Blog

  • მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე “თიბისი ბანკში” ბრუნდებიან

    ლონდონში “TBCBANK Group PLC“ აქციონერთა კრებამ მხარი დაუჭირა მამუკა ხაზარაძის, როგორც თავმჯდომარის და ბადრი ჯაფარიძის, როგორც თავმჯდომარის მოადგილის ხელახალ არჩევას. ამის შესახებ  მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში განაცხადა.

    “ლონდონში ახლახანს დამთავრდა TBCBANK Group PLC აქციონერთა კრება. აქციონერთა 97 პროცენტმა ხმა მისცა დირექტორთა საბჭოში ჩემი, როგორც თავმჯდომარის და ბადრი ჯაფარიძის, როგორც თავმჯდომარის მოადგილის ხელახალ არჩევას. “თიბისი ბანკის” ჯგუფის აქციონერთა შორის 105 ინსტიტუციონალური ინვესტორია, აშშ, დიდი ბრიტანეთი და კონტინენტური ევროპიდან. ამ ფაქტს ჩვენ აღვიქვამთ, აქციონერთა და ინვესტორთა მხრიდან ჩვენდამი დიდი ნდობის გამოცხადებად და ჩვენს მიერ შემუშავებული სტრატეგიის მხარდაჭერად, რისთვისაც მადლობას ვუცხადებ ყველა ჩვენ პარტნიორს, გუნდის წევრს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მუდმივად ნდობას და მხარდაჭერას გვიცხადებდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში“, – წერს ხაზარაძე.

  • “ივანიშვილი ცდილობს სიტუაციიდან გამოძრომას”-ოქრუაშვილი

    “ივანიშვილი ცდილობს სიტუაციიდან გამოძრომას”-“გამარჯვებული საქართველოს ” ლიდერი ირაკლი  ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, ოქრუაშვილის აზრით, “ქართული ოცნება” ცდილობს ძალაუფლება ე.წ. ჯიბის პარტიების ყიდვით შეინარჩუნოს.

    “ივანიშვილი ცდილობს სიტუაციიდან გამოძრომას და ამ განცხადებით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკურ კრიზისი მე მეეჭვება რომ განიმუხტოს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება ეს თავისთავად კარგი მიღწევაა, მაგრამ 0%-იანი ბარიერი, ავტომატურად ნიშნავს, ერთ რამეს, ის შეეცდება, ყველა ჯიბის პარტია შეიყვანოს პარლამენტში, მერე ისინი იყიდოს და ასე შეინარჩუნოს ძალაუფლება,”-განაცხადა ოქრუაშვილმა.

  • გენერალურ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი დაინიშნა

    გენერალურ პროკურატურაში 14:00 საათზე საგანგებო ბრიფინგი გაიმართება.

    ბრიფინგის თემას პროკურატურაში არ აკონკრეტებენ.

  • გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს არ ვხედავთ – ჩუგოშვილი

    გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს არ ვხედავთ –  ეს განცხადება “ქართული ოცნების” ოფისში თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა.

    “ძალის გამოყენების შემთხვევებში, სადაც იყო არაპროპორციულობა, მათ შემთხვევებს უნდა მოჰყვეს სამართლებრივი რეაგირება და ეს რეაგირება მოჰყვება, ვისი სამართლებრივი პასუხისმგებლობაც გამოიკვეთება აგებს პასუხს,”-განაცხადა ჩუგოშვილმა.

    ჩუგოშვილი რევოლუციურ ცვლილებად აფასებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარების გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ მმართველი გუნდი ყველა პოლიტიკურ პარტიასთან აწარმოებს დიალოგს, გარდა ცალკეული ინდივიდებისა.

    ჩუგოშვილი არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რომელ პოლიტიკოსებს არ მოიაზრებს დაანონსებული დისკუსიის ფორმატში. მისი თქმით, პოლიტიკოსთან ნაწილმა პირდაპირ ეთერში გააკეთა მოწოდებები სახელმწიფო ინსტიტუტების დამხობის შესახებ, რამაც მისი მტკიცებით სავალალო შედეგები გამოიწვია. ჩუგოშვილი ამ პირების პასუხისმგებლობის დაყენების საკითხზეც საუბრობს.

    „ეს არის რევოლუციური ცვლილებების დასაბამი ქართულ პოლიტიკურ სისტემაში. მისასალმებელია, იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოების მოთხოვნა სახეზეა. პირველ რიგში უნდა დავასრულოთ სასესიო კვირა, შემდეგ დავიწყებთ კონსულტაციებს ყველასთან როგორც საპარლამენტო ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციასთან,

    გვინდა საუბარი ყველა პოლიტიკურ ძალასთან და ყველა ინდივიდთან ვინც კონსტიტუციურ მოთხოვნებს სცემენ პატივს. სამწუხაროდ ჩვენ ვიხილეთ, ძალიან სამწუხარო მოვლენები როცა ძალიან ღიად პირდაპირ ეთერ?სი ჰქონდა კრიმინალს ადგილი, რაც იყო სახელმწიფო ინსტიტუტებს დამხობისკენ მოწოდება.

    აქციის დაშლა თქვენ ალბათ არ გინდათ, მაგრამ ყველაზე მძიმე იყოს ის, რომ აუცილებელი გახდა ძალის გამოყენება იმ უპასუხისმგებლო და კრიმინალური ქმედებების გამო,რომელსაც ადგილი ჰქონდა აქციაზე,“-აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

  • “2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით”-ბიძინა ივანიშვილი

    ბიძინა ივანიშვილის განცხადებით,  საქართველოში 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით გაიმართება. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში ივანიშვილმა  საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

    “პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით გამოდის:

    2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი, ვიმეორებ, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.

    საზოგადოებას მოეხსენება, რომ სწორედ „ქართული ოცნება“ იყო იმ საკონსტიტუციო რეფორმის ინიციატორი, რომლის ფარგლებშიც გადაწყდა, რომ საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში, არჩევნების პროპორციული სისტემა, უკეთ პასუხობს ხელისუფლებაში მრავალპარტიული, და შესაბამისად, პლურალისტური პოლიტიკური წარმომადგენლობის ევროპულ სტანდარტს.

    თუმცა, იქვე დადგინდა, რომ ამ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა უფრო სწორი, 2024 წელს იქნებოდა, რადგან პარტიების გაძლიერებას, მათ კრისტალიზაციას ღირებულებების გარშემო, მეტ კონსოლიდაციას და კონკურენტუნარიანობის გაზრდას გარკვეული წლები კიდევ სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ განისაზღვრა, კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო რეფორმის ოპტიმალურ ვადად 2024 წელი, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც დღეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა არის აბსოლუტურად დემოკრატიული, გამართული და აპრობირებულია არაერთ ტრადიციული დემოკრატიის ქვეყანაში.

    მაგრამ ცხოვრებას თავისი კორექტივები შეაქვს ყველაფერში და ნებისმიერი პასუხისმგებლიანი მმართველი პოლიტიკური ძალის ვალია, იყოს ადეკვატური ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და რაც მთავარია, ესმოდეს საზოგადოების მაჯისცემა.

    დღეს, ყველა ვხედავთ, რომ საზოგადოება ცვლილებებს ითხოვს. ჩვენი ინციატივა კი სწორედ ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ცვლილების საფუძველს იძლევა.

    იმავდროულად, საზოგადოებრივ მოთხოვნას უნდა მოჰყვეს, და დარწმუნებული ვარ მოჰყვება კიდეც, სამართლებრივი შედეგებიც.

    უნდა დაისაჯოს ის, ვინც მასობრივი ძალადობის ორგანიზება მოახდინა და ისიც, ვინც ძალას გადაამეტა.

    რაც შეეხება დღევანდელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას,უპირველესი მიზეზი, რამაც ამისკენ გვიბიძგა, არის ჩვენი საზოგადოების და განსაკუთრებით, ახალგაზრდობის სურვილი და მზაობა, აქტიურად ჩაერთოს ქვეყნის მართვაში, და საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა.

    საზოგადოების ამ სულისკვეთებასთან თანხვედრაშია ჩვენი პოლიტიკური გუნდის სურვილიც, ნებაყოფლობით ვთქვათ უარი იმ სასტარტო უპირატესობაზე, რაც შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში ბუნებრივად გააჩნია „ქართულ ოცნებას“.

    შუალედური არჩევნების შედეგებმა ყველა დაარწმუნა, რომ ქართული ოცნების ნებისმიერი კანდიდატი, პრაქტიკულად უკონკურენტოა. ფაქტია, რომ პოპულარულ ადამიანებს კვლავ „ქართული ოცნების“ ეგიდით სურთ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა და თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა, მაღალი ალბათობით, „ქართული ოცნება“ თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქს მოიგებს, რითაც უკიდურესად შეამცირებს მრავალპარტიული პარლამენტის ფორმირების რესურსს. ეს შესაძლოა ემსახურებოდეს ჩვენს პარტიულ ინტერესს, მაგრამ ვეღარ პასუხობს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

    და კიდევე ერთი მიზეზი, რაც საფუძვლად დაედო ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას არის ის მზარდი, გლობალური თუ ლოკალური ხასიათის, პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და რომლებთანაც გამკლავებას სულ უფრო ხშირად დასჭირდება ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსი, ერთიანობა და პასუხისმგებლობის გაზიარება, რაც მხოლოდ მაქსიმალურად პლურალისტურ გარემოშია შესაძლებელი;

    ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. იმავდროულად, ნულზე ჩამოგვყავს, ანუ სრულად ვაუქმებთ დღეს არსებულ პროცენტულ ბარიერს და იმედი გვაქვს, რომ ამ გზით, 2020 წელს მივიღებთ პარლამენტს, სადაც თითქმის ყველა პოლიტიკური აქტორი და ამ ქვეყნის მთელი ინტელექტუალური პოტენციალი იქნება წარმოდგენილი. არავის დასჭირდება ვინმესთან მიკედლება, ხელოვნური გაერთიანება და ხშირად საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა, რათა თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში.

    ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზადაა, მიმდინარე სასესიო კვირის დასრულებისთანავე, დაიწყოს ფართო კონსულტაციები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან. ყველასთნ, ვინც მზად არის კონსტიტუციისა და კანონის უპირობო პატივისცემის ფარგლებში ეწეოდეს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას”-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

    მანამდე კი “ქართული ოცნების” პარტიის ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა.

    პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი და მმართველი გუნდის ლიდერები, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდნენ.

    უმრავლესობის სხდომაზე სავარაუდოდ აქციის მონაწილეების მიერ წამოყენებული მოთხოვნები განიხილეს.

  • ბიძინა ივანიშვილი განცხადებას გააკეთებს

    რამდენიმე წუთში  ბიძინა ივანიშვილი საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

    “ქართული ოცნების”  თავმჯდომარე პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის ფორმატში განხილულ საკითხებზე ისაუბრებს. 

    “ქართული ოცნების” პარტიის ოფისში  პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა.

    პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი და მმართველი გუნდის ლიდერები, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდნენ.

    უმრავლესობის სხდომაზე სავარაუდოდ აქციის მონაწილეების მიერ წამოყენებული მოთხოვნები განიხილეს.

  • პარლამენტის წინ მოშიმშილე სტუდენტების რაოდენობა იზრდება

    პარლამენტის წინ სტუდენტები შიმშილობენ.

    გუშინ შიმშილობა სამმა სტუდენტმა დაიწყო, თუმცა დღეს უკვე მათ რამდენიმე სტუდენტი შეუერთდა.

    როგორც მოშიმშილეები ამბობენ, მათი მოთხოვნები უცვლელია – გადადგეს გახარია, დაინიშნოს პროპორციული სისტემით არჩევნები და გათავისუფლდეს 20 ივნისის დარბევის ღამეს დაკავებული ყველა მოქალაქე.

    „ოთხი დღის განმავლობაში ველოდეთ,რომ ხელისუფლება გაითვალისწინებდა ჩვენს მოთხოვნებს, თუმცა ხელისუფლებამ ეს ყურად არ იყო. ამიტომ დავიწყეთ მაქსიმალურ შიმშილობა, მაქსიმალურად მკაცრი პროტესტის ზომა. ვაპირებთ ბოლომდე მიყვანას. გახარია გადგება მანამ, სანამ ჩვენ ძალიან მოგვშივდება,“-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

  • “ჩვენმა ერმა უნდა მოიშოროს რუსეთი და მისი ყოველგვარი გამოვლინება ქართულ მიწაზე”-მამა გიორგი ცქიტიშვილი

    აშშ-ში მყოფი სასულიერო პირი  მამა გიორგი ცქიტიშვილი თბილისში განვითარებულ მოვლენებს აქტიურად ეხმიანება და ოკუპანტ სახელმწიფოსთან  დაკავშირებით მკვეთრ პოზიციასაც აფიქსირებს.

    “როგორც ადამიანმა, თავიდან ცხოვრების დაწყებაც რომ დასჭირდეს, უნდა მოიძულოს და მოიშოროს ცოდვა რომელიც მას თუნდაც მატერიალ კომფორტს უქმნიდეს, ასევე ჩვენმა ერმა უნდა მოიშოროს რუსეთი და მისი ყოველგვარი გამოვლინება ქართულ მიწაზე, თუნდაც ამან დროებით გამოგვიყვანოს გარკვეული ეკონომიკური კომფორტის ზონიდან.

    ეს იქნება არა მხოლოდ სწორი ეკონომიკური მიმართულება, არამედ ეს მოგვცემს სწორი ქრისტიანული ცხოვრების უფრო მეტ სივრცეს”-წერს მამა გიორგი სოციალურ ქსელში.

  • უკრაინის ცესკომ მიხეილ სააკაშვილის პარტიის კანდიდატებს არჩევნებზე რეგისტრაციაზე უარი უთხრა

    უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიხეილ სააკაშვილის პარტიის „ახალ ძალთა გაერთიანებას“ არჩევნებში რეგისტრაციაზე უარი უთხრა.  ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

    უკრაინის ცესკოს ინფორმაციით, კომისიის გადაწყვეტილება  პოლიციაში გადაიგზავნება, იმისთვის რომ  კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოხდეს.