Blog

  • ენდი მარი ქუინსის ტურნირზე იასპარეზებს!!

    დიდი სლემის ტურნირების 3 გზის გამარჯვებული ჩოგბურთში დაბრუნებას ქუინსის წყვილების ტურნირზე გაგმავს. ამის შესახებ BBC იუწყება.

    ბრიტანელი ჩოგბურთელის მეწყვილე ქუინსში ფელისიანო ლოპესი იქნება. ყოფილი პირველი ჩოგანის განცხადებით მას ძალიან სურს დიდ ჩოგბურთში დაბრუნებას და სწორედ ქუინსის ტურნირზე მონაწილეობის შემდეგ გადაწყვეტს რა იქნება მისი შემდეგი ნაბიჯი.

    „ვერ ვიტყვი, რომ ქუინსის ტურნირით წყვილთა ჩოგბურთში ვინაცვლებ. ეს უფრო დაბრუნებიც მცდელობაა. საკუთარ თავს შევამოწმებ და თუ ძალა ვიგრძენი, სხვა გეგმებზეც ვიფიქრებ.” – აცხადებს ენდი.

    შეგახსენებთ, ბრიტანელმა ჩოგბურთელმა ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ მენჯის ტრავმის გამო ოპერაცია გაიკეთა, თუმცა ტრავმა იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ მან კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადებაც გააკეთა. თუმცა როგორც აღმოჩნდა რეაბილიტაციის პროცესმა იმაზე კარგად ჩაიარა, ვიდრე თვითონ ელოდა და უკვე ჩოგბურთში დაბრუნებაზეც ალაპარაკდა.

  • მწვრთნელი ადასტურებს: ხაბიბი სექტემბერში დასტინ პორიეს შეხვდება

    UFC-ის დაღესტნელი მებრძოლის ხაბიბ ნურმაგომედოვის მწვრთნელის თქმით, ხაბიბი სექტემბერში გასამართი UFC 242-სთვის აქტიურად ემზადება, სადაც ის დასტინ პორიეს დაუპირისპირდება.

    “აღელვებულები ვართ ვარჯიშის დაწყებით. ურთულესი გზა გვაქვს გასავლელი 7 სექტემბრამდე, სადაც დასტინ პორიეს წინააღმდეგ მოგვიწევს ბრძოლა. ამ ეტაპზე ხაბიბი კარგ ფორმაშია და ნებისმიერი დაბრკოლების გადასალახავად მზადაა”, – განაცხადა ნურმაგომედოვის მწვრთნელმა.

    მებრძოლებს ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ ეს ინფორმაცია, თუმცა ხაბიბის მწვრთნელი ხავიერ მენდესი სწორედ პორიეს ასახელებს მისი შეგირდის მორიგ მეტოქედ. ამ ბრძოლაში ხაბიბი მორიგი ტიტულის მოპოვებას შეეცდება.

    შეგახსენებთ, ხაბიბმა UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული გასული წლის აპრილში ალ იაკვინტას წინააღმდეგ მოიპოვა.

  • ჯიბღაშვილის ადვოკატმა სასამართლო პროცესზე ეკლესიიდან ცნობა წარადგინა,სადაც მას დადებითად ახასიათებენ

    ნარკოდანაშაულში ბრალდებული მსახიობის, ლევან ჯიბღაშვილის წინასასამართლო სხდომაზე ადვოკატმა  მტკიცებულებად  წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მამათა მონასტრიდან ცნობა წარადგინა, სადაც მსახიობი  დადებითად არის დახასიათებული.

    ჯიბღაშვილის ადვიოკატის, ანა კოტეტიშვილის განცხადებით, ჯიბღაშვილმა ბრალი აღიარა. 

    “ჩვენ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ძირითადად, ლევან ჯიბღაშვილის პიროვნული მახასიათებლები იყო, მათ შორის, რეკომენდაციები. რაც შეეხება მამათა მონასტრიდან ცნობას, ეს არის სარეკომენდაციო ხასიათის დახასიათება. აღნიშნული ეკლესიის მშენებლობაში ლევან ჯიბღაშვილს წვლილი აქვს შეტანილი”, – განაცხადა კოტეტიშვილმა.

    ჯიბღაშვილს ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.

    აღნიშნული დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    ლევან ჯიბღაშვილი დაკავებიდან მალევე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

  • ლევან ჯიბღაშვილმა სასამართლოზე განაცხადა, რომ თავს სრულად სცნობს დამნაშავედ

    თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ჯიბღაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.

    ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულმა ლევან ჯიბღაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს სრულად სცნობს დამნაშავედ. 

    შეგახსენებთ, რომ მსახიობი  21 აპრილს დააკავეს. სამართალდამცავებმა მისი ავტომობილიდან 0.5 გრამი კოკაინი და  ე.წ. კლუბური ნარკოტიკი ამოიღეს.

    ჯიბღაშვილს ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.

    აღნიშნული დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    ლევან ჯიბღაშვილი დაკავებიდან მალევე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

  • თიბისის ახალი პლატფორმის – „თიბისი ახალი თაობისთვის“ მხარდაჭერით, სასკოლო განათლების პირველი ფორუმი ჩატარდა

    თიბისის ახალი პლატფორმის – „თიბისი ახალი თაობისთვის“ მხარდაჭერით, სასკოლო განათლების პირველი ფორუმი ჩატარდა. ფორუმი, საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის ინიციატივითა და Forward-ის ორგანიზებით გაიმართა და მისი მიზანი ერთიანი სივრცის შექმნით, სასკოლო სექტორში არსებული სიახლეებისა და გამოწვევების შესახებ დიალოგი იყო.

    ფორუმის ფარგლებში, პანელური დისკუსიები და ინსპირაციული გამოსვლები შემდეგ თემებზე ჩატარდა: განათლების სისტემის რეფორმების ისტორია 1991-წლიდან დღემდე, განათლების სტრატეგიები, დაგეგმილი და განუხორციელებელი რეფორმები; ახალი სკოლის მოდელი; სინთეზური აზროვნების აუცილებლობა; სკოლის მართვის ინოვაციური სისტემები და სხვა. ღონისძიების სპიკერები იყვნენ: გია მურღულია, სიმონ ჯანაშია, არჩილ სუმბაძე, ირინა აბულაძე, გიორგი გახელაძე, გია შარვაშიძე, ანდრო დგებუაძე, ლიკა აბრამაშვილი, რამზიკ ბადალიანი, ავთო აბდუშელიშვილი, თამარ ჯაყელი, ირინა ხანთაზე, მამუკა ხამხაძე.

    ფორუმზე თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების ხელმძღვანელმა – ალექსანდრე მაყაშვილმა, თიბისის პლატფორმაზე – „თიბისი ახალი თაობისთვის“ და მის ფარგლებში ჩატარებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა:

    200 სტიპენდიატი

    „თიბისის სტიპენდიატები” თიბისის 2019 წლის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია. 2018 წლის ბოლოს, სხვადასხვა ორგანიზაციასთან, სკოლასთან თუ კერძო პირთან ერთად, თიბისიმ ისეთი ნიჭიერი ბავშვების მოძიება დაიწყო, რომლებსაც განვითარებისათვის ფინანსური ხელშეწყობა ყველაზე მეტად სჭირდებათ. პროექტმა მოიცვა ყველა სფერო და მთელი საქართველო – თიბისიმ პატარა გამომგონებლები, მათემატიკოსები, მოცეკვავეები, მხატვრები, მუსიკოსები, სპორტსმენები იპოვა, რომლებიც ყოველთვიურ სტიპენდიას იღებენ.

    თიბისი სტატუსის პროექტი – Status Donates

    Statusdonates.ge პირველი ქართული საქველმოქმედო ონლაინ პლატფორმაა, რომელიც თიბისი სტატუსისა და მისი მომხმარებლების სახელით, ახალ თაობას განვითარებასა და წარმატებაში უწყობს ხელს. პროექტის ფარგლებში ამ დროისთვის 30 ბენეფიციარის სწავლა დაფინანსდა.

    საგანმანათლებლო ექსკურსიები

    თიბისის ორგანიზებული და მხარდაჭერილი გამოფენების ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებს გიდის თანხლებით, საგანმანათლებლო ტურები უტარდებათ. ელგუჯა ამაშუკელის, ფიროსმანისა და დავით კაკაბაძის გამოფენებზე უკვე ათასობით მოსწავლეს ჩაუტარდა ექსკურსია.

    პარტნიორობა განათლებისთვის

    თიბისი ახალი თაობის წარმომადგენლებს მათ ინტერესებზე მორგებულ ღონისძიებებსა და შეხვედრებს სთავაზობს. ამ ინიციატივის ფარგელბში, თიბისის სტიპენდიატებს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი ფინანსური განათლების შესახებ, მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტი – ლადო აფხაზავა კი, სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ ესაუბრა.

    პარტნიორობა განათლებისათვის

    თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, საბავშვო პავილიონში თიბისიმ პატარა მკითხველებს უმასპინძლა. 1-ელ ივნისს კი სპეციალური, გასართობ-შემეცნებითი პროგრამა დაახვედრა.

    ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ორგანიზებული ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული გუნდი თიბისის ფინანსური მხარდაჭერით ზაფხულში აშშ-ში გაემგზავრება და NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.

    სპეციალური შეთავაზებები

    საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და სპეციალური საჩუქრების გარდა, სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ თიბისის მოსწავლის #1 ბარათით ისარგებლონ.

  • „თიბისი დაზღვევა“ დასეტყვილი მანქანების მფლობელებს ზარალს სრულად აუნაზღაურებს

    თიბისი დაზღვევაში 28 მაისს სეტყვისგან დაზიანებული ავტომობილების 300-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთა შეფასების პროცესი ამ დროისთვისაც მიმდინარეობს. ზარალის ანაზღაურების დეპარტამენტი ოპერატიულად ჩაერთო პროცესში, რაც ითვალისწინებს ავტომობილის დაზიანების ხარისხის შეფასებას და ზარალის ზუსტი ოდენობის დადგენას. მომხმარებლის სურვილის მიხედვით დაზიანებული ავტომობილები შეკეთდება სერვის ცენტრებში ან თვითონ მომხმარებელის მიერ „თიბისი დაზღვევის“ მიერ ანგარიშზე ჩარიცხული თანხით.

    „თიბისი დაზღვევას” სტიქიით მიყენებული ზიანის შეფასების და ანაზღაურების დიდი გამოცდილება დაუგროვდა, მათ შორის სეტყვისაგან დაზიანებული ავტომობილების შეკეთების ნაწილში. ჩვენთან ბოლო 2 წლის განმავლობაში სეტყვისაგან დაზიანებული ავტომობილების რაოდენობა უკვე 1,000 აღემატება. ზოგადად, ამ პერიოდში სეტყვა დედაქალაქშიც და რეგიონებშიც ხშირია. ასეთ დროს ჩვენი გუნდი მაქსიმალურად მობილიზებულია, რომ მომხმარებელთან სწრაფი და დროული უკუკავშირი მოახდინოს. ჩვენი მხრიდან ვცდილობთ, მომხმარებელი იყოს ინფორმირებული და დარწმუნდეს, რომ სეტყვისაგან მიყენებულ ზიანს კომპანია სრულად, მაქსიმალურად მისაღები ფორმით და დროულად აანაზღაურებს.

    ასეთი გამოწვევები ადასტურებს, რამდენად ეფექტურად მუშაობს დაზღვევა ზოგადად. დარწმუნებული ვართ, „თიბისი დაზღვევა“ ამჯერადაც წარმატებულად გაართმევს თავს სტიქიისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას და ავაცილებთ მოსახლეობას მოულოდნელი სურპრიზისგან მიყენებულ ზარალს,” – განაცხადა თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორის მოადგილემ, დავით კიღურაძემ.

    ზარალის დარეგულირების და თანხობრივი ანაზღაურების დიდი ნაწილი მიმდინარე კვირის ბოლომდე დასრულდება.

  • უძრავი ქონების განახლებული პლატფორმა Livo.ge უკვე ამოქმედდა

    უძრავი ქონების განახლებული პლატფორმის, Livo.ge-ს ბეტა ვერსია, რომელიც თიბისი ჯგუფის ინიციატივით Allproperty.ge-ს ბაზაზე შეიქმნა, დღეიდან ამოქმედდა. Livo.ge მნიშვნელოვნად დაზოგავს მომხმარებლის დროს და ფინანსურ რესურს და მათ უძრავი ქონების სფეროში არსებულ ყველა სერვისს ერთ სივრცეში შესთავაზებს.

    განახლებული პლატფორმით სარგებლობა შეუძლიათ, როგორც ბინის ყიდვა-გაყიდვის მსურველ ფიზიკურ პირებს, ისე დეველოპერებს. პლატფორმის საშუალებით, მომხმარებელი სანდო, გაადამოწმებული ინფორმაციის მიღებას მარტივად და დისტანციურად შეძლებს, დამატებით პროცედურების გარეშე.

    Livo.ge-ზე უკვე შესაძლებელია შემდეგი სერვისების მიღება: უძრავი ქონების მოძიება, შედარება სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, შეფასება, დაფინანსების მიღება, უძრავი ქონების გადაფორმება.

    უახლოეს მომავალში Livo.ge მომხმარებელს ყველა იმ პროდუქტს, სერვისსა თუ ფუნქციონალს შესთავაზებს, რაც უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით დაინტერესებულ პირს შესაძლოა დასჭირდეს ბინის შერჩევიდან – საცხოვრებლად გადასვლამდე. ციფრული პლატფორმა ღია იქნება ყველასთვის, განურჩევლად იმისა, რომელი ბანკის მომხმარებელია უძრავი ქონებით დაინტერესებული ფიზიკური/ იურიდიული პირი ან დეველოპერი.

    Livo.ge მომხმარებელს უკვე სთავაზობს რამდენიმე ინოვაციურ სერვისს, რომლის ანალოგი ქართულ ბაზარზე არ არსებობს. პირველად საქართველოში, უძრავი ქონებით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, ონლაინ ისარგებლონ უძრავი ქონების შეფასების სერვისით. ამისათვის Livo.ge-ზე მხოლოდ განცხადების დაფიქსირებაა საჭირო. აღნიშნულ მომსახურებას მომხმარებელი სერტიფიცირებული შემფასებლის მიერ უმოკლეს დროში, ხელმისაწვდომ ფასად მიიღებს.

    Livo.ge-ს დაემატა კიდევ ერთი სიახლე – 3D ფოტოტურები. უახლესი, მაღალტექნოლოგიური „მატერპორტის“ კამერის მიერ გადაღებული 3D ფოტოების საშუალებით მომხმარებელს უძრავი ქონების მაქსიმალურად ზუსტად აღქმის შესაძლებლობა უკვე ვირტუალურად ექნება, ადგილზე მისვლის გარეშე.

    თიბისი ჯგუფმა უძრავი ქონების პლატფორმის Allproperty.ge-ს 90%-იან წილი 2018 წელს შეიძინა. შეთანხმების მიხედვით, Livo.ge დამოუკიდებელ კომპანიად რჩება, მხარეებს შორის თანამშრომლობა კი ანალიტიკური ინფორმაციის გაცვლას უზრუნველყოფს, რაც კომპანიებს მომხმარებლების სურვილებისა და საჭიროებების უკეთ გაგებასა და მათზე მორგებული შეთავაზებების განხორციელებაში დაეხმარება.

    უძრავი ქონების ციფრული პლატფორმის განვითარება თიბისი ჯგუფის იმ სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ციფრული ეკოსისტემების შექმნას გულისხმობს და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

  • მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 18%-ით გაიზარდა

    მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 18%-ით გაიზარდა – ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

    მათი ინფორმაციით, მაისში საქართველოს 723 000 საერთაშორისო მოგზაური ესტუმრა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 14.2%-ით აღემატება.

    პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: გაერთიანებული სამეფო +48.2%, შვედეთი +31.2%, პოლონეთი +27.2%, გერმანია +26.4%, საფრანგეთი +26%, ნიდერლანდები +22.3%, და სხვა.

    განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ყირგიზეთი +135.4%, უზბეკეთი +90.5%, ყაზახეთი +84.6%, ჩინეთი +56.4%, ბელარუსი +45.8%, აშშ +33.9% და სხვა.
    2019 წლის იანვარ-მაისის პერიოდში საქართველოში 2,988,478 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +5.4%-ია.
    ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,655,163 შეადგინა, რაც 121,378-ით მეტია 2018 წლის იანვარ-მაისის მაჩვენებელზე (ზრდა +7.9%).

    წინასწარი მონაცემებით 2019 წლის იანვარი-აპრილში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 856 მილიონ დოლარს (ზრდა +8.4%), რაც 66 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
    2019 წლის აპრილის მონაცემებით, შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 277 მილიონ დოლარს (ზრდა +16.1%), რაც 38 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

  • მოპედებისა და მსუბუქი კვადროციკლების სამართავად მართვის მოწმობის აღება სავალდებულო ხდება

    მოპედებისა და მსუბუქი კვადროციკლების სამართავად მართვის მოწმობის აღება სავალდებულო ხდება. საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების შესატანად პროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა.

    კანონპროექტის მიხედვით, შემოდის სატრანსპორტო საშუალების ახალი კატეგორია “AM”, რომელიც აერთიანებს მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებს. სატრანსპორტო საშუალების არსებულ კატეგორიებს ასევე ემატება “A2” ქვეკატეგორიაც. ეს ქვეკატეგორია მოიცავს მოტოციკლს, რომლის სიმძლავრე არ აღემატება 35 კვტ-ს და სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი არ აღემატება 0,2 კვტ/კგ-ს.

    ამავე პროექტით, მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დეფინიციაში ექცევა, რაც მათ საგზაო მოძრაობის ჩვეულებრივ მონაწილეებად აქცევს. მათზე გავრცელდება სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ არსებული რეგულაციები. ამასთანავე, მოპედები და მსუბუქი კვადროციკლები სააგენტოში უნდა დარეგისტრირდნენ. ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებების მართვისთვის AM კატეგორიის მართვის მოწმობის აღება მოგიწევთ.

    ამავე კანონმდებლობით განისაზღვრება რომ 18 წლამდე ასაკის მართვის უფლების მქონე პირებს ეკრძალებათ შემოსავლის მიღების მიზნით მგზავრთა გადაყვანა და შრომითი ურთიერთობის საფუძველზე მძღოლად მუშაობა. თუმცა, წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, 18 წლამდე ასაკის პირს შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ AM (მოპედი), T (ტრაქტორი) და B1 (კვადროციკლი) კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

  • დავით გარეჯში ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება მთავრობასთან შეთანხმებული იყო-პრეზიდენტის პრესსპიკერი

    “დავით გარეჯში სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებული იყო”, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა.

    “პრეზიდენტის სახელით მინდა დაგიდასტუროთ, რომ ყველა აქტივობა, ყველა მოლაპარაკება, ყოველთვის არის კანონთან სრულ შესაბამისობაში და შეთანხმებული შესაბამის უწყებებთან. ეს კონკრეტული განცხადება იყო შეთანხმებული საქართველოს პრემიერ-მინისტრთან“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

    შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი 22 აპრილს დავით გარეჯში ჩავიდა და ქართველ მესაზღვრეებს შეხვდა. შეხვედრისას პრეზიდენტმა თქვა, რომ საზღვრის დადგენის საკითხი სასწრაფოდ მოსაგვარებელი იყო.

    ამ განცხადების შემდეგ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა გადაკეტეს.  დავით გარეჯის ირგვლივ განვითარებული მოვლენები სწორედ პრეზიდენტის განცხადებას დაუკავშირეს.