Blog

  • აქ ვიყავი 2008-ში, როცა თბილისი რუსული საფრთხის ქვეშ იყო, ისევ რუსული საფრთხეა – მიჰაუ კამინსკი

    “როდესაც მმართველი პარტია გვისვამს კითხვას, თუ რა გვაძლევს უფლებას, რომ აქ ვიმყოფებოდეთ, გიპასუხებთ: მე აქ ვიყავი პრეზიდენტ კაჩინსკისთან ერთად, როდესაც თბილისი იყო საფრთხეში, მე გავაკეთე ორგანიზება ამ ვიზიტისა, როგორც სახელმწიფო მდივანმა. ამ ქალაქში ვიყავი, როცა იყო რუსული საფრთხის ქვეშ. ვიმყოფები ისევ ამ ქალაქში, იმიტომ რომ თბილისი ისევ რუსული საფრთხის ქვეშ იმყოფება. ეს საფრთხე შეიძლება ტანკებით არ არის გამოხატული, თუმცა  რამდენიმე კილომეტრის დაშორებით დგანან. ეს ქალაქი საფრთხის ქვეშ არის რუსული დეზინფორმაციის გამო და რუსული სტილის პოლიტიკის გამო. ქართველი ხალხის წინაშე, ისევე როგორც პოლონელი, უკრაინელი, ლიეტუველი თუ ესტონელი ხალხის წინაშე ორი გზაა, ან ევროპისკენ ან რუსულ ხელში ჩავარდნა. აი, ამიტომაც ვიმყოფებით აქ. ჩვენ ვიმყოფებით ჩვენი სიმპათიების გამო, თუ სიყვარულს არ დავარქმევთ ამას, ჩვენი ვალდებულების თვალსაზრისით, ევროპული ღირებულებებისადმი სიყვარულიც გამოც.”

    თქვა პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრმა მიჰაილ კამინსკიმ საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

  • დღეს 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება – მონაწილეებს ევროპელი დელეგატები სიტყვით მიმართავენ

    3 ოპოზიციური კოალიციის გაერთიანება დღეს, 19:00 საათზე პარლამენტთან აქციას გამართავს. აქციაზე მივა საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციაც.

    “დღეს, 11 ნოემბერს, 19:00 საათზე, ვიკრიბებით პარლამენტთან, რომ მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვუთხრათ – საქართველო ევროპაა!

    აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები, რომლებიც საქართველოში დღეს ჩამოვიდნენ” ნათქვამია ინფორმაციაში.

  • საბჭოთა მიდგომაა..თუ გაკრიტიკებენ, როგორც წესი, აღარ გხვდებიან – პავილიონისი პაპუაშვილის განცხადებაზე

    “[შალვა  პაპუაშვილის განცხადება] ძალიან საბჭოურია. ეს ტენდენცია 3-4 წლის წინ შევამჩნიე. ვინც საქართველოს მთავრობას აკრიტიკებდა, მათ აღარ ხვდებოდნენ. ბოლო 3 წლის განმავლობაში მე საქართველოში ბევრჯერ ჩამოვედი, მაგრამ მათთან შეხვედრას ვერ ვახერხებდი – ერთი მცირე გამონაკლისი იყო, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. მაგრამ, თუ გაკრიტიკებენ, როგორც წესი, აღარ გხვდებიან – ეს არის საბჭოთა მიდგომა”.

    ლიტვის პარლამენტის ვიცესპიკერი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

  • არჩევნები უნდა ჩატარდეს ევროპის საბჭოს, ეუთოს ან სხვა ორგანიზაციების ჩართულობით – მიჰკელსონი

    “არჩევნები უნდა ჩატარდეს ევროპის საბჭოს, ეუთოს ან სხვა ორგანიზაციების ჩართულობით ” – თქვა ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარკო მიჰკელსონმა

    ”სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები იმ თვალსაზრისით, როგორც გვესმის დემოკრატია, ეს არის წმინდათა წმინდა რამ. არარსებობს შესაბამისი მთავრობა, ადმინისტრაცია თუ არ გაიარეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზა. […]

    ვაკვირდებით რა პროცესებს, მინდა აღვნიშნო, რომ ყველაზე ეფექტური და ყველაზე ნეიტრალური გზა, იმისთვის, რომ შემოწმდეს, თუ რა მოხდა საქართველოს არჩევნებში ოქტომბერში – უნდა ჩატარდეს [არჩევნები] იმ ორგანიზაციის მიერ, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარეობს იმიტომ, რომ ვხედავთ, რომ მმართველ პარტიას ძალიან ძლიერი პოზიციები გააჩნია სხვადასხვა ორგანიზაციებში. რომ დავარწმუნოთ არამხოლოდ საქართველოს მოსახლეობა, არამედ მსოფლიოს დანარჩენი ნაწილი, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი ძალიან კარგი და საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუ საერთაშორისო თანამშრომლობის დონეზე ჩატარდება. მაგალითად, ევროპის საბჭოს, ეუთოს ან სხვა ორგანიზაციების ნეიტრალური ჩართულობით, ნეიტრალური ნდობის ფონზე”- განაცხადა მან.

  • პოლიტიკური კრიზისი სახეზეა, მათი ჩამოსვლა ნიშანია, რომ ევროპა ხელს არ გვიშვებს – პრეზიდენტი EU-ს 8 ქვეყნის დელეგაციაზე

    მათი აქ ჩამოსვლა დღეს, როცა საქართველო შედის ღრმა პოლიტიკურ კრიზისიში, არის კიდევ ერთი ნიშანი ევროპული მხარდაჭერის, ის რომ ევროპა ჩვენ ხელიდან არ გვიშვებს და ჯერ კიდევ სჯერა საქართველოსი, საქართველოს ევროპულობის, საქართველოს ხალხის ევროპულობის, რომელიც გამოიხატა არაერთხელ ამ 33 წლის მანძილზე.

    არაერთხელ კი არა, ყოველჯერ, როცა ევროპული პრინციპები, ევროპული მომავალის იმედი იყო ეჭვქვეშ, ყოველჯერ საქართველოს მოსახლეობა, საზოგადოება გამოდიოდა და ვიცით ბევრი ადამიანი, რომელიც იძახის, რომ “მე პრაქტიკულად ეს 30 წელი ქუჩაში გავატარე”, იმიტომ, რომ დემოკრატიული პრინციპის მიმართ გადახვევა ხელისუფლების მიერ, ყოველთვის იყო გაპროტესტებული ამ ქვეყანაში.

    ეს არის ქვეყანა, სადაც მართლაც საზოგადოება არის ევროპული, არის დემოკრატიული და რომელსაც, სამწუხაროდ, არ ჰყავს დემოკრატიული ხელისუფლეა, რომელსაც ჰყავს ერთპარტიული ხელისუფლება, რომელიც დაეუფლა პრაქტიკულად ყველა ამ ქვეყნის ინსტიტუტს და შედეგი მივიღეთ ამ არჩევნებში, ეს არის ერთპარტიულად მართული არჩევნები.

    აცხადებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციათან შეხვედრის შემდეგ.

  • რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის წევრისგან შემდგარ ჯგუფს შეხვედრაზე უარი ვუთხარი – პაპუაშვილი

    რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის წევრისგან შემდგარ ჯგუფს შეხვედრაზე უარი ვუთხარი – პაპუაშვილი

    “რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის წევრისგან შემდგარ ჯგუფს შეხვედრაზე უარი ვუთხარი” – წერს ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

    როგორც პაპუაშვილი წერს, მან დელეგაციას შემდეგი წერილი გაუგზავნა:

    “არ გამკვირვებია ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის წევრისგან შემდგარი დელეგაციის საქართველოში ჩამოსვლა. თუმცა, ნამდვილად გამაკვირვა დელეგაციის ზოგიერთი წევრის განზრახვამ, შეხვდნენ საქართველოს პოლიტიკურ და საპარლამენტო ხელმძღვანელობას, მიუხედავად მათ მიერ საქართველოს ხელისუფლების და ქართული საზოგადოების მიმართ მრავალჯერ გამოვლენილი პირადი არამეგობრული დამოკიდებულებისა.

    მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება რჩება ევროკავშირის ყველა რელევანტურ და დაინტერესებულ მხარესთან დიალოგის ხელშეწყობის ერთგული, შეხვედრების გამართვის ამ განზრახვას დადებითად ვერ ვუპასუხებ.

    საქართველოსადმი მრავალჯერ გამოვლენილი არამეგობრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე, დელეგაციის ზოგიერთ წევრს სხვა მოლოდინი არც უნდა ჰქონოდა. აშკარაა, რომ ვიზიტის მთავარი საფუძველი პოლიტიკური მიკერძოებულობაა და ამას ყველა ხედავს.

    წინასაარჩევნო კამპანიის დროს, დელეგაციის ზოგიერთი წევრი და სხვა უცხოელი პოლიტიკოსები მუდმივად და მიზანმიმართულად არღვევდნენ საქართველოს კანონმდებლობას საქართველოს მმართველი პარტიის წინააღმდეგ მიმართული საჯარო კამპანიის წარმართვისა და ოპოზიციის მხარდაჭერის გზით, რითიც მოქალაქეების ნებაზე უკანონო ზემოქმედებას ცდილობდნენ.

    საქართველოს კონსტიტუცია და საარჩევნო კანონმდებლობა კრძალავს არჩევნებში უცხოურ ჩარევას, რაც უხეშად იყო უგულებელყოფილი. არჩევნებთან დაკავშირებულ პროცესებში, განსაკუთრებით კი ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებში უშუალო მონაწილეობით, ამ პოლიტიკოსებმა უხეშად დაარღვიეს ჩაურევლობის პრინციპი, რაც გაეროს წესდებით განმტკიცებული საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმაა, და ეჭვქვეშ დააყენეს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის არსი, რომლისადმი პატივისცემას, როგორც სჩანს, მხოლოდ სიტყვიერად გამოხატავენ.

    აღნიშნულმა ხელი შეუწყო ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებაში, რამაც გააუარესა წინასაარჩევნო გარემო და არჩევნების გარშემო დაძაბულობის აღქმა შექმნა.

    თუმცა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ დელეგაციის ზოგიერთი წევრი ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის გავრცელებით არის დაკავებული. ასეთი იყო, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობების შესახებ წარმოებული კამპანიაც, რომლის სიცრუეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა.

    რადიკალური პოლიტიკური პარტიების მიერ გავრცელებული ასეთი ცრუ ნარატივებისა და დეზინფორმაციის მხარდაჭერამ, საზღვარგარეთ საქართველოს იმიჯი შელახა, და ამასთან შეარყია ჩვენი მოსახლეობის ნდობა ჩვენი დასავლელი პარტნიორების კეთილმოსურნეობის მიმართ.

    ეს ქმედებები და არამეგობრული რიტორიკა ხელს უწყობს ევროკავშირის გაფართოების პროცესის იარაღად გამოყენების მცდელობას, რათა კიდევ უფრო წაახალისოს ოპოზიცია, შეარყიოს არჩევნების შედეგების მიმართ ნდობა და არჩევნების ლეგიტიმურობას ძირი გამოუთხაროს.

    საქართველოსა და მისი ხელისუფლების მიმართ დელეგაციის ზოგიერთი წევრის არამეგობრული რიტორიკა და ქმედებები, რომელთა მომსწრენი ვართ უკანასკნელი ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში, აგრეთვე, ხელს უშლის საქართველოში მშვიდობისა და დემოკრატიული სტაბილურობის შენარჩუნებაზე მიმართულ ჩვენს ძალისხმევას.

    შეუძლებელია, ევროპას მშვიდობის პროექტად წარმოაჩენდე და ამავდროულად, ევროპის სახელით, ქვეყანაში არეულობას თესდე.

    26 ოქტომბრის არჩევნებში უცხოურ ჩარევას ქართულმა საზოგადოებამ მკაფიოდ უპასუხა, როდესაც ქართულმა ოცნებამ მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

    არჩევნების უარყოფა და ამომრჩეველთა ასეთი ძლიერი ხმის იგნორირება ის გზაა, რომელსაც ოპოზიცია წლების განმავლობაში მიჰყვება და რასაც ქართული საზოგადოება უკვე შეეჩვია. თუმცა, როდესაც ქართული საზოგადოება ხედავს ევროპელი პოლიტიკოსების მიერ დემოკრატიის უარყოფას, ეს ევროკავშირისადმი ნდობას აზიანებს.

    აღნიშნულის გათვალისწინებით, შეუძლებლად მიმაჩნია მიღებულ თხოვნაზე დათანხმება.

    ამავდროულად, მსურს გამოვხატო პატივისცემა დელეგაციის სხვა წევრების მიმართ და დავუდასტურო დიალოგის გაგრძელების მზაობა საპარლამენტო დიპლომატიის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების ფარგლებში, თანასწორობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის საფუძველზე” – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

  • რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული მებრძოლების ცხედრები გაცვალეს

    უკრაინამ და რუსეთმა დაღუპული მებრძოლების  ცხედრები გაცვალეს. უკრაინამ 563, ხოლო რუსეთმა 37 სამხედროს ცხედარი დაიბრუნა. აცხადებს ამის შესახებ, უკრაინის სამხედრო ტყვეების საქმეთა საკოორდინაციო შტაბი

    დაღუპულთა ვინაობის დასადგენად, სამხედროთა ცხედრები შესაბამის დაწესებულებებს გადაეგზავნება.

    უკრაინელ სამხედროებს შორის 320 სამხედრო დაიღუპა დონეცკის მიმართულებით, 89 – ბახმუტში, ხოლო კიდევ 154 ჯარისკაცის ცხედრები რუსეთში, მორგებში, იქნა ნაპოვნი.

  • კითხვები მაქვს USAID მიმართ, რომელიც ISFED-ს აფინანსებს… პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა  – პაპუაშვილი

    კითხვები მაქვს USAID მიმართ, რომელიც ISFED-ს აფინანსებს… პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა – პაპუაშვილი

    ”არანაირი კითხვები ISFED-ის მიმართ არ მაქვს, მე კითხვები მაქვს USAID მიმართ, რომელიც აფინანსებს მას… წინა ჯერზე ყველა პასუხისმგებლობას გაექცა, ახლა ვერავინ გაქცევა”. – აცხადებს ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

    „მე პირადად არანაირი კითხვები ISFED-ის მიმართ არ მაქვს, მე კითხვები მაქვს USAID მიმართ, რომელიც აფინანსებს მას. 2020 წელს, ISFED-ის არაპროფესიონალიზმს, თუ მათ უცოდინარობას დაჰბრალდა ეს თითქოს, მაგრამ ჩვენ გავიგეთ, რომ USAID-მა ყველაფერი იცოდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები, რომელიც ვრცელდებოდა, იყო ყალბი და ამას მალავდა. საინტერესოა, ახლა რას აკეთებს USAID-ის ახლანდელი ხელმძღვანელობა, ისინიც რა დონით არიან საქმის კურსში? რატომ არ აქვეყნებს ISFED პარალელური დათვლის შედეგებს?

    USAID-ის პასუხისმგებლობაა, რომ მათ მიერ დაფინანსებული ეს ორგანიზაცია ახლა ცდილობს თაღლითურად არჩევნების ჩაშლას. ასე რომ, წინა ჯერზე ყველა პასუხისმგებლობას გაექცა, ახლა ვერავინ გაქცევა, რომ საჯაროდ გასცეს პასუხი იმას, თუ რასთან გვაქვს საქმე. რატომ მალავს ISFED პარალელური დათვლის შედეგებს? და რატომ ავრცელებს დეზინფორმაციას ამერიკის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაცია და ძირს უთხრის არჩევნებს? რატომ ავრცელებს ამერიკული ფულით ISFED დეზინფორმაციას?“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

  • ”არ ვაღიარებთ ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგებს” – მწერლები და გამომცემლები

    ”არ ვაღიარებთ ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგებს” – ამის შესახებ, ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები, წიგნის გამავრცელებლები და ლიტერატურის მენეჯერები ერთობლივად ავრცელებენ. ისინი სხვა სფეროს წარმომადგენლებსაც მოუწოდებენ, “ხმა ამოიღონ”. მოწოდებასთან დაკავშირებით, პენცეტრი განცხადებას ავრცელებს

    ჩვენ, ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები, წიგნის გამავრცელებლები და ლიტერატურის სფეროში დასაქმებული ადამიანები მივიჩნევთ, რომ თანამედროვე საქართველოს სახელმწიფო არის ილია ჭავჭავაძისა და მასავით სამშობლოსათვის თავგანწირული, ასეულობით ქართველი საზოგადო მოღვაწის უმთავრესი მემკვიდრეობა.

    მიგვაჩნია, რომ პირველი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობა დაედო საფუძვლად თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოებრიობას.

    სწორედ ილია ჭავჭავაძე იყო ჩვენს ქვეყანაში რუსეთის ბატონობის ერთ-ერთი ყველაზე დაუძინებელი მტერი, დასავლური ღირებულებების ერთ-ერთი ყველაზე შეუპოვარი გამავრცელებელი და განათლების მნიშვნელობის დაუღალავი მქადაგებელი.

    ქართული ოცნების ბრძოლა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ, ხელისუფლების მიერ დასავლური დემოკრატიის დისკრედიტაციის მცდელობა და ბოლოს, 26 ოქტომბერს არჩევნების გაყალბება იმ საძირკვლის ხელყოფაა, რომელსაც ეყრდნობა თანამედროვე საქართველო, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო.

    ისტორიის გაყალბება, რუსული პროპაგანდისტული მეთოდებით ტყუილის სიმართლედ გასაღება, ჩვენი თანამოქალაქეების უკიდურესი სიღარიბისათვის გაწირვა, მათთვის განათლების მიღების შესაძლებლობის წართმევა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვით ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობა ილია ჭავჭავაძისა და სხვა საამაყო ქართველთა მემკვიდრეობის წინააღმდეგ ბრძოლას ნიშნავს. ეს არის ქართველი ხალხის მომავლის განადგურების მცდელობა.

    26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობამ, ნამდვილმა, თანამედროვე ევროპულმა საზოგადოებამ, ხმა მისცა საქართველოში ერთპარტიული მმართველობის დასასრულს. ეს არის ყველაზე ევროპული და ამავდროულად ქართული იდეა, რადგან ერთიანი ქართული სახელმწიფო ყოველთვის ემყარებოდა განსხვავებულთა ერთობას, რომელიც ვინმეს განადგურებას კი არ ისახავს მიზნად, არამედ – ქართველი ხალხის ევროპულ ოჯახში დაბრუნებით – ჭეშმარიტ სამოქალაქო მშვიდობას, ხანგრძლივ უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და განვითარებას ესწრაფვის.

    ჩვენ არ შევეგუებით ქართველი ხალხის არჩევანის მოპარვას და არ ვაღიარებთ ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგებს. პირობას ვდებთ, რომ შეუპოვრად, ბოლომდე ვიბრძოლებთ საქართველოს იდენტობის, თანამედროვე საქართველოს სახელმწიფოებრიობის, მისი ევროპული აწმყოსა და მომავლის დასაცავად.

    ამიტომ მოვითხოვთ ხელახალი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, ემიგრაციაში მცხოვრები მილიონამდე ქართველის – ჩვენი სრულუფლებიანი თანამოქალაქეების – ხმის უფლების რეალიზებისთვის სათანადო პირობების შექმნას და რაც შეიძლება მეტი საარჩევნო უბნის გახსნას საზღვარგარეთ.

    ასევე მოვუწოდებთ კულტურის სხვა სფეროების წარმომადგენლებს, მეცნიერებს, პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, ექიმებს, ბიზნესმენებს, თითოეულ მშრომელს, ვის ყოველდღიურ ძალისხმევაზეც დგას ჩვენი ქვეყნის აწმყო და მომავალი, გავერთიანდეთ და ხმა ავიმაღლოთ, რათა გადავარჩინოთ საქართველო იმ უფსკრულში გადაჩეხვას, რომლისკენაც მიგვაქანებს ძალაუფლების შენარჩუნების წყურვილით შეპყრობილი ოლიგარქი.

    მოვუწოდებთ ქართველ ხალხს, ყველამ ერთად, მშვიდობიანად და მტკიცედ, პრინციპულად და მიზანმიმართულად დავიცვათ ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი რუსული მტაცებლობისგან, რადგან სხვისი არავისი არის, საქართველო არის შენი!, – ნათქვამია განცხადებაში.

    განცხადებას ხელს აწერენ:

    1. მაია ბადრიძე, მთარგმნელი
    2. მაკა კასრაძე, გამომცემელი
    3. ბელა ჩეკურიშვილი, პოეტი
    4. ლუკა ბაქანიძე, მწერალი
    5.ანა კოპალიანი, მთარგმნელი
    6. ნანა აბულაძე, მწერალი
    7. მედეა იმერლიშვილი, პოეტი
    8. ნათია ორმოცაძე, რედაქტორი
    9. ლელა კურტანიძე, პოეტი
    10. თეონა ბექიშვილი, რედაქტორი
    11. ტორესა მოსი, მწერალი
    12. გიორგი ხარაიშვილი, მწერალი
    13. ბესო სოლომანაშვილი, მწერალი
    14. გვანცა ჯობავა, გამომცემელი
    15. ლელა შუბითიძე, კულტურის მენეჯერი
    16. იაკი კაბე, პოეტი
    17. დარეჯან კიკოლიაშვილი, მთარგმნელი
    18. თამარ ჟღენტი, პოეტი, მთარგმნელი
    19. მაია კობახიძე, რედაქტორი
    20. ლიკა ჩაფიძე, მთარგმნელი
    21. ლელა კოდალაშვილი, მწერალი
    22. ნათია გიორგაძე, პოეტი
    23. ელენე ჯაფარიძე, მწერალი
    24. ზურა პაპიაშვილი, მწერალი
    25. ლევან ბერძენიშვილი, მთარგმნელი, ფილოლოფი
    26. თინა მამულაშვილი, გამომცემელი
    27. პაატა შამუგია, პოეტი
    28. მაია ალუდაური, გამომცემელი
    29. სოფიო კუბლაშვილი, მწერალი
    30. მიხეილ ციხელაშვილი, მწერალი, მთარგმნელი
    31. ქეთი ნიჟარაძე, მწერალი, მთარგმნელი
    32. ვასო გულეური, პოეტი, მთარგმნელი
    33. ნესტან-ნენე კვინიკაძე, მწერალი
    34. მაშო სამადაშვილი, ლიტერატურათმცოდნე
    35. ლექსო ქურხული, მწერალი
    36. დოდო ყვავილაშვილი, მთარგმნელი
    37. მარინა ცხადაია, გამომცემელი
    38. პაატა ჯავახიშვილი, მთარგმნელი
    39. ნატო კვარაცხელია, მთარგმნელი
    40. შორენა ლებანიძე, მწერალი
    41. ივა ფეზუაშვილი, მწერალი
    42. ნინო ჭინჭარაული, მწერალი
    43. ელისო ჩუბინიშვილი, მწერალი, ილუსტრატორი
    44. ნატალია ბუკია-პეტერს, მათარგმნელი
    45. რატი მუჯირი, მწერალი
    46. ლელა დუმბაძე, მთარგმნელი
    47. ნატო ალხაზიშვილი, გამომცემელი
    48. თორნიკე სიბაშვილი, პოეტი
    49. გია გოკიელი, მთარგმნელი
    50. ნატო გორდელაძე, გამომცემელი
    51. ანნა ჯავახიშვილი, პოეტი
    52. ნატალია ტროხიმ, მწერალი, მთარგმნელი
    53. ქეთი მეგრელიშვილი, ლიტერატორი
    54. მაია კუდავა, გამომცემელი
    55. ზვიად კვარაცხელია, მწერალი, გამომცემელი
    56. მანანა მათიაშვილი, მთარგმნელი
    57. ირაკლი ლომოური, მწერალი, მთარგმნელი
    58. მაია ცირამუა, მწერალი
    59. ირინე ჭოღოშვილი, ლიტერატურის მენეჯერი
    60. ქეთი ქანთარია, მთარგმნელი
    61. რუსუდან რუხაძე, მწერალი
    62. მაიკო დანელია, ლიტერატურის მენეჯერი
    63. ნანა გოგოლაშვილი, მთარგმნელი
    64. ლაშა ბუღაძე, მწერალი, პუბლიცისტი
    65. ხათუნა ცხადაძე, მთარგმნელი
    66. ნანა ზარდიაშვილი, მთარგმნელი
    67. კოკა ქამუშაძე, მწერალი
    68. ბათუ დანელია, პოეტი, მთარგმნელი
    69. არჩილ ქიქოძე, მწერალი
    70. ნატალია დარასელია, პოეტი
    71. ზაზა ბურჭულაძე, მწერალი
    72. ნიკოლოზ ცისკარიშვილი, მწერალი
    73. დავით ქაშიაშვილი, მწერალი, ჟურნალისტი
    74. ლუკა ხატიაშვილი, მწერალი
    75. ნინო ნადირაძე, მწერალი
    76. ქეთი ჩარკვიანი, მთარგმნელი
    77. თინათინ ხუტურიძე, მწერალი
    78. გიორგი შონია, მწერალი
    79. ნიკოლოზ აგლაძე, ლიტერატურის კრიტიკოსი
    80. გაგა ნახუცრიშვილი, მწერალი
    81. მაია ლიპარტელიანი, მთარგმნელი
    82. ნანა აკობიძე, მწერალი
    83. ბექა ქურხული, მწერალი
    84. ეკატერინე ტოგონიძე, მწერალი
    85. თეონა დოლენჯაშვილი, მწერალი
    86. ირინა ბაგაური, მთარგმნელი
    87. გიორგი მასხარაშვილი, მწერალი
    88. მაკა ლდოკონენი, მწერალი
    89. ნატა ლომოური, პენცენტრის აღმ. დირექტორი
    90. ელზა გურგენიძე, მწერალი
    91. თამთა მელაშვილი, მწერალი
    92. კატია ვოლტერსი, მთარგმნელი
    93. ბექა ახალაია, მწერალი
    94. გურანდა ფაჩულია, მთარგმნელი
    95. ანა ყიასაშვილი, გამომცემელი
    96. მარიამ კვიციანი, გამომცემელი
    97. თამრი ფხაკაძე, მწერალი
    98. ია ქვაჩახია, მთარგმნელი
    99. თამარ ლონდარიძე, რედაქტორი
    100. თორნიკე ჭელიძე, მწერალი
    101. ნინა სურამელაშვილი, მწერალი
    102. რატი ამაღლობელი, პოეტი
    103. ლუკა გრიგოლია, გამომცემელი
    104. ლელა სამნიაშვილი, პოეტი
    105. დათო კაკაბაძე, მთარგმნელი
    106. რეზო გეთიაშვილი, პოეტი
    107 ნიკა ლაშხია, პოეტი
    108. თამარ მუსხელიშვილი, მთარგმნელი
    109. ნუკა ღამბაშიძე, გამომცემელი
    110. ზაალ ანდრონიკაშვილი, ლიტერატურათმცოდნე
    111. ირაკლი მაჩიტაძე, მწერალი, ჟურნალისტი
    112. ირაკლი მახარაძე, მწერალი, რეჟისორი
    113. ნინო ბექიშვილი, რედაქტორი
    114. ირაკლი მეტრეველი, მწერალი, ჟურნალისტი
    115. ალექს ჩიღვინაძე, დრამატურგი
    116. ქეთი ჩართოლანი, მთარგმნელი, მკვლევარი
    117. დავით ახალაძე, მთარგმნელი
    118. ნანა ექვთიმიშვილი, მწერალი, კინორეჟისორი
    119. ლელა ფიროსმანიშვილი, მთარგმნელი
    120. ლაშა გველესიანი, მთარგმნელი
    121. ანა მარგველაშვილი, გამომცემელი
  • იძებნებიან ჭიჭინაძის N6-ის მიმდებარედ ცოფით დაავადებულ ძაღლთან კონტაქტში მყოფი პირები – სეს

    იძებნებიან ჭიჭინაძის N6-ის მიმდებარედ ცოფით დაავადებულ ძაღლთან კონტაქტში მყოფი პირები – აცხადებს ამის შესახებ, სურსათის ეროვნული სააგენტო. მათ  თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან მიიღეს ინფორმაცია აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის ქუჩა #6 მიმდებარე ტერიტორიიდან ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი უპატრონო ძაღლის სიკვდილის შესახებ.

    “სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ვეტერინარმა ინსპექტორებმა, ინფექციის კერაში მყისიერად განახორციელეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები (ცხოველების ვაქცინაცია) და ცოფით დაავადებულ ძაღლთან შეხებაში მყოფი ცხოველების იდენტიფიცირება, რომლებიც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ ზედამხედველობის მიზნით, გადაყვანილია მუნიციპალურ თავშესაფარში.

    ამავდროულად აღნიშნულის შესახებ ეცნობა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს და თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალურ ცენტრს.

    ჩატარებული მოკვლევის შედეგად იდენტიფიცირებულია დაავადებულ ცხოველთან შეხებაში მყოფი 6 პირი, რომლებმაც უკვე მიმართეს სამედიცინო დაწესებულებას. თუმცა, ადგილობრივების განცხადებით, დაავადებულ ცხოველთან კონტაქტში იმყოფებოდა კიდევ რამდენიმე პირი, რომელთა ვინაობაც უცნობია.

    აღნიშნულის შესახებ, ეცნობა სამართალდამცავ ორგანოებს”. – წერს სააგენტო.