამო შიმშილობენ.მისი განცხადებით, ტელეკომპანიის ჟურნალისტებს ჭიათურაში აგრესიით ხვდებიან,ხოლო ამ პირობებში აქციების გაშუქება აღარ მოხდება.

    , ძალიან უცნაური ვითარებაა, ჩვენს გადამღებ ჯგუფებს ხვდებიან აგრესიით, ამიტომ უკან მომყავს ჯგუფები ჭიათურიდან. მათ არ მოსწონთ ჩემი პოზიცია, რასაც სოციალურ ქსელში ვწერ და სწორედ ამიტომ ერჩიან ჩემს თანამშრომლებს. არ გინდათ რომ გავაშუქოთ ჩვენი პრობლემები? ნუ გინდათ! ჩვენ არ მივიყვანთ საქმეს იქამდე რომ ჩემს ჟურნალისტებზე თავდასხმა გახორციელდეს. ასეთი შემთხვევები ადრეც ხდებოდა, მათ შორის ქუთაისშიც, რაც ძალიან საეჭვოა. მე ჩემს აზრს გამოვხატავ და მგონია, რომ სწორადაც ვფიქრობ. ამიტომ, არასდროს ჩემი აზრის გამოხატვისთვის ბოდიშს არ მოვიხდი. ჯერ ხმა მიეცით, მერე ,,რუსთავი 2-ს” ჯგუფები გამოუგდეთ, შემდეგ გვარამია აგინეთ, ეს თქვენი პრობლემაა, ,,რუსთავი 2-ს” ამით ვერაფერს დაუშავებთ, უბრალოდ თქვენი აქციები აღარ გაშუქდება და მასზე რეაგირება არ იქნება..კარგად ბრძანდებოდეთ თუ დაგჭირდებათ რუსთავი 2 ჩვენ მოვალთ”- ამბობს გვარამია.

  • ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორი თანამდებობას ტოვებს

    ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორი, აკაკი გურჯიძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას “ჯორჯიან მანგანეზში” ადასტურებენ.

    “ის სრულად იაზრებს არსებულ ვითარებას და აცხადებს, რომ, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ეს ყველაზე ოპტიმალური ნაბიჯია”, — ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    ჭიათურაში მაღაროელები  ხელფასების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ, მათი დიდი ნაწილი შიმშილობს. 

    ჯორჯიან მანგანეზმა პირველ ეტაპზე 15-პროცენტიანი და შემდეგ 10-პროცენტით ხელფასების ზრდა შესთავაზა. წარმომადგენლებისა და გაფიცული მაღაროელების შეხვედრა გუშინ, 26 მაისს უშედეგოდ დასრულდა. მაღაროელები პირველ ეტაპზე ხელფასის 50%-იან ზრდას ითხოვენ.

  • როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი ჭავჭავაძის გამზირზე

    ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი იწყება. 

    თბილისის მერიის ინფორმაციით,ტრანსპორტის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში მოძრაობა შეიზღუდება  ჭავჭავაძის გამზირზე ვარაზის ხევიდან ატენის ქუჩამდე მონაკვეთში.

    ცალმხრივი მოძრაობის მიმართულებები შეიცვლება:

    • კეკელიძის ქუჩაზე ვარაზისხევიდან ჟვანიას ქუჩის მიმართულებით;
    • ფალიაშვილის ქუჩაზე, კეკელიძიდან მირცხულავას ქუჩამდე მონაკვეთზე (კეკელიძიდან ვაკის პარკისკენ;)
    • მირცხულავას ქუჩის, ფალიაშვილის ქუჩისა და ჭავჭავაძის გამზირს შორის მონაკვეთი (ფალიაშვილიდან ჭავჭავაძისკენ);
    • პეტრიაშილის ქუჩაზე, ბარნოვის ქუჩიდან მელიქიშვილის გამზირისკენ

    ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება:

    • არაყიშვილის ქუჩის, ფალიაშვილისა და აბაშიძის ქუჩებს შორის მონაკვეთი (ფალიშვილიდან-აბაშიძისკენ);
    • აბაშიძის ქუჩაზე, არაყიშვილიდან მრგვალი ბაღის მიმართულებით;
    • ბარნოვის ქუჩაზე, მრგვალი ბაღიდან პეტრიაშვილს ქუჩამდე.

    ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები

    დიდი ტევადობის ავტობუსები

    ავტობუსები – N9, N21, N51 და N88 გმირთა მოედნიდან ვარაზისხევისა და ჭავჭავაძის გამზირის ნაცვლად, მოძრაობას საბურთალოს მიმართულებით განაგრძობენ. ისინი კოსტავას ქუჩიდან მიროტაძის ქუჩაზე შეუხვევენ და შემდეგ – პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირებს გაივლიან.

    ვაჟა ფშაველას გამზირიდან:

    N21 ავტობუსი შეუხვევს ანჯაფარიძის (ყოფ. სანდრო ეულის) ქუჩაზე და მოძრაობას უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან დაასრულებს;
    N88 ავტობუსი დაუკავშირდება მარიჯანის ქუჩას და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს (ნუცუბიძის ქუჩა-ნუცუბიძის მე-2 და მე-4 მ/რ);

    N9 და N51 ავტობუსები შეუხვევენ თამარაშვილის გამზირზე, საიდანაც გიორგი წერეთლის ქუჩით ჭავჭავაძის გამზირს დაუკავშირდებიან და მოძრაობას ბაგების მიმართულებით განაგრძობენ;
    ზემოთჩამოთვლილი ავტობუსები უკუმიმართულებით ანალოგიური სქემით იმოძრავებენ და ყაზბეგისა და პეკინის გამზირების გავლით მოხვდებიან კოსტავას ქუჩაზე, შემდეგ კი ჩვეული მარშრუტით განაგრძობენ.

    დროებით დამოკლდება N61 და N140 ავტობუსების მარშრუტები:

    N61 ბაგებიდან ჭავჭავაძის გამზირზე ატენის ქუჩის გადაკვეთამდე იმოძრავებს, საიდანაც კვლავ ბაგების მიმართულებით მიბრუნდება;
    N140 ავტობუსი თამარაშვილის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობისას ასევე, ატენის ქუჩის გადაკვეთაზე მობრუნდება, შემდეგ იგი გაივლის ჭავჭავაძისა და თამარაშვილის გამზირებს და მოძრაობას პოლიტკოვსკაიას ქუჩის მიმართულებით განაგრძობს.

    ანალოგიურად, N87 ავტობუსიც თამარაშვილის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირზე ატენის ქუჩამდე იმოძრავებს. უკუმიმართულებით მოძრაობისას იგი კვლავ გაივლის ჭავჭავაძისა და თამარაშვილის გამზირებს, საიდანაც დაუკავშირდება ჯერ ყაზბეგის გამზირს, შემდეგ პეკინის გამზირს, მერაბ კოსტავას ქუჩას, გმირთა მოედნიდან ვარაზისხევში აუხვევს და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს.
    პატარა ტევადობის ავტობუსები და მიკროავტობუსები
    N34 და N59 ავტობუსები და მიკროავტობუსები: N32, N35, N120, N126, N137, N170 და N202 ვარაზისხევის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირის ნაცვლად, მოძრაობას კეკელიძის ქუჩაზე განაგრძობენ, შემდეგ გაივლიან ფალიაშვილის ქუჩას და მირცხულავას ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირს დაუკავშირდებიან.

    უკუმიმართულებით ისინი ჭავჭავაძის გამზირიდან აუხვევენ არაყიშვილის ქუჩაზე, გაივლიან ფალიაშვილის ქუჩას, კვლავ მირცხულავას ქუჩას, აბაშიძის ქუჩას, მრგვალ ბაღს, შემდეგ ბარნოვისა და პეტრიაშვილის ქუჩებს, საიდანაც მოძრაობას მელიქიშვილის გამზირზე განაგრძობენ.

    N66 ავტობუსი ვარაზისხევიდან ასევე, კეკელიძის ქუჩას დაუკავშირდება, გაივლის ფალიაშვილის ქუჩას, რის შემდეგაც მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს.
    უკუმიმართულებით იგი მრგვალი ბაღიდან მოძრაობას განაგრძობს ბარნოვის ქუჩაზე, ჩაუხვევს პეტრიაშვილის ქუჩაზე, საიდანაც მელიქიშვილის გამზირს დაუკავშირდება.

    N85 მარშრუტი N87-თან დუბლირების გამო დროებით შეწყვეტს ფუნქციონირებას.

  • “ნუ მისტირით ქალბატონო ეკა ამ სკამს, შემიძლია გაჩუქოთ”-ოხანაშვილი ბესელიას

    სხდომაზე დაპირისპირება „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას მოჰყვა, რომელიც იუსტიციის საბჭოში დამტკიცებული სამი არამოსამართლე წევრის უკან გაწვევას შეეხებოდა.

    ანრი ოხანაშვილმა გააკრიტიკა გიგა ბოკერიას განცხადებები.

    „ბატონო გიგა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თქვენი აქ მოსვლა განპირობებული იყო ერთი მთავარი არგუმენტით, რომ სამართლებრივ საკითხებში იყავით ძალიან სუსტად და აქეთ მოგვთხოვეთ თურმე, ჩვენ უნდა გვეთქვა და აგვეხსნა თქვენთვის, არაჯეროვანი შესრულება რას ნიშნავს. ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ხართ ამ თვალსაზრისით, რომ ვერ ენდობით კომიტეტში თქვენს იმ წევრებს, რომლებსაც საკითხი უნდა წარმოედგინათ და მოხვედით აქ იმისთვის, რომ თქვენი სუბიექტური ინტერესი გაგეტარებინათ,“ – განაცხადა ოხანაშვილმა.

    სხდომაზე იმყოფებოდა ასევე შალვა შავგულიძე, რომელმაც „ოცნების“ წევრების განცხადებები გააკრიტიკა.

    „გაქვთ დავალება და ვალდებულება, რომ ეს წინადადება არ უნდა მიიღოთ, გადაგყავთ თემა რაღაც პოლიტიკურ შეკითხვებზე, არის თუ არა მავანი პოლიტიკური პატიმარი და ა.შ. ეს მიუთითებს ზუსტად იმ სამწუხარო ფაქტზე, რომ “ქართულ ოცნებას” აქვს დანაშაულებრივი გარიგება იუსტიციის საბჭოს იმ კლანთან,“ – აღნიშნა შავგულიძემ.

    ამაზე პასუხად კი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა მიმართა კითხვით შავგულიძეს, რომ დაეკონკრეტებინა, რას ფიქრობს, არის თუ არა ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარი.

    „რატომ განერვიულდით. პასუხი გაგვეცით, არის თუ არა პოლიტპატიმარი ვანო მერაბიშვილი. ქალბატონი ელენე თვლის, რომ პოლიტპატიმარია, ბატონი გიგა თვლის პოლიტპატიმარია, თქვენ როგორ თვლით,“ – აღნიშნა მათიკაშვილმა.

    დაპირისპირება ოხანაშვილსა და ეკა ბესელიას შორსაც მოხდა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიას კრიტიკასაც უპასუხა – „ნუ მისტირით ქალბატონო ეკა ამ სკამს, შემიძლია გაჩუქოთ ეს სკამი… გაჩუქებთ ამ სკამს, შეგიძლიათ წაიღოთ სახლში.“

  • ლარი კვლავ გაუფასურდა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7811 ლარი გახდა.

    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და მისმა ღირებულებამ 2.7811 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7802 ლარი იყო. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებით 0.09 თეთრით გაუფასურდა.

    გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.1129 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1102 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.27 თეთრი შეადგინა.

    გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4594 ლარს შეადგენს, ხოლო უცვლელი დარჩა ბრიტანული ფუნტი და 3.5275 ლარი ეღირება.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 28 მაისიდან შევა ძალაში.

  • ტყიბულში მუშა ჩამოშლილმა მიწამ ქვეშ მოიყოლა- მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია

    ტყიბულში, ქვა-ნახშირის კარიერში მიწისა და ქვა-ნახშირის მასა ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა. ამ წუთებში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

    ადგილზე მობილიზებულია იმერეთის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სპეციალური ტექნიკა. მამაკაცის გადასარჩენად სამაშველო ოპერაციაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველთა ჯგუფი.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

  • ზესტაფონში საქართველოს რკინიგზის ორ თანამშრომელს საწყობში რელსები დაეცა

    ზესტაფონში, საქართველოს რკინიგზის ერთ-ერთ ობიექტზე ორი თანამშრომელი დაშავდა. ისინი საწყობში იმყოფებოდნენ რა დროსაც, რელსები დაეცათ. დაშავებულები ზესტაფონის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

    ექიმების ინფორმაციით, პაციენტი საავადმყოფოში  საშუალო სიმძიმით ორივე ქვედა კიდურის მოტეხილობით შეიყვანეს, მამაკაცი  რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

    რაც შეეხება მეორე დაშავებულს, ის „ჯეო ჰოსპიტალიდან“ ქუთაისში, რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.