Blog

  • #გამოიხედე-ამომრჩევლის გასააქტიურებლად ახალი კამპანია დაიწყო

    ფეისბუქზე კამპანია “გამოიხედე” დაიწყო. კამპანიის ჩატარება თავისუფალი აქტივისტების ინიციატივაა და  ამომრჩევლის გააქტიურებას ისახავს მიზნად. “

    აქტივისტებმა კამპანია უკვე დაიწყეს, ისინი დილიდან   მთაწმინდის ამომრჩეველთან მიდიან და არწმუნებენ, რომ  მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. 

    მათი განცხადებით, კამპანია მოხალისეობრივია და  სხვებსაც მოუწოდებენ, ჩაერთონ.

  • “პოლიტიკაში ამაზე მეტის გაკეთებას არ ვაპირებ. საკმარისად გავილანძღე”-ნინი ქარსელაძე

    “პოლიტიკაში ამაზე მეტის გაკეთებას არ ვაპირებ. საკმარისად გავილანძღე”- ამის შესახებ მომღერალმა “კვირის პალიტრასთან”  ნინი ქარსელაძემ განაცხადა და მისი პოლიტიკური აქტივობების მიზეზებზე ისაუბრა.

    “მე ვიყავი ყველაზე აპოლიტიკური ადამიანი, მაგრამ “ნაციონალებმა” მაიძულეს,­ პოლიტიკურად აქტიური გავმხდარიყავი. წლების განმავლობაში ჩემი საყვარელი ადამიანებისგან ზემოდან მიღებული დირექტივების გამო წითელი ხაზი მქონდა გადასმული და ვერც ერთ კონცერტში ვერ ვმღეროდი, იმიტომ, რომ ჩემი ოჯახი იყო ხელისუფლებისადმი­ ოპოზიციურად განწყობილი. ბევრჯერ დამწყვეტია გული და ამიტომაც მომიხდა ჩემი შეხედულებების დაფიქსირება, თუმცა პოლიტიკაში ამაზე მეტის გაკეთებას არ ვაპირებ. საკმარისად გავილანძღე საპრეზიდენტო არჩევნების დროს, გული მწყდება და განვიცდი, მაგრამ რას ვიზამთ, ენას ძვალი არა აქვს. სამწუხაროდ, ადამიანებს ყველაფრის თქმის უფლება და საშუალება მისცა სოც­ქსელმა, ამისგან ვერავინ დავიცავთ თავს.”-განაცხადა ქარსელაძემ.

  • “ამპარტავნულია,რაც რელიგიური გაგებით მძიმე ცოდვაა“–ხუხაშვილი პრეზიდენტის ჯვრით მსვლელობაზე

    პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ჯვრით ხელში წმინდა ნინოს მარშრუტზე მსვლელობას ექსპერტი გია ხუხაშვილი აფასებს:
    “ყველა ჩვენი ქმედება ფასდება იმით, თუ რა შინაარსს ვდებთ მასში და რა ფორმით გამოვხატავთ ჩვენს სათქმელს. თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში მთავარი შინაარსია და ფორმა მეორეხარისხოვანი, პოლიტიკაში ფორმას ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება და ამ მხრივ დაშვებულმა შეცდომამ შესაძლოა მთლიანად გადაფაროს შინაარსი.
    მიზანი, რისი დემონსტრირების სურვილიც შესაძლოა ჰქონდა ზურაბიშვილს დავით-გარეჯის და პილიგრიმობის ეპიზოდებში, შესაძლოა კეთილშობილური იყო თავისი შინაარსით. მაგრამ ორივე შემთხვევაში საკამათო ფორმამ გადაფარა არსი და კრიტიკის და ქილიკის ობიექტი გახადა პრეზიდენტი.
    რა მაქვს მხედველობაში.
    დავით-გარეჯზე უკვე ბევრი ითქვა, ამიტომ მხოლოდ მის პილიგრიმობას შევეხები. შესაძლოა მას კეთილშობილური მიზნები ამოძრავებდა, როდესაც ამას აკეთებდა და ეს მისასალმებელია.
    რაც შეეხება ფორმას:
    მსვლელობის სამი დისპოზიცია იყო შესაძლებელი განსხვავებული სიმბოლიკით.
    1. წინ მიდის სასულიერო პირი და უკან მიყვება პრეზიდენტი, როგორც მრევლის რიგითი წარმომადგენელი.
    2. სასულიერო პირი და პრეზიდენტი მიდიან გვერდი-გვერდ.
    3. პრეზიდენტი მიდის წინ და სასულიერო პირი მიყვება უკან.
    პირველი თანამედროვე გაგებით სწორია, მეორე ნორმალურია დიდი განსაცდელის პირობებში, როდესაც ერი და ბერი ერთად დგანან, მესამე არაფერში ჯდება და ამპარტავნულია, რაც რელიგიური გაგებით მძიმე ცოდვაა…“– ამბობს ხუხაშვილი.
  • თიბისის და საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით „გალერია თბილისში“ ახალი სასტუმრო „რადიუსი“ გაიხსნა

    საქართველოს თანაინვესტირების ფონდის და თიბისი ბანკის ფინანსური მხარდაჭერით თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე არსებულ მრავალფუნქციურ ცენტრ „გალერია თბილისში“, ქართული ბრენდის ახალი სასტუმრო „რადიუსი“ გაიხსნა.

    ქალაქის ცენტრში არსებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე ტიპის 78 ნომრიანი სასტუმრო, საშუალო საფასო სეგმენტზეა გათვლილი და სტუმრებს კომფორტულ გარემოს სთავაზობს. სასტუმროში განთავსებული ხუთი სხვადასხვა კატეგორის ოთახი მორგებულია სოციალურად აქტიურ სტუმრებზე, მათზე ვისაც სურთ ხელმისაწვდომ ფასად დაისვენონ ქალაქის ცენტრში და განახორციელონ წარმატებული ბიზნეს და ტურისტული ვიზიტები საქართველოში.

    „ჩვენი მიზანია, ქალაქის ცენტრში გაჩნდეს სივრცე, სადაც ადამიანი სასიამოვნო და კომფორტულ გარემოში შეძლებს დასვენებას და განტვირთვას. მომხმარებელს ვპირდებით, რომ მუდმივად შევთავაზებთ საინტერესო სიახლეებს. – აცხადებს სასტუმრო „რადიუსი“-ს გენერალური დირექტორი ელენე შარიქაძე. “

    “ ტურიზმი, უდაოდ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვანი სექტორია. 2018 წელს მხოლოდ ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 3,2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

    მნიშვნელოვანია ქვეყანამ შეძლოს ამ რაოდენობის სტუმრების მიღება და უზრუნველყოს ხარისხიანი სერვისის მიწოდება. ამასთან, იმისთვის რომ შევძლოთ კონკურენციის გაწევა სხვა ტურისტული ქალაქებისთვის, რეგიონი მზად უნდა იყოს ყველა სეგმენტის მომსახურებისთვის. აქედან გამომდინარე ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულები სხვადასხვა ტიპის პროექტებში, იქნება ეს მცირე ზომის სასტუმრო, თუ საერთაშორისო გამოცდილების მქონე ბრენდი.”-აცხადებს თიბისი კაპიტალის საინვესტიციო საბანკო დეპარტამენტის მმართველი დირექტორი მერი ჩაჩანიძე.

    სასტუმროს დიზაინი, რომელიც თანამედროვე ურბანული ცხოვრების სწრაფ რიტმს განასახიერებს, უზრუნველყო ქართულმა კომპანიამ „დეფანი“. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ სასტუმროში განთავსებულია ქართველი, თანამედროვე ფერმწერის გია გუგუშვილის ნემუშევრები რაც სასტუმროს განსაკუთრებულ იერს სძენს.

    სასტუმრო „რადიუსს“ ოპერირებას უწევს შპს „სასტუმროების მართვის კომპანია“, რომელიც 2015 წელს დაარსდა და ოპერირებას უწევს შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფს“. აღნიშნული კომპანია ერთადერთია საქართველოში, რომელიც სასტუმროების ქსელის: Marriott International – ის ფრანჩიზის ოფიციალური ლიცენზიის მფლობელია.

  • მოლოდინები, რომ მეორე ინსტანციის დონეზე რაღაც შეცვლილიყო, გამართლდა-კობახიძე

    პარლამენტის  თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების საქმეზე კალანდიას დაკავების ფაქტი შეაფასა. მისი განცხადებით, დღევანდელი დაკავებით მოლოდინები გამართლდა.

    „როდესაც იყო ამ საკითხის განხილვა სხვადასხვა ფორმატში, ყოველთვის ვამბობდით, რომ უნდა დაველოდოთ გამოძიებას და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას. ეს საქმე განხილული იყო პირველი ინსტაციის დონეზე და ხედავთ, რომ მეორე ინსტანციის დონეზე უკვე არის ცვლილებები. რა თქმა უნდა, ეს ცვლილებები გამოიწვია დამატებითმა მონაცემებმა, რომელიც მიიღო სასამართლომ ამ საქმესთან დაკავშირებით. ეს იყო ჩვენი პოზიცია და ხედავთ, რომ მეორე ინსტაციის დონეზე, მოლოდინები, რომ რაღაც შეცვლილიყო, გამართლდა“, – განაცხადა  კობახიძემ.

    შეგახსენებთ, დღეს ხორავას ქუჩის საქმეზე  მიხეილ კალანდია დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით,  კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული.

  • 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7648 ლარი გახდა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7648 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7648 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7793 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0145 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1110 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1081ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0029 ლარი შეადგინა.

  • დღის წესრიგში ვაყენებთ, რომ დაიწყოს გამოძიება სამოხელეო დანაშაულის ნიშნით – ომბუდსმენი

    ხორავას ქუჩის საქმეზე  მიხეილ კალანდიას დაკავებასთან დაკავშირებით, განცხადებას სახალხო დამცველი აკეთებს.

    ნინო ლომჯარია გამოძიების მიმდინარეობისას დაშვებულ შეცდომებზე მიუთითებს,მისი თქმით, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები გამოძიების მიერ არ იქნა მოპოვებული.

    „ნაბიჯები, რაც გადაიდგა ბოლო დღეების განმავლობაში, არის ნამდვილად იმის აღიარება და დადასტურება, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობდით, რომ გამოძიება თავის დროზე წარიმართა მნიშვნელოვანი ხარვეზებით და ბრალი არ ჰქონია წარდგენილი ყველა პირს, ვინც შესაძლოა მონაწილეობდა დანაშაულის ჩადენაში. სამწუხაროდ, მთელი რიგი ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი მტკიცებულებები არ იქნა მოპოვებული გამოძიების მიერ და ამის გამო, ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებები განადგურდა. სანამ სააპელაციო სასამართლომაც არ დაადასტურა, რომ გამოძიება მიმდინარეობდა არასწორი სტრატეგიით და გამორიცხა იმ პირის ბრალი, ვისაც პროკურატურა ედავებოდა ერთი წლის განმავლობაში, გამოძიებამ ბრალი არ წარუდგინა სხვა პირს.

    მე მაინც ვუკავშირებ ამ ყველაფერს გუშინ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და შესაბამისად, გამოძიებას არ ჰქონდა სხვა გზა, გარდა იმისა, რომ დაიწყოს უკვე სხვა პირთა მიმართ დევნა. თავის დროზე, გამოძიება ჩატარდა მნიშვნელოვანი ხარვეზებით და ამის გამო, ჩვენ კვლავ დღის წესრიგში ვაყენებთ იმას, რომ დაიწყოს გამოძიება სამოხელეო დანაშაულის ნიშნით, სამსახურეობრივი მოკვლევა მიმაჩნია, რომ არ არის ნამდვილად საკმარისი, რადგან დანაშაულის ნიშნებს ვხედავთ. სულ მცირე სამსახურეობრივ გულგრილობას, თუ არა განზრახ ქმედებას. ამიტომ, ვფიქრობ, რომ გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს“ – განაცხადა  ლომჯარიამ.

  • ბახტაძის საიდუმლო ვიზიტი. კურიერმა პრემიერი ბრიუსელში შემთხვევით აღმოაჩინა

    გასაიდუმლოებული შეხვედრა ბრიუსელში – საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმ სასტუმროში მივიდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი იმყოფება. ​ექსკლუზიური კადრები “კურიერმა” გადაიღო.

    მამუკა ბახტაძე ბრიუსელში საიდუმლოდ ჩავიდა. იქ ასევე იმყოფება საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიასა და ლუქსემბურგში, მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში ნატალია საბანაძე.

    „კურიერის“ კორესპონდენტი თამარ ნუცუბიძე ადგილზე უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის გადასაღებად და მის ჩასაწერად მივიდა. თუმცა კორტეჟის გადაღების დროს აღმოჩნდა, რომ ის არა ზელენსკის, არამედ საქართველოს პრემიერს მამუკა ბახტაძეს ეკუთვნოდა.

    არის თუ არა ზელენსკის და ბახტაძის შეხვედრა დაგეგმილი, რომელზეც შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი განიხილონ უცნობია. ნატალია საბანაძე ამტკიცებს, რომ მამუკა ბახტაძე აღნიშნულ სასტუმროში შემთხვევით მოხვდა ზელენსკისთან ერთად და პრემიერს წინასწარი დაგეგმილი შეხვედრა არ აქვს.

    „პრემიერი ჩამოვიდა, ჩამოვიდა იმიტომ, რომ ის მოწვეულია ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ბრიუსელში. სასტუმროში არ იქნება მიღება, მიღება იქნება თავის ადგილას. არ არის ზელენსკისთან შეხვედრა დაგეგმილი. 4 ივნისია დრეს, ამერიკის ელჩი აწყობს დამოუკიდებლობის აღსანიშნავ მიღებას როგორც წესი იმართება 4 ივლისს. მაგრამ ამ შემთხვევაში იმართება 4 ივნისს. ბევრი სტუმარი ჰყავს დაპატიჟებული, მათშორის იყო მამუკა ბახტაძეც რომელმაც მიიღო ეს გადაწყვეტილება ბოლო წუთას. იმიტომ რომ როგორც იცით მიემგზავრება მერე ამერიკაში. ამიტომ ბრიუსელით ვიწყებთ,“-განაცხადა ნატალია საბანაძემ.