Blog

  • ლიეტუვა საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს საქართველო მოინახულონ

    ლიეტუვას ელჩი  გიედრიუს პუოჯუნასი საქართველოში მოქალაქეებს მოუწოდებს საქართველომოინახულონ. ამით ელჩი იმ კამპანიას შეუერთდა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა, ტურიზმის ინდუსტრიის წასახალისებლად და პუტინის მიერ დაწესებული აკრძალვის საპასუხოდ დაიწყეს. 

    “გიწვევთ ყველას, რომ საქართველოს დავუჭიროთ მხარი. მშვენიერი გარემო და განსაკუთრებული თავგადასავლები გელით,” – წერს ელჩი.

    საქართველოს ყოფილი ელჩი ლიეტუვაში, ხათუნა სალუქვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მიმართვას ავრცელებს. იგი ლიეტუველებს მიმართავს, აქტიურად გააგრძელონ საქართველოში სტუმრობა და მეგობრებსაც უთხრან, რომ ჩავიდნენ:

    “ძვირფასო ლიეტუველო მეგობრებო, პუტინმა რუსულ ავიახაზებსა და რუს ტურისტებს საქართველოში ჩასვლა აუკრძალა. როგორც ადრე, გრძელვადიან პერიოდში ეს ემბარგო ჩემი ქვეყნის ეკონომიკას მხოლოდ გააძლიერებს. ვიცი, რამდენად გიყვართ საქართველო და ლიეტუველი ტურისტებიც ძალიან უყვართ აქ… ნუ მივცემთ ჩაგვრის საშუალებას აგრესორს”.- წერს ხათუნა სალუქვაძე

  • გვარამიას ინფორმაციას „ქართულ ოცნებაში“ უბინძურესი პროვოკაცია უწოდეს

    „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ინფორმაცია „ქართულ ოცნებაში“ გამართულ ბრიფინგზე უარყვეს.”რუსთავი 2-ის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფნგზე განაცხადა, რომ რუსთავი 2-ის ძალადობრივი აღება დღეს ღამე იგეგმება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ გვარამიამ უბინძურეს პროვოკაციას მიმართა.თალაკვაძის თქმით, ტელეკომპანია ქართულ საზოგადოებას უხმობს არაარსებული საფრთხისგან „რუსთავი 2“ -ის დაცვისკენ.პოლიტიკოსმა ნიკა გვარამიას მონათხრობს სრული აბსურდი უწოდა და აღნიშნა, რომ ეს მეთოდი მუხტის ასაწევად დასჭირდათ.

    “მას შემდეგ რაც მასობრივი არეულობის და ძალადობრივი სცენარი აღიკვეთა, “ნაციონალურმა მოძრაობამ” და მისმა მთავარმა პროპაგანდისტულმა მანქანამ მიმართა უბინძურეს პროვოკაციას. ისინი ქართულ საზოგადოებას უხმობენ არარსებული საფრთხისგან “რუსთავი 2- ის” დასაცავად. პირდაპირ ვაცხადებთ, რომ ეს ემსახურება მიმდინარე აქციებზე მუხტის შენარჩუნების მცდელობას და არავითარი საფრთხე საქართველოს, არც ერთ მედიას არ ემუქრება. შესაბამისად, ნიკა გვარამიას მონათხრობი არის სრული აბსურდი და სიცრუე,” -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

  • ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლეში სპეცრაზმი შეიყვანეს

    ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლეში სპეცრაზმი შეიყვანეს. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯგუფები სასახლის შიდა ტერიტორიაზე განლაგდნენ, მათ შორის შეყვანილია 3 სპეცავტომობილი, რომელიც სიგნალის ჩასახშობად გამოიყენება. სავარაუდოდ, იმისთვის, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მობილური და ინტერნეტკავშირი შეიზღუდოს.

    ადგილზე მყოფი ძალოვანი უწყების წარმომადგენლები არ ამბობენ, რატომ იმყოფებიან ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან და კითხვაზე, რატომ არის საპოლიციო ძალების ასეთი მობილიზება ტერიტორიაზე, სამართალდამცველები ჟურნალისტს პრესსამსახურთან ამისამართებს.

    „გიდასტურებთ, რომ პოლიციაა. ჩვენ მზადყოფნაში ვართ ყოველთვის, სადაც დაირღვევა და იქნება ამის მცდელობა, შევეცდებით, რომ დავარეგულიროთ სიტუაცია. იქ, სადაც ამის საფრთხე იქნება, იქ დავიცავთ საზოგადოებრივ წესრიგს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს სად იქნება,“ – ამბობს ერთ-ერთი სამართალდამცველი.

