Blog

  • რუსთავის მერის სახლი გაქურდეს – მოპარულია ტრაქტორი და ღვინო

    რუსთავის მერის სააგარაკო სახლი გაქურდეს. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზაში მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2 ავრცელებს”.

    მეზობლების ცნობით,  სახლიდან წაღებულია ხელის ტრაქტორი, ღვინო და სხვა საოჯახო და სამეურნეო დანიშნულების ნივთები.

    მოსახლეობის ცნობით, ირაკლი ტაბაღუას ოჯახმა სახლის გაქურდვის შესახებ სამი დღის წინ შეიტყვეს, თუმცა უცნობია, თავად ქურდობის ფაქტი როდის მოხდა. რუსთავის მერი და მისი ოჯახი თორტიზაში მდებარე სახლში მხოლოდ ზაფხულობით ჩადიან.

    ადგილობრივების ცნობითვე, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველების დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული, თუმცა მათი ინფორმაციით, გამოძიება დამნაშავის კვალზე ჯერ არ გასულა.

  • უდანაშაულო ბიჭის ციხეში ჩასმა როგორ უნდა, მაგას ვნახავთ-კალანდიას ძმა

    დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ძმის ლუკა კალანდიას მტკიცებით, მისი ძმა უდანაშაულოა.

    ” ბიჭი არის უდანაშაულო და აი, უდანაშაულო ბიჭის ციხეში ჩასმა როგორ უნდა ამ ბრალდებით და ამ მუხლით, მაგას ვნახავთ. ეს ქვეყანა ჩალით არ არის დაფარული” – განაცხადა ლუკა კალანდიამ TV პირველთან.
    ლუკა კალანდია მიიჩნევს რომ მისი ძმის უდანაშაულობის შესახებ მოკლულის მამამ ზაზა სარალიძემაც კარგად იცის. მისი განცხადებით მიხეილ კალანდია მაშინ აიყვანეს, როდესაც ის სასამართლოში დაკითხვაზე მიდიოდა.

    “შუა ტრასაზე სპეცოპერაცია ჩაატარეს, მიხეილი აიყვანეს და შემდეგ ისე გაჟღერდა, თითქოს მიხეილი ტოვებდა ქალაქს. მიხეილს არც ქალაქი აქვს დასატოვებელი, იმიტომ რომ უდანაშაულოა და არ სჭირდება არაფერი” – აცხადებს ლუკა კალანდია. 

    შსს-მ  ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით, მიხეილ კალანდია დღეს  დააკავა.

  • მირზა სუბელიანი საპატიმროს 8 ივლისს დატოვებს

    ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებული, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი ციხეს 8 ივლისს დატოვებს.

    მირზა სუბელიანი 2018 წლის 9 ივნისს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. სუბელიანი სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დაფარვისთვის დამნაშავედ სცნო და 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

  • “მაპატიე რომ ვერ დაგიცავი”-ვინ იყო მე-9 კლასელი გოგონა, რომელიც ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა

    თბილისში მე-9 კლასელი გოგონა  მაღალსართულიანი კორპუსის ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა. გარდაცვლილი გოგონა დიჯეი ლულუ კახიანისა და გიორგი გვარჯალაძის შვილი ლენო გვარჯალაძეა.

    როგორც ცნობილია, მოზარდი მათი საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან გადავარდა.

    “ლენო, მა, მაპატიე რომ ვერ დაგიცავი. ახლა ყველაფერს მივცემდი ერთი ჩახუტებისთვის, მაგრამ უკვე გვიანია… მიყვარხარ”-  წერს სოციალურ ქსელში  გარდაცვლილის მამა გიორგი გვარჯალაძე.

    შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე გოგონამ საკუთარ ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის გარდაცვლილ მეგობრებს იხსენებდა.

    “ტკივილი.მწარე ტკივილი.შიგნიდან მწვავს.ყველაზე მეტად მიყვარხართ.ყოველთვის მეყვარებით.დამელოდეთ.არსად წახვიდეთ.მოვა დრო და ორივეს ისევ ჩაგეხუტებით.
    ისევ ვივლით და დავიწყებთ რაღაცეების გაფუჭებას.მენატრებით”-დაწერა გოგონამ.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • “ჩემი შვილი უდანაშაულოა”-დაკავებული კალანდიას მამა

    ცოტა ხნის წინ შსს-ს შენობასთან მიხეილ კალანდიას მამა და ძმა მივიდნენ. კალანდიას მამის განცხადებით, მისი შვილი უდანაშაულოა და დაკავებას პოლიტიკური მოტივი აქვს.

    “პოლიტიკური ინტერესი არსებობს “რუსთავი 2″- ის მოთხოვნით. მტკიცებულებები რომ ყოფილიყო ჩემი შვილის წინააღმდეგ, წელიწადნახევარი არ დაიჭერდნენ?პოლიტიკურად აწყობს ვიღაცას. არ ვიცი, ვის აწყობს”, – განაცხადა თენგიზ კალანდიამ.

    თენგიზ კალანდიას განცხადებით, მისი შვილი სამართალდამცავებმა  დიღმის ტრასაზე აიყვანეს.

  • საგამოძიებო კომისის მთავარი რეკომენდაცია მიხეილ კალანდიას დაკავება იყო-სერგი კაპანაძე

    „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მიხეილ კალანდიას დაკავებას გამოეხმაურა.

    კაპანაძის თქმით, დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მუშაობის დაწყებისთანავე გასცა რეკომენდაცია, რომ მიხეილ კალანდია  უნდა დაეკავებინათ.

    „შს სამინისტრომ დააკავა მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობის ფაქტში თანამონაწილეობის ბრალდებით. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს იყო ის მთავარი რეკომენდაცია დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გამოსცა შარშან. სამწუხაროა, რომ ამდენის ხნის განმავლობაში შს სამინისტრო ამ ნაბიჯს არ დგამდა და პროკურატურას ბრალი არ ჰქონდა წაყენებული. ჩვენ კომისიის მუშაობის დაწყებისთანავე იმ მასალების ანალიზის შედეგად, რომელიც ჩვენს ხელთ იყო, გამოვეცით რეკომენდაცია, რომ მას ბრალი უნდა წაყენებოდა. დღეს ეს მოხდა და იმედი მაქვს, ეს საქმე ბოლომდე იქნება მიყვანილი და მართლმსაჯულება შედგება. იმისთვის რომ ამ საქმეში სამართლიანობა ბოლომდე იყოს დაკმაყოფილებული, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დანარჩენი რეკომენდაციებიც რომელიც კომისიამ გასცა, იყოს შესრულებული. განსაკუთრებით ის რეკომენდაციები, რომელიც ეხება იმ ადამიანების პასუხისმგებლობას, რომლებიც ჯერ კიდევ მუშაობენ შს სამინისტროსა და პროკურატურაში და რომლებმაც ეს საქმე გააყალბეს თავის დროზე. ამდენ ხანს არ გაგრძელდებოდა საქმის ძიება, თავის დროზე რომ მომხდარიყო ეს მძიმე, არასამართლებრივი ჩარევა ამ საქმის გამოძიების და მიმდინარეობის პროცესში“,- განაცხადა კაპანაძემ.

    შეგახსენებთ, რომ მიხეილ კალანდია დღეს დააკავეს, შსს-ს ინფორმაციით, მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

  • მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული-შსს

    ხორავას ქუჩის საქმეზე  დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით მიხეილ კალანდია დააკავეს. ამის შესახებ შსს-ში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგი გაიმართა.

    „შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე რამდენიმე თვეა, პრაქტიკულად შეუჩერებლად, აწარმოებს ინტენსიურ გამოძიებას ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე. აღნიშნული საქმის ფარგლებში დღემდე სხვადასხვა მუხლით 10-მდე პირია მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში.გამოძიებასთან თანამშრომლობის კუთხით არსებული სირთულეების მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ამ დროის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა მკვლელობაში მ. კ.-ს შესაძლო თანამონაწილეობის მიმართულებით.

    პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ, ჩვენ მოვიპოვეთ მტკიცებულებები, რომლებმაც გამოძიებას მ. კ.-ს მხრიდან მკვლელობაში თანამონაწილეობის საფუძვლიანი ეჭვი გაუმყარა.სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებამ, რომლითაც გ.ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში, კიდევ ერთხელ დაადასტურა გამოყოფილი საქმის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების სისწორე, გამოძიებას გაუმყარა პოზიცია და შექმნა დამატებითი მტკიცებულებითი საფუძველი დავით სარალიძის მკვლელობაში მ. კ.-ს თანამონაწილეობის შესახებ.შესაბამისად, 2019 წლის 4 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ჩადენის ბრალდებით, მოსამართლის განჩინებით დაკავებულია მ. კ.

    დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ჩადენილი მკვლელობა“, – განაცხადა ბორცვაძემ.

  • საბურთალოზე არასრულწლოვანი გოგონა ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა

    თბილისში უბედური შემტხვევა მოხდა.  საბურთალოზე მეცხრეკლასელი გოგონა საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან გადავარდა და  გარდაიცვალა.

    ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • ხორავას ქუჩის საქმეზე მიხეილ კალანდია დააკავეს

    დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე, მიხეილ კალანდია დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

    “კურიერის” ინფორმაციით, კალანდია სამართალდამცველებმა დღეს დააკავეს.

    შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე მიხეილ კალანდია საქმის მთავარი მოწმეა, თუმცა იმის გამო, რომ მან რამდენჯერმე შეცვალა სასამართლოსთვის და გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება, ის არასანდო მოწმედ  მიიჩნიეს.

    სააპელაციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებით,  დავით სარალიძის მკვლელობა გ.ჯ.-მ ჯგუფურად, დაუდგენელ პირებთან ერთად ჩაიდინა.