  • “რუსთავი2-ში დღეს ძალოვანების შემოსვლა იგეგმება… არ გაბედოთ!-” – ნიკა გვარამია

    “ორმა წყარომ, მათ შორის ერთმა მაღალმა სახელისუფლებომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს გადაწყვეტილების მიღება რუსთავი 2-ის ძალადობრივი აღების შესახებ დღეს, ღამე. ამ იდეას ჰყავს მოწინაღმდეგეებიც და მომხრეებიც ხელისუფლებაში,” – ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე “რუსთავი 2-ის” გენერალურმა დირექტორმა საგანგებო ბრიფნგზე განაცხადა.

    ნიკა გვარამია მოუწოდებს, ხელისუფლებას, არ გაბედოს “რუსთავი 2-ის” ძალადობრივი აღება.

    „ის რაც ქვეყანაში ხდება ბოლო კვირების განმავლობაში არის რუსული სცენარი, სამწუხაროდ, ქართული ხელისუფლების თანამონაწილეობით. მე ვერ დავადანაშაულებ ყველა ხელისუფლების წარმომადგენელს. მე მგონია, რომ ხელისულების წევრებში არიან საქართველოს პატრიოტები მიუხედავად იმისა, რომ ღრმად არასწორად ხედავენ საკითხებს. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ხელისუფლების მთავარი ღერძი არის რუსული ინტერესების გატარება და ამ ღერძის სათავეში დგას ბიძინა ივანიშვილი და რა თქმა უნდა, ხელისუფლებას გარკვეული წარმომდგენლები და პარლამენტის გარკვეული წარმომადგენლები ამ ღერძს შეადგენენ. ამიტომ რა მიზეზიც არ უნდა აიყოს აქ შემოსვლის, რაც არ უნდა გამოაქვეყნოთ, მაგალითად, ფარული ჩანაწერები და რაღაც ლეგიტიმური ერთი შეხედვით მიზნები, არ გაბედოთ ამის გაკეთება, ამ შემთხვევაში უკვე იმიტომ არა რომელი არხი დაიხურება და ადამიანებს შეეხებით და ა>შ. არ გაბედოთ ამის გაკეტება იმიტომ, რომ ამან შეიძლება ქვეყანაში გამოიწვიოს მწვავედ უმართავი პროცესები, ძალადობა ქუჩებში და, რა თქმა უნდა, ეს შედის ჩვენი მთავარი მტრის, რუსეთის ინტერესებში,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

  • დღე – 4: პარლამენტის წინ აქცია დაიწყო

    საქართველოს პარლამენტის წინ აქცია დაიწყო. რუსთაველის გამზირზე დემონსტრანტები შეიკრიბნენ. პარლამენტის შენობის წინ სიტყვით გამოსვლები დაიწყო.

    მოთხოვნები უცვლელია – ჩატარდეს არჩევნები უკვე პროპორციული სისტემით, დაუყოვნებლივ გადადგეს შს მინისტრი, გიორგი გახარია, სასწრაფოდ გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებულები და ადეკვატურად დაისაჯონ ის სამართალდამცველები, რომლებმაც გადაამეტეს უფლებამოსილებას.

  • ჩვენთვის გასაგებია ის უკმაყოფილება, რომელიც პარლამენტში გავრილოვის ყოფნას მოჰყვა – პოლონეთის საგარეო უწყება

    ოფიციალური ვარშავა უპრეცედენტო სამოქალაქო პროტესტის მონაწილეებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. განცხადებას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ იზიარებს ქართველი ხალხის უკმაყოფილებას, რომელიც რუსული დელეგაციის თბილისში ვიზიტმა გამოიწვია.

    “2008 წლის ომის გათვალისწინებით, რომლის შესახებაც ქართველი ხალხის მეხსიერებაში მოგონებები ჯერ კიდევ ცოცხალია და იმ აგრესიული პოლიტიკის კონტექსტში, რომელსაც რუსეთი საქართველოსთან და ამასთან ერთად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებაში ატარებს, ჩვენთვის გასაგებია იმ უნდობლობისა და უკმაყოფილების გამოხატვა, რომელიც საქართველოს პარლამენტში სერგეი გავრილოვისა და რუსი დელეგატების ყოფნას მოჰყვა,” – ნათქვამია პოლონეთის საგარეო საქმეთა უწყების განცხადებაში.

    ვარშავაში აღნიშნავენ, რომ ჟურნალისტებისა და საზოგადოების წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაუშვებელია.

    “გვინდა, ყურადღება გავამახვილოთ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე, რომელიც ვალდებულია, უზრუნველყოს მოქალაქეების უსაფრთხოება, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება,” – ნათქვამია განცხადებაში.

  • აქცია რუსთაველის თეატრთან – ახალგაზრდები 20 ივნისს დაკავებული სტუდენტების გათავისუფლებას ითხოვენ

    აქცია რუსთაველის თეატრის წინ – შეკრებილი ახალგაზრდები 20 ივნისს, თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების გათავისუფლებას ითხოვენ.სტუდენტები უნივერსიტეტთან ანტისაოკუპაციო ტრანსპარანტებით მივიდნენ. ისინი აცხადებენ, რომ „რუსეთი ოკუპანტია“.

  • Cavea-მ რუსულენოვანი სეანსები კინოჩვენებიდან ამოიღო

    კინოთეატრების ქსელმა Cavea-მ  რუსულენოვანი სეანსები კინოჩვენებიდან ამოიღო. ამის შესახებ ინფორმაციას “ტაბულა” ავრცელებს.  Cavea-ში  აღნიშნული გადაწყვეტილება ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთანაა კავშირში და სოლიდარობის გამოხატულებაა. ჯერ-ჯერობით უცნობია ეს გადაწყვეტილება რამდენხანს გაგრძელდება და მოკლევადიანია თუ არა.  Cavea საქართველოში კინოთეატრების ყველაზე დიდი ქსელია.

  • “ამ მოსიარულე ლეშმა ათჯერ გადაყიდა ეს ქვეყანა”- ცოტნე გამსახურდია სტურუაზე

    საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში  რეჟისორ რობერტ სტურუას განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, საქართველო უკვე აღარ არსებობს.

    “არ მომიყოლია აქამდე. წელს, მამაჩემის 80 წლის იუბილეს გაკეთებისას, ერთ-ერთ ლოკაციად რუსთაველის თეატრი იყო. იქაურ რეჟისორთან და სამხატვრო ხელმძღვანელთანაც ჰქონდათ მეგობრებს ლაპარაკი, მაგრამ რომ გავიგე, კატეგორიული წინააღმდეგი წავედი. სანამ სტურუას მძორს იქედან არ გამოასვენებენ, მერე ერთი, ათი წლის შემდეგ მისი მძორის სუნი არ განიავდება იქედან, მანდ ჩემი ფეხი არ იქნება-მეთქი! მით უმეტეს არ იქნება რაიმე ისეთი, რაც ზვიად გამსახურდიას სახელს უკავშირდება. ამ მოსიარულე ლეშმა ათჯერ გადაყიდა ეს ქვეყანა, რათა რუსთაველის თეატრი საკუთარ საფაშოდ ექცია და ერთი წესიერი სპექტაკლი ვეღარ დაუდგამთ წლებია. ასე იცის უკონკურენტობამ და გოიმურმა თავში ავარდნამ. სჯობს ისევ ბანკების კორპორატივები ატაროს იქ, მაინც ვაჭრუკანაა სულით!“,- წერს გამსახურდია.

  • ქართველმა ფეხბურთელებმა ანტიოკუპაციური მაისურებით რუსები გააღიზიანეს

    რუსეთის დუმის დეპუტატმა იგორ ლებედევმა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას მოუწოდა რომ მიიღოს ზომები ქართველი ფეხბურთელების წინააღმდეგ.  ქართველი ფეხბურთელები საქართველოს ჩემპიონატის მარჩებზე ანტირუსული ლოზუნგებით გავიდნენ.  ამის შესახებ დუმის დეპუტატმა საკუთარ “ტვიტერზე” დაწერა. ქუთაისის „ტორპედოს“, თბილისის „ლოკომოტივისა“ და „რუსთავის“ ფეხბურთელების მაისურებზე ამგვარი წარწერა იყო – „გვახსოვს, რომ საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებულია“.

    „ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია ვალდებულია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში რეაგირება მოახდინოს ფეხბურთელების მსგავს მოქმედებებზე ოფიციალური თამაშების დროს“, – იგორ ლებედევი

    რუსებმა შეიძლება საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს”-აც უჩივლონ. ინფორმაციას ამის შესახებ შესახებ “ტორპედოს” ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე კლუბის წევრები წერენ.

    “რუსები ქუთაისის ტორპედოს უჩივიან!გუშინ ეროვნული ლიგის მატჩში ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი სპეციალურად დამზადებული მაისურებით გამოვიდნენ, სადაც რუსეთის მიერ ოკუპაციის შესახებ ინფორმაცია ეწერა. ამის შესახებ შეიტყო რუსმა სპორტულმა ჟურნალისტებმა და ყველა გამოცემა ამის შესახებ წერს. რუსები ტორპედოს უეფაში უპირებენ ჩივილს და ჩვენს მოხსნას მოითხოვენ ევროთასებიდან, განსაკუთრებით ისინი აღშფოთებულები ნოდარ ქავთარაძის საქციელით არიან, რადგან ნოდარი რუსეთშია დაბადებული და იქაური მოქალაქეა.
    გაჭირვებულს აღმართში ქვა მიეწიაო, ზუსტად ასეა ჩვენი საქმე. დღეებს ითვლის ისედაც ქუთაისის ტორპედოს ეს შემადგენლობა და ახლა კიდე რუსების ჩივილიღა გვაკლდა.